მწვანე ეკონომიკის მიმართულებით გასული კვირაც საინტერესო აღმოჩნდა. როგორც ჩანს, კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ როგორც ქვეყნების, ასევე ცალკეული პირების ინტერესი საგრძნობლად მატულობს. ჯეფ ბეზოსის მსგავს მილიარდერთა სიას, რომლებიც ბოლო პერიოდში კლიმატის გაჯანსაღების პროექტებში სოლიდურ ინვესტიციებს ახორციელებენ, ვენჩურული კაპიტალისტი ჯონ დოერი შეუერთდა, რომელმაც სტენფორდის უნივერსიტეტს კლიმატური კრიზისის სკოლის დასაარსებლად $1.1 მილიარდი გადასცა.
გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს აშშ-ის ენერგეტიკული დეპარტამენტის $2.5-მილიარდიანი ინვესტიცია, რომელიც ნახშირბადის შენახვის პროგრამისთვის გამოიყოფა. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნები კლიმატურ ცვლილებასთან საბრძოლველად ახალი ტექნოლოგიების განვითარებასა და დანერგვაზე აქტიურად ფიქრობენ. ასევე საინტერესოა ევროპის უმაღლესი სასამართლოს მრჩევლის განცხადება, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ, საკუთარ მთავრობებს უჩივლონ და მათგან ფინანსური კომპენსაციაც მოითხოვონ იმ შემთხვევაში, თუ ჰაერის დაბინძურების არალეგალური დონე მათ ჯანმრთელობას დააზიანებს.
ამ ყველაფერთან ერთად კი მიმდინარე კვირის Forbes Green-ი Puma-ს მდგრად გეგმებს და Volkswagen-ის მიერ ქვანახშირის გამოყენების გაგრძელებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებსაც აერთიანებს.
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი ნახშირბადის შენახვის პროგრამისთვის $2.25 მილიარდს გამოყოფს
ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტი ნახშირორჟანგის მიწისქვეშ შენახვის პროგრამისთვის $2.25 მილიარდის გამოყოფას გეგმავს, რაც ქვეყანას კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ნახშირბადის შენახვის ვალიდაციისა და ტესტირების დაფინანსება ინფრასტრუქტურის ორპარტიული კანონპროექტიდან მოხდება, რომელსაც ჯო ბაიდენმა ხელი გასულ წელს მოაწერა. პროექტი ორიენტირებული იქნება ელექტროსადგურებიდან და სხვა სამრეწველო უბნებიდან ნახშირბადის შენახვაზე, ასევე ჰაერიდან ნახშირბადის პირდაპირ ამოღებაზე. პროგრამა ითვალისწინებს როგორც ხმელეთის, ასევე ისეთი ოფშორული საწყობების შექმნას, როგორიცაა მექსიკის ყურეში, ზღვის ფსკერზე არსებული დაცლილი ნავთობისა და გაზის საბადოები.
აღსანიშნავია, რომ ელექტროსადგურებიდან ნახშირბადის ემისიების შენახვა ელექტროენერგიის გამომუშავებას დამატებით ხარჯს მატებს და კომპანიებს, როგორც წესი, სჭირდებათ სუბსიდიები მის დასაფარად. ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის პირდაპირი დაჭერა, ტონა ნახშირბადზე შესაძლოა $600-მდე დაჯდეს. თუმცა, მომხრეების განცხადებით, ინვესტიციები და ნახშირბადის დაჭერის ტექნოლოგიის განვითარება ხარჯებს შეამცირებს.
თუ ბაიდენის გაფართოებული კლიმატის კანონმდებლობა კონგრესის მიერ არ დამტკიცდება, ბაიდენის ინიციატივა 2050 წლისთვის ეკონომიკის დეკარბონიზაციასთან დაკავშირებით შესაძლოა, შეფერხდეს. მეცნიერთა განცხადებით, კლიმატის ცვლილებების შეზღუდვის პრიორიტეტი ემისიების თავიდან აცილებაა, თუმცა ნახშირორჟანგის შენახვა სავარაუდოდ სათბური აირების საშინელი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი გახდება.
ევროკავშირის მოქალაქეებს შეუძლიათ, ჯანმრთელობისთვის საზიანო დაბინძურებული ჰაერის გამო საკუთარ მთავრობებს უჩივლონ
ევროპის უმაღლესი სასამართლოს მრჩევლის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ, საკუთარ მთავრობებს უჩივლონ და მათგან ფინანსური კომპენსაციაც მოითხოვონ იმ შემთხვევაში, თუ ჰაერის დაბინძურების არალეგალური დონე მათ ჯანმრთელობას დააზიანებს.
მრჩევლის განცხადება ბოლო წლებში ლუქსემბურგში არსებული ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებების შედეგია, რომელთა მიხედვითაც ევროკავშირის დაახლოებით ათი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, პოლონეთი, იტალია და რუმინეთი, ჰაერის უკანონო დაბინძურებაში ცნეს დამნაშავედ. სასამართლო განაცხადის თანახმად, „ევროკავშირის კანონმდებლობით, ჰაერის დაბინძურების დადგენილი ზღვრის გადაცდენამ შესაძლოა, მოქალაქის მიერ სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნის უფლება უზრუნველყოს“.
