გასულ კვირას ევროკავშირმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და ნახშირბადის პირველ სასაზღვრო ტარიფზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწია. ახალი კანონმდებლობით, დამაბინძურებელი საქონლის ევროკავშირში იმპორტის შემთხვევაში კომპანიებს CO2 გამონაბოლქვის ასანაზღაურებლად სერტიფიკატების ყიდვა მოუწევთ. ამის პარალელურად ევროკავშირში ეტაპობრივად მოიხსნება შიდა ინდუსტრიებისთვის არსებული უფასო ნებართვები, CO2-ის ემისიებისთვის გადასახადი კი როგორც მათთვის, ასევე საზღვარგარეთის ფირმებისთვის მსგავსი იქნება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება G7-ის სახელმწიფოებს ეხებათ, რომელთაც მწვანე ტრანზიციის მხარდაჭერისთვის საერთაშორისო კლიმატური კლუბის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს. დაინტერესების შემთხვევაში კლუბში გაწევრიანება ამბიციური კლიმატური პოლიტიკის მქონე სხვა სახელმწიფოებსაც შეეძლებათ.
EU-მ ნახშირბადის პირველ სასაზღვრო ტარიფზე შეთანხმებას მიაღწია
გასულ კვირას ევროკავშირმა ნახშირბადის პირველ სასაზღვრო ტარიფზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმება გულისხმობს ნახშირორჟანგის ტარიფის დაწესებას ისეთი დამაბინძურებელი საქონლის იმპორტზე, როგორიცაა ცემენტი და ფოლადი. მსოფლიოში ნახშირბადის სასაზღვრო ტარიფის პირველი სქემა დეკარბონიზაციის პროცესში ევროკავშირის ინდუსტრიების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
ახალ კანონმდებლობაზე შეთანხმება ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს შორის ბრიუსელში შედგა. კანონი CO2 ემისიების ხარჯებს რკინის, ფოლადის, ცემენტის, სასუქების, ალუმინისა და ელექტროენერგიის იმპორტზე დააწესებს. ევროკავშირში აღნიშნული საქონლის იმპორტის შემთხვევაში, კომპანიებს CO2 გამონაბოლქვის ასანაზღაურებლად სერტიფიკატების ყიდვა მოუწევთ.
სქემის მიხედვით, CO2-ის ემისიებისთვის გადასახადი ევროკავშირის შიდა ინდუსტრიებისა და საზღვარგარეთის ფირმებისთვის მსგავსი იქნება. ცნობისთვის, ევროკავშირის ინდუსტრიებს მათ მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვისთვის EU-ს ნახშირბადის ბაზრიდან ნებართვების შეძენა უკვე უწევთ. გადასახადი ევროკავშირის ინდუსტრიებს კონკურენციისგან დაიცავს, რომელსაც სუსტი გარემოსდაცვითი წესების მქონე ქვეყნების მიერ წარმოებული იაფი საქონელი ქმნის. თავდაპირველი შეთავაზებისგან განსხვავებით, ახალი შეთანხმებით, ნახშირბადის სასაზღვრო ტარიფი წყალბადის იმპორტზეც დაწესდება.
ამჟამად ევროკავშირი შიდა ინდუსტრიებს CO2-ის ნებართვების დიდ ნაწილს უფასოდ აძლევს, თუმცა სასაზღვრო ტარიფის დაწესებასთან ერთად, ეს წესიც შეიცვლება. ევროკავშირის ინდუსტრიებზე, მათ შორის ავიაციასა და სასაზღვრო გადაზიდვებზე, უფასო ნებართვები ეტაპობრივად მოიხსნება და კომპანიებს მათ მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვისთვის თანხის გადახდა მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ ნახშირბადის სასაზღვრო ტარიფისგან შესაძლოა გათავისუფლდნენ ქვეყნები, რომელთაც ევროკავშირის მსგავსი კლიმატური ცვლილებების პოლიტიკა აქვთ. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის გეგმას რიგი ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის მხრიდან კრიტიკა უკვე მოჰყვა. ამას კი ემატება ბაიდენის „ინფლაციის შემცირების აქტი“, რამაც, ევროკავშირის აზრით, შესაძლოა ევროპული ფირმები არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენოს.
