უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, ევროპის ქვეყნები უფრო აქტიურად ცდილობენ, თავი დააღწიონ წიაღისეული საწვავს, რომლის რუსულ იმპორტზეც წლების განმავლობაში დიდად იყვნენ დამოკიდებულნი. ალტერნატიული წყაროების მოძიების პროცესში კი ქვეყნები მეტ ყურადღებას უთმობენ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის როგორც გამოყენებას, ასევე წარმოების ზრდას. როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, ევროკავშირში მიმდინარე წელს მზისა და ქარის წყაროებიდან გამომუშავებულმა ენერგიამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რაც ბლოკს ბუნებრივი აირის იმპორტში დამატებითი €11 მილიარდის დაზოგვაში დაეხმარა. ამასთან ერთად კი, როგორც წინასწარი შედეგებით გაირკვა, 2022 წელს განახლებადი ენერგიის წყალობით, გლობალური ემისიები 1%-ზე ნაკლებით გაიზარდა, რაც მსოფლიოსთვის, კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში, მნიშვნელოვანი მიღწევაა.
მწვანე ეკონომიკის განვითარების მხრივ ძალისხმევას არც ცალკეული ქვეყნები იშურებენ და ამჯერად უკვე ავსტრალიამ და სინგაპურმა გადაწყვიტეს კლიმატურ ცვლილებასთან საბრძოლველად შეთანხმების გაფორმება. აქვე კი უნდა აღინიშნოს ჩინეთიც, სადაც სი ძინპინმა, კომუნისტური პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, მისი სამომავლო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის გარემოსდაცვითი და მწვანე ეკონომიკის საკითხები დაასახელა.
ამ ყველაფერთან ერთად, Forbes Green-ი კატარის მსოფლიო ჩემპიონატის განახლებადი ენერგიით უზრუნველყოფასა და მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლების მიერ ელექტრომობილების განვითარებისთვის გაორმაგებულ დაფინანსებაზე გიამბობთ.
ევროკავშირში მიმდინარე წელს მზისა და ქარის წყაროებიდან გამომუშავებულმა ენერგიამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
ანალიტიკური ცენტრების, E3G-ისა და Ember-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მზისა და ქარის წყაროებიდან ენერგიის რეკორდული წარმოებით, ევროკავშირმა უკრაინის ომის დაწყების შემდგომ, ბუნებრივი აირის იმპორტში €11 მილიარდის დაზოგვა შეძლო. განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდა დიდწილად ევროპის მხრიდან რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას უკავშირდება.
უახლესი მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტიდან, მზისა და ქარის წყაროებიდან გამომუშავებულმა ენერგიამ ევროკავშირის სრული ელექტროენერგიის რეკორდული 24% შეადგინა. მარტის შემდგომ ევროკავშირის 19-მა წევრმა ქვეყანამ ქარისა და მზის წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოებაში რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია. მათ შორის, წლიური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (+48.5% 2021 წელთან შედარებით) პოლონეთში, ხოლო აბსოლუტური გამომუშავების ყველაზე დიდი ზრდა (7.4 ტერავატ/საათი) ესპანეთში დაფიქსირდა.
ევროპა განსაკუთრებით მწვავე ენერგეტიკულ კრიზისს განიცდის ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ზრდისა და 2021 წელს მიწოდების მკვეთრი შემცირების გამო. მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შედეგად შეჩერებული ეკონომიკური აქტივობის სწრაფი აღდგენა იყო, რომელსაც მიმდინარე წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრა მოჰყვა, რაც რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულებაზეც აისახა. უკრაინის ომამდე, ევროკავშირის მიერ იმპორტირებული გაზის დაახლოებით 45% სწორედ რუსეთიდან მოდიოდა.
ევროკავშირი კლიმატის ცვლილებების შედეგების თავიდან ასაცილებლად, ენერგიის სუფთა წყაროებზე გადასვლას თებერვლამდეც გეგმავდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ორგანიზაციის გეგმები უფრო დააჩქარა. ევროკომისიამ ბლოკს 2030 წლამდე რუსული წიაღისეული საწვავის გამოყენების შეწყვეტის გეგმა შესთავაზა, ამავე თარიღისთვის კი განახლებადი ენერგიის წილმა ევროკავშირის მთლიან ენერგეტიკულ ნაზავში 45%-ს უნდა მიაღწიოს.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდისა, 2021 წლის მარტი-სექტემბრის პერიოდში, ბლოკის ელექტროენერგიის დაახლოებით მეხუთედს კვლავ ბუნებრივი აირი შეადგენდა. ენერგეტიკულმა კრიზისმა ქვეყნების ნაწილი აიძულა, მათი ბირთვული გეგმებისთვისაც გადაეხადა. მაგალითისთვის გერმანიამ, რომელიც წლის ბოლომდე ყველა დარჩენილი ბირთვული ელექტროსადგურის დახურვას აპირებდა, პირიქით, ობიექტების ფუნქციონირების ვადა მომავალი წლის აპრილის შუა რიცხვებამდე გაახანგრძლივა.
ავსტრალიასა და სინგაპურს შორის „მწვანე ეკონომიკის“ შეთანხმება გაფორმდა
ავსტრალიასა და სინგაპურს შორის „მწვანე ეკონომიკის“ შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში ქვეყნები გააძლიერებენ თანამშრომლობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტებში ინვესტიციებისა და დაფინანსების ზრდა და ტექნოლოგიური განვითარება.
როგორც კანბერაში გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა ლი ჰსიენ-ლუნგმა განაცხადა, შეთანხმების საწყის ეტაპზე ძირითად ინიციატივებს შორის იქნება გარემოსდაცვითი საქონლისა და სერვისების ჩამონათვალის შემუშავება, რომლებსაც შეღავათიანი სავაჭრო პირობები შეეხებათ.
„შეთანხმება ქვეყნებს წმინდა ნულოვანი ემისიის მიზნის მიღწევაში დაეხმარებათ, გარდა ამისა, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის შესაძლებლობებს მწვანე სექტორებში, რაც ტექნოლოგიების განვითარებასა და კომერციალიზაციაზეც დადებითად აისახება“, – დასძინა სინგაპურის პრემიერმა.
ავსტრალიის პრემიერმა, იმის მაგალითად, თუ რის მიღწევას ისახავს მიზნად შეთანხმება, $18.8-მილიარდიანი Sun Cable-პროექტი მოიყვანა, რომლის საშუალებითაც ჩრდილოეთ ავსტრალიიდან სინგაპურში, ინდონეზიის გავლით, მზის ენერგიის ექსპორტი უნდა განხორციელდეს. „Sun Cable-ი არის პროექტი, რომელიც სინგაპურს სუფთა ენერგიით უზრუნველყოფს და ორივე მხარისთვის მოგებიანი იქნება“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერმა ენტონი ალბანეზემ.
გამართული შეხვედრისას, ლიმ ავსტრალიის პრემიერს სტიქიასთან საბრძოლველად დახმარებაც აღუთქვა. პრემიერის განცხადებით, სინგაპურის სამხედროები მზად არიან, დაეხმარონ ავსტრალიას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სტიქიასთან გასამკლავებლად.
ცნობისთვის, სინოპტიკოსები სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში მცხოვრებ ათასობით მოქალაქეს კვირის ბოლოს წყალდიდობების შესაძლო განმეორების შესახებ აფრთხილებენ. მეტეოროლოგიური ბიუროს განცხადებით, ავსტრალიის ყველაზე გრძელი მდინარე მურეი, რომელიც ორ ყველაზე დასახლებულ შტატს – სამხრეთ უელსსა და ვიქტორიას – საზღვრავს, შესაძლოა, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონემდე აიწიოს.
IEA: განახლებადი ენერგიის წყალობით, გლობალური ემისიები წელს 1%-ზე ნაკლებით გაიზრდება
წიაღისეული საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგის გლობალური გამონაბოლქვი მიმდინარე წელს სავარაუდოდ 1%-ზე ნაკლებით გაიზრდება. მიზეზი, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) განცხადებით, განახლებადი ენერგიისა და ელექტრომობილების წარმოების გაფართოებაა, რამაც ნახშირზე მოთხოვნა გადაწონა.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენების თანახმად, CO2-ის ემისია მიმდინარე წელს თითქმის 300 მილიონი ტონით და 33.8 მილიარდ ტონამდე გაიზრდება, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2021 წელს დაფიქსირებული ზრდის მაჩვენებელი. ცნობისთვის, 2021 წელს ნახშირორჟანგის ემისია დაახლოებით 2 მილიარდი ტონით გაიზარდა. წლევანდელი ზრდა უმეტესწილად ელექტროენერგიის გამომუშავებასა და პანდემიის შემდგომ საავიაციო სექტორის აღდგენას უკავშირდება.
უკრაინის ომის ფონზე, რამაც ქვეყნებში ქვანახშირზე მოთხოვნის მატება გამოიწვია, ემისიების ზრდა შესაძლოა, ბევრად უფრო მაღალიც ყოფილიყო და 1 მილიარდი ტონისთვისაც კი მიეღწია. თუმცა ემისიების ზრდის შეკავებაში მნიშვნელოვანი როლი განახლებადი ენერგიის წყაროების და ელექტრომობილების გამოყენებამ ითამაშა.
„გლობალური ენერგეტიკული კრიზისი, გამოწვეული რუსეთის უკრაინაში შეჭრით, ბევრ ქვეყანას უბიძგებს, ბუნებრივი აირის მიწოდების ალტერნატივებად ენერგიის სხვა წყაროები გამოიყენონ“, – განაცხადა IEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა და დასძინა, რომ ამ შემთხვევაში გამამხნევებელი ამბავი ისაა, რომ ალტერნატივად ქვეყნების მიერ უფრო აქტიურად სწორედ ქარისა და მზის წყაროებიდან მიღებული ენერგია გამოიყენება.
IEA-ის ანგარიშით, გლობალური განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების ზრდაში წამყვან როლს მზის ფოტოვოლტური და ქარის ენერგია თამაშობს. აღნიშნული წყაროებიდან ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდამ 700 ტერავატ/საათზე მეტი შეადგინა, რაც მიმდინარე წელს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი წლიური მატებაა. ამ ზრდის გარეშე, CO2-ის გლობალური ემისია წელს 600 მილიონ ტონაზე მეტი იქნებოდა.
ევროკავშირის CO2-ის ემისია, ქვანახშირზე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, მიმდინარე წელს შემცირდება. ევროპაში ქვანახშირის მოხმარების ზრდა კი, დიდი ალბათობით, მხოლოდ დროებითია. არსებული პროგნოზით, განახლებადი ენერგიის ახალი პროექტების წყალობით მომავალ წელს დამატებით 50 გიგავატი მოცულობის ენერგიის დამატება იქნება შესაძლებელი.
კატარმა მზის პირველი ელექტროსადგური წარადგინა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების განათებას უზრუნველყოფს
ბუნებრივი აირით მდიდარმა კატარმა, ქვეყნისთვის მზის პირველი ელექტროსადგური წარადგინა. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორების ინფორმაციით, უდაბნოში არსებული მზის ელექტროსადგური ჩემპიონატის მატჩებისთვის განკუთვნილ სტადიონებს სუფთა ენერგიით უზრუნველყოფს.
დედაქალაქ დოჰას დასავლეთით მდებარე მზის ელექტროსადგური, კატარის ენერგეტიკის მინისტრისა და QatarEnergy-ის პრეზიდენტის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესია. ელექტროსადგური საფრანგეთის TotalEnergies-ისა და იაპონიის Marubeni-ის პარტნიორობით 2016 წელს აშენდა, რაც კატარის ინიციატივის ერთ-ერთი პუნქტის შესრულებას – მზის ენერგიის წარმოებაში ინვესტირების გაზრდას განაპირობებს. ცნობისთვის, ქვეყანა მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.
$467 მილიონის ღირებულების მზის ელექტროსადგური მზის დაახლოებით 1.8 მილიონი პანელისგან შედგება და 10 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობს ფარავს. ელექტროსადგური ივნისიდან ფუნქციონირებს, მისი სიმძლავრის 800 მეგავატს შეადგენს, რომელიც მომდევნო წლებში სავარაუდოდ კიდევ უფრო გაფართოვდება. გეგმით, ელექტროსადგურმა ქვეყნის ენერგომომარაგების 10%-ის უზრუნველყოფა უნდა შეძლოს.
აღსანიშნავია, რომ კატარი სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოებს მზის ენერგიის ათვისებაში მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, თუმცა ამისდა მიუხედავად 2035 წლისთვის მისი მიზანი 5 გიგავატი სიმძლავრის მიღწევაა. ქვეყანამ აგვისტოში მზის ენერგიის ორი პროექტის განხორციელება დააანონსა, რის შედეგადაც ორ წელიწადში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია გაორმაგდება.
სი ძინპინმა მისი პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის გარემოსდაცვითი და მწვანე ეკონომიკის საკითხები დაასახელა
როგორც იცით, გასულ კვირას პეკინში ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის ყრილობა დაიწყო, სადაც აწ უკვე მესამე ვადით პრეზიდენტად დასანიშნად კვლავ სი ძინპინი ემზადება. საინტერესოა, რომ ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა, ყრილობაზე სიტყვით გამოსვლაში, მის პრიორიტეტებს შორის გარემოსდაცვითი და მწვანე ეკონომიკის საკითხები დაასახელა.
ჩინეთის ლიდერმა ბუნების დაცვას თანამედროვე სოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უწოდა. კონგრესის გახსნისას გაკეთებულ განცხადებაში, სი ძინპინმა მისი ათწლიანი მმართველობის პერიოდიც განიხილა და დასძინა, რომ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ჩინეთმა გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში პროგრესი განიცადა. პრეზიდენტმა ჰაერისა და წყლის დაბინძურების აღმოფხვრისა და ნიადაგის დაბინძურების გაკონტროლების პირობა დადო.
„ეკოლოგიურმა და გარემოს დაცვის პოლიტიკამ ისტორიული, ტრანსფორმაციული და ყოვლისმომცველი ცვლილება განიცადა – ჩვენი სამშობლოს ცა უფრო ლურჯია, მთები უფრო მწვანე, წყალი კი უფრო სუფთა“, – განუცხადა სი ძინპინმა ყრილობის 2,300-ზე მეტ დელეგატს.
ათწლეულების მკვეთრი ეკონომიკური ზრდით გამოწვეული ეკოლოგიური ზიანი ქვეყნის პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს. როგორც 2018 წლის გამოსვლაში თავად სი ძინპინმა განაცხადა, დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში ნებისმიერი ტიპის წარუმატებლობა შესაძლოა გამოყენებულ იქნას მტრული ძალების მხრიდან როგორც საბაბი, ძირი გამოუთხარონ კომუნისტური პარტიის მმართველობას.
გასულ წელს სი ძინპინმა პირობა დადო, რომ ქვეყანა ნახშირბადნეიტრალიტეტს 2060 წლისთვის, ემისიების პიკს კი 2030 წლისთვის მიაღწევს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთი მსოფლიოში კლიმატური დათბობის გამომწვევი სათბური აირების ყველაზე დიდი წყაროა. წელს კი, ყრილობაზე დელეგატებთან გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა დასძინა, რომ ჩინეთში როგორც პიკის, ასევე ნახშირბადნეიტრალიტეტის მიზნის მიღწევა სტაბილურად და ქვეყნის ენერგორესურსების შესაბამისად განხორციელდება.
ავტომწარმოებლები ელექტრომობილებისა და ბატარეების წარმოებისთვის დაფინანსებას $1.2 ტრილიონამდე გააორმაგებენ
მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლები 2030 წლისთვის გეგმავენ, $1.2 ტრილიონამდე გაზარდონ დაფინანსება, რომელიც ელექტრომობილების, ასევე მათთვის საჭირო ბატარეებისა და მასალების წარმოებისა და განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ინფორმაციას Reuters-ი კომპანიების საჯარო მონაცემებისა და პროგნოზების ანალიზის საფუძველზე აქვეყნებს.
2030 წლისთვის ავტომწარმოებლები მხოლოდ ბატარეაზე მომუშავე 54 მილიონი ელექტრომობილის (BEV) გამოშვებას გეგმავენ, რაც ავტომობილების მთლიანი წარმოების 50%-ზე მეტს შეადგენს. Benchmark Mineral Intelligence-ის მონაცემებით, ამავე პერიოდისთვის, ელექტრომობილების უპრეცედენტო დონის მხარდასაჭერად, ბატარეის წარმოების 2.8-ტერავატ/საათამდე გაზრდაც იგეგმება.
ელექტრომობილების წარმოების ზრდაში ლიდერი Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის გეგმა ათწლეულის ბოლომდე 20 მილიონი ელექტრომობილის შექმნას ითვალისწინებს, რასაც დაახლოებით 3 ტერავატ/საათის ბატარეა დასჭირდება. მასკმა ოქტომბრის ბოლოს განაცხადა, რომ Tesla უკვე მუშაობს ავტომობილის მცირე პლატფორმაზე, რომლის ღირებულებაც Model 3-ისა და Model Y-ის ნახევარი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს დაფინანსების გეგმა სრულად არ გამოუქვეყნებია, Reuters-ის ანალიზით, მსგავსი მოცულობის ზრდა კომპანიას ასობით მილიარდი დოლარი დაუჯდება. ცნობისთვის, ელექტრომობილების მწარმოებელს ავტომობილების მიმდინარე წლის 1.5-მილიონიანი გაყიდვის მაჩვენებლის 13-ჯერ გაზრდა სურს.
ელექტრომობილებთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები აქვს გერმანულ Volkswagen-საც და ათწლეულის ბოლომდე $100 მილიარდზე მეტის დახარჯვა სურს, მათ შორის ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ბატარეებისთვის ახალი გიგაქარხნების დასამატებლად. რაც შეეხება Mercedes-Benz-ს, ავტომწარმოებელმა, სულ მცირე, $47 მილიარდი გამოყო ელექტრომობილების განვითარებისა და წარმოებისთვის, რომლის თითქმის ორი მესამედი კომპანიის გლობალური ბატარეის სიმძლავრის გაზრდას მოხმარდება.
წამყვან ავტომწარმოებლებს შორის, რომლებიც ელექტრომობილებისა და ბატარეების განვითარებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციებით გამოირჩევიან, მოხვდა იაპონური Toyota Motor-იც, $70 მილიარდის დაფინანსებითა და 2030 წლისთვის 30 სხვადასხვა ტიპის BEV-ის წარმოების გეგმით. ხოლო Ford Motor-ი, იმავე მიზნობრივი თარიღისთვის, დაახლოებით 3 მილიონი BEV-ის წარმოებასა და დაფინანსების $50 მილიარდით გაზრდას გეგმავს.
დატოვე კომენტარი