ჰარლემში, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ცნობილ რაიონში, ძალიან ადრე თენდება. ჰო, შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა, რას ჰქვია, ძალიან ადრე თენდება, მაგრამ თენდება ადრე. ჯერ მზე კარგად არ ამოსულა და “სილვიას რესტორნის” შეფ-მზარეული რესტორნის უკანა კარიდან ცინცხალ თევზსა და სალათის ფურცლებს იმარაგებს. ჯეიმს ბეილის სახლთან ახლოს მოხუცი ქალი ყვავილებიანი შარვლით, ტაქსას ასეირნებს, სასტუმრო “ტერეზადან” პორტიე სტუმრებს აცილებს, ალბათ – აეროპორტისკენ. იზმორებიან ჰარლემის უძველესი არქიტექტურული სტილით ნაშენები შენობები და სულ უფრო მატულობს 125 ქუჩაზე ფეხითმოსიარულეთა რიცხვი. თენდება თამუნას სახლშიც. მგონი, სულ ცოტა ხნის წინ დაიძინა. ლეპტოპის პროცესორი ისევ თბილია. ჩინელ პარტნიორებთან ახალი კოლექციის დეტალებს აზუსტდებდა. უცნაური გრაფიკით მუშაობს ეს გოგო. უფრო ზუსტად, 24-საათიანი გრაფიკით. სხვანაირად არ გამოსდის. ამერიკაში რომ ღამდება, ჩინეთსა და საქართველოში მაშინ იწყება სამუშაო დღე. ამერიკის დროის სარტყელს კი დღისითაც მოერგება. ასე რომ მისი სამუშაო დღე არც დილის 9 საათზე იწყება და არც საღამოს ექვსზე მთავრდება. გაღვიძების დროა. საუზმე უნდა მოამზადოს, მერე შორენა და კოსტა სკოლაში წაიყვანოს, მერე გზად სამსახურისკენ ერთი დიდი ჭიქა ყავა უნდა იყიდოს და ოფისისკენ, ემპაიერ-სტეიტ-ბილდინგის მახლობლად, მეტროთი მივიდეს. წინ უსასრულო დღე ელის. სამსახურის საქმის გარდა, საღამოს სადილიც უნდა მოამზადოს…
ეს თამუნა ჩუბინიძის, ფეხსაცმელების ბრენდ “სქაილერ ნიუ-იორკის”დამფუძნებლისა და საქართველოში მაღაზიათა ქსელის დირექტორის ერთი ჩვეულებრივი დილაა ნიუ-იორკში. ის ახლა 34 წლისაა. საქართველოში პოპულარული ფეხსაცმლის ბრენდის მაღაზიათა ქსელის ახალგაზრდა დირექტორი 15 წლის იყო, მამასთან ერთად ნიუ-იორკში რომ აღმოჩნდა. მას მერე იქ ცხოვრობს. იქ მიიღო განათლება ბიზნესმენეჯმენტში და დაუჯერებელი სიმტკიცე და მიზნისკენ სწრაფვის უნარი გამოიჩინა.