მწვანე ტრანზიციის მხარდაჭერისთვის G7 კლიმატურ კლუბს აყალიბებს
G7-ის სახელმწიფოები მწვანე ტრანზიციის მხარდაჭერისთვის საერთაშორისო კლიმატური კლუბის შექმნაზე შეთანხმდნენ. G7-ის თავმჯდომარის, გერმანიის განცხადებით, კლუბში გაწევრიანება დაინტერესების შემთხვევაში ამბიციური კლიმატური პოლიტიკის მქონე სხვა სახელმწიფოებსაც შეეძლებათ.
კლიმატის კლუბის დროებითი სამდივნოს მასპინძლობისთვის, G7-მა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას (OECD) და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მიმართა. „როგორც კლუბი, ასევე ჩვენი ინდუსტრიების ტრანზიციაც ნახშირბადის ნეიტრალიტეტისკენაა მიმართული. ჩვენ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ კლიმატის გლობალური მიზნების მიღწევაში“, – განაცხადა G7-ის თავმჯდომარე ქვეყნის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
როგორც გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ამავდროულად ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა აღნიშნა, G7-ის ქვეყნების სურვილი ბაზარზე კლიმატმეგობრული საქონლის შემოტანის დაჩქარებაა. მსგავსი გადაწყვეტილებით, მსოფლიოში კლიმატმეგობრული საქონლის – მაგალითად, მწვანე ფოლადის – შესაძლებლობები გაუმჯობესდება.
„ამ შემთხვევაში, კლუბის მიზანი საერთაშორისო თანამშრომლობისა და პარტნიორობის შეთანხმებების განვითარებაა, რათა ქვეყნებს მხარი დაუჭიროს ტრანსფორმაციაში“, – განაცხადა ჰაბეკმა.
ქვანახშირის გამოყენების შესამცირებლად, G7-მა ვიეტნამთან $15.5-მილიარდიან შეთანხმებას მიაღწია
G7-ის სახელმწიფოებმა ვიეტნამთან, ქვანახშირზე დამოკიდებულების შესამცირებლად, $15.5 მილიარდის ღირებულების შეთანხმებას მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ ვიეტნამი უკვე მესამე სახელმწიფოა, რომელთანაც G7-მა მსგავსი ტიპის შეთანხმება გააფორმა.
თავდაპირველი გეგმით, ვიეტნამსა და G7-ის ქვეყნებს ე.წ. „Just Energy Transition Partnership“ შეთავაზება ეგვიპტეში ჩატარებულ COP27 სამიტზე უნდა განეხილათ. ცნობისთვის, ვიეტნამი, მსოფლიო მასშტაბით, ქვანახშირის ტოპ-20 გამომყენებელში შედის. ვიეტნამის დასარწმუნებლად, მხარი დაეჭირა შეთავაზებისთვის, დასავლელმა ლიდერებმა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით ქვეყნისთვის უფრო დიდი ფინანსური პაკეტი რამდენჯერმე შეიმუშავეს.
ახალი შეთავაზების თანახმად, $15.5 მილიარდიდან ნახევარს სახელმწიფო სექტორი, ხოლო მეორე ნახევარს კერძო სექტორი უზრუნველყოფს. საკითხთან დაახლოებული ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, დაფინანსების მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება გაცემული გრანტების სახით, მის დიდ ნაწილს კი სესხები წარმოადგენს. საწყის თანხას ვიეტნამი მომავალ 3-5 წელიწადში მიიღებს.
