მილიარდერ ალექსანდერ ვიკის ახალი გამოწვევა – მსოფლიო კლასის ღვინის წარმოება ჩილეში, საკუთარ მდიდრულ კურორტზე.
ვებანტრეპრენიორ ალექსანდერ ვიკის მორიგი გლამურული სასტუმრო, Viña Vik-ი, მილიარდერის ახალ სამხრეთამერიკულ სამფლობელოში მდებარეობს. როდესაც ამ ადგილს ვეწვიე, ერთ- ერთმა მენეჯერმა ამიხსნა, რომ ფრენკ გერის სტილში შესრულებული მოკლაკნილი სახურავი ტიტანიუმისაა და არა ოქროსი. მიზეზი: როგორც მენეჯერმა მითხრა, ტიტანიუმის თერმული თვისებები უფრო ხელსაყრელია ჩილეს მეღვინეობის ზონის ჰავისთვის.
მე დამრჩა შეგრძნება, რომ ეს შესაძლოა ერთადერთი მიზეზი იყოს.
სხვა მხრივ, დიზაინის მოყვარულ მილიარდერს (რომლის პირველმა სამმა სასტუმრომაც ტურისტულ რუკებზე ურუგვაული კურორტი, ხოსე იგნასიო გამოაჩინა) თავისი ახალი ღვინის სამოთხის შესაქმნელად არანაირი ხარჯი არ დაუშურებია. ვიკის გეგმა არაა უბრალოდ ღვინის ყოველწლიურად წარმოება: ის უმაღლესი ხარისხის, განსაკუთრებული ღვინის შექმნას უმიზნებს (სასტუმროსXQ თანამშრომლები ხშირად ახსენებენ რობერტ პარკერისგან 100-ქულიანი შეფასების მიღების მიზანს).
“მე ყოველთვის მაინტერესებდა ტერუარის კონცეფცია – რატომ იძლევა მიწის კონკრეტული ნაკვეთი ბრწყინვალე ღვინოს, მისი მეზობელი კი – არა, – ამბობს 60 წლის ვიკი. – ღვინოს ხარისხის უსასრულო გრადაციები აქვს – მეღვინეობა არჰგავს ხორბლის მოყვანას, ან ძროხების ყოლას. მე სამხრეთ ამერიკაში საუკეთესო ღვინის წარმოების გამოწვევამ მიმიზიდა”.
2004 წელს ვიკმა, რომელსაც ურუგვაელი დედა ჰყავდა, მკვლევართა საგანგებო ჯგუფი შეკრიბა. ჯგუფს არგენტინის, ურუგვაისა და ჩილეს შესწავლა და წითელი ყურძნის მოსაყვანად კონტინენტზე საუკეთესო ადგილის დადგენა დაევალა. მათ განტოლების პასუხი ორ წელიწადში იპოვეს: მილაჰუს ველი ჩილეში. მილაჰუ ადგილობრივი ტომის, მაპუჩეს ენაზე ოქროს ადგილს ნიშნავს. “დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადგილი პირობებით მსოფლიოს არც ერთ კუთხეს არ ჩამოუვარდება”, – ამბობს ვიკი, როდესაც მიყვება, რატომ აღარ მოუნდა კონტინენტის მიღმა გახედვა.
მეტი დამაჯერებლობისთვის – სანამ ვიკი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა, მკვლევარებმა 11,000 აკრის (44 კვადრატულ კილომეტრზე მეტი) ტერიტორიიდან ნიადაგის 4,000 სინჯი აიღეს. შემდეგ მეცნიერებმა, ფრანგული წარმოშობის ჩილელ ენოლოგ პატრიკ ვალეტის ხელმძღვანელობით, “ტერუარის ყველა ელემენტის” შესასწავლად ახალ სამფლობელოში მდებარე 12 ველზე ჰავის გამზომი სადგურები დაამონტაჟეს. შედეგად, დადგინდა, სად რომელი ჯიში უნდა დარგულიყო ბორდოს სტილის საუკეთესო კუპაჟის მისაღებად. მოსავლის ორი მესამედი ღვინის სხვა მწარმოებლებისთვის მისაყიდადაა განკუთვნილი. იმ ყურძენს, რომელიც ვიკის კუპაჟის მასალად გამოდგება, 400-მდე ადამიანი ღამე ხელით კრეფს.
“ჩვენ ყურძნის მრავალფეროვნებას განსაკუთრებული სასმელის მისაღებად ვიყენებთ, – ამბობს ვიკი. – ალბათ სადღაც 15 კაბერნე სოვინიონი, 10 კარმენერი და 7 მერლო. ეს პაზლივითაა”. გეგმაშია მეორე და მესამე დაყენების ღვინის წარმოებაც, თუმცა მთავარი მიზანი პორტფოლიოს სიდიდე არაა.
როდესაც სიტყვაძუნწობით ცნობილ – კონკურენტები ალბათ იტყოდნენ, არაგულწრფელ – მილიარდერს პროექტში ინვესტირებულ თანხას ვეკითხები, მპასუხობს, რომ ნამდვილად არ იცის, რამდენი დახარჯა. თუმცა შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა ახალ წამოწყებას თავის შენახვა, ირონიულად ეცინება. “ცალსახად… თუმცა ღვინის სამყაროში დამკვიდრება ნელი პროცესია”. ვენახის ზრდას, ღვინის დაძველებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას (ვიკის ღვინოები აშშ- ში $130-ად იყიდება) “მრავალი წელი სჭირდება… ეს გრძელვადიანი ინვესტიციაა. მაგრამ თუ წარმატებას მიაღწევ, ის ძალიან ხანგრძლივია”.