ჰარლემიდან თბილისში ვინაცვლებთ, იმიტომ რომ თამუნა ახლა თბილისშია, “სქაილერის” 14 მაღაზიას უწევს ხელმძღვანელობას და ცდილობს, პირადად გაერკვეს ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნებში. თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით. თამუნას სანზონაში, “სქაილერის” ოფისში, ერთ-ერთი ძველი ფაბრიკის შენობაში ვხვდები. უშველებელი ლიფტის რკინის კარს გვიღებს, იმედია, არ შეგეშინდებათო, გვეუბნება და წინ მიგვიძღვის. ლიფტი ხმაურით იძვრება და ცემენტის კედლებში იწყებს მოძრაობას. ასეთი ლიფტი ფილმებში მინახავს, სხვაგან არსად. რამდენიმე ასეული კვადრატის საწყობი ფეხსაცმლებითაა სავსე: შავი, რძისფერი, ზოლებიანი, ყვავილებიანი, სანდლები, ესპადრილები, მაღალქუსლიანები – ჩამოთვლას აზრი არა აქვს. აქ ყველა ფორმის და “შინაარსის” ფეხსაცმელს იპოვის ადამიანი. ამ საწყობიდან თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის 14 მაღაზია მარაგდება. თამუნამ ზუსტად იცის, რა სურს მომხმარებელს, რადგან პირველი, რასაც სამუშაო დღის დასაწყისში აკეთებს, ეს “სქაილერის” ფეისბუკ-გვერდის დათვალიერებაა. ეცნობა მომხმარებლების სურვილებს, პრეტენზიებს, რეკომენდაციებს და შემდეგ სწორედ ამის გათვალისწინებით ცდილობს მომსახურების გაუმჯობესებას. საქმის ერთგულება კი ბავშვობიდან მოჰყვება…
ტაიმს-სკვერის განათება
ნიუ-იორკში, ელექტროენერგიას მონატრებული თბილისიდან, 90-იან წლებში ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში თბილისში განათებული ნათურა ძვირი სანახავი იყო და დიდად არც გასართობად ეცალა ვინმეს, ამბობს, რომ ბავშვობის წლები მაინც საუკეთესოდ ახსენდება. განსაკუთრებული ემოციით კი ნიუ-იორკში ჩასვლის დღეს იხსენებს. იმ საღამოს თამუნა ტაიმს-სკვერზე აღმოჩნდა: “იქ იმდენი განათება იყო, რომ პირველი, რაც ვიფიქრე, ამ ქუჩის განათება მთელ თბილისს ეყოფა-მეთქი. სახტად დავრჩი”, – იცინის თამუნა და აგრძელებს: “შემდეგ უკვე დაიწყო ყოველდღიური ცხოვრება ნიუ-იორკში, ახალი გარემო, ახალი მეგობრები. მართალია, მეგონა, რომ ინგლისური ვიცოდი, მაგრამ ამერიკაში ჩასვლისთანავე მივხვდი, რომ ჩემი ინგლისურით შორს ვერ წავიდოდი. სამი თვის მანძილზე ხმის ამოღებასაც ვერ ვბედავდი. სკოლაში მაქსიმალურად ვასრულებდი წერით დავალებებს, მაგრამ რაც შეეხება ლაპარაკს, ყველანაირად ვცდილობდი, თავი ამერიდებინა ვერბალური ურთიერთობებისთვის. თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალიან მალევე გავაცნობიერე, რომ რაც ნიუ-იორკში ხდებოდა, ამას სრული თავისუფლება ერქვა. იქ მივხვდი, რას ნიშნავს იყო თავისუფალი, დამოუკიდებელი. 15 წლისამ დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ ფრანგულ რესტორანში ე.წ. ჰოსტესად და ისეთი ამაყი ვიყავი, ისე მიხაროდა, რომ საკუთარი ფული მქონდა, რომ მას მერე ვეღარც წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ოდესმე სახლში დავჯდე და საქმე არ ვაკეთო”…
სკოლის დამთავრების შემდეგ თამუნამ პროფესიად ბიზნესმენეჯმენტი აირჩია. პროფესიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრიაო, მეუბნება, რადგან ბავშვობიდან კარგად მეხერხებოდა სხვადასხვა სიტუაციის მართვა და ეს სწორედ ის საქმე იყო, რაც უნდა მეკეთებინა: “აი, მაგალითად, ან ზეიმი გვქონდა სკოლაში, ან რაიმე სხვა ღონისძიება, ყოველთვის ვცდილობდი, რომ საკუთარ თავზე ამეღო პასუხისმგებლობა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას შევძლებდი. სწორედ ჩემი ბუნება გახდა პროფესიის არჩევის მიზეზიც”, – ამბობს თამუნა, რომელიც მოგვიანებით დაუჯერებელ ამბებს მიყვება. ამბებს იმაზე, თუ როგორ მარტივად გადაწყვიტა თბილისიდან ნიუ-იორკში ფეხსაცმელების კერვის დაწყება.
