კლიმატთან დაკავშირებით წლის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, COP27 უკვე ერთი კვირაა, რაც ეგვიპტეში მიმდინარეობს. სამიტის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა უკვე შემუშავდა, ქვეყნებმა კი ახალი შეთანხმებებიც გააფორმეს. მაგალითად, მსოფლიოში ქარის ერთ-ერთი უდიდესი ელექტროსადგურის მშენებლობაზე შეთანხმდნენ ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები, ოფშორული ქარის ენერგიის გასაძლიერებლად ალიანსს კი ახალი ქვეყნები შეუერთდნენ. სხვადასხვა ინდუსტრიიდან ემისიების შემცირების 12-თვიანი გეგმა შეათანხმეს მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა, კიდევ ერთი ინიციატივა კი აშშ-სა და ევროკავშირს ეკუთვნით, რომელიც მეთანისა და ნავთობისგან გამოყოფილი ემისიების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.
გაეროს კლიმატური სამიტის მიღმა კი, გასულ კვირას, მნიშვნელოვანი მიღწევები ვიხილეთ ტექნოლოგიური მიმართულებითაც. კერძოდ, შვედეთის „ჩალმერის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ მკვლევრებმა ახალი სისტემა შეიმუშავეს, რომელიც თხევადი სახით მზის ენერგიას თვრამეტ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინახავს. მეცნიერები ახალ ტექნოლოგიაზე დიდ იმედებს ამყარებენ, მის პოტენციალზე საუბრობენ და სამომავლოდ საცხოვრებელ სახლებში გამოყენებისთვის მის კომერციალიზაციასაც გეგმავენ.
შეიქმნა სისტემა, რომელიც მზის ენერგიას თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ინახავს
შვედეთის „ჩალმერის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ მკვლევრებმა ახალი სისტემა შეიმუშავეს, რომელიც მზის ენერგიას თხევადი სახით თვრამეტ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინახავს. შანხაის „ძიაო ტონგის უნივერსიტეტთან“ (SJTU) თანამშრომლობით, მოწყობილობა, თერმოელექტრული გენერატორის გამოყენებით, უკვე შემოწმდა და დადასტურდა, რომ ელექტროენერგიის მოთხოვნისამებრ გამომუშავება შეუძლია.
„მზის მოლეკულური თერმული სისტემის“ (MOST) ტექნოლოგიაზე „ჩალმერის“ გუნდი ათი წელი მუშაობდა. როგორც უნივერსიტეტის მკვლევრები აცხადებენ, MOST-ი შესაძლოა, ძალიან მალე დაბალი სიმძლავრის ელექტრომოწყობილობების დასატენად ეფექტიან მოწყობილობად იქცეს. MOST-ის საშუალებით, ელექტროენერგიის წარმოებისთვის მზის ენერგიის გამოყენება დღის ნებისმიერ პერიოდში, განურჩევლად გეოგრაფიული მდებარეობისა, ყველა ტიპის ამინდისა და სეზონის დროსაა შესაძლებელი. MOST-ი დახურული სისტემაა და მუშაობისას ნახშირორჟანგს არ გამოყოფს.
სისტემა წყალბადის, ნახშირბადისა და აზოტის სპეციალურად შემუშავებული მოლეკულების გამოყენებით შეიქმნა. მოლეკულებზე მზის სხივების დაცემით, ატომები მოლეკულებს ენერგიით მდიდარ იზომერებად აქცევს, რომელიც თხევადი სახით ინახება. სწორედ ამ თხევადი ფორმით, სისტემა მზის ენერგიის შენახვას თვრამეტ წელს ახერხებს. სპეციალური კატალიზატორით გამოყოფისას კი, რომელიც მოლეკულებს თავდაპირველ ფორმას უბრუნებს, შენახული ენერგია სითბოს სახით გამოიცემა.
შვედეთისა და ჩინეთის უნივერსიტეტების გუნდებმა, თერმოელექტრული გენერატორის გამოყენებით, მცირე რაოდენობით ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე შეძლეს. ცნობისთვის, გენერატორი ულტრათხელი ჩიპია, რომლის ინტეგრირებაც ყურსასმენებში, ჭკვიან საათებში და ტელეფონებშია შესაძლებელი. მკვლევართა განცხადებით, ენერგიის გამომუშავების შედეგები კონცეფციის გამართულ მუშაობაზე მეტყველებს და პერსპექტიულად გამოიყურება.
