გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ინფლაციის შემცირებისა და კლიმატის ცვლილებების $437-მილიარდიანი აქტი დაამტკიცა. აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული კანონპროექტი გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის $369 მილიარდს გამოყოფს და პრეზიდენტის აზრით, აშშ-ის, კლიმატის ცვლილებების მიმართულებით, ყველაზე დიდი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება.

პარალელურად კი, გაერომ კლიმატური მიმართულებით, ახალი ხელმძღვანელი აირჩია. „გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩოს კონვენციის“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას გრენადის კლიმატის მიმართულების ყოფილი მინისტრი, საიმონ სტიელი დაიკავებს. სტიელი კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად მკაცრი განცხადებებითა და ქვეყნებისადმი მოთხოვნებით აქამდეც გამოირჩეოდა, შესაბამისად, საინტერესოა, რა შედეგები მოჰყვება მის არჩევას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც COP27 კლიმატის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდამდე სულ სამი თვეა დარჩენილი.

ქვეყნების ძალისხმევის მიუხედავად კი, როგორც ცნობილი გახდა ემისიები ევროკავშირში კვლავ იზრდება. ხოლო ევროპაში ტყის ხანძრები მძვინვარებს, რის შედეგადაც მხოლოდ საფრანგეთში, რეკორდული რაოდენობის ნახშირბადის გამონაბოლქვი წარმოიქმნა.

ბაიდენმა ინფლაციის შემცირებისა და კლიმატის ცვლილების $437-მილიარდიანი აქტი დაამტკიცა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ინფლაციის შემცირებისა და კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ მიმართულ $437-მილიარდიან აქტს, რომელიც აშშ-ის ისტორიაში აღნიშნული მიმართულებით დამტკიცებული ყველაზე ძვირად ღირებული კანონპროექტია.

SARAH SILBIGER/BLOOMBERG VIA GETTY IMAGES

პაკეტი მოიცავს: 369 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით; 64 მილიარდ აშშ დოლარის დაფინანსებას „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის“ (ე.წ. „ობამაქეარ“) მიმართულებით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინიმალური კორპორაციული გადასახადის ზღვრის 15%-მდე ზრდას იმ კომპანიებისთვის, რომელთაც $1 მილიარდზე მეტი წლიური შემოსავალი აქვთ.

პროექტის ინიციატორების შეფასებით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში აღნიშნული გადასახადის ზრდის წყალობით, ფედერალური ბიუჯეტი დამატებით 737 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავლის მიღებას შეძლებს, რაც მთავრობას შესაძლებლობას მისცემს – მეტი მატერიალური რესურსი გამოყოს პრიორიტეტულ სექტორებზე.

„ინფლაციის შემცირების აქტი ახლა უკვე კანონად იქცა. ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამას მიმწოდებლებთან მედიკამენტების ფასებზე მოლაპარაკების საშუალება ექნება. უზრუნველვყოფთ, რომ კორპორაციებმა თავიანთი სამართლიანი წილი გადასახადები გადაიხადონ და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ ნაბიჯებს გადავდგამთ კლიმატის ცვლილების მიმართულებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

გაერომ კლიმატის საკითხებში ხელმძღვანელად გრენადის ყოფილი მინისტრი აირჩია

გრენადის კლიმატის მიმართულების ყოფილი მინისტრი საიმონ სტიელი, ამავე კუთხით გაეროს ახალი ხელმძღვანელი გახდება. ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

სტიელი, „გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩოს კონვენციის“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას, ეგვიპტეში გასამართი COP27 კლიმატის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდამდე, სამი თვით ადრე დაიკავებს. ყოფილი მინისტრი მექსიკელ დიპლომატს, პატრიცია ესპინოზას შეცვლის. სტიელი, გრენადის კლიმატის მდგრადობისა და გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობას ხუთი წლის განმავლობაში იკავებდა. მანამე კი, განათლებისა და ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრი იყო.

REUTERS/Guglielmo Mangiapane/File Photo

განცხადებაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ სტიელს, „კლიმატურ კრიზისზე კოლექტიური რეაგირებისთვის, კრეატიული მიდგომის ჩამოყალიბებაში ნამდვილი ჩემპიონი“ უწოდა. გრენადის ყოფილი მინისტრი ცნობილი ფიგურა იყო გაეროს კლიმატურ მოლაპარაკებებშიც და ხშირად მსოფლიოს უმსხვილეს დამბინძურებლებს ამბიციური ქმედებებისა და ღარიბი ქვეყნების დაფინანსებისკენაც მოუწოდებდა.

