გასული კვირა კრიპტოს ენთუზიასტებისთვის სიახლეებით გამოირჩეოდა. მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა საინვესტიციო ფონდმა კრიპტოვალუტებში ფულის ჩადების გეგმა დააანონსა. გარდა ამისა, აშშ-ის შტატის, ფლორიდის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს კრიპტოვალუტების ათვისებას და აღნიშნა, რომ მუშაობს გეგმაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ბიზნესებს, გადასახადების გადახდა კრიპტოვალუტებით შეძლონ. ამასთან, კომპანია Terra-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა განაცხადა, რომ გეგმავს $10 მილიარდის ბიტკოინის შეძენას მათი სტეიბლ-კოინის რეზერვისთვის. დაბოლოს – ბიტკოინის ფასმა $47,000-ს გადააჭარბა.
ეთერიუმის თანადამფუძნებელი კრიპტოვალუტების სამომავლო გამოყენებაზე ღელავს
ვიტალი (ვიტალიკ) ბუტერინი რუსეთში დაბადებული კანადელი პროგრამისტია, რომელიც პოპულარული ეთერიუმის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის გამო გახდა. ვიტალიკი უკვე დიდი ხანია, ჩართულია კრიპტოვალუტების განვითარებასა და ზრდაში. მან 2011 წელს ოთხ პარტნიორთან ერთად Bitcoin Magazine-ი დააარსა და 2014 წელს ეთერიუმი მიმოქცევაში ჩაუშვა.
როდესაც ვიტალიკი ეთერიუმის შექმნაზე მუშაობდა, მას ბლოკჩეინის გამოყენება სურდა, რათა შეექმნა ისეთი ინოვაციური პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ ვალუტის ფუნქციას შეასრულებდა, არამედ ბევრ სხვა რამეშიც შეუწყობდა ხელს ტექნოლოგიის განვითარებას. დღეს ეთერიუმი გამოიყენება როგორც საძირკველი „დეცენტრირებული ინტერნეტის“ შესაქმნელად, რომელიც იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული კომპიუტერების სისტემა დაცული ინტერნეტსივრცის შექმნის მიზნით, სადაც ყველა შეძლებს აზრის ღიად გამოხატვას, დიდი ტექკომპანიებისგან ან ხელისუფლებებისგან შევიწროების საფრთხის გარეშე. სწორედ ამ იდეას უწოდებენ Web3-ს.
ეთერიუმი ბიტკოინის შემდეგ ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტაა და მან, ვიტალიკის ხელმძღვანელობით, ათასობით ადამიანს მისცა წვდომა ფინანსურ სისტემებზე მთელ მსოფლიოში. ეთერიუმმა ასევე შესაძლებელი გახადა ფულის სწრაფად და იაფად გადარიცხვა როგორც ქვეყნების შიგნით, ასევე ქვეყნებს შორის. მისი მომხმარებლის რიცხვის მუდმივი ზრდა ასევე საშუალებას აძლევს მეწარმეებს, შექმნან ამ ინსტრუმენტთან დაკავშირებული უსასრულოდ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროდუქტი.
თუმცა ვიტალიკი ამბობს, რომ ყველა ამ შესაძლებლობასთან ერთად, ტექნოლოგიის არასწორმა გამოყენებამ კრიპტოს ენთუზიასტები შესაძლოა ცუდ შედეგამდეც მიიყვანოს. ეთერიუმის არასწორ გამოყენებას მოჰყვება გადასახადების თავიდან აცილება, სხვადასხვა არალეგალური და თაღლითური ოპერაციის წარმოება და მათი დამალვის ახალი გზების შექმნა, გარემოს დაბინძურება და სხვა.
ეთერიუმის შემქმნელი თვლის, რომ პრობლემა დგება მაშინ, როდესაც ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ხალხი სწრაფი მოგების მიღებას ცდილობს, მაშინ როდესაც ეს არა სპეკულაციურ პროდუქტად, არამედ გრძელვადიან, სარგებლიან ტექნოლოგიად უნდა აღიქმებოდეს.