“ტუფლი” – თბილისი – ნიუ-იორკი ანუ ამბავი ფეხზე მომდგარი ჩექმისა
უმაღლესის დამთავრების შემდეგ თამუნამ მუშაობა ნიუ-იორკში, “სიტი ბანკში” დაიწყო. საქმე ერთი შეხედვით ბანალური ჰქონდა – ამზადებდა ფინანსურ ანალიზებს და ასე გადიოდა დღეები. იმ პერიოდში თბილისში ჩამოსვლაც უწევდა და როგორც კი დროს იხელთებდა, ფეხსაცმლის შესაკერად გარბოდა: “ძალიან მიყვარს მაღალყელიანი ფეხსაცმელი. იცით, როგორი? რომელიც მაქსიმალურად იმეორებს ფეხის კონტურებს. ცხადია, ამერიკაში ფეხსაცმლის შეძენის პრობლემა არაა, მაგრამ ის, რომ ფეხსაცმელი ზუსტად იყოს მორგებული ტერფზეც, კოჭზეც, კუნთზეც, ეს უიშვიათესი შემთხვევაა. ამიტომ, ყოველ ჩამოსვლაზე თითო ფეხსაცმელს ვიკერავდი და როდესაც ამერიკაში ვბრუნდებოდი, იქ არავის რჩებოდა შეუმჩნეველი ჩემი ფეხსაცმელი. ყველა აღნიშნავდა, რომ ყოველთვის ძალიან კარგი ფეხსაცმელი მეცვა, ინტერესდებოდნენ, სად ვიყიდე და მეც ვეუბნებოდი, რომ თბილისში ვიკერავდი, რაც მათთვის ნამდვილი შოკი იყო, რადგან ეგონათ, რომ ეს დიდ ფუფუნებასთან იყო დაკავშირებული და ერთ დღესაც მივხვდი, რომ ეს შესაძლოა, საინტერესო ბიზნესი გამხდარიყო”, – იხსენებს თამუნა.
საქმე კი წარმოშობით პოლონელ თანამშრომელთან ერთად, 24 წლის ასაკში, ბანკიდან აღებული ბიზნესკრედიტით დაიწყო და 2005 წელს მედისონ- ავენიუზე კომპანია “ტუფლის” ოფისი გახსნა. როგორი იყო მისი ბიზნესგეგმა? თამუნა ფეხსაცმლის შეკვეთას იღებს ამერიკაში, ზუსტ ზომებსა და ფეხსაცმლის მოდელის ჩანახატს კი თბილისში, ერთ-ერთ სახელოსნოში გზავნის, სადაც ფეხსაცმელი იკერება და უკან, ნიუ-იორკში იგზავნება. რთული წარმოსადგენია, არა? კი, ნამდვილად, მაგრამ ეს ფაქტია: “საკმაოდ რთული პროცესი იყო. ამ ბიზნესის დაწყებამდე ვისწავლე, როგორ ამეღო ზუსტი ზომები, ვისწავლე კალაპოტის დამზადება… ჰო, ვიჯექი თბილისში, სახელოსნოში, ხელოსნებთან ერთად და ვსწავლობდი ტექნიკურ დეტალებს, რადგან ამერიკაში ამ ყველაფრის გაკეთება მე მომიწევდა. სწორედ ჩემ მიერ აღებულ ზუსტ ზომაზე იყო დამოკიდებული, როგორი გამოვიდოდა ფეხსაცმელი. ერთი ფეხსაცმლის დამზადებას და შემკვეთამდე მიტანას ექვს თვეს ვანდომებდით. ცნობადობას კი მალე მივაღწიეთ. ათი წლის წინ პირველად მივხვდი, რამხელა ძალა აქვს კარგად დაგეგმილ პიარკამპანიას. დავიქირავეთ ძალიან კარგი პიარკომპანია და თუკი ნიუ-იორკში წითელ ხალიჩასთან დაკავშირებული რაიმე ღონისძიება იმართებოდა, ჩვენი კომპანია სახელწოდებით “ტუფლი”, ყველგან იყო ნახსენები. ჩვენ შესახებ ინფორმაცია ძალიან ბევრ წარმატებულ ჟურნალში იბეჭდებოდა, ამან კი ის შედეგი გამოიღო, რომ ერთ მშვენიერ დღეს ოფისში ტელეფონმა დარეკა და ყურმილის იქიდან მესმის: “გამარჯობა, მე სიუზან სარანდონი ვარ და ფეხსაცმლის შეკვეთა მინდა”. აი, თითქოს ასე მარტივად მოხდა ყველაფერი”, – ყვება თამუნა მართლაც დაუჯერებელ ისტორიას თავის კომპანიაზე. მათ იწვევდნენ მოდის საღამოებზე, ნიუ-იორკ-ფეშენ-უიკზე… ისინი ძალიან მალე მოხვდნენ იმ გარემოში, რომელიც მიუწვდომელი ეგონათ.
