მიკროჩიპების დეფიციტისა და გლობალური მიწოდების ჯაჭვში არსებული ხარვეზების მიუხედავად, წლიდან წლამდე, ლეპტოპების მსოფლიო ბაზარი 8%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ანალიტიკური ბიურო Strategy Analytics-ი წერს. ბიუროს განცხადებით, ბაზრის გაფართოება განაპირობა როგორც კომერციული მოთხოვნის ზრდამ, ასევე სხვადასხვა პროდუქტზე არსებული ფასდაკლებებით გაზრდილმა საცალო მოთხოვნამ. საერთო ჯამში, წლიდან წლამდე, მსოფლიოში 66.8 მილიონი ლეპტოპი გაიყიდა.
განსაკუთრებით სახარბიელო მონაცემებით დაასრულა გასული კვარტალი Apple-მა, რომელმაც ამ პერიოდში 6.5 მილიონი MacBook-ი გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 10%-იან ზრდას წარმოადგენს და თან ისტორიაში საუკეთესო შედეგიცაა. ცნობისთვის, Apple-ზე ლეპტოპების ბაზრის წილის 10% მოდის.
კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს Lenovo, რომელმაც 2021 წლის მესამე კვარტალში რეკორდულად ბევრი, 15.3 მილიონი ლეპტოპი გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 5%-იან ზრდას წარმოადგენს. ცნობისთვის, ლეპტოპების მსოფლიო ბაზარზე, Lenovo პირველია: კომპანიას გლობალური ბაზრის 23% აქვთ ათვისებული.
მეორე ადგილას HP აღმოჩნდა, რომელმაც 2021 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, 14.3 მილიონი ლეპტოპი გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 5%-იან შემცირებას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი კვარტალია პანდემიის დასაწყისიდან, რომლის დროსაც HP-ის ლეპტოპების გაყიდვებმა იკლო. ცნობისთვის, HP-ს ლეპტოპების გლობალური ბაზრის 21% უკავია.
საინტერესო აღმავლობა განიცადა Dell-მა: გასულ კვარტალში კომპანიამ 12.2 მილიონი ლეპტოპი გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 50%-იან ზრდას ნიშნავს. მეტიც, გასულ წელიწადს Dell-მა მსოფლიო ბაზარზე საკუთარი როლი და ბაზრის წილი 5.1%-ით გაზარდა, 18.2%-მდე.
ყველაზე გაყიდვადი ლეპტოპების მწარმოებელი კომპანიების ხუთეულში Asus-იც მოხვდა, რომელმაც გასულ კვარტალში 5.1 მილიონი ლეპტოპი გაყიდა, რითაც გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელთან შედარებით, 10%-იანი ზრდა აჩვენა.
დატოვე კომენტარი