ემისიების წმინდა ნულოვანი მაჩვენებლის მისაღწევად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებიდან ელექტრომობილების მოხმარებაზე გადასვლაა. ამ მხრივ, გასულ კვირას თავი Honda-მ და Toyota-მ გამოიჩინეს და EV-ბატარეების წარმოებაში მასშტაბური ინვესტიციებიც განახორციელეს. Honda და LG Energy აშშ-ში EV-ელემენტების $4.4-მილიარდიან ქარხანას ააშენებენ, აშშ-სა და იაპონიაში EV-ბატარეების წარმოებისთვის კი Toyota $5.3 მილიარდს გამოყოფს.
“მწვანე” სიახლეებია ცალკეული სახელმწიფოების მხრიდანაც. ამბიციური გადაწყვეტილება ამჯერად ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიიღეს და 2030 წლისთვის ოფშორული ქარის ენერგიის შვიდჯერ ზრდას გეგმავენ. რაც შეეხება თურქეთს, ქვეყანამ ივლისში, მზისა და ქარის წყაროებიდან რეკორდული რაოდენობის ენერგია გამოიმუშავა. ხოლო კატარმა, ემისიების შემცირებისთვის, “ლურჯი” ამიაკის მწარმოებელი ქარხნის აშენება გადაწყვიტა, რომლის ღირებულებაც $1 მილიარდს უტოლდება.
განსაკუთრებით საინტერესო სიახლე კი კრიპტოვალუტის სამყაროს უკავშირდება. მსოფლიოს მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტა ეთერიუმის განახლების გეგმა ემისიების 99%-ით შემცირებას ითვალისწინებს. პროექტი ეთერიუმის ეკოსისტემაში „მაინერების“ როლს შეასრულებს და ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრად შემცირებას შეუწყობს ხელს.
კატარი „ლურჯი“ ამიაკის საწარმოებლად $1-მილიარდიან ქარხანას ააშენებს
კატარი „ლურჯი“ ამიაკის საწარმოებლად ქარხნის აშენებას გეგმავს, რისთვისაც, წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით $1 მილიარდი დაიხარჯება. ცნობისთვის, „ლურჯი“ ამიაკი საწვავია, რომელიც წყალბადად გარდაიქმნება და მას ხშირად ის ქვეყნები იყენებენ, რომელთაც ნახშირორჟანგის ემისიის შემცირება სურთ.
სწორედ წყალბადად გარდაქმნისა და მარტივად გადაზიდვის შესაძლებლობის გამო, ამიაკის მსოფლიო ბაზარს სამომავლოდ გაფართოების პოტენციალი აქვს. თავის მხრივ, წყალბადი სუფთა საწვავია, რომელიც არ გამოყოფს ნახშირორჟანგს. რაც შეეხება ამიაკს, ის ძირითადად ბუნებრივი აირისგან წარმოებული წყალბადისა და ჰაერიდან მიღებული აზოტისგან მზადდება. აღსანიშნავია, რომ „ლურჯი“ ამიაკის წარმოების პროცესში წარმოქმნილი ნახშირორჟანგის დაჭერა და შენახვა ხდება.
ე.წ. ლურჯი ამიაკის ქარხნის ასაშენებლად შეთანხმება QatarEnergy-ის, Industries Qatar QSC-ისა და მის შვილობილ კომპანია Qatar Fertiliser Co-სთან გაფორმდა. პროექტის კონტრაქტორები Thyssenkrupp-ი და Consolidated Contractors Company არიან.
დოჰაში გამართულ ცერემონიაზე, ენერგეტიკის მინისტრისა და QatarEnergy-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ქარხანა წელიწადში 1.2 მილიონი ტონა პროდუქციის წარმოებას შეძლებს. Industries Qatar-ის ინფორმაციით, Ammonia-7-ის პროექტის ზუსტი ღირებულება $1.06 მილიარდია.
„ლურჯი“ ამიაკის ქარხანა ექსპლუატაციაში 2026 წლის პირველ კვარტალში შევა. როგორც ცნობილია, ობიექტი წარმოების პროცესში ყოველწლიურად 1.5 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს დაიჭერს და შეინახავს. კატარის მთავარი მიზანი ნახშირორჟანგის დამჭერი და შემნახველი ტექნოლოგიების განვითარებაა.
