გასულ კვირას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ კლიმატური კრიზისის დასაძლევად ახალი და მეტად ამბიციური ზომები მიიღეს. გერმანიის მთავრობამ ტრანსპორტისა და სამშენებლო სექტორის ემისიების აღმოფხვრისთვის საგანგებო გეგმები წარადგინა, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაციამ მზის ენერგიის შიდა წარმოების განსავითარებლად დაფინანსების ზრდა დააანონსა. უნდა აღინიშნოს ენერგიის მზარდი ფასების ეფექტიც, რომელიც უფრო მეტ ქვეყანას ალტერნატიული, სუფთა ენერგიის გამოყენებაზე გადასვლისკენ უბიძგებს.
მიუხედავად კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული გარკვეული წარმატებებისა, ცალკეული კვლევები არცთუ ისე სახარბიელო შედეგებს იძლევა. როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოს ხუთი წამყვანი დამბინძურებელი ქვეყანა ჯამში $6 ტრილიონის გლობალურ ეკონომიკურ ზარალზეა პასუხისმგებელი. საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ მათი ემისიები ძირითადად დაბალი შემოსავლის და ნაკლებად დამაბინძურებელ ქვეყნებს აზიანებს.
ამასთან ერთად კი აუცილებლად უნდა ვახსენოთ კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში რომის პაპ ფრანცისკეს ჩართულობაც, რომელმაც ამჟამად „ევროკავშირის ახალგაზრდული კონფერენციის“ მონაწილეებს გარემოზე ზრუნვისა და ხორცის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა.
ბაიდენის ადმინისტრაცია მზის ენერგიის შიდა წარმოებისთვის დაფინანსებას ზრდის
ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, ქვეყანაში მზის ენერგიის შიდა წარმოების განსავითარებლად $56 მილიონი მოცულობის დაფინანსება გამოიყოფა. ამერიკის შეერთებულ შტატებს ქვეყნის სუფთა ენერგიის სექტორის ჩინეთში დამზადებული საქონლისგან განთავისუფლება სურს.
ენერგეტიკის დეპარტამენტის ახალი დაფინანსება კლიმატმეგობრული ტექნოლოგიების, მათ შორის სილიკონზე დაფუძნებული პროდუქციის ალტერნატივების განვითარებას შეუწყობს ხელს. მსგავსი ტიპის პროდუქტები უმეტესწილად აზიაში მზადდება და ბაზარზე კვლავ დომინანტობას ინარჩუნებს.
დეპარტამენტი $27 მილიონს კადმიუმის ტელურიდისგან დამზადებული მზის პანელების წარმოების გასაძლიერებლად გამოყოფს. ოჰაიოში არსებული First Solar Inc-ის ობიექტის წყალობით, აშშ კადმიუმის ტელურიდის პანელების მთავარი მწარმოებელია. დამატებით $29 მილიონი კი პანელების დიზაინის განვითარებას მოხმარდება, რაც შეამცირებს წარმოების ხარჯებს და პეროვსკიტისგან დამზადებული მზის ბატარეების წარმოებას გააძლიერებს. პეროვსკიტი სილიკონის პერსპექტიულ და იაფ ალტერნატივად განიხილება.
ცნობისთვის, ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებამდე ერთი კვირით ადრე, ენერგეტიკის დეპარტამენტმა ქვეყნებს მზის ენერგიის შიდა წარმოების განვითარებისკენ მოუწოდა. აშშ-ის მზის პანელების 90% ქვეყნის საზღვრებს გარეთ მზადდება. ენერგეტიკის დეპარტამენტი მზის ენერგიას კლიმატური მიზნების მიღწევისთვის ერთ-ერთ ძირითად პირობად ასახელებს. თავად აშშ-ის პრეზიდენტს კი საკმაოდ ამბიციური კლიმატური მიზნები აქვს, რაც 2035 წლისთვის ქვეყნის ენერგოსექტორის წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
გერმანია, ტრანსპორტისა და სამშენებლო სექტორისთვის, კლიმატის საგანგებო გეგმას ადგენს
ტრანსპორტისა და სამშენებლო სექტორებიდან ემისიების აღმოსაფხვრელად, გერმანიის სამინისტროებმა საგანგებო პროგრამა შეიმუშავეს. მთავრობის გადაწყვეტილება, ორივე სექტორის მხრიდან 2021 წლის ნახშირორჟანგის შემცირების მიზნების გამოტოვებას უკავშირდება, რაც გერმანიის მიერ 2030 წლის კლიმატური მიზნების მიღწევას საფრთხეს უქმნის.