Time-თან ინტერვიუში ვიტალიკმა NFT-ების თაობაზე აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის პროექტებში ის ღირებულებას ვერ ხედავს. მაგალითისთვის მას მოჰყავს Bored Ape Yacht Club-ი, რომელიც ანიმაციური მაიმუნების კოლექციაა და რომლის ფლობაც სტატუსის სიმბოლოდ იქცა ონლაინსივრცეში. ვიტალიკ ბუტერინი თვლის, რომ ეს არის სპეკულაციური ბუშტი, რომელიც ადამიანებს დააზარალებს და იმედოვნებს, რომ ადამიანები ეთერიუმს უფრო პროდუქტიული პროექტებისთვის გამოიყენებენ.
ვიტალიკი ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანებისთვის დამახასიათებელმა სიხარბემ და ეთერიუმის გამოყენებამ შესაძლოა, ისინი ცუდ შედეგებამდე მიიყვანოს, თუმცა მას მაინც სჯერა, რომ მეორე მხრივ ეთერიუმმა შესაძლოა ხელი შეუწყოს უფრო დადებით და საჭირო პროექტებსაც, როგორიც არის: ხმის მიცემის სამართლიანი სისტემების დანერგვა, ისეთი ხალხის ჩართვა ფინანსურ/საბანკო სისტემებში, რომლებსაც წვდომა ჯერ მათზე არ ჰქონიათ და ა.შ.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო ფონდი კრიპტოვალუტებში ფულის ჩადებას გეგმავს
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო ფონდი Bridgewater Associates-ი, კრიპტოვალუტებში ფულის ჩადებას გეგმავს. Forbes-ის მიერ 22 მილიარდ დოლარად შეფასებული ქონების მფლობელ მილიარდერ რეი დალიოს (რომელიც 1985 წლიდან ამავე კომპანიის ერთ-ერთი საინვესტიციო ოფიცერიცაა), დაფუძნებული ფონდი $150 მილიარდზე მეტი ღირებულების აქტივს მართავს.
ფონდი ამ ეტაპზე კრიპტოვალუტების ყიდვას არ აპირებს, თუმცა დაინტერესებულია ციფრულ ქონებასა და კრიპტოსთან დაკავშირებულ კომპანიებში ინვესტიციით.
რეი დალიომ გაამხილა, რომ მან პირადად შეიძინა ბიტკოინი 2021 წელს, შესაბამისად, ფონდის მხრიდან ამ ახალი ტექნოლოგიის მიმართ ინტერესი არავის გაჰკვირვებია. რეიმ აღნიშნა, რომ ახალი თაობისთვის ბიტკოინი „ოქროს ალტერნატივა” იყო, რომელშიც ფულის ჩადება ღირს, თუკი ეს იქნება დიდი და დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის ერთ-ერთი ნაწილი.
Bridgewater Associates-ი არ არის ერთადერთი საინვესტიციო ფონდი, რომელმაც კრიპტოს სფეროში ფულის ჩადება გადაწყვიტა. Wall Street Journal-მა იანვარში აღნიშნა ლონდონელი ბრევან ჰაუერდის მიერ სპეციალურად კრიპტოში ინვესტირებისთვის განკუთვნილი ახალი საინვესტიციო ფონდის შექმნაც.
ფლორიდის გუბერნატორი თვლის, რომ ბიზნესებს უნდა შეეძლოთ გადასახადების კრიპტოვალუტით გადახდა
ფლორიდის შტატის გუბერნატორი რონ დესანტისი კრიპტოს ერთ-ერთი მხარდამჭერია. მისი განცხადებით, შტატი მუშაობს გეგმაზე, რომელიც საშულებას მისცემს ბიზნესებს, გადასახადები კრიპტოვალუტების გამოყენებით გადაიხადონ.
სამშაბათს პრესკონფერენციაზე რონ დესანტისმა განაცხადა, რომ თუკი შტატში ბიზნესს მოუნდება კრიპტოვალუტებში გადასახადის გადახდა, მათ ამის საშუალება უნდა მიეცეთ. “ჩვენ ამაზე ვმუშაობთ”, – თქვა მან.
