გასული კვირა კრიპტოინდუსტრიისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით იყო გამორჩეული:Telegram-ს ემატება კრიპტოგადარიცხვები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა გახდა მეორე ქვეყანა, რომელიც ბიტკოინს ოფიციალურ ვალუტად აღიარებს, Gucci მომხმარებელს კრიპტოს გამოყენების საშუალებას მისცემს, Instagram-ი პლატფორმაზე NFT-ების ინტეგრირებას გეგმავს, ხოლო სტეიბლკოინი UST კოლაფსის წინაშეა. ამ და სხვა სიახლეებს ჩვენს ყოველკვირეულ კრიპტობლოგში მოვუყარეთ თავი.
Telegram-ს კრიპტოგადარიცხვები ემატება
ეს ახალი ფუნქცია საშუალებას მისცემს Telegram-ის მომხმარებლებს, ტონკოინი – ტელეგრამის კრიპტოვალუტა, საკომისიოს გარეშე გადარიცხონ. კომპანიის მიზანი კრიპტოვალუტის გადარიცხვის პროცესის გამარტივება და ყოველი ტრანზაქციის დროს გრძელი კრიპტომისამართების გამოყენების აუცილებლობის გაუქმებაა.
Telegram-ს თვეში 550 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და მათთვის, განსაკუთრებით კი კრიპტოვალუტების გამოყენებით დაინტერესებული პირებისთვის, ახალი გადარიცხვების სისტემის დანერგვა სასიამოვნო სიახლე უნდა იყოს.
ექსპერტების შეფასებით, კომპანიის ამ ნაბიჯმა შესაძლოა, კრიპტოაქტივები უფრო პოპულარული, ხოლო Telegram-ი სწრაფი და იაფი ტრანზაქციებისთვის ხელსაყრელი პლატფორმა გახადოს. ასეთ მომსახურებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც ტრანზაქციები ქვეყნებს შორის ხორციელდება და პლატფორმა უკვე ისედაც პლანეტის მასშტაბით ემსახურება მომხმარებელს.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა გახდა მეორე ქვეყანა, რომელიც ბიტკოინს ოფიციალურ ვალუტად აღიარებს
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა გახდა მეორე ქვეყანა, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად აღიარა. მანამდე იმავე ნაბიჯის გადადგმა შარშან სალვადორმა გადაწყვიტა.
იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა მდიდარია ოქროს და ბრილიანტის რეზერვებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მაინც ღარიბი და დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება.
კრიპტოვალუტების კანონის მიღებას, რომელიც კრიპტოაქტივებს ლეგალურს ხდის, პარლამენტის ყველა წევრი დაეთანხმა. ხელისუფლება თვლის, რომ ეს იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად. მათ ასევე სჯერათ, რომ ეს კანონი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებაზე დადებითად აისახება.
Gucci მომხმარებელს კრიპტოს გამოყენების საშუალებას მისცემს
Gucci-ს ზოგიერთ მაღაზიაში საქონლის შეძენა კრიპტოვალუტის გამოყენებით ხდება შესაძლებელი. კომპანიის მენეჯმენტი მიზნად ისახავს ზაფხულში, კიდევ უფრო მეტ ფილიალში გააჩინოს მსგავსი ოფცია და ასევე გაზარდოს გამოყენებადი კრიპტოების ნაირსახეობა.
კრიპტოვალუტებით გადახდა მოხდება QR-კოდის მეშვეობით, რომელიც გადაეგზავნება მყიდველს და მომხმარებელი კრიპტოს გადარიცხვას მისი საშუალებით შეძლებს. გადახდა შესაძლო იქნება ათზე მეტი კრიპტოვალუტით. Gucci-ს მაღაზიები მიიღებენ ბიტკოინს, ბიტკოინ ქეშს, ეთერიუმს, შიბა ინუს, დოუჯკოინსა და კიდევ მრავალ ციფრულ აქტივს.
Instagram-ი პლატფორმაზე NFT-ების ინტეგრირებას გეგმავს
მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Instagram-ი პლატფორმაზე NFT-ების დამატებას გეგმავს. კომპანიის ეს ნაბიჯი კრიპტოს მოყვარულებისთვის სასიხარულოა, თუმცა იმ ხალხისთვის, ვინც თვალს ადევნებს Meta-ს გეგმებს ვირტუალური სამყაროს განსავითარებლად, მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო.
Meta-ს დამფუძნებელმა ბევრი დეტალი არ გაამხილა, თუმცა დაზუსტებით თქვა, რომ NFT-ები დაემატებოდა Instagram-ს, როდესაც მათი გუნდი ამ საკითხთან დაკავშირებულ ტექნიკურ სირთულეებს მოაგვარებდა.
“ჩვენ ვმუშაობთ, რომ ახლო მომავალში NFT-ები Instagram-ზე შემოვიტანოთ. დღეს არ ვარ მზად, რომ გამოვაცხადო, თუ რის დამატებას ვაპირებთ”, – განაცხადა ცუკერბერგმა. წინა ზაფხულს Instagram-მა უმასპინძლა “კრეატორების კვირას”, რაც სპეციალურად NFT-ის კრეატორებისათვის განკუთვნილი დახურული შეხვედრა იყო.
UST სტეიბლკოინის კოლაფსი
სტეიბლკოინი – UST, რომელიც მომხმარებელს სტაბილურ ფასს – $1 ჰპირდება, გაუფასურდა. ზოგადად სტეიბლკოინები უდიდეს როლს თამაშობენ კრიპტობაზარში. მათი მთავარი დანიშნულება ერთი კრიპტოვალუტის მეორეში მარტივი გადაცვლა და ტრანზაქციების გამარტივებაა.
UST არის სტეიბლკოინი, რომლის უკანაც დგას LUNA-ს ტოკენი. მთავარი განსხვავება ამ სტეიბლკოინსა და სხვ სტეიბლკოინებს შორის ის არის, რომ UST ალგორითმულია. არსებული გადაცვლის მექანიზმის მიხედვით, $1-ის LUNA-ს გადაცვლა ყოველთვის შესაძლებელი უნდა ყოფილიყო $1 UST-ში. თუმცა კრიტიკოსებს თუ დავუჯერებთ, ამ მეთოდმა შეიძლება გრძელვადიანად ვერ გაამართლოს და როგორც ახლა გამოვლინდა, შესაძლოა ის სტაბილურობა, რომელსაც UST ჰპირდება მომხმარებელს, მალევე გაქრეს.
რადგანაც LUNA-ს საბირჟო ფასი UST-ის საბირჟო ღირებულებაზე დაბლა დაეცა, შესაძლოა, რომ $1 UST-ს გადაცვლა $1 LUNA-ში გართულდეს, ან შეუძლებელი გახდეს.
UST- ფასის ვარდნასთან ერთად, LUNA-ს ფასი 97%-ით დაეცა.
დატოვე კომენტარი