გასულ წელს სასამართლომ გერმანიას კლიმატის დაცვის კანონმდებლობის გამკაცრება მოსთხოვა, რის გამოც მაშინდელმა მთავრობამ CO2-ის შემცირების ბევრად ამბიციური მიზნები დაისახა. ახალი კოალიციური მთავრობის გამკაცრებული ზომები კი კომუნალურ, საწარმოო, სამშენებლო, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს შეეხო. კლიმატის კანონმდებლობის თანახმად, ტრანსპორტის, ეკონომიკისა და მშენებლობის სამინისტროებმა წლიური მიზნების შესასრულებლად პროგრამები უკვე წარადგინეს.
გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს ტრანსპორტის სექტორის ემისიებმა მიზნობრივი 145 მილიონი ტონის ნაცვლად, 148.1 მილიონი ტონა შეადგინა. ხოლო სამშენებლო სექტორის ემისიები შარშან მიზნობრივი 112 მილიონი ტონის ნაცვლად, 115 მილიონი ტონა CO2-ის ეკვივალენტური აღმოჩნდა.
გერმანიის ახალი სატრანსპორტო პროგრამა ელექტრომობილების დასამუხტი ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და ინოვაციური პროექტებისთვის დაფინანსების ზრდას ითვალისწინებს. დამატებით 250 მილიონი ევრო კი ველოსიპედების ბილიკების ქსელის განვითარებას მოხმარდება. ხოლო სამშენებლო სექტორის საგანგებო გეგმის თანახმად, 2024 წლიდან დამონტაჟებული გათბობის სისტემების 65% განახლებად ენერგიაზე უნდა მუშაობდეს.
ტრანსპორტი, რომელიც 2021 წელს გერმანიის სათბური ემისიების 19%-ს შეადგენდა, ემისიების აღმოფხვრის მხრივ ყველაზე ნელ სექტორად დასახელდა. მიუხედავად პანდემიის დროს მოგზაურობის შემცირებისა, ტრანსპორტის ემისიების 2021 წლის მონაცემები 1990 წელთან შედარებით მხოლოდ 9.4%-ით ნაკლები აღმოჩნდა.
აფრიკის უდიდესი ეკონომიკის, ნიგერიის კომპანიები მზის ენერგიის გამოყენებას ზრდიან
ნიგერიის კომპანიები, დიზელზე მზარდი ადგილობრივი ფასებიდან გამომდინარე, ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ. შედეგად, აფრიკის ნავთობის უდიდეს მწარმოებელ ქვეყანაში, ბიზნესის მხრიდან მზის ენერგიაზე მოთხოვნა სულ უფრო მეტად იზრდება.
აფრიკის უდიდესი ეკონომიკისთვის ქვეყნის დამონტაჟებული ელექტროენერგიის სიმძლავრე 12,500 მეგავატია, თუმცა ნიგერიის ეროვნული ქსელი, პიკის დროს, მხოლოდ 4,000 მეგავატს უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, ქვეყნის ბიზნესი და მოქალაქეები უმეტესწილად დიზელზე მომუშავე გენერატორებზე არიან დამოკიდებულნი. დიზელის ფასი კი ამ დროისთვის 1 ლიტრზე 800 ნაირას შეადგენს ($1.93) და ბენზინისგან განსხვავებით სუბსიდირებული არცაა.
Boston Consulting Group-ის კვლევის თანახმად, ნიგერიაში დამონტაჟებული ფოტოელექტრული მზის პანელი ერთ სულ მოსახლეზე 1 ვატს შეადგენდა, მაშინ როდესაც, მსგავს განვითარებად ბაზრებზე საშუალოდ 8 ვატს უტოლდება. თუმცა დიზელის ფასის მატებასთან ერთად კომპანიები იძულებული ხდებიან, დიზელი ეტაპობრივად სწორედ სუფთა ალტერნატივით, მზის ენერგიით ჩაანაცვლონ.
ცნობისთვის, 2021 წელს Rensource-ის მიერ ნიგერიაში დამონტაჟებული პანელების სიმძლავრე მეგავატსაც არ აღემატებოდა, ამჟამად კი კომპანიის სადგურები უკვე 6-მეგავატიანი სიმძლავრისაა. Rensource-ის განცხადებით, ნიგერიის მასშტაბით წლის ბოლომდე მზის ენერგიის დამონტაჟებული სიმძლავრის 12 მეგავატამდე ზრდა იგეგმება.
Panasonic-ი შტატ კანზასში ელექტრობატარეების $4-მილიარდიან ქარხანას ააშენებს
ელექტრომანქანებზე გაზრდილი გლობალური მოთხოვნის ფონზე, Panasonic-ი ელექტრობატარეების წარმოებას აფართოებს, რისთვისაც ამერიკაში, შტატ კანზასში $4-მილიარდიან ქარხანას ააშენებს. მოსალოდნელია, რომ Panasonic-ის ახალი ქარხანა შტატში ოთხი ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
„საავტომობილო ინდუსტრიის მზარდი ელექტრიფიკაციის ფონზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტრობატარეების წარმოების გაფართოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა Panasonic Energy Co-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, კაძუო ტადანობუმ.