ფეხსაცმლის ფასი 600 დოლარიდან იწყებოდა. ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელი კი, რომელიც კომპანია “ტუფლმა” შეკერა, 6500 დოლარი ღირდა. თამუნა მეუბნება, რომ კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი უკომპრომისობა იყო. არ არსებობდა დავალება, რომელზეც თამუნა უარს ამბობდა: “აი, მაგალითად, დარეკავდა კლიენტი და გვეტყოდა, რომ მას სურს ყვითელი ალიგატორის ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმელი. მე მას ვერ ვეტყოდი, იცით, საიდან მოგიყვანოთ ყვითელი ალიგატორი? ამიტომ, ვჯდებოდი კომპიუტერთან და ვიწყებდი ალიგატორების ფერმების ძებნას, რომლებიც ფლორიდაში მდებარეობდა. ანუ, ალიგატორი უნდა შემეკვეთა ფლორიდაში, მათ უნდა დაემზადებინათ ტყავი, ჩამოეტანათ ნიუ-იორკში და მერე მე ნიუ-იორკში უნდა მომეძებნა ვინმე, ვინც მოდიოდა თბილისში და მისთვის გამომეტანინებინა ეს ტყავი და ა.შ. ამ ქსელის აწყობა ნამდვილად არ იყო ადვილი. რა სფეროშიც არ უნდა იმუშაო, ყველაფერი დამოკიდებულია სერვისზე. ანუ როგორ ემსახურები შენს მომხმარებელს და არა აქვს მნიშვნელობა, სად მუშაობ, რესტორანში, მაღაზიასა თუ ბანკში. იმიტომ რომ მოდის ადამიანი და გეუბნება, მინდა სანდალი ყვითელი ალიგატორის ტყავით და სვაროვსკის თვლებით, შენ მას ასეთი სანდალი უნდა დაუმზადო”, – ამბობს თამუნა.
გარდა იმისა, რომ თამუნა შეკვეთებს იღებდა ამერიკელი კლიენტებისგან, მას პარალელურად ურთიერთობა უწევდა თბილისში, ადგილობრივ ხელოსნებთან. მეუბნება, რომ ეს ამ ბიზნესის კიდევ ერთი რთული მხარე ჰქონდა: “ხან ერთი პრობლემა იჩენდა თავს, ხან მეორე, მე კი იმხელა პასუხისმგებლობა მქონდა აღებული საკუთარ თავზე, რომ ეს ყველაფერი დიდი ნერვიულობის ფასად მიჯდებოდა. როცა ასეთ საქმეს ეჭიდები, ოკეანის გაღმა, რვასაათიანი განსხვავებით, იმთავითვე ცხადია, რომ საქმე მარტივად არ მოგვარდება”, – მეუბნება “სქაილერის” დამფუძნებელი.
