გასული კვირის „მწვანე“ სიახლეების მიმოხილვაში ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის შესახებ მოგიყვებით, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო ლიდერები უმნიშვნელოვანეს გლობალურ საკითხებს განიხილავენ, მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული კი, რა თქმა უნდა, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. გახსნითი სიტყვისას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა კლიმატურ კრიზისს ჩვენი დროის ძირითადი განმსაზღვრელი საკითხი უწოდა, რაც სამიტის ფარგლებში, ამ თემის დღის წესრიგში არსებობის აუცილებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ნიუ-იორკის ასამბლეა კი ეგვიპტეში გასამართ COP27 კლიმატურ მოლაპარაკებებამდე ერთგვარ მოსამზადებელ ეტაპადაც შეგვიძლია დავასახელოთ.
შესაბამისად, გასული კვირის მიმოხილვაში წარმოგიდგენთ კლიმატურ კრიზისთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლებიც შესაძლოა, გაეროს ასამბლეის დღის წესრიგში მოხვდეს. იმავე ასამბლეაზე, ისევე როგორც მომავალ COP27 კლიმატურ სამიტზე, „ზარალისა და ზიანის“ კომპენსაციაც უმთავრესი განსახილველი საკითხი იქნება. როგორც მოგეხსენებათ, ღარიბი ქვეყნები უკვე წლებია, მსოფლიოს მდიდარი ნაწილისგან მათ მიერ გამოყოფილი ემისიებით გამოწვეული კლიმატური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.
მაშინ როდესაც დაფინანსების დაპირებას თითქმის არავინ ასრულებს, დანიამ გასულ კვირას „ზარალისა და ზიანის“ კომპენსაციის ფარგლებში თანხის გამოყოფა დააანონსა. შესაბამისად, ქვეყანა გაეროს პირველი წევრი სახელმწიფო გახდა, რომელმაც აღნიშნული დაპირების სისრულეში მოყვანა განიზრახა.
გაეროს გენერალური ასამბლეა: მწვავე კლიმატური საკითხები, რომელთაც ნიუ-იორკში შეკრებილი მსოფლიო ლიდერები განიხილავენ
მსოფლიოს 150 ლიდერზე მეტი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეიკრიბა. როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უწოდებს „წლის უდიდესი დიპლომატიური კვირა“ საერთაშორისო საკითხების განსახილველად უნივერსალურ ფორუმს წარმოადგენს. გასაკვირი არაა, რომ წელს დღის წესრიგში უკრაინაში მიმდინარე ომი, სურსათისა და ენერგიის გლობალურად მზარდი ფასები და, ბოლოს, რა თქმა უნდა, კლიმატური ცვლილებები იყო.
ასამბლეის გახსნაზე გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადებით, კლიმატური კრიზისი ჩვენი დროის ძირითადი განმსაზღვრელი საკითხია. თუმცა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ საჭირო ქმედებები მაინც ყოველთვის უკანა პლანზეა, საზოგადოების დიდი მხარდაჭერის მიუხედავადაც. გუტერეშის მოწოდებით, მაშინ როდესაც G20-ის ქვეყნები გლობალურად გამოყოფილი სათბური აირების 80%-ის მთავარ შემქმნელებად გვევლინებიან, ამის პარალელურად კი წიაღისეული საწვავის კომპანიები კვლავ მზარდი მოგებით ტკბებიან, გადაუდებელი ჩარევის საჭიროება ჩნდება.