ჯულიანა კოკოტის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება და მუშაობა ღარიბ მოსახლეობას უწევს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ სასამართლო დაცვას. კომპენსაციის მომთხოვნმა პირებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათ ჯანმრთელობას ზიანი სწორედ ჰაერის დაბინძურების გამო მიადგათ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი საქმე პარიზის მცხოვრებლის მიერ უკვე აღიძრა. მოქალაქე მთავრობისგან 12 მილიონი ევროს კომპენსაციას ითხოვს და ამტკიცებს, რომ მისი ჯანმრთელობა დაზიანდა, რადგან ქვეყანამ ვერ უზრუნველყო ევროკავშირის ლიმიტების სრულყოფილად დაცვა. პარიზმა ევროკავშირის მიერ დადგენილი აზოტის დიოქსიდით დაბინძურების კანონიერი ლიმიტები 2010-2020 წლებში დაარღვია.
კლიმატური ცვლილებების სკოლისთვის სტენფორდის უნივერსიტეტმა მისთვის რეკორდული შემოწირულება მიიღო
კლიმატურ ცვლილებებზე ორიენტირებული ახალი სკოლის დასაარსებლად, სტენფორდის უნივერსიტეტმა მისთვის რეკორდული თანხის შემოწირულება მიიღო. კალიფორნიაში დაფუძნებული უნივერსიტეტისთვის ვენჩურულმა კაპიტალისტმა ჯონ დოერმა $1.1 მილიარდი გაიღო.
უნივერსიტეტის განცხადებით, დოერისა და მისი მეუღლის რეკორდული შემოწირულებით, სტენფორდში უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში პირველი სკოლა, „სტენფორდ დოერის მდგრადობის სკოლა“ გაიხსნება. სტენფორდის კლიმატის სკოლა შემოდგომაზე გაიხსნება, სკოლის დეკანი კი არუნ მაჯუმდარი იქნება, რომელიც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ენერგეტიკულ საკითხებში კონსულტაციებს უწევდა.
ვენჩურულმა კაპიტალისტმა $11 მილიარდზე მეტი ქონება ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებში ინვესტირებებით გამოიმუშავა, როგორიც Alphabet-ი და Amazon-ია. როგორც მილიარდერი მიიჩნევს, „კლიმატი და მდგრადობა მომავალში ახალი კომპიუტერული მეცნიერება გახდება“. Chronicle of Higher Education-ის მონაცემებით, დოერის შემოწირულობა ყველაზე დიდი საჩუქარია ახალი სკოლის დაარსებისთვის, ხოლო მეორე უმსხვილესი შემოწირულებაა აკადემიური დაწესებულებისთვის.
დოერი იმ მილიარდერებს სიაშია, რომელთაც ბოლო პერიოდში, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლას სოლიდური თანხები შესწირეს. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ კლიმატური კრიზისი არ უნდა იყოს დამოკიდებული მილიარდერების ქველმოქმედებაზე და მთავრობებმა სათანადო საგადასახადო სისტემა უნდა შექმნან, რომლის მეშვეობითაც მილიარდერები მათთვის სამართლიანად დაწესებული წილის გადახდას შეძლებენ.
PUMA ოფისებიდან, მაღაზიებიდან და მიწოდების ქსელიდან CO2-ის ემისიებს აღმოფხვრის
სპორტულმა კომპანია PUMA-მ როგორც საკუთარი, ასევე 2017-2021 წლების მიწოდების ჯაჭვიდან ნახშირბადის გამონაბოლქვი შეამცირა. კომპანია კლიმატურ პოლიტიკას მიჰყვება და ემისიების მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, 2017 წლის საბაზისო წელთან შედარებით, PUMA-ს ნახშირბადის გამონაბოლქვი და შეძენილი ენერგია 88%-ით შემცირდა. მიუხედავად 2017-2021 წლებში PUMA-ს 65%-იანი ზრდისა, კომპანიამ საკუთარი მიწოდების ჯაჭვიდან ემისიები 12%-ით შეამცირა, რაც მისი ბიზნესის ყველაზე ნახშირბადინტენსიური ნაწილია.
PUMA განახლებადი ელექტროენერგიის ტარიფებისა და სერტიფიკატების საშუალებით, 100%-ით განახლებადი ელექტროენერგიის შესყიდვაზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, კომპანიას ელექტროპარკის ელექტროძრავებზე გადაყვანა, უფრო მდგრადი მასალის გამოყენება და ქარხნის დონეზე ეფექტიანობის განვითარება სურს, რაც საბოლოოდ ემისიების მაქსიმალურად შემცირებაში დაეხმარება.
ნაკლები ნახშირბადის ინტენსივობის ნედლეულის გამოყენება PUMA-ს მდგრადობის სტრატეგიის მთავარი საფუძველია. 2021 წელს კომპანიამ ტანსაცმელში გადამუშავებული პოლიესტერის გამოყენება 55%-მდე გაზარდა, 2025 წლამდე კი 75%-ის მიღწევას გეგმავს. მთლიანობაში, PUMA-ს 2025 წლამდე სურს მისი ათი პროდუქტიდან ცხრა მეტად მდგრადი მასალისგან იყოს დამზადებული.
