დღეს დილით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომელსაც მხოლოდ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებოდნენ, ერთწუთიანი განხილვის შემდეგ, „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. პარალელურად კი თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები გრძელდება.
აქციებს სტუდენტებიც შეუერთდნენ, რომელთა თქმითაც, „რუსული კანონის“ გაწვევამდე სასწავლო პროცესში მონაწილეობას არ აპირებენ. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორშაბათიდან უარი ვთქვათ აუდიტორიებში შესვლაზე. დილის 9 საათიდან ვიდგებით რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
სტუდენტების აზრი უნივერსიტეტის ლექტორებმაც გაიზიარეს და შესაბამისი განცხადებაც გაავრცელეს.
„კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ჩვენი სტუდენტების გვერდით და გამოვდივართ მათი და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან. შესაბამისად, ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი ისინი გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ ამ გადაწყვეტილებას. გაცდენილი ლექცია-სემინარები კი აღდგება მოგვიანებით, ისევ სტუდენტებთან შეთანხმებით“, – წერია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის 220-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
სასწავლო პროცესის გაუქმებასთან დაკავშირებით პეტიცია შეადგინეს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმაც: „ჩვენ არ დავთმობთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და მრავალსაუკუნოვან ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, საქართველოს დასაცავად გვიწევს შევწყვიტოთ სასწავლო პროცესი იქამდე, ვიდრე მას ჩვეული, ევროპული მიმართულებით სვლის საშუალება მიეცემა“.
უმაღლეს სასწავლებლებს შორის, რომელთა სტუდენტებიც გაფიცვასა და მასობრივ პროტესტს შეუერთდნენ, ასევე არის: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; GIPA; საქართველოს უნივერსიტეტი; ალტე უნივერსიტეტი; თბილისის სამხატვრო აკადემია; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის საზღვაო აკადემია; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი; სულხან-საბას უნივერსიტეტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი; თავისუფალი უნივერსიტეტი.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტების გაფიცვასა და პროტესტს ჩამოთვლილი უნივერსიტეტების ლექტორების ნაწილიც შეუერთდა.