ეთერიუმის გეგმით, განახლების შემდგომ, ნახშირბადის ემისიები 99%-ით შემცირდება
ეთერიუმი, მსოფლიოს მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტა, მომდევნო თვეში განახლების შემდგომ, ნახშირბადის ემისიებს 99%-ით შეამცირებს. განახლების შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა ფონდმა, რომელიც პლატფორმას აკონტროლებს.
პროექტი, სახელწოდებით “The merge”, ეთერიუმის ტექნოლოგიას შეცვლის, რომელიც კრიპტოტრანზაქციების დასადასტურებლად ნაკლები ენერგიის საჭიროების მქონე პროცესს მიმართავს. პროექტი, დასრულების შემდგომ, ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრად შემცირებას შეუწყობს ხელს.
არსებული მონაცემებით, ეთერიუმის მაინინგი წელიწადში დაახლოებით 72 ტერავატ/საათ ენერგიას გამოიყენებს, რაც დაახლოებით კოლუმბიისთვის საჭირო ელექტროენერგიის ეკვივალენტურია. პროექტის შედეგად, პროცესი არსებულ PoW მოდელს ჩამოშორდება და PoS კონსენსუსის მექანიზმზე გადავა. ცნობისთვის, PoS მოდელი ტრანზაქციებისა და ბლოკების შესაქმნელად საჭირო გამოთვლით სამუშაოებს ამცირებს.
ეთერიუმის ახალი გეგმის განხორციელების შემდგომ, ელექტროენერგიის მოხმარების უმეტესი ნაწილი, სავარაუდოდ 99% უნდა აღმოიფხვრას. ფონდის განცხადებით, პროექტ “The merge”-ის საბოლოო ეტაპები 6 სექტემბერს უნდა დაიწყოს, ძველი ბლოკჩეინი კი 10-დან 20 სექტემბრის ვადაში გამოირთვება.
აღსანიშნავია, რომ ეთერიუმი არ იქნება პირველი, რომელიც PoS კონსენსუსის მექანიზმს გამოიყენებს და მცირე მასშტაბებით მისი დანერგვა Cardono-მ და Solana-მ უკვე სცადეს. საინტერესოა, რომ ბიტკოინის ქსელი წელიწადში 130 ტვტ/სთ ელექტროენერგიას იყენებს.
ბალტიისპირეთის ქვეყნები 2030 წლისთვის ოფშორული ქარის ენერგიის შვიდჯერ გაზრდაზე შეთანხმდნენ
დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბალტიისპირეთის ქვეყნები 2030 წლისთვის ოფშორული ქარის ენერგიის შვიდჯერ გაზრდაზე შეთანხმდნენ. ბალტიის ზღვის სახელმწიფოები რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ალტერნატივების ძიების პროცესში არიან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ქვეყანათა ნაწილს გაზის მიწოდება შეუმცირა, ან სრულად შეუწყვიტა. „ბალტიისპირეთის ქვეყნებს ოფშორული ქარის დიდი, საერთო პოტენციალი გვაქვს. თუმცა, ჩვენ დაუცველები დავრჩებით მანამ, სანამ წიაღისეულ საწვავზე ვიქნებით დამოკიდებულნი“, – განაცხადა დანიის პრემიერმა.
ცნობისთვის, ამჟამად, ბალტიის ზღვაში დამონტაჟებული ოფშორული ქარის ელექტროსადგურებიდან მიღებული ენერგიის მოცულობა 2.8 გიგავატს უტოლდება. ელექტროსადგურების უმეტესობა დანიისა და გერმანიის სანაპიროებთანაა წარმოდგენილი.
ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა ოფშორული ქარის ენერგიის გაზრდის შესახებ შეთანხმებას სამიტზე მიაღწიეს. სამიტს ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, მინისტრები და მოადგილეები ესწრებოდნენ ბალტიის ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებიდან, მათ შორის: გერმანიიდან, დანიიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, ფინეთიდან და შვედეთიდან.