სამომავლოდ, „ჩალმერის“ გუნდი სისტემის ხელმისაწვდომ, კომერციულ ვერსიაზე მუშაობასაც გეგმავს, რომლის გამოყენებაც საცხოვრებელ სახლებში იქნება შესაძლებელი.
COP27: ევროპის ქვეყნები, ოფშორული ქარის ენერგიის გამომუშავების გასაზრდელად, საერთაშორისო ალიანსს უერთდებიან
ეგვიპტეში გამართული კლიმატური სამიტის ფარგლებში, ევროპის, აზიისა და ამერიკის ცხრა სახელმწიფო ოფშორული ქარის ენერგიის გამომუშავების გასაზრდელად, საერთაშორისო ალიანსს შეუერთდნენ. ქვეყნებს შორის, რომელთაც „გლობალური ოფშორული ქარის ალიანსს“ (GOWA) ხელი მოაწერეს, არიან: ბელგია, კოლუმბია, გერმანია, ირლანდია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები.
ალიანსის მიზანი ქარის ენერგიის გამომუშავების ზრდა და კლიმატის, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების კრიზისების დაძლევაა. GOWA, რომელიც განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA), დანიისა და გლობალური ქარის ენერგეტიკული საბჭოს მიერაა ინიციირებული, ოფშორული ენერგიის განსავითარებლად „ბარიერების მოხნას“ ითვალისწინებს. ალიანსის გეგმით, მცირე დროში, კონკურენტულ ფასად, მთავრობების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობით, ქარის ენერგიის გამომუშავება უნდა გაიზარდოს.
Wind Europe-ის მონაცემებით, ქარის ენერგია ამჟამად ევროპის ელექტროენერგიის 15%-ს წარმოქმნის და კონტინენტის მასშტაბით 300,000 სამუშაო ადგილს ქმნის. ამ მხრივ წამყვანი დიდი ბრიტანეთია, ხოლო მსხვილი ბაზრებით გამოირჩევიან გერმანია და ნიდერლანდები. ალიანსის მიზანი 2030 წლისთვის ქარის დამონტაჟებული ელექტროსადგურების მოცულობის 380 გიგავატამდე გაზრდაა. ცნობისთვის, ერთი გიგავატი 750,000 სახლს საკმარისი ენერგიით უზრუნველყოფს.
IRENA-სა და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) თანახმად, 2050 წელს ოფშორული ქარის ენერგიის მოცულობამ 2,000 გიგავატს უნდა გადააჭარბოს, რათა გლობალური დათბობის შენარჩუნება 1.5°C-მდე მოხერხდეს და მსოფლიომ კლიმატური კატასტროფა თავიდან აიცილოს.
მიღებული გადაწყვეტილება კი ევროკავშირის შუამდგომლობის შედეგია, გაამარტივოს და დააჩქაროს განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის საჭირო ნებართვის მიღების პროცესი. ბლოკის გეგმით, 2030 წლისთვის ევროკავშირის მიერ გამოყენებული ენერგიის 40% განახლებადი წყაროებიდან უნდა მოდიოდეს.
IREA-ს გენერალური დირექტორის, ფრანჩესკო ლა კამერას განცხადებით, ქარის ენერგია, წიაღისეული საწვავის გამომუშავებასთან შედარებით, ბევრად უფრო კონკურენტუნარიანია და ამასთან ერთად, ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების მასიური სტიმულირების შესაძლებლობა აქვს. მიუხედავად ამისა, სუფთა ენერგიის სხვა ფორმებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად.
COP27: არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე ქარის ერთ-ერთი უდიდესი ელექტროსადგურის აშენებას გეგმავენ
არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ეგვიპტის პრეზიდენტებმა მსოფლიოში ქარის ერთ-ერთი უდიდესი ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს. საინფორმაციო სააგენტო WAM-ის ინფორმაციით, ურთიერთგაგების მემორანდუმი არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკულ ფირმა Masdar-სა და ეგვიპტის განახლებადი ენერგიის მთავარ დეველოპერ Infinity-ისა და Hassan Allam Utilities-ს შორის გაფორმდა.
Masdar-ი განახლებადი ენერგიის აქტივების პორტფელს ფლობს, რომელთა ერთობლივი ღირებულებაც $20 მილიარდს აჭარბებს, საერთო მოცულობა კი 15 გიგავატზე მეტია. 10-გიგავატიანი სიმძლავრის ახალი ელექტროსადგური ყოველწლიურად 47,790 გვტ/სთ სუფთა ენერგიას გამოიმუშავებს და 23.8 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ემისიის თავიდან არიდებას შეძლებს, რაც ეგვიპტის CO2-ის ამჟამინდელი ემისიების დაახლოებით 9%-ის ეკვივალენტურია.
დასრულების შემდგომ, ქარის ელექტროსადგური ეგვიპტის „მწვანე დერეფნის ინიციატივის“ ნაწილი იქნება. ქსელის, რომელიც განახლებადი ენერგიის პროექტებს აერთიანებს და მიზნად ისახავს, 2035 წლისთვის განახლებადმა ენერგიამ ქვეყნის ენერგეტიკული მიქსის 42% შეადგინოს.
გაეროს კლიმატური სამიტის ფარგლებში, ქარის ელექტროსადგურის პროექტზე შეთანხმებას ხელი Masdar-ის თავმჯდომარემ სულთან ალ-ჯებერმა მოაწერა. ჯებერი ეგვიპტეში გამართულ COP27-ზე არაბთა გაერთიანებული საამიროების სპეციალური წარმომადგენელი, ამასთან ერთად კი ქვეყნის ინდუსტრიის მინისტრი და სახელმწიფო ენერგეტიკული ფირმა Adnoc-ის ხელმძღვანელია.
„არაბთა გაერთიანებული საამიროები და Masdar-ი გააგრძელებენ ეგვიპტის წმინდა ნულოვანი მიზნების მხარდაჭერას“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ სამიტის მიღწევები მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან COP28-ს მომავალ წელს სწორედ საამიროები მასპინძლობს.
COP27: აშშ და ევროკავშირი, ნავთობისა და მეთანის ემისიების აღმოსაფხვრელად, ახალ ინიციატივას შეიმუშავებენ
ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, გაეროს კლიმატური სამიტის ფარგლებში, ახალი, ერთობლივი შეთანხმების დაანონსებას გეგმავენ. აშშ-ისა და 28 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის მიზანი წიაღისეული საწვავის სექტორიდან ძლიერი სათბური აირის, მეთანის ემისიების შემცირებაა. ორგანიზაციის წევრები იმედოვნებენ, რომ მათ ინიციატივას სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან.
Reuters-ის ინფორმაციით, ინიციატივის პროექტში წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ენერგეტიკის სექტორთან როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო დონეზე, დაკავშირებულ საკითხებსა და მიზნებს შეათანხმებენ, მათ შორისაა: ბუნებრივი აირის ვენტილაციისა და ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებული გაზის აფეთქებების შეჩერება და კომპანიების მხრიდან მათ ინფრასტრუქტურაში გაჟონვის შემთხვევების მკაცრი კონტროლი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და, ჩინეთის შემდეგ, სათბური აირების ემისიით უმსხვილესმა დამბინძურებელმა ევროკავშირმა გაზისა და ნავთობის კომპანიებისთვის, მეთანის გაჟონვის შესაჩერებლად, რეგულაციები უკვე წარადგინეს. თუმცა დაწესებული შეზღუდვები ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა.
დეკლარაცია აშშ-ისა და ევროკავშირის გასული წლის შეთანხმებაზე დაყრდნობით შეიქმნება, რომლის მიხედვითაც, 2030 წლისთვის მეთანის ემისია 2020 წლის დონესთან შედარებით 30%-ით უნდა შემცირდეს. დეკლარაციას, სახელწოდებით „გლობალური მეთანის ინიციატივა“, ხელი 119 ქვეყანამ მოაწერა. ხელმომწერებს შორის მეთანით ოცი უმსხვილესი დამბინძურებლიდან ცამეტს ვხვდებით, მათ შორისაა ბრაზილია, ინდონეზია, ნიგერია და მექსიკა.
აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ახალი დეკლარაციისთვის შტატებმა და ევროკავშირმა რამდენიმე „მთავარი მოთამაშის“ მხარდაჭერაც მოიპოვეს, თუმცა მათი ვინაობა ამ ეტაპზე არ გასაჯაროებულა.
მავრიტანია და BP-ი მწვანე წყალბადის პროექტების განვითარებაზე შეთანხმდნენ
ბრიტანულ ენერგეტიკულ კომპანია BP-სა და მავრიტანიას შორის, მწვანე წყალბადის განვითარების პოტენციალის შესასწავლად, შეთანხმება გაფორმდა. ურთიერთგაგების მემორანდუმი დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში, სადაც კომპანია უკვე მუშაობს თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) დიდ ობიექტზე, BP-ის მუშაობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროექტის ვადისა და სხვა დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გასაჯაროებულა.
გეგმის თანახმად, საწყის ეტაპზე, ბრიტანული ენერგოგიგანტი ხმელეთზე ქარისა და მზის ენერგიის გამოსამუშავებლად საჭირო პროექტების მშენებლობის შესაძლებლობებს შეისწავლის. ცნობისთვის, მწვანე წყალბადი სწორედ განახლებადი ენერგიის ელექტროლიზის შედეგად იწარმოება. მავრიტანიის ნავთობის სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული კვლევებით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე დიდ რაიონებში ქარისა და მზის რესურსების ხელმისაწვდომობა და ხარისხი დადგინდება.
„ეს მხოლოდ პირველი ეტაპია იმისა, რასაც ჩვენი კომპანია, საკმაოდ გრძელვადიანი განვითარების პროექტის ფარგლებში, მავრიტანიაში გეგმავს“, – განაცხადა ბრიტანული ენერგოგიგანტის წყალბადის ენერგიის საკითხების ხელმძღვანელმა ფელიპე არბელაესმა და დასძინა, რომ შემდგომ ეტაპზე BP ელექტროლიზისა და წყალბადის ექსპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე იქნება ფოკუსირებული.
წინასწარი გათვლებით, პროექტის მიზნობრივი წარმოების პოტენციურმა სიმძლავრემ შესაძლოა, 30 გიგავატს მიაღწიოს, რაც წლიურად 2 მილიონი ტონა მწვანე წყალბადის წარმოების პოტენციალს შექმნის. შეთანხმებას ხელი მავრიტანიის პრეზიდენტმა და BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ეგვიპტეში მიმდინარე გაეროს კლიმატური სამიტის ფარგლებში მოაწერეს.
შეგახსენებთ, რომ „ლუნის გეგმის“ თანახმად, ბრიტანული ენერგოგიგანტი BP წყალბადის წარმოების მკვეთრ ზრდას ისახავს მიზნად. კომპანიას, უახლოეს ათწლეულებში, საკუთარი საქმიანობის ნავთობისა და ბუნებრივი აირისგან ჩამოშორება სურს.
COP27: ინდუსტრიის ემისიების შემცირების დასაჩქარებლად, ქვეყნებმა 12-თვიანი გეგმა შეიმუშავეს
ქვეყნებმა, რომლებიც გლობალური ეკონომიკის ნახევარზე მეტს წარმოადგენენ, სატრანსპორტო, ფოლადისა და ელექტროენერგიის სექტორებიდან გამოყოფილი ემისიების შემცირების დასაჩქარებლად, ახალი ქმედებები შეათანხმეს.
ეგვიპტეში მიმდინარე გაეროს კლიმატურ სამიტზე შეთანხმებული ოცდახუთი „პრიორიტეტული ქმედების“ (“Priority Actions”) მხარდამჭერებს შორის ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, იაპონია და კანადა არიან. 12-თვიანი გეგმის შედეგებს ქვეყნები მომავალ წელს, დუბაიში გასამართ მოლაპარაკებებზე წარადგენენ. ქვეყნები იმედოვნებენ, რომ კოლექტიური შეთანხმება, მათ შორის ბენზინზე მომუშავე მანქანების ეტაპობრივი აკრძალვის შესახებ, ინვესტორებსა და კომპანიებსაც წაახალისებს.
ცამეტმა ქვეყანამ, ბრიტანეთისა და ეგვიპტის ხელმძღვანელობით, სოფლის მეურნეობაში ქმედებების დაჩქარებას ხელი მოაწერა. ქმედებები, კლიმატის ცვლილებების გავლენასთან ადაპტაციისა და ზიანის გამოწვევის შესამცირებლად, ინვესტიციების ზრდას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კოლექტიური შეთანხმება, რომელიც თავდაპირველად გლაზგოში, COP26 სამიტზე, „გარღვევის დღის წესრიგის“ (“Breakthrough Agenda”) სახელით ჩამოყალიბდა, პრიორიტეტულ ქმედებებში წყალბადის განვითარებასა და სოფლის მეურნეობის საკითხებსაც მოიაზრებდა.
ინიციატივის ფარგლებში, თითოეული სექტორიდან კომპანიებისგან შემდგარი კოალიციების გაერთიანება იგეგმება. გაერთიანებას მმართველი ჯგუფი ეყოლება, რომელსაც ფინანსური და ინდუსტრიული ჯგუფებიც დაემატება.
„გეიტსების ფონდი“ მცირე ფერმერებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის $1.4 მილიარდს გამოუყოფს
„ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“, მცირე ფერმერებს, კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად, $1.4 მილიარდით დახმარებას დაჰპირდა. გეიტსების მიერ გაღებული ქველმოქმედება, ეგვიპტეში მიმდინარე კლიმატის სამიტის ფარგლებში, ე.წ. „ადაპტაციისთვის საჭირო ფინანსების“ გაზრდის მოწოდებას ეხმიანება.
გაეროს განცხადებით, მსოფლიო ამჟამად საკმარისს არ აკეთებს ღარიბი ერების დასახმარებლად, რომლებიც გლობალური დათბობის შედეგად ყველაზე მეტად ზარალდებიან. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 2030 წლისთვის საჭირო ყოველწლიური დაფინანსება $340 მილიარდს უტოლდება. შარმ-ელ-შეიხში, COP27-ზე, „გეიტსების ფონდის“ მიერ გაჟღერებული ქველმოქმედების წინადადება სუბსაჰარის აფრიკასა და სამხრეთ აფრიკაში მცირე ფერმერებს სასურსათო უსაფრთხოებისა და სამუშაო პრაქტიკის გაუმჯობესებასა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციაში დაეხმარება.
ორ მილიარდზე მეტი ადამიანი საკვებისა და შემოსავლის მხრივ სწორედ მცირე მეურნეობაზეა დამოკიდებული. ფონდის ინფორმაციით, ამჟამად კლიმატთან დაკავშირებული გლობალური დაფინანსების 2%-ზე ნაკლები მათი საქმიანობის კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციისთვის, მცირე ფერმერების დახმარებას ეთმობა.
„რეგიონებში, მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის საფრთხის შექმნით, კლიმატური კრიზისი ყოველდღიურად უზარმაზარი ზიანის შემცველია“, – ნათქვამია ბილ გეიტსის, „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის“ თანათავმჯდომარის განცხადებაში. „დაუცველი თემებისთვის, აგრარული და ტექნოლოგიური ინოვაციების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, დაფინანსების ზრდა აუცილებელია. თანხები თემებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციაში, სიცოცხლის გადარჩენასა და ეკონომიკურ ზრდაში დაეხმარება“, – დასძენს გეიტსი.
ფონდის განცხადებით, დაფინანსება სოფლის მეურნეობაში, კლიმატის „ჭკვიანი“ პროექტების, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასა და ფერმერი ქალების ჩართულობის ზრდას მოხმარდება. ცნობისთვის, განვითარებად ქვეყნებში სოფლის მეურნეობაში სამუშაო ძალის 43%-ს სწორედ ქალები შეადგენენ, თუმცა მათ უფრო ნაკლებად აქვთ წვდომა ფინანსებსა და განათლებაზე.
დატოვე კომენტარი