რონ დესანტისი ხელს უწყობს კრიპტოს ათვისებას და განვითარებასაც, რაც კრიპტოვალუტის ენთუზიასტებისთვის ძალიან კარგი სიახლეა. გუბერნატორი, შტატში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ცდილობს, ფლორიდა კრიპტოს სფეროში დაინტერესებულთათვის ჰაბად ჩამოაყალიბოს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე კრიპტოსთან დაკავშირებული ბიზნესი, მაგალითად, როგორიც არის Blockchain.com, უკვე ხსნის ოფისებს მაიამიში.
უკრაინელი მიგრანტი პოლონეთში USB Drive-ზე არსებული $2,000-ის ღირებულების ბიტკოინის საშუალებით გადავიდა
CNBC-ის ცნობით, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, ქალაქ ლვოვში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მამაკაცმა უკრაინიდან პოლონეთში გასაქცევად ბიტკოინი გამოიყენა, რაც იმ მომენტისთვის მისი საერთო დანაზოგის 40%-ს შეადგენდა.
“ჩვეულებრივი ვალუტის გამოტანა საერთოდ ვერ შევძელი, რადგან ბანკომატთან რიგები ზედმეტად დიდი იყო და დროს ვერ დავკარგავდი”, – უთხრა მამაკაცმა CNBC-ს. გარდა ამისა, უკრაინაში თითოეული ტრანზაქცია $33 დოლარით იყო ლიმიტირებული.
მამაკაცმა გადაწყვიტა, peer-to-peer (P2P) ტრანზაქცია შეესრულებინა და $600-ის ბიტკოინი გაეყიდა, პოლონური ზლოტის მიღების სანაცვლოდ. ამ ფულით მან და მისმა შეყვარებულმა ავტობუსის ბილეთების შეძენა, სასტუმროს საფასურის გადახდა და საჭმლის ყიდვა შეძლეს.
CNBC აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თანამედროვე სამყაროში კრიპტოვალუტების უპირატესობას შეუფერხებელი ტრანზაქციების განხორციელებისას.
Terra $10 მილიარდის ღირებულების ბიტკოინს შეიძენს
Terra არის დეცენტრირებული ბლოქჩეინ-პროტოკოლი, რომლის მთავარი ფუნქცია სტეიბლ-კოინების გამოცემაა. ტერას სტეიბლ-კოინი – Terra USD, ამერიკული დოლარის ღირებულებით ნიშნულზეა მიბმული, რასაც კომპანია საკუთარი ტოკენის (LUNA) გამოყენებით ახერხებს.
Terra-ს მფლობელმა – ტერა დო კვონმა განაცხადა, რომ კომპანია აპირებს $10 მილიარდი ღირებულების ბიტკოინის შეძენას, რომელიც მათი სტეიბლ-კოინის დამატებითი სარეზერვო ინსტრუმენტი იქნება. დეტალები იმის შესახებ, თუ რით დააფინანსებს ტერა ამ შენაძენს, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, კომპანიის განცხადებით, ეს მათი კრიპტოვალუტის გაყიდვის ხარჯზე არ მოხდება.
Terra-მ უკვე შეიძინა $1 მილიარდზე მეტი ღირებულების ბიტკოინი და მოახდინა მათი გადარიცხვა კომპანიის ერთ-ერთ კრიპტომისამართზე. ანტონი პომპლიანოს განცხადებით, რომელიც არის კრიპტოს მოყვარული და პარტნიორი Morgan Creek Digital-ში, ისინი ბიტკოინის ფასს აკვირდებიან და ტრანზაქციებს ხელსაყრელი ფასის პირობებში შეასრულებენ, საბოლოო ჯამში თავიანთი გაცხადებული მიზნის – $10-მილიარდიანი ნიშნულის მისაღწევად.
კრიპტოს ბაზრისთვის ეს ინფორმაცია შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რამაც ბიტკოინის ფასი $47,500-ზე აიყვანა. ამავდროულად გაიზარდა სხვა ალტკოინების ფასიც, იმის მიუხედავად, რომ ბიტკოინის ფასის ზრდა თუ მისი შემცირება არ არის პირდაპირ დაკავშირებული სხვა კრიპტოვალუტების ფასების ცვლასთან.
დატოვე კომენტარი