“ტუფლმა” შვიდი წელი იარსება. ამის პარალელურად, თამუნამ მუშაობა დაიწყო ნიუ-იორკში ფეხსაცმელების ქსელურ მაღაზიათა კომპანია “ფაბკო”-ში, რომელიც “ტუფლისგან” განსხვავებით, ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა. მის ძირითად საქმიანობას მაღაზიების მომარაგების მენეჯმენტი წარმოადგენდა: “ამასთანავე, სხვა ქსელური მაღაზიებისთვის ვაკეთებდით ცალკე კოლექციას, ვქმნიდით მოდელებს და სხვა დიდ კომპანიებს მივყიდდით. ეს საკმაოდ წარმატებული პროცესი გამოდგა. შესრულებაც კარგი იყო, ფასიც”, – ამბობს თამუნა და სწორედ იმ პერიოდში გაჩნდა კიდევ ერთი იდეა: “ჩემს უშუალო უფროსთან ერთად, 2012 წელს, გადავწყვიტეთ შეგვექმნა საკუთარი ბრენდი, რომელსაც დავარქვით “სქაილერ ნიუ-იორკი”. სქაილერი გოგონას სახელია. ამ სახელს კარგი ჟღერადობა აქვს, ორივეს მოგვეწონა ამ სახელის იდეა და ბევრი არც გვიფიქრია”, – იხსენებს თამუნა…
>
“სქაილერ ნიუ-იორკი” – მოდური ფეხსაცმელი ხელმისაწვდომ ფასად
და დაიწყო ყველაფერი თავიდან, ახალი ოფისის ძებნა, პარტნიორების მოზიდვა… როგორც თამუნა ამბობს, პირველი ნაბიჯები რთული გამოდგა: “უნდა გვექირავებინა ოფისი კარგ ადგილას, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ სადაა შენი ოფისი, სად მოვლენ ბაერები, სად შეგხვდებიან. ოფისი გავხსენით ემპაიერ-სტეიტ-ბილდინგის გვერდით. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილია. ოფისი ისეთ ადგილას უნდა მდებარეობდეს, რომ ერთი დღით ნიუ-იორკში ჩამოსულ ბაერს შენი მოგნება არ გაუჭირდეს. ის შენი გულისთვის შორს არსად წავა. ოფისში ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ და მალე ფეხზეც დავდექით. რაც მთავარია, პარტნიორი ვიპოვეთ ჩინეთში და დღეს ქალაქ შენჟენში დგას ფაბრიკა, სადაც ჩვენი ფეხსაცმელი იკერება. ჩვენ რომ ჩინეთში არ გვყავდეს ასეთი პარტნიორი, საიდანაც “სქაილერის” ძირითადი მართვა ხდება, ასეთ წარმატებას ვერ მივაღწევდით”, – ფიქრობს თამუნა. დღეს ქალაქ ჟენშენში “სქაილერის” ორი მაღაზიაა გახსნილი და უახლოეს მომავალში კიდევ 15 მაღაზიის გახსნა იგეგმება. როგორ იქმნება კოლექციები? ვეკითხები თამუნას: “ჩვენთან მოდელი ირჩევა ტრენდისა და პოპულარობის მიხედვით. ჩვენ ძვირად ღირებული ბრენდების პროდუქცია გადმოგვაქვს იმ ადამიანებისთვის, ვისაც იმის შესაძლებლობა არა აქვს, რომ გადაიხადოს ძვირი, ამიტომ უშუალოდ ვართ მიბმული მოდის სამყაროზე. ცხადია, მოდელების სრული კოპირება არ ხდება და ეს ვერც გამოგვივა. თითოეულ მოდელში სულ მცირე ხუთი დეტალი იცვლება”, – მიხსნის თამუნა და აგრძელებს: “ახლა 2015 წლის შემოდგომაა, თუმცა უკვე მიმდინარეობს მუშაობა 2016 წლის ზაფხულის კოლექციაზე. ვმუშაობთ იმის მიხედვით, თუ რა იყო წელს განსაკუთრებით აქტუალური. აი, მაგალითად, ის, რაც დღეს დევს “H&M”-სა და Zara-ში, შეგვიძლია “გადმოვთარგმნოთ” “სქაილერისთვის”, რა თქმა უნდა, დეტალების ცვლილებით. იქმნება მოდელები, შემდეგ კი ეს ინფორმაცია მიდის ჩინეთში. ჩინეთის ოფისი ვალდებულია, მოკლე ვადებში მოგვაწოდოს პირველი ნიმუშები. საბოლოო განხილვის შემდეგ კი უკვე ვაძლევთ იმ შეკვეთას, რითაც მომხმარებლის წინაშე უნდა წარვდგეთ. წელიწადში 500 მოდელზე მეტი იკერება. ამწუთას ჩვენს მაღაზიებში 150 სახე