მსგავსი ტიპის შეთანხმება G7-ის სახელმწიფოებმა შარშან – სამხრეთ აფრიკასთან, გასულ თვეში კი ინდონეზიასთან გააფორმეს. G7-ის ქვეყნები სამხრეთ აფრიკას $8.5 მილიარდს დაჰპირდნენ, ინდონეზია კი $10 მილიარდს მიიღებს.
თურქეთში ქარის ენერგიის დღიურმა გამომუშავებამ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია
ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში ქარის ენერგიის დღიურმა გამომუშავებამ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. თურქეთის ელექტროგადამცემი კორპორაციის თანახმად, ქარის ელექტროსადგურებმა კვირას თურქეთის მიერ წარმოებული მთლიანი ენერგიის 27.8%, შესაბამისად 207,906 მეგავატსაათი შეადგინა.
გასულ კვირამდე თურქეთში ქარის ენერგიის დღიურმა გამომუშავებამ რეკორდულ მაჩვენებელს, 204,375 მგვტ/სთ-ს 21 ნოემბერს მიაღწია. თურქეთი ენერგეტიკული საჭიროებების დასაფარად კვლავ იმპორტზეა დამოკიდებული, რაც მას დაუცველს ხდის გლობალურად მზარდი ენერგოფასების მიმართ. განახლებადი ენერგიის წარმოების გასაზრდელად თურქეთმა ფართომასშტაბიანი პროექტები დაიწყო და მზისა და ქარის ელექტროსადგურებზე ტენდერებიც გამოაცხადა.
ქარის ენერგიისთვის რეკორდულ დღეს, ელექტროენერგიის გამომუშავებაში მეორე უმსხვილესი წყარო 21.4%-ით იმპორტირებული ქვანახშირი, მესამე კი 17.3%-ით ლიგნიტის ქარხნები იყო. ელექტროენერგიის დღიურმა წარმოებამ 747,911 მგვტ/საათი შეადგინა, ხოლო ელექტროენერგიის დღიურმა გამოყენებამ 759,449 მგვტ/საათს მიაღწია.
თურქეთში ელექტროენერგიის დამონტაჟებული სრული სიმძლავრე 100 გიგავატზე მეტს შეადგენს, რომლის ნახევარზე მეტი განახლებადი ენერგიის წყაროები, მათ შორის წყალბადის, ქარის, მზისა და გეოთერმული ენერგიაა.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, თურქეთს მომავალ ხუთ წელიწადში განახლებადი ენერგიის მოცულობის დაახლოებით 64%-ით, 90 გიგავატამდე გაზრდის პოტენციალი აქვს. ზრდის უდიდესი ნაწილი – 75% – ქარისა და მზის ენერგიიდან იქნება წარმოებული. ზრდა დაეხმარება მას ევროპაში მეოთხე ადგილზე და მსოფლიოს ათ უმსხვილეს განახლებად ბაზარს შორის მოხვდეს.
ესპანეთსა და საფრანგეთს შორის წყალბადის მილსადენი $2.6 მილიარდი დაჯდება
ესპანეთსა და საფრანგეთს შორის მწვანე წყალბადის გადამტანი მიწისქვეშა მილსადენი დაახლოებით $2.6 მილიარდი დაჯდება. ამის შესახებ განცხადება ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გააკეთა, რომლის ინფორმაციითაც, ევროკავშირი პროექტს ნაწილობრივ დააფინანსებს.
მილსადენი, რომელიც მარსელსა და ბარსელონას შორის იქნება განთავსებული, ათწლეულის ბოლოსთვის განთავსდება და წელიწადში ორი მილიონი ტონა წყალბადის ტრანსპორტირებას შეძლებს. პროექტის განვითარების შესახებ გადაწყვეტილების დაჩქარება უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეულმა ენერგეტიკულმა კრიზისმა განაპირობა. ევროპის ქვეყნები რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას აქტიურად ცდილობენ.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, კორიდორი „ევროპის წყალბადის ხერხემლის“ ნაწილს წარმოადგენს და იბერიას „მთავარ ენერგეტიკულ ჰაბად“ აქცევს. მილსადენი ევროკავშირს 2030 წლისთვის კონტინენტის მასშტაბით წლიურად 10 მილიონი ტონა სუფთა წყალბადის წარმოების საშუალებას აძლევს, დამატებით 10 მილიონი ტონის გატანას კი ბლოკი ათწლეულის ბოლოსთვის ექსპორტზეც შეძლებს.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, მილსადენი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ბირთვული ენერგიისგან საფრანგეთში წარმოებული წყალბადის – ე.წ. წითელი წყალბადის – საპირისპირო მიმართულებით გასაგზავნად.