თურქეთმა მზისა და ქარის წყაროებიდან რეკორდული რაოდენობის ენერგია გამოიმუშავა
თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ინფორმაციით, ივლისში, თურქეთმა ქარისა და მზის წყაროებიდან რეკორდული რაოდენობის ელექტროენერგია გამოიმუშავა. მინისტრის განცხადებით, ქვეყანა განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს.
თურქეთი, ქვეყნის ენერგეტიკული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, იმპორტზე ძლიერაა დამოკიდებული. მთავარი პრობლემა კი უკრაინაში ომის შემდგომ, ენერგიის გლობალურად მზარდი ფასებია. განახლებადი ენერგიის წარმოების გასაძლიერებლად ქვეყანამ ფართომასშტაბიანი პროექტები და მზისა და ქარის ელექტროსადგურებისთვის ტენდერები წამოიწყო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის თურქეთის ელექტროენერგიის დამონტაჟებულმა მოცულობამ 100 გიგავატს მიაღწია, საიდანაც ნახევარზე მეტი განახლებადი ენერგიის, მათ შორის წყალბადის, ქარის, მზისა და გეოთერმული ენერგიის წყაროებიდან მოდიოდა. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის განცხადებით, მზისა და ქარის წყაროებიდან მიღებულმა ელექტროენერგიამ, ივლისში სრულად გამომუშავებული ენერგიის 21.6% შეადგინა.
„ივლისი განახლებადი რესურსების წარმოების კუთხით რეკორდული თვე იყო. მზისა და ქარის წყაროებიდან წარმოებულმა ელექტროენერგიამ, რეკორდული, შესაბამისად 2.07 მილიარდი კილოვატ/საათი და 4.2 მილიარდი კილოვატ/საათი შეადგინა“, – განაცხადა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა.
გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამისა (UNDP) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ერთობლივი ანგარიშის ვარაუდით, თურქეთს ახალი ინვესტიციების წიაღისეული საწვავიდან განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადატანით, უზარმაზარი ეკონომიკური სარგებლის მიღება შეუძლია. მოხსენებაში პროგნოზირებულია, რომ განახლებად ენერგიაში ინვესტირებით, 2030 წლისთვის თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტი წელიწადში $8 მილიარდით გაიზრდება, 300,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება და სათბური აირების ემისიები, 2019 წლის დონესთან შედარებით 8%-ით შემცირდება.
Honda და LG Energy აშშ-ში EV-ელემენტების $4.4-მილიარდიან ქარხანას ააშენებენ
იაპონური Honda Motor-ი კორეულ LG Energy Solution-თან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტრომობილებისთვის ლითიუმ-იონური ელემენტების ქარხანას ააშენებს. პროექტის ღირებულება $4.4 მილიარდს უტოლდება. კომპანიების განცხადებით, ჯერ ქარხნის ზუსტი ლოკაცია დადგენილი არაა, თუმცა საკითხთან დაკავშირებული პირების ინფორმაციით, Honda პრიორიტეტად ოჰაიოს შტატს განიხილავს, სადაც აშშ-ის მასშტაბით კომპანიის მთავარი ქარხანა მდებარეობს.
Honda-სა და LG Energy-ის მიზანი წლიურად წარმოებული ელემენტების მოცულობის 40 გვტ/სთ-მდე გაზრდაა, რაც 700,000-ზე მეტი ელექტრომობილისთვის იქნება საკმარისი. როგორც ცნობილია, ქარხნის მშენებლობა 2023 წლიდან დაიწყება, ხოლო ელემენტების მასობრივი წარმოება 2025 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
აქვე გეტყვით, რომ აშშ-ის მთავრობის ახალი პოლიტიკა ქვეყანაში ელემენტებისა და ელექტრომობილების წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად. შეგახსენებთ, მიმდინარე თვეში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა $430 მილიარდის ღირებულების კლიმატის, ჯანდაცვისა და საგადასახადო კანონპროექტს მოაწერა ხელი. კანონპროექტის თანახმად, ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ აწყობილ ელექტრომობილებზე საგადასახადო შეღავათები არ გავრცელდება.