მდიდარი ქვეყნების მხრიდან ღარიბი სახელმწიფოების დაფინანსება აუცილებელია სამომავლო კლიმატურ ზემოქმედებებთან გამკლავებისთვის, იქნება ეს ექსტრემალური ტემპერატურა, ზღვის დონის აწევა, გახშირებული ქარიშხლები თუ გვალვები. „G20-ის ჯგუფი გლობალური ემისიების 80%-ს წარმოქმნის, ამავდროულად კი გლობალური მშპ-ის 85%-საც ფლობს. შესაბამისად მათ აქვთ აუცილებელი მოქმედებისთვის საკმარისი სიმდიდრეც და ტექნოლოგიაც“, – განაცხადა სტიელმა შარშანდელ ინტერვიუში.

ევროკავშირის სათბური აირების ემისია კვლავ იზრდება, თუმცა პანდემიამდელ დონეს ჯერ კიდევ ჩამორჩება

გასულ წელთან შედარებით, 2022 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის სათბური აირების ემისია კვლავ გაიზარდა, თუმცა პანდემიამდელ დონესთან შედარებით ისევ ნაკლები დარჩა. ემისიების შესახებ მონაცემებს ევროკავშირის სტატისტიკის ოფისი აქვეყნებს.

Eurostat-ის განცხადებით, ბიზნესის, სახლებისა და სამთავრობო აქტივობების შედეგად წარმოქმნილი ემისიები 1,029 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტურია, რაც წინა წლის შედეგებს 6%-ით აღემატება. ამის მიუხედავად, ევროკავშირში 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემები, 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 1,035 მილიონი ტონით ნაკლებია.

REUTERS/Wolfgang Rattay/Files

Eurostat-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ემისიების 24% ოჯახებზე მოდის, რომელსაც მოჰყვება ენერგომომარაგებისა და წარმოების სექტორები, შესაბამისად 21%-ითა და 20%-ით. ემისიები თითოეულ სექტორში პანდემიისგან ეკონომიკურ აღდგენასთან ერთად გაიზარდა, თუმცა უცვლელია შინამეურნეობის სექტორი, სადაც ემისიების მაჩვენებელი უცვლელი დარჩა.

ცნობისთვის, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ემისიების ზრდა ევროკავშირის თითქმის ყველა წევრ ქვეყანაში დაფიქსირდა. ბლოკში ყველაზე დიდი, 38%-იანი ზრდა ბულგარეთს აქვს, რომელსაც მალტა მოჰყვება 21%-იანი მატებით. სათბური აირების ემისიების შემცირება კი, 2022 წლის პირველ კვარტალში მხოლოდ ევროკავშირის ორ ქვეყანაში, ნიდერლანდებსა და ფინეთში დაფიქსირდა.

ნორვეგიას ნავთობისა და გაზის ძველი საბადოების ნაადრევად დახურვა, ან მათი მწვანე ენერგიაზე გადაყვანა მოუწევს

ნორვეგიას ნავთობისა და გაზის ძველი საბადოების ნაადრევად დახურვა მოუწევს, იმ შემთხვევაში, თუ საბადოების ემისიების შესამცირებლად, ნახშირბადისგან თავისუფალი ენერგიის უფრო მეტ ოფშორულ პლატფორმაზე გამოყენებას ვერ შეძლებს. ნორვეგიის კლიმატის მინისტრის განცხადებით, მსგავსი ქმედებები აუცილებელია თუ ქვეყანას 2030 წლისთვის დასახული კლიმატური მიზნების მიღწევა სურს.

REUTERS/Phil Noble

ნორვეგიაში, წყლის რეზერვუარები ბოლო 20 წლის მინიმუმზეა, რასაც თან ერთვის ელექტროენერგიის მზარდი ფასები და ენერგიის შესაძლო დეფიციტის გამო მოსახლეობაში გაჩენილი მღელვარება.

ნორვეგიის მიზანი 2040 წლისთვის ოფშორული ქარის ენერგიის წარმოების 30 გიგავატამდე გაზრდაა. კლიმატის მინისტრის განცხადებით, ემისიების შემცირების მიზნის მიღწევა შეუძლებელია საბადოებისთვის განახლებადი ენერგიის მიწოდების გარეშე. ოფშორული ნავთობის ინდუსტრია ნორვეგიის მთლიანი ემისიების დაახლოებით მეოთხედს შეადგენს, რადგან ოფშორულ დანადგარებზე ენერგიის გამომუშავებისთვის ბუნებრივი აირი გამოიყენება.

ნორვეგია დასავლეთ ევროპაში ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია და სურს, 2030 წლისთვის სათბური აირის ემისიები 1990 წლის დონესთან შედარებით 55%-ით შეამციროს. მიუხედავად ამისა, წინასწარი ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2021 წელს ქვეყანამ ემისიები მხოლოდ 4.5%-ით შეამცირა.