PUMA გაეროს „მოდის ინდუსტრია კლიმატური ქმედებებისთვის ქარტიის“ დამფუძნებელი წევრია და დეკარბონიზაციაში მოდის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს როლს აღიარებს. მიწოდების ჯაჭვიდან CO2-ის ემისიების შესამცირებლად, კომპანია სხვა ბრენდებთან, მთავრობებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს.
რუსული ენერგეტიკული „საფრთხის“ გამო, Volkswagen-ი ქვანახშირის გამოყენებას ახანგრძლივებს
Volkswagen-ის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, გერმანული ავტომწარმოებელი რუსეთსა და ევროპას შორის დაძაბული ვითარების ფონზე, ქვანახშირის გამოყენების გახანგრძლივებას გეგმავს.
ჰერბერტ დისის განცხადებით, არსებული „ენერგეტიკული საფრთხის“ გამო, რაიმეს პროგნოზირება რთულია, თუმცა თავის დასაზღვევად ვოლფსბურგში კომპანიას კვლავ აქვს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები. აქედან გამომდინარე, Volkswagen-მა, ნახშირისა და გაზის კვლავ გამოსაყენებლად, ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების განახლება გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის CEO-მ განცხადება, ევროკავშირის მიერ კრემლისადმი ახალი სანქციების დაანონსების დღესვე გააკეთა.
ვოლფსბურგში, 6.5 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული VW-ის საწარმოო ობიექტი, ორ კოგენერაციულ ქარხანას იყენებს, რომლებიც სითბოსა და ელექტრობის თანადროულ წარმოქმნას უზრუნველყოფენ. კომპანია, ნახშირბადის ემისიების შემცირების მიზნით, ქვანახშირზე მომუშავე ქვაბების შეცვლას გაზისა და ორთქლის ტურბინებით გეგმავდა, თუმცა, როგორც ჩანს, გლობალურმა ვითარებამ გავლენა VW-ის გეგმებზეც იქონია.
გასულ კვირას Volkswagen-ის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის პირველი კვარტალის შედეგებით, კომპანიის საოპერაციო მოგება 513 მილიონ ევრომდე გაიზრდება, მაშინ როდესაც, გასული წლის იმავე კვარტალში მოგებამ 490 მილიონი შეადგინა. თუმცა, კომპანიის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული 17.6 მილიარდთან შედარებით, გაყიდვების შემოსავალი შემცირდა და 15 მილიარდ ევროზე ნაკლები შეადგინა.
კვლევა: კლიმატურმა ცვლილებამ შესაძლოა, ოკეანის ბინადრების მასობრივი გადაშენება გამოიწვიოს
გასულ კვირას გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, კლიმატურმა ცვლილებამ მსოფლიო ოკეანეებში შესაძლოა წყლის ბინადრების მასობრივი გადაშენება გამოიწვიოს. შედეგები კი ისეთი იქნება, როგორიც სამყაროს არ ახსოვს.
Princeton University-ის კვლევის ხელმძღვანელის, ჯასტინ პენის განცხადებით, მომდევნო საუკუნეშიც ნახშირბადის გამონაბოლქვის მსგავსი ტემპით ზრდა ექსტრემალურ დათბობას გამოიწვევს და ოკეანის ბინადრების მასობრივი გადაშენების მიზეზი გახდება. კვლევის მიხედვით, კლიმატური ცვლილებით გამოწვეული ოკეანეების დათბობა და ჟანგბადის ამოწურვა პოტენციური მასობრივი გადაშენების ძირითადი მიზეზები იქნება. არსებულ ვითარებას კი ადამიანის საქმიანობაც ერთვის, რომელიც ჰაბიტატის განადგურებაში, გადაჭარბებულ თევზაობასა და სანაპიროების დაბინძურებაში გამოიხატება.
წიაღისეული საწვავის, მათ შორის ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის წვა, არამარტო ატმოსფეროში, ოკეანეებშიც სათბური ემისიების (ნახშირორჟანგი, მეთანი) გავრცელებას იწვევს. კვლევის თანახმად, ოკეანის ტემპერატურის მატებისა და ჟანგბადზე ხელმისაწვდომობის შემცირებით, ოკეანის ბინადრების სიმრავლე მკვეთრად იკლებს. გადაშენება შესაძლოა, მომდევნო 100-300 წელიწადში მოხდეს.
„დიდი კვდომის“ სახელით ცნობილი მასშტაბური გადაშენება დედამიწაზე დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ, პერმული პერიოდის მიწურულს მოხდა, რის შედეგადაც ზღვის მცხოვრებლების ორ მესამედზე მეტი დაიღუპა. ახალი კვლევის მიხედვით, კლიმატური ცვლილებით გამოწვეული გადაშენება შესაძლოა, „დიდი კვდომის“ შედეგებს არ ჩამოუვარდებოდეს.
დატოვე კომენტარი