აღსანიშნავია, რომ ახალი ქარხნის გახსნის ადგილად ტექნოლოგიურ გიგანტს კანზასი შემთხვევით არ შეურჩევია – ცოტა ხნის წინ, Panasonic-მა ფედერალური შეღავათების პროგრამაში მონაწილეობისთვის შტატის გუბერნატორს, ლორა კელის მიმართა და გასულ კვირას, დასტური მიიღო. თუმცა, ფედერალური შეღავათების გარდა, კანზასი იმითაცაა გამორჩეული, რომ ის საკმაოდ ახლოს მდებარეობს Tesla-ს შტატ ტეხასის ქალაქ ოსტინში მდებარე ქარხანასთან, რომელიც რამდენიმე თვის წინ გახსნილ ქარხანასთან. კანზასის გარდა, ახალი ქარხნის ადგილად კომპანია შტატ ოკლაჰომასაც განიხილავდა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ შტატ კანზასში ახალი ქარხნის აშენებით, იაპონური გიგანტი იმ ავტომწარმოებლებს და ელექტრობატარეების მწარმოებლებს შეუერთდა, რომლებიც ამერიკაში ელექტრომობილების ბუმისთვის ემზადებიან. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში, შტატ კენტუკისა და ტენესიში საწარმოო ხაზისა და ელექტრობატარეების სამი ქარხნის აშენების შესახებ ამერიკულმა Ford-მა და სამხრეთ კორეულმა SK Innovation-მა განაცხადეს – ამ პროექტის ჯამური ღირებულება $11.4 მილიარდს შეადგენს. ამ განცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ამერიკაში ელექტრობატარეების ქარხნის აშენების შესახებ იაპონურმა Toyota Motor Corp-მაც განაცხადა.
აშშ-ისა და ჩინეთის ემისიებმა $3.6 ტრილიონის ეკონომიკური ზარალი გამოიწვია
1990-2014 წლებში, ჩინეთისა და აშშ-ის მიერ გამოყოფილმა სათბური აირების ემისიებმა მთელ მსოფლიოში $3.6 ტრილიონის ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. მონაცემები ახალ ანგარიშში Dartmouth College-ის მკვლევრებმა წარმოადგინეს.
სათბური აირებით ხუთ ყველაზე მსხვილ დამბინძურებელ ქვეყნებს შორის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და ბრაზილია არიან. ჩამოთვლილი ხუთი ქვეყანა ჯამში $6 ტრილიონის გლობალურ ეკონომიკურ ზარალზეა პასუხისმგებელი, რაც გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 11%-ის ეკვივალენტურია. მკვლევრებმა ქვეყნების მხრიდან ემისიებით დაბინძურების 25-წლიანი (1990 – 2014 წწ) პერიოდი შეისწავლეს.
სათბური აირებით უმსხვილესი დამბინძურებლები აშშ და ჩინეთი არიან. თითოეულზე გლობალური ეკონომიკური ზარალის $1.8 ტრილიონი მოდის, მათ მოჰყვებათ ინდოეთი, რუსეთი და ბრაზილია, თითოეულზე $500 მილიარდით. კვლევის თანახმად, ემისიებით დამბინძურებლების ტოპ-ათეულმა ეკონომიკური ზარალის ორ მესამედზე მეტი გამოიწვია. Dartmouth College-ის ანგარიშის ფარგლებში ჯამში 143 ქვეყნის ეკონომიკური და კლიმატური მონაცემები იქნა შესწავლილი.
აღსანიშნავია, რომ შედარებით მაღალი მშპ-ის მქონე ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ სათბურ ემისიას გამოყოფენ, „თავად სარგებელს იღებენ, თუმცა აზიანებენ დაბალი შემოსავლისა და ნაკლებად დამაბინძურებელ ქვეყნებს“. მკვლევრები განსაკუთრებულ ყურადღებას გლობალურ სამხრეთზე ამახვილებენ, სადაც მაღალი ტემპერატურა სოფლის მეურნეობის მოსავლიანობაზე უარყოფითად მოქმედებს, ამცირებს შრომის პროდუქტიულობასა და სამრეწველო წარმოებას.
ევროპის ქალაქები, სადაც ჰაერი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული
უახლესი მონაცემებით, გასულ თვეში, სამხრეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ჰაერის დაბინძურების დონე გაიზარდა. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის კომპანია Airly-ის თანახმად, განსაკუთრებით ცუდი ვითარება სამხრეთ ესპანეთისა და იტალიის დიდ ქალაქებშია.