ობის მხოლოდ საზაფხულო დაბალძირიანი ფეხსაცმელი გვაქვს. კოლექციას ყოველ ათ დღეში ერთხელ ვაახლებთ. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ჩვენი მომხმარებელი ისეთი გათვითცნობიერებულია ჩვენს პროდუქციაში, რომ ხანდახან ვფიქრობ, ჩვენზე უკეთ იცნობენ ჩვენს კომპანიას”, – ამბობს “სქაილერის” დამფუძნებელი, რომელიც თბილისში პირველი მაღაზიის გახსნას იხსენებს:
“პირველი მაღაზია თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, 2013 წელს გავხსენით. ნიუ-იორკში მაღაზიის გახსნაზე არც კი გვიფიქრია, რადგან ეს სულ სხვა ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ საქართველოს ბაზრის ათვისება გადავწყვიტეთ. მე ამერიკაში ვიყავი, ჩემი პარტნიორი ჩინეთში აწარმოებდა მოლაპარაკებებს და შეიძლება ითქვას, რომ კონტინენტკონტინენტ ავაწყვეთ ბიზნესი. თბილისში რომ მაღაზია გაიხსნა, საქონელი არც კი იყო ბოლომდე ჩამოსული და მხოლოდ ნიმუშები გველაგა თაროებზე. ამიტომ ამ თაროებს დავაწერეთ, რომ კოლექცია 15 მარტიდან შემოვიდოდა. ამან მომხმარებლის დიდი ინტერესი გამოიწვია”…
“სქაილერმა” ძალიან მალე მოახერხა ქართულ ბაზარზე დამკვიდრება. ამის მიზეზად თამუნა რამდენიმე ფაქტორს ასახელებს: “გვქონდა სწორად გათვლილი ფასი; უკვე გაზაფხულის დასაწყისში გვქონდა ძალიან დიდი რაოდენობის არჩევანი საზაფხულო ფეხსაცმლისა. ვუღიმოდით მომხმარებელს, ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ მყიდველი კმაყოფილი ყოფილიყო”.
“სქაილერი” – კომპანია, რომელიც ზრუნავს მომხმარებელზე და არა მხოლოდ მათზე
იმისათვის, რომ “სქაილერის” მომხმარებელი მუდმივად კმაყოფილი იყოს, თამუნა სხვადასხვა ხერხს მიმართავს, მაგალითად, სოციალური ქსელის მეშვეობით პირადად ეკონტაქტება მომხმარებლებს და ერთიც: გარდა სხვადასხვა აქციისა, “სქაილერს” მუდმივად აქვს აქციები სტუდენტებისთვის და 60 წელს გადაცილებული ქალებისათვის. ზუსტად ასეთი აქცია იყო “ავთანდილის პროექტიც”, რომელიც კომპანია “სქაილერმა” დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძესთან ერთად განახორციელა: “ავთანდილი ძალიან ბევრი ადამიანისათვის მიუწვდომელი დიზაინერია, სამაგიეროდ, ჩვენ ვართ ის პლატფორმა, საიდანაც შესაძლებელია ავთანდილის დიზაინით შექმნილი პროდუქტის შეძენა. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ ავთოს, გაეკეთებინა ფეხსაცმლის მოდელები და შემდეგ ჩვენ ეს მოდელები შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის. ავთო ამ შეთავაზებას დიდი სიამოვნებით დათანხმდა და საბოლოოდ პროექტიც ძალიან წარმატებული გამოდგა”.