კლიმატურ კრიზისთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც შესაძლოა, გაეროს ასამბლეის დღის წესრიგში მოხვდეს:
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, წელს წიაღისეული საწვავის კომპანიების მოგებამ რეკორდულ ნიშნულებსაც კი მიაღწია. გუტერეშმა ყველა განვითარებულ ეკონომიკას წიაღისეული საწვავის კომპანიის გაუთვალისწინებელი შემოსავლის დაბეგვრისკენ მოუწოდა. თანხები კი, გაეროს გენერალური მდივნის აზრით, ორად უნდა გადანაწილდეს: ქვეყნებისთვის, რომლებიც კლიმატური კრიზისის გამო უდიდეს ზიანსა და ზარალს განიცდიან და მოსახლეობისთვის, რომელზეც ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისი განსაკუთრებით დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნების ნაწილმა, მათ შორის ევროკავშირში, თანხების გადამისამართებისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებები უკვე მიიღო. თუმცა, მოსაზრებები ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანიების გაუთვალისწინებელი მოგების თაობაზე კვლავ განსხვავებულია. მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდა გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერი ლიზ ტრასიც, რომელიც უპირატესობას სახელმწიფო სესხების გამოყენებას ანიჭებს.
ასამბლეის გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა განახლებად ენერგიას „მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის გარდამტეხი ფაქტორი“ უწოდა. განახლებადი ენერგია ხელს უწყობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, უფრო იაფია, ვიდრე წიაღისეული საწვავი და არის გზა ენერგოუსაფრთხოებისკენ, სტაბილური ფასებისა და ახალი ინდუსტრიებისკენ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამართლიანი ენერგეტიკული გარდაქმნისთვის განვითარებადი ქვეყნები დახმარებას საჭიროებენ.
წიაღისეული საწვავის მზარდი ფასების პირობებში, სახელმწიფოების დიდი ნაწილი განახლებად ენერგიას მომავალში იაფი და უსაფრთხო ენერგიის წყაროების უზრუნველსაყოფად სასიცოცხლო ინვესტიციად მიიჩნევს. გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 77-ე პრეზიდენტის განცხადებით, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტულობა ახლა უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე. „გლობალური მიზნის მიღწევისთვის ერთიანი მუშაობაა აუცილებელი: ძირეული გარდაქმნები, როგორიცაა განახლებად ენერგიაზე, მწვანე და ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლა და მათ შორის სასურსათო სისტემის ცვლილებაც“.
The Alliance of Small Island States-ის განცხადებით, კლიმატური კრიზისისგან დაუცველი ქვეყნების მცხოვრებლები ზღვარს უახლოვდებიან და დასაკარგი დრო აღარ არსებობს. უმოქმედობის შემთხვევაში მცირე კუნძულოვან ქვეყნებს კლიმატის უფრო მძიმე და ხშირი ზემოქმედება ემუქრებათ, აღდგენა კი განვითარების ფასად დაუჯდებათ. შესაბამისად, ალიანსის წარმომადგენლები გაეროს ასამბლეაზე „ზიანისა და ზარალის“ დაფინანსების მოწოდებით გამოსვლას გეგმავენ.
კუნძულოვანი სახელმწიფოებისთვის, ტროპიკული ციკლონების მიზეზით მთლიანი შიდა პროდუქტის დანაკარგი წლიურად საშუალოდ 3.7%-ს უტოლდება. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის ქარიშხლების სეზონი კარიბის ზღვის აუზს დაახლოებით 300 მილიარდი ევრო დაუჯდა. „ასამბლეის ფარგლებში, მთავრობები კლიმატისგან დაუცველ სახელმწიფოებს ძლიერ დახმარებას უნდა დაჰპირდნენ, „ზარალისა და ზიანის“ დაფინანსების მხარდაჭერით“, – განაცხადა The Alliance of Small Island States-ის თავმჯდომარემ.
გასულ წელს, COP26-ის სამიტზე გაეროს წევრმა ქვეყნებმა ემისიების შემცირების გეგმების გაძლიერებისა და საუკუნის ბოლომდე გლობალური დათბობის 1.5C-მდე შენარჩუნების ვალდებულება აიღეს. თუმცა ვალდებულებას მხოლოდ რამდენიმე მათგანი ასრულებს, ენერგეტიკულმა კრიზისმა და ზამთრის შიშმა კი მთავრობების ნაწილი წიაღისეული საწვავისკენაც დააბრუნა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გაეროს ასამბლეას რუსეთიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდან უშუალოდ ქვეყნების ლიდერები არ დაესწრებიან და მათ ნაცვლად საგარეო საქმეთა მინისტრებს გაგზავნიან. იქიდან გამომდინარე, რომ კლიმატის წლევანდელ ანგარიშში ცვლილებების შეტანის ვადა 23 სექტემბერს ამოიწურა, სავარაუდოდ, ემისიების შემცირების საკითხზე ასამბლეის ლიდერებს შორის მწვავე დისკუსია გაიმართება. ეს კი ერთგვარი შესამზადებელი ეტაპი იქნება ეგვიპტეში გასამართ COP27 კლიმატურ სამიტამდე.
ვანუატუ, კუნძულოვანი ქვეყანა, „მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს“ (ICJ) მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. სახელმწიფოს სასამართლოსგან საკონსულტაციო დასკვნის მიღწევა სურს ქვეყნის სამართლებრივი ვალდებულების შესახებ, დაიცვას ხალხი კლიმატური კრიზისისგან. იდეა სტუდენტთა ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც აღნიშნულ კამპანიას გაეროს ასამბლეამდეც აწარმოებდა, ახლა კი ვანუატუ და მისი მოკავშირეები, დიდი ალბათობით, ნიუ-იორკში სწორედ ამ საკითხის კენჭისყრის მოთხოვნით წარდგებიან.
მართალია, ICJ-ის საკონსულტაციო დასკვნა სავალდებულო არაა, მაგრამ მას აქვს გარკვეული იურიდიული წონა და მორალური ავტორიტეტი. ამ ტიპის განცხადებები ხშირად გამოიყენება რთულ საერთაშორისო საკითხებზე კანონების განმარტებისთვის. ამ შემთხვევაში, ვანუატუს მოთხოვნის დაკმაყოფილება კლიმატის ცვლილებების პრევენციაში მთავრობების პასუხისმგებლობის შესახებ საერთაშორისო კანონების განსაზღვრას შეუწყობს ხელს და შესაძლოა, ადამიანის უფლებათა საკითხადაც ჩამოყალიბდეს.
დანია გაეროს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც „ზარალისა და ზიანის“ კომპენსაციის გადახდის პირობა დადო
დანია განვითარებად ქვეყნებს მიყენებული კლიმატური ზარალის კომპენსაციას დაჰპირდა და 100 მილიონი დანიური კრონის ($13.4 მილიონი) გამოყოფის პირობა დადო. შესაბამისად, დანია გაეროს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე დაუცველ რეგიონების მოსახლეობას „ზარალისა და ზიანის“ კომპენსაციის გადახდა შესთავაზა.
დანიის მიერ თანხის გამოყოფის შესახებ განცხადება ქვეყნის განვითარების მინისტრმა ფლემინგ მოლერ მორტენსენმა გააკეთა და დასძინა, რომ ბანგლადეშში ვიზიტისას თავადვე დარწმუნდა რამდენად დიდი ყურადღების დათმობა სჭირდება კლიმატური ცვლილებების შედეგებს. „უსამართლობაა, რომ მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ნაწილი ყველაზე მძიმედ განიცდის კლიმატის ცვლილების იმ შედეგებს, რაშიც მათ ყველაზე ნაკლებად მიუძღვით წვლილი“, – განაცხადა მორტენსენმა.
როგორ გადანაწილდება დანიის „ზარალისა და ზიანის“ კომპენსაცია?
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 35 მილიონი დანიური კრონი (€4.7 მილიონი) ფრანკფურტში, გერმანიაში დაფუძნებულ ორგანიზაციას გადაეცემა, რომელიც უშუალოდ ღარიბ ქვეყნებს ეხმარება. გარდა ამისა, დამატებით 32.5 მილიონი დანიური კრონი (€4.4 მილიონი) სამინისტროს „სამოქალაქო საზოგადოებასთან სტრატეგიულ პარტნიორობას“ გადაეცემა, რომელიც კლიმატთან დაკავშირებული ზარალისა და ზიანის საკითხებზე მუშაობს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საჯელის რეგიონს, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკის საჰარას უდაბნოს მოიცავს.
გარდა ამისა, €3.4 მილიონი გამოიყოფა ე.წ. „სტრატეგიული ძალისხმევისთვის“ COP27-ის კლიმატური ცვლილებების სამიტამდე მოლაპარაკებების მხარდასაჭერად, ხოლო დარჩენილი €941,314 განვითარებად ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გადაეცემათ, კლიმატური ცვლილების ზემოქმედებისადმი მდგრადობის გასაუმჯობესებლად.
„ზარალისა და ზიანის“ კომპენსაცია კლიმატის სამართლიანობის ფუნდამენტური საკითხია. ჯერჯერობით ზარალის ასანაზღაურებლად თანხის გამოყოფის პირობა მხოლოდ შოტლანდიამ და ბელგიამ დადეს, თუმცა არცერთი მათგანი არაა გაეროს წევრი ქვეყანა, რაც დანიას ორგანიზაციის პირველ სახელმწიფოდ აქცევს, რომელმაც აღნიშნული დაპირების სისრულეში მოყვანა განიზრახა.
სოფლის მეურნეობისა და სურსათის ინვესტორებს კლიმატის ცვლილებების გამო $150 მილიარდის ზარალი ემუქრებათ
სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო ფირმებმა კლიმატური ცვლილებების გავლენით, შესაძლოა, 2030 წლისთვის თავიანთი ღირებულების მეოთხედი დაკარგონ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი ახალი ანგარიში, კომპანიებს ზარალის ასარიდებლად, მთავრობის ახალ პოლიტიკასა და მომხმარებელთა ქცევასთან ადაპტაციას ურჩევს.
ახალმა კვლევამ ორმოც მსხვილ კომპანიაზე დაკვირვებით ის შესაძლო საფრთხეები გააანალიზა, რომელთა წინაშეც შესაძლოა სოფლის მეურნეობის მწარმოებლები და სურსათის საცალო მოვაჭრე ფირმები იმ შემთხვევაში დადგნენ, თუ მთავრობები ნახშირბადის გამოყოფაზე გადასახადებს დააწესებენ, ანდაც ადამიანები ხორცის მოხმარებას შეამცირებენ.
აღმოჩნდა, რომ ახალი პრაქტიკების არათვისების შემთხვევაში, კომპანიების ღირებულება 2030 წლისთვის საშუალოდ 7%-ით შემცირდება, რაც ინვესტორთა ზარალში დაახლოებით $150 მილიარდის ეკვივალენტურია. თუმცა, მოხსენების თანახმად, ბიზნესის ისეთი სფეროები, როგორიცაა მცენარეული ხორცი და ტყის აღდგენა, იმავე კომპანიებს ახალ შესაძლებლობებსაც სთავაზობს. კამპანიის განცხადებით, ანგარიში კონკრეტულ კომპანიებს არ ასახელებს და შესაბამისად, საინვესტიციო რჩევადაც არ არის მიღებული.
აღნიშნული კვლევა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში გაეროს მიერ მხარდაჭერილმა კამპანია Race to Zero-მ ჩაატარა. მკვლევრებმა სამუშაო პროცესისას Vivid Economics-ის მონაცემები გამოიყენეს. ანგარიში ნიუ-იორკის კლიმატის კვირეულზე იქნება წარდგენილი, სადაც მსოფლიო ლიდერები შეიკრიბებიან.
Occidental-ი 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევას გეგმავს
Occidental Petroleum-ი ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანიიდან ნახშირბადის მართვის კომპანიად გარდაქმნის გზაზეა და ემისიების წმინდა ნულოვანი ნიშნულის მიღწევის მიზნებსაც აყალიბებს. Occidental Petroleum-ის აღმასრულებელი დირექტორის ვიკი ჰოლუბის ინფორმაციით, კომპანია ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევას 2050 წლისთვის გეგმავს.
IETA-ს ჩრდილოეთ ამერიკის კლიმატის სამიტზე გაკეთებული განცხადებით, კომპანიის ტრანსფორმაციაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ნახშირბადის დაჭერის, გამოყენებისა და შენახვის ტექნოლოგიები ასრულებს, რაზეც Occidental Petroleum-ში აქტიურად მუშაობენ. ჰოლუბმა გამოსვლისას „ინფლაციის შემცირების აქტის“ როლზეც ისაუბრა და დასძინა, რომ აქტი Occidental-ის ჰაერიდან პირდაპირ დაჭერის ტექნოლოგიების განვითარებას შეუწყობს ხელს.
$430 მილიარდის მოცულობის „ინფლაციის შემცირების აქტს“ პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი გასულ თვეს მოაწერა. აქტი აშშ-ის ისტორიაში კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული კანონპროექტია. „ინფლაციის შემცირების აქტი“ მოიცავს 369 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიის, ხოლო 64 მილიარდ აშშ დოლარის დაფინანსებას „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის“ (ე.წ. „ობამაქეარ“) მიმართულებით.
ჰოლუბის განცხადებით, კლიმატის ცვლილებების მოგვარება ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის წინაშეც დღეს გლობალური სამყარო დგას. ცვლილებებისადმი ბრძოლის ეფექტურობისთვის კი უკეთესი გზების პოვნა და ძალისხმევის სწორად მართვაა აუცილებელი.
ბლუმბერგი აშშ-ში პლასტმასისა და ნავთობქიმიური ქარხნების მშენებლობების შესაჩერებლად $85 მილიონს გამოყოფს
ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა, მაიკლ ბლუმბერგმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში პლასტმასისა და ნავთობქიმიური ქარხნების უკვე დაგეგმილი მშენებლობების შესაჩერებლად, $85-მილიონიანი კამპანია წამოიწყო. ცნობისთვის, ბლუმბერგი უკვე ათწლეულებია ქვანახშირის ქარხნების დახურვის მოწოდებით გამოდის.
მაიკლ ბლუმბერგი, მილიარდერი ბიზნესმენი, ამჟამად კლიმატური ამბიციების საკითხების მიმართულებით, გაეროს სპეციალურ წარმომადგენლად მუშაობს. ბიზნესმენის განცხადებით, მისი საქველმოქმედო ორგანიზაციის Beyond Petrochemicals-ის კამპანია ადგილობრივი მხარდაჭერით, მძიმე გამოსხივების მქონე ქარხნების მშენებლობაზე ნებართვის გაცემისა და მშენებლობის პროცესის შეჩერებას ისახავს მიზნად.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, პლასტმასისა და ნავთობქიმიური ინდუსტრია გადააჭარბებს ნახშირის წვით წარმოქმნილ ნახშირბადის ემისიას და 2050 წლისთვის, ნავთობზე მოთხოვნის ზრდის ნახევარს შეადგენს. „კამპანია ითვალისწინებს იმ კანონების მხარდაჭერას, რომლებიც მოსახლეობას კლიმატური ზიანისგან იცავს და შეამცირებს სათბური აირების ემისიებს“, – ნათქვამია ბლუმბერგის განცხადებაში.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ნავთობქიმიური და პლასტმასის მინიმუმ 90 პროექტის გეგმა იქნა წარდგენილი, რომლებიც სათბური აირებისა და ჰაერის სხვა დამაბინძურებლების წარმოქმნის მიზეზი გახდება. Bloomberg Philanthropies-ის მონაცემებით, მრეწველობა, გაფართოების შემდგომ, აშშ-ის სათბური აირების ემისიების 15%-ს დაიკავებს და ქვეყანას ხელს შეუშლის პარიზის შეთანხმებით დადგენილი მიზნის შესრულებაში, რაც 2030 წლისთვის ემისიების განახევრებას გულისხმობს.
დატოვე კომენტარი