ზაფხულის სეზონზე ყველაზე დიდი პრობლემა აზოტის ოქსიდის მაღალი კონცენტრაციაა, რაც ამ ადგილებში ტრანსპორტის გაზრდილი მოძრაობითაა განპირობებული. Airly-ის CEO-ს განცხადებით, საზღვაო ზოლის ბევრ ქალაქს შორის ყველაზე მეტად დაბინძურებული ესპანეთის სანაპიროა, მათ შორის მურსიის, ბარსელონისა და მალაგის რეგიონები. თუმცა არანაკლებად დაბინძურებულია ჰაერი იტალიის პულიას, მარკესა და ნესებრის (ბულგარეთი) შავი ზღვის სანაპიროების ტერიტორიაზე.
ამის მიზეზი შესაძლოა ტემპერატურის მკვეთრი მატება იყოს, რაც განსაკუთრებით 2022 წლის ივნისის მეორე ნახევარში დაფიქსირდა. Airly-ის განცხადებით, ჰაერის დაბინძურების როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი ზემოქმედება პირდაპირ კავშირშია ადამიანების ჯანმრთელობასთან. ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ჯანმრთელობისთვის სხვადასხვა სახის რისკებს აჩენს. მათ შორისაა რესპირატორული ინფექციები, ფილტვის კიბო და სხვა სახის დაავადებები.
Airly ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად, ბარსელონასა და მილანთან ერთად, ათენსაც ასახელებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მიმდინარე ზაფხულში დამსვენებლებს ამ ქალაქებში სტუმრობისგან თავის შეკავებისკენაც მოუწოდებს.
მიუხედავად ამისა, სიტუაცია არცთუ ისე მძიმეა. Airly-ის კვლევამ ევროპაში ის ქალაქებიც აღმოაჩინა, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე ყოველდღიურ რეკომენდებულ დონეზე დაბალია. ასეთია, მაგალითად, ალპები, რომელიც Airly-ის უსაფრთხო საზღვრებში სწორედ სუფთა ჰაერის დამსახურებით აღმოჩნდა. ბალტიის სანაპიროებზე კი ჰაერის საუკეთესო ხარისხით პოლონეთისა და გერმანიის ქალაქები, ასევე დიდი ბრიტანეთის სამხრეთი სანაპიროს საუტჰემპტონი გამოირჩევა.
საკმაოდ კარგი შედეგები დაფიქსირდა იტალიის ჩრდილოეთ სანაპიროზე სლოვენიაში, საბერძნეთსა და შავი ზღვის აუზში. თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში ბულგარეთი გამონაკლისია. Airly, მიმდინარე წელს უსაფრთხო ზაფხულის გასატარებლად, სწორედ ამ მიმართულებებს უწევს რეკომენდაციას.
პაპი მოსახლეობას ნაკლები ხორცის ჭამისა და გარემოზე ზრუნვისკენ მოუწოდებს
რომის პაპი ფრანცისკე ახალგაზრდებს ხორცის მოხმარების შემცირებასა და გარემოზე მეტად ზრუნვას ურჩევს. „ევროკავშირის ახალგაზრდული კონფერენციის“ მონაწილეებისადმი მიწერილ წერილში პაპმა ახალგაზრდებს „კონსუმერიზმის თვითდესტრუქციული ტენდენციის“ დარღვევისა და მდგრადობისთვის პრიორიტეტის მინიჭებისკენ მოუწოდა.
პაპი ფრანცისკეს წერილის თანახმად, გარემოს დასახმარებლად წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლების გარდა, აუცილებელია მოსახლეობის მხრიდან ხორცის მოხმარების შემცირებაც. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პაპი გარემოს დაცვისთვის აუცილებელ საკითხებს ეხმიანება. 2015 წელს გამოქვეყნებულ ‘Laudato si’-ში პაპმა ხაზი გარემოს დეგრადაციასა და გლობალურ დათბობას გაუსვა და მსოფლიოს სწრაფი და ერთიანი ქმედებისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, 2015 წელს ‘Laudato si’-ისთვის პაპი ფრანცისკე ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია PETA-ს (Ethical Treatment of Animals) მიერ წლის ადამიანადაც დასახელდა. ‘Laudato si’-ში პაპმა დაახლოებით 1.2 მილიარდ კათოლიკეს მიმართა და მსოფლიო მასშტაბით ცხოველებისადმი კეთილი მოპყრობა და გარემოს დაცვა სთხოვა.
გარდა ამისა, 2021 წლის ოქტომბერში, გაეროს COP26 კონფერენციაზე, პაპმა და სხვა რელიგიურმა ლიდერებმა ქვეყნებს კლიმატური კრიზისის დაძლევისკენ მოუწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ თავად პაპი კონფერენციას ვერ დაესწრო, კლიმატური კრიზისისადმი ბრძოლას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. ერთი თვის შემდგომ კი მრევლს გარემოს დაცვის აუცილებლობა საკუთარ გამოსვლაში კიდევ ერთხელ შეახსენა.
დატოვე კომენტარი