საიუველირო კომპანია Pandora ლაბორატორიაში დამზადებულ ბრილიანტებს გამოიყენებს

მსოფლიოს უმსხვილესი საიუველირო კომპანია Pandora, მოპოვებული ბრილიანტების გამოყენების შეწყვეტაზე დადებული პირობის შესრულებას განაგრძობს და მათ ლაბორატორიაში დამზადებული ბრილიანტებით ანაცვლებს.

REUTERS/Andrew Kelly

კოპენჰაგენში დაფუძნებული კომპანია მიმდინარე თვეს, ჩრდილოეთ ამერიკაში მოუპოვებელი ძვირფასი ქვებით კოლექციას გამოუშვებს და იმედოვნებს, რომ ახალგაზრდა მყიდველებს იაფი და მდგრადი ქვები უფრო მეტად დააინტერესებთ. „ლაბორატორიაში დამზადებული ბრილიანტები, მოპოვებული ბრილიანტებისავით ლამაზია, ამასთან ერთად კი უფრო მეტად ხელმისაწვდომი ადამიანთა დიდი ნაწილისთვის და ნახშირბადის ნაკლებ ემისიას წარმოქმნის“, – განაცხადა Pandora-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდერ ლაციკმა.

მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიული ბრილიანტების წარმოება ენერგოინტენსიურია, Pandora-ს განცხადებით, ბრილიანტები მხოლოდ განახლებადი ენერგიის გამოყენებით დამზადდება. მას შემდგომ, რაც ლაბორატორიაში დამზადებული ძვირფასი ქვები, რეალური ბრილიანტების სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად იქცა, ბევრი კომპანია, მათ შორის De Beers-ი და Swarovski, იძულებული გახდა სამკაულებში სინთეტიკური ძვირფასი ქვების გამოყენებისგან თავის არიდების პოლიტიკა დაესრულებინა.

Brain & Company-ის კვლევის თანახმად, ბუნებრივად მოპოვებულ ბრილიანტებთან შედარებით, ლაბორატორიაში დამზადებულ ქვაზე მოთხოვნა იზრდება, ფასი კი კლებულობს. ორგანიზაციის მონაცემებით, ლაბორატორიაში გამოყვანილი ბრილიანტის საცალო ფასი ბუნებრივი ქვის ფასების 30%-მდე შემცირდა.

საფრანგეთში, ტყის ხანძრების შედეგად, რეკორდული რაოდენობის ნახშირბადი გამოიყო

ახალი სატელიტური მონაცემებით, საფრანგეთში მიმდინარე ტყის ხანძრების შედეგად უკვე რეკორდული რაოდენობის ნახშირბადი გამოიყო.

ევროკავშირის „კოპერნიკის ატმოსფერული მონიტორინგის სამსახურის“ თანახმად, იმ ხანძრების გამო წარმოქმნილმა გამონაბოლქვმა, რომლის შედეგადაც ივნისიდან აგვისტომდე ჟირონდის რეგიონის დიდი ნაწილი გადაიწვა, თითქმის 1 მილიონი ტონა ნახშირბადი შეადგინა. ეს კი ,დაახლოებით, 790,000 მანქანის მიერ წლიურად გამოყოფილი ემისიის ეკვივალენტურია.

ცნობისთვის, გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, საფრანგეთში ხანძრის შედეგად წარმოქმნილი ნახშირბადის წლიური ემისია საშუალოდ 300,00 ტონას შეადგენდა. ერთადერთი წელი, რომელიც საფრანგეთის მიმდინარე ზაფხულის რეკორდს უახლოვდება სატელიტური მონიტორინგის დაწყების თარიღს, 2003 წელს ემთხვევა. მაშინ, ინტენსიური სიცხეებისა და მშრალი პირობების გამო, ივნისიდან აგვისტომდე, ტყის ხანძრების შედეგად წარმოქმნილი ემისია 650,00 კუბურ მეტრს გაუტოლდა.

Courtesy SDIS 33/Handout via REUTERS

მიმდინარე წელს, საფრანგეთში 60,000 ჰექტარზე დიდი ტერიტორია გადაიწვა, რაც ექვსჯერ აღემატება 2006-2021 წლების საშუალო მონაცემებს. თუმცა, საფრანგეთი ერთადერთი არაა, რადგან მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, ტყის ხანძრების შედეგად რეკორდული მოცულობის ემისიები დაფიქსირდა ესპანეთშიც.

საინტერესოა, რომ კვამლი გავლენას მზის ენერგიის წარმოებაზეც ახდენს და ზოგიერთ შემთხვევაში მას თითქმის ნახევრითაც ამცირებს. მიზეზი ხანძრის დროს წარმოქმნილი მცირე ზომის ნაწილაკებია, რომლებიც მზის ენერგიას პანელებამდე მიღწევაში ხელს უშლის. საფრანგეთის ჟირონდის რეგიონში დამონტაჟებული მზის პანელები კი, ელექტროენერგიას თითქმის 13,000 ადამიანისთვის უზრუნველყოფს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *