გასულ წელს Meta-მ ცუკერბერგის ფრენებისთვის $2.3 მილიონი დახარჯა

გასულ წელს Meta-მ ცუკერბერგის ფრენებისთვის $2.3 მილიონი დახარჯა

Financial Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს S&P 500-ში შემავალმა კომპანიებმა საკუთარი CEO-ების კერძო თვითმფრინავებით ფრენაში მთლიანობაში $41.3 მილიონი დახარჯეს, რაც ბოლო ათ წელიწადში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ამ დანახარჯიდან 5% მხოლოდ ერთ კომპანიაზე, Meta-ზე მოდის. Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელმა 2022 წელს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის კერძო თვითმფრინავით ფრენების უზრუნველსაყოფად 2.3 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. ეს S&P 500-ში შემავალი სხვა ყველა კომპანიის დანახარჯს აღემატება.

თუმცა აღსანიშნავია, რომ Meta-მ კიდევ უფრო მეტი დახარჯა მის ერთ-ერთ სხვა აღმასრულებელზე. კომპანიის წლიური ანგარიშის მიხედვით, მან გასულ წელს 4 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადაიხადა კერძო თვითმფრინავით ფრენებში შერილ სანდბერგისთვის, რომელიც მაშინ Meta-ს საოპერაციო მიმართულების დირექტორი იყო.

Meta-მ ასევე განაცხადა, რომ 2022 წლის განმავლობაში მილიონები დაიხარჯა როგორც ცუკერბერგის, ასევე სანდბერგის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

Financial Times-ის თანახმად, S&P 500-დან აღმასრულებელი დირექტორების კერძო თვითმფრინავებით ფრენებში $1 მილიონზე მეტი Meta-ს გარდა მხოლოდ სამმა კომპანიამ დახარჯა – ესენია Lockheed Martin-ი, Las Vegas Sands-ი და Netflix-ი.