ესპანეთისა და პორტუგალიის დამაკავშირებელი დამატებითი მილსადენი 350 მილიონი ევრო დაჯდება. სანჩესის ინფორმაციით, წყალქვეშა მილსადენი BarMar-ის სახელით იქნება ცნობილი, ხოლო წყალბადის მთელ დერეფანს, რომელიც ესპანეთსა და პორტუგალიას საფრანგეთთან აკავშირებს, H2MED დაერქმევა.
ესპანეთის პრემიერის განცხადებით, H2MED-ის ღირებულების 50%-ის დასაფარად საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია ევროკავშირის სახსრებს გამოიყენებენ. მეორე ნახევარი დაფინანსდება სამი ქვეყნის ეროვნული ქსელებით, თუმცა განიხილება კერძო ინვესტიციების მოზიდვაც.
კლიმატური ცვლილება მომავალ წელს ჰუმანიტარულ კრიზისს გაამწვავებს
მომავალ წელს კლიმატური ცვლილება გლობალურ ჰუმანიტარულ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს. „საერთაშორისო სამაშველო კომიტეტის“ (IRC) კვლევის თანახმად, უკრაინის ომისა და ეკონომიკური ვარდნის შედეგად წარმოქმნილი ჰუმანიტარული კრიზისი 2023 წელს კლიმატური ცვლილების მიზეზით უფრო მეტად გამძაფრდება.
ნიუ-იორკში დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, უკანასკნელ ათწლეულში ჰუმანიტარული საჭიროების მქონე ადამიანების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და 2014 წლის 81 მილიონიდან, 339.2 მილიონს მიუახლოვდა. გლობალური ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი კლიმატური კრიზისია.
IRC-ის დაკვირვებით, იმ ოცი ქვეყნის წვლილი გლობალურ CO2-ის ემისიებში, რომლებიც ჰუმანიტარულად ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, მხოლოდ 2%-ია. ორგანიზაცია რეკორდულად ხანგრძლივი წვიმიანი პერიოდების შედეგებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც სომალისა და ეთიოპიაში სურსათის ზარალი, პაკისტანში კი ათასობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.
კვლევამ სახელწოდებით „გადაუდებელი საკონტროლო სია 2023“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ, 100 მილიონზე მეტია, მაშინ როდესაც 2014 წელს 60 მილიონს უტოლდებოდა. იძულებით გადაადგილებულთა ყველაზე დიდი რაოდენობით კი ვენესუელა გამოირჩევა.
სასურსათო კრიზისი უკრაინაში რუსეთის შეჭრით, კორონავირუსით გამოწვეული ვითარებისა და ეკონომიკური ვარდნის მიზეზით უფრო მეტად მწვავდება. IRC-ის მოწოდებით, საჭიროა უფრო მეტი პროაქტიული ინვესტიცია კლიმატის ცვლილებების პრევენციისა და შერბილების მიმართულებით.
IRC-ის 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით, განსხვავება ჰუმანიტარულ საჭიროებებსა და მათ დაფინანსებას შორის, $27 მილიარდის გლობალურ დეფიციტამდე გაიზარდა.
დატოვე კომენტარი
I don’t think the title of your article matches the content lol. Just kidding, mainly because I had some doubts after reading the article.
Thank you for your sharing. I am worried that I lack creative ideas. It is your article that makes me full of hope. Thank you. But, I have a question, can you help me?