თამუნას მიაჩნია, რომ აქციები მთავარი იარაღია იმისათვის, რომ მომხმარებლამდე უფრო კარგად და მარტივად მიიტანონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს კომპანია: “აი, მაგალითად, ფასდაკლებები: როდესაც სტუდენტი ვიყავი, ძალიან მომწონდა, მაღაზიაში რომ შევდიოდი და როგორც სტუდენტს, გარკვეული პრივილეგიები მქონდა. ამიტომაც, ჩვენი მაღაზია სტუდენტებს გამუდმებით სთავაზობს ფასდაკლებებს. გარდა ამისა, გვაქვს “სქაილერის” დაგროვების ბარათი. ცოტა ხნის წინ დიდი ღონისძიება გავმართეთ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ჩვენი ბარათით სარგებლობენ და ერთგულებისთვის მადლობა გადავუხადეთ. გვქონდა სხვადასხვა სახის გათამაშება. მათ ვაგრძნობინეთ, რომ ტყუილად არ აგროვებენ ჩვენს ბარათზე ქულებს”, – ამბობს თამუნა.
კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც თამუნა მისი საქმიანობის მთავარ მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს – კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობაა. “სქაილერ ნიუ-იორკი” მუდმივად ცდილობს, ჩართული იყოს სხვადასხვა პროექტში და ამით იმ ადამიანებს დაეხმაროს, რომელთაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებათ: “მინდა, რომ მაგალითი ვიყოთ პატარა კომპანიებისთვის. არ არის აუცილებელი, ბანკის მმართველი იყო ან გიგანტურ კორპორაციას ფლობდე, მთავარია, გქონდეს სურვილი, დაეხმარო სხვას. რამდენიმე ხნის წინ განვახორციელეთ ძალიან საინტერესო პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ერთად. ორგანიზაცია Life Chance- სთან ერთად დავაფინანსეთ მოზარდები, რომლებმაც მოქსოვეს პატარა დათუნიები და ეს ნაქსოვები მთელი წლის მანძილზე იყიდებოდა ჩვენს მაღაზიებში. შემოსული თანხით კი ისევ ბავშვებს ვაფინანსებდით”.
ამჯერად “სქაილერი” კიდევ ერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს ჟურნალ National Geographic-თან ერთად, სახელწოდებით “გაავრცელე ცოდნა”: “ჩვენი კომპანია რაჭის ათ სკოლას მოამარაგებს ჟურნალების სრული კომპლექტებით, რათა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეიტყონ მსოფლიოს შესახებ”.
საით მიდის “სქაილერი”?
გარდა ფეხსაცმლისა, დიდი პოპულარობით სარგებლობს “სქაილერის” აქსესუარები, ჩანთები, სათვალეები, შარფები…თუმცა, ეს “სქაილერის” მაქსიმუმი არ არის. კომპანია კიდევ უფრო შორს იყურება და გეგმავს როგორც პროდუქციის ნაირსახეობის გაზრდას, ისე გეოგრაფიულ გაფართოებასაც. როგორც თამუნა მეუბნება, ამ ეტაპზე, გარდა ჩინეთისა, რამდენიმე მაღაზიის გახსნა იგეგმება აზერბაიჯანში, სომხეთსა და კიევში. გარდა ამისა, კომპანია გაზაფხულიდან აპირებს შექმნას მამაკაცის ხაზი და განავითაროს საბავშვო ფეხსაცმლის ხაზი. და კიდევ: “ვგეგმავთ ახალი ბრენდის შექმნას. უბრალოდ, ამ ყველაფერზე წინასწარ არ მინდა ლაპარაკი. ერთადერთი, რის თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ახალი ბრენდი არ იქნება ფეხსაცმლის ხაზი და მას მომხმარებელს ერთი წლის თავზე შევთავაზებთ”.