LG Energy Solution-ი, ძირითადად, ლითიუმ-იონური ელემენტების მასალებისა და ახალი თაობის ბატარეების განვითარებაზეა კონცენტრირებული. გარდა ამისა, კომპანია EV-ელემენტების მიმწოდებელია და ერთობლივი საწარმოსთვის ხელშეკრულებები General Motors-თან, Hyundai Motor-სა და Stellantis-თან უკვე გააფორმა.
აშშ-სა და იაპონიაში EV-ბატარეების წარმოებისთვის Toyota $5.3 მილიარდს გამოყოფს
მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ავტომწარმოებელმა, იაპონურმა Toyota-მ განაცხადა, რომ გლობალურად ელექტრომობილებზე მომატებული მოთხოვნის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატებსა და იაპონიაში EV-ბატარეების წარმოების გაზრდისთვის $5.3 მილიარდს გამოყოფს, – ამის შესახებ Nikkei Asia წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინვესტიციის უდიდეს ნაწილს, ანუ დაახლოებით $2.9 მილიარდს, Toyota იაპონიის შიგნით დახარჯავს, როგორც საკუთარი ქარხნების მოდერნიზებისთვის, ასევე Toyota-სა და Panasonic-ის ერთობლივ მფლობელობაში არსებული ქარხნის მიმართულებით. თანხის დარჩენილ ნაწილს, Toyota იმ ქარხანაში დააბანდებს, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინის შტატში უნდა აშენდეს.
საბოლოო ჯამში, აღნიშნულ ქარხნებში გამოშვებული ელექტრობატარეების ჯამური გამომუშავება 40 გიგავატ-საათს შეადგენს, ხოლო ქარხნების ამუშავებას Toyota 2024-2026 წლებში გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ეს Toyota-ს მიერ ელექტრობატარეების მიმართულებით განხორციელებული პირველი ინვესტიცია არ გახლავთ – თავის დროზე, იაპონურმა კომპანიამ განაცხადა, რომ 2030 წლისთვის კვლევასა და განვითარებაში 2 ტრილიონ იენს, ანუ დაახლოებით $14 მილიარდს დახარჯავს. აქვე უნდა ითქვას, რომ ზემოხსენებული $5.3-მილიარდიანი ინვესტიცია Toyota-ს ამ დანაპირების ნაწილია.
სამხრეთ კორეამ ეგვიპტის პირველი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის უფლება მოიპოვა
სამხრეთ კორეის მთავრობის განცხადებით, Korea Electric Power Corp-ის შვილობილმა კომპანიამ ეგვიპტის პირველი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. როგორც ცნობილია, კონტრაქტი $2.5 მილიარდს შეადგენს.
ცნობისთვის, Korea Hydro & Nuclear Power-ი, Korea Electric Power Corp-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის 51%-ს კორეის მთავრობა და მასთან დაკავშირებული ბანკები ფლობენ.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის პირველი ბირთვული ელექტროსადგურისთვის რეაქტორებს რუსული სახელმწიფო კომპანია Rosatom-ის შვილობილი ფირმა ააშენებს. სამხრეთკორეული კომპანია კი, პროექტის ფარგლებში, სხვა ობიექტების მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის პირველი ერთეულის კომერციული ექსპლუატაცია 2028 წელს იგეგმება.
ბოლო კონტრაქტი, რომლის ფარგლებშიც სამხრეთ კორეას ქვეყნის გარეთ ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობა დაევალა, 13 წლის წინ გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, მას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში Barakah-ის ბირთვული ელექტროსადგურის ოთხი ერთეულის მშენებლობის უფლება მიეცა. პირველმა მათგანმა კომერციული ფუნქციონირება 2021 წელს დაიწყო.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სოკ-იოლის ადმინისტრაციამ, ბირთვული ელექტროსადგურების პროექტებში მონაწილეობა მთავარ ეკონომიკურ პოლიტიკად აქცია. ადმინისტრაციას სამშენებლო პროექტებზე უფლების მოპოვება ჩეხეთის რესპუბლიკაში, პოლონეთსა და საუდის არაბეთშიც სურს.
დატოვე კომენტარი