ღვინის წარმოების პროცესში აქ მეცნიერული მიდგომებით მოაქვთ თავი. შარშან, წლის ბოლოს გახსნილ სასტუმროში კი ხელოვნება მბრძანებლობს. ვიკმა და მისმა ცოლმა, ქერიმ, Viña Vik-ი, თავისი სხვა ნაგებობების მსგავსად, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით გაავსეს. მათი დაკვეთით, 22-ნომრიანი სასტუმროს თითოეული ოთახისთვის სპეციალურად შეიქმნა ინსტალაციები. Viña Vik-ი ისეთი სასტუმროა, რომელიც მხოლოდ ღრმა ჯიბის მქონე ფანტაზიორს შეეძლო შეექმნა, ინვესტორული სიფრთხილის გარეშე.
Viña Vik-ში იგივე გენები იგრძნობა, რაც მილიარდერის ურუგვაულ სასტუმროებში, თუმცა იგრძნობა განუმეორებლობაც. “Estancia Vik-ი ესპანური კოლონიური სტილის სასტუმროა რანჩოს ტერიტორიაზე, რომელიც მთლიანად ურუგვაული ხელოვნებითა და კულტურით სუნთქავს, – განმარტავს მილიარდერი. – Playa Vik-ი უფრო თანამედროვეა, 21-ე საუკუნის არქიტექტურით. Bahia Vik-ი, თავისი ბუნგალოებით დიუნებში, პლაჟის ატმოსფეროს გადმოსცემს”.
“ჩილეს შემთხვევაში, – აგრძელებს ვიკი, – მთავარი ვენახია”. ძირითადი შენობა ტერიტორიის ერთ- ერთი ულამაზესი გორაკის თავზეა განლაგებული და მისი თითოეული ოთახიდან საოცარი ხედები იშლება. აქვეა რესტორანი და აუზი თავისუფალი კიდით, რომელიც მწვანე ველის თავზე ლივლივის განცდას ქმნის.
საერთო საცხოვრებელ ოთახში ჩილელი ხელოვანის, რობერტო მატას ნამუშევრებსა და ანსელმ კიფერის დიპტიხს იხილავთ, “მცენარეების საიდუმლო ცხოვრების” სერიიდან. ნომრები, რომელთა ფასიც ერთ ღამეში $1,200-დან იწყება, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ თითოეულ მათგანს დასამახსოვრებელი სტილი აქვს. Vik Suite-ში ანტონიო სეკვისა და ჯეიმს ტარელის ნამუშევრებია, Azulejo Suite-ის აბაზანაში კი პორტუგალიურ ტრადიციაში, ხელით მოხატული თეთრ-ცისფერი კაფელია, რომელზეც ადგილობრივი ვენახების ცოცხალი პანორამაა გამოსახული.
ბუნებრივია, Viña Vik-ში ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია ღვინის ტურები და დეგუსტაციები, თუმცა სტუმრებს ასევე ადვილად შეუძლიათ დაგეგმონ გიდის თანხლებით ბუნებაში გასვლა, მთაში ველოსიპედით სიარული ან ვენახებში ცხენით გასეირნება. სპაში მუდმივად ხელმისაწვდომია მასაჟით თერაპია და, ცოტაოდენი ორგანიზებით, იოგის ჯგუფის შექმნაც შეიძლება.
თუმცა დროს ტარების საყვარელი სახეობა აქ, როგორც ჩანს, მაინც ჭამა-სმაა. ვიკმა სამზარეულოს გასაძღოლად შეფ- მზარეული როდრიგო აკუნია ბრავო მოინადირა, რომელმაც სახელი ახლომდებარე კოლჩაგუას ხეობაში Casa Lapostolle-სთვის მუშაობით გაითქვა. ბრავო თავის მარტივ და გემრიელ კერძებში მაქსიმალურად იყენებს სასტუმროს მდებარეობას (ეს ჩილეს ყველაზე უხვმოსავლიანი, მიწათმოქმედების მთავარი რეგიონია).
რაც შეეხება საჭმლის თანმხლებ ღვინოს, არჩევანი მხოლოდ ერთია: როდესაც სტუმრები ადგილებს იკავებენ, ჩნდებიან ოფიციანტები Vik-ის ბოთლებით (არის თეთრი ღვინოები და ცქრიალა ღვინო შეკვეთით). ღვინო საჭმელს საოცრად ეხამება და მოულოდნელად მრავალფეროვანია.
“ჩვენ კმაყოფილები ვართ ღვინის განვითარებით, – ამბობს ვიკი. – ვენახი ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე შესანიშნავ ღვინოს იძლევა. ჩვენ ფოკუსირებულები ვართ ვინიკულტურაზე, საუკეთესო ყურძნის მოყვანაზე, მაგრამ ვცდილობთ ყურძენს თვითგამოხატვის საშუალებაც მივცეთ. აქ არის მთლიანობა, ორგანულობა და სისუფთავე. შეგიძლია თავდავიწყებით დალიო, ყოველგვარი უარყოფითი შედეგების გარეშე”.
დატოვე კომენტარი