“სქაილერს” არ ეშინია კონკურენციისა, რადგან თამუნა თვლის, რომ ამ ეტაპზე კომპანიას საქართველოში კონკურენტი არ ჰყავს: “კონკურენტად ვერავის აღვიქვამ. ეს ბრენდი ძალიან მოქნილია, არავისზე და არაფერზეა დამოკიდებული და არანაირ ჩარჩოში არ ზის. ჩვენ პირდაპირ გავდივართ მომხმარებელზე და მათი გემოვნების გათვალისწინებით ვქმნით ფეხსაცმლის მოდელებს. ამაში სოციალური ქსელი გვეხმარება. ამას არც ერთი სხვა კომპანია არ აკეთებს საქართველოში. დიახ, ჩვენთან ფეხსაცმლის ძალიან ბევრი ბრენდია, ბევრი მაღაზიაა, მაგრამ ჩვენი მსგავსი კომპანია ჯერ არ გამოჩენილა ბაზარზე. თუმცა, მე მათ გამოჩენას ყოველთვის მივესალმები. კონკურენცია უდიდესი სტიმულია ბიზნესის განსავითარებლად. თუ არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია, მოსაბეზრებელია მუშაობა…
მუშაობა კი არასდროს ბეზრდება თამუნას. ამაში კიდევ ერთხელ მაშინ ვრწმუნდები, როცა მეუბნება, რომ “სქაილერი” მისი მესამე შვილია. ალბათ სწორედ ამიტომაც ახერხებს, რომ კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში “სქაილერზე” იფიქროს: “დედისთვის ეს ალბათ ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. დედას მუდმივად ეფიქრება შვილზე. რასაც უნდა აკეთებდე, სადაც უნდა იყო, შვილი შენს გონებაში სულ ტრიალებს. ზუსტად იგივე შეგრძნება მაქვს “სქაილერთან” დაკავშირებითაც. ნამდვილად ვთვლი, რომ “სქაილერი” ჩემი შვილია და მას ზრუნვა სჭირდება. ჩემი უფროსი შვილი, შორენა, 14 წლის ხდება, თავისი მონდომებით, შრომისმოყვარეობით, ჰაი-სქულში მოხვდა და ეს ძალიან მეამაყება. ასევეა “სქაილერის” შემთხვევაშიც. სულ ვამბობ, რომ 15 წლის მერე დავჯდები, სიამაყით გადავხედავ წარსულს და ვიტყვი, რომ “სქაილერი” კარგ ლიანდაგზე დგას და სწორ გზაზე მიდის.
14 წლის შორენასთან ერთად, თამუნას 10 წლის კოსტაც ჰყავს. იქიდან გამომდინარე, რომ დედას 24-საათიან რეჟიმში უწევს მუშაობა, ხან ნიუ-იორკშია და ხანაც თბილისში, მასთან ურთიერთობისთვის ცოტა დრო რჩება. თამუნა ამბობს, რომ ისინი ამ რეჟიმს უკვე მიეჩვივნენ და დედას გვერდში უდგანან: “რომ არა ჩემი შვილების, ჩემი ქმრის მხარდაჭერა, ალბათ ამდენს ვერ მოვახერხებდი. ვერასდროს შევძლებდი, წარმატებული კომპანია შემექმნა”.
რაც შეეხება წარმატებას, თამუნასთვის ეს სიტყვა ერთბაშად ბანალურიცაა და ღრმა დატვირთვის მქონეც. ამ სიტყვის მისეულ ინტერპრეტაციას კი ასე აღწერს: “მადლიერი ვარ ყოველი დღისთვის, ყოველი წამისთვის. ყოველი ადამინისთვის, ვისთან მუშაობაც მიწევს. რომ არა ეს პირობა, ჩემი ცხოვრება ისეთი არ იქნებოდა, როგორიც არის. მე ამ ყველაფრით ბედნიერი ანუ წარმატებული ვარ. როცა საქმეს სიყვარულით აკეთებ, როცა გიყვარს და გიხარია სამსახურში მისვლა, აუცილებლად წარმატებული იქნები. და არა აქვს მნიშვნელობა, ამ საქმეს მილიონები მოაქვს შენთვის თუ არა. ბედნიერი უნდა იყო. და ეს მოგცემს საშუალებას, გააბედნიერო შენ გვერდით მყოფნიც და საქმეც წარმატებით აკეთო”.
თამუნა ჩუბინიძის 24-საათიანი სამუშაო გრაფიკიდან ორი საათი მე დავიკავე. არიან რესპონდენტები, რომლებიც თავიანთ ემოციას, ენერგიას, მოტივაციას შენც გდებენ და ფიქრობ, რომ ისინი ჩვეულებრივი შესაძლებლობის ადამიანები არ არიან. მათ იმაზე მეტი შეუძლიათ, ვიდრე სხვებს…
დატოვე კომენტარი