2023 წელი გასული წლის შეჯამებით დაიწყო, რომელიც, ევროკავშირის მეცნიერთა დაკვირვებით, ევროპისთვის რეკორდულად მეორე, ხოლო მსოფლიოსთვის მეხუთე ყველაზე ცხელი წელი გამოდგა. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულმა მაღალმა ტემპერატურებმა მოსავლიანობა შეამცირა, მდინარეების დაშრობა გამოიწვია და ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზადაც იქცა.
გასულ კვირას არანაკლებ უსიამოვნო ინფორმაცია გახდა ცნობილი მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყის შესახებაც. როგორც გაირკვა, ბოლსონარუს პრეზიდენტობის მხოლოდ ბოლო თვეში, ამაზონის გაჩეხის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 150%-ით გაიზარდა. მსგავსი ინფორმაციები ნამდვილად იძლევა შეშფოთების საფუძველს, თუმცა ახალი პრეზიდენტის მიერ ინაუგურაციიდან სულ რაღაც ორ კვირაში მიღებული გადაწყვეტილებები გვაიმედებს, რომ მდგომარეობა მალე შეიცვლება.
გასული კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ოპტიმისტური ინფორმაცია კი ოზონის შრეს უკავშირდება, რომელიც გაეროს ექსპერტთა პანელის განცხადებით, ათწლეულების განმავლობაში სრულად აღდგება.
გაერო: ოზონის შრე ოთხი ათწლეულის განმავლობაში სრულად აღდგება
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალი შეფასებით, ოზონის შრე მომავალი ოთხი ათწლეულის განმავლობაში აღდგება. გარკვეული ქიმიკატების გამონაბოლქვი, რომელიც ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება, ანტარქტიდის თავზე ყოველწლიურად ოზონის შრეში ხვრელს წარმოქმნის და უარყოფითად მოქმედებს ოზონის უნარზე, დაიცვას დედამიწაზე სიცოცხლე მზის მავნე გამოსხივებისგან.
1987 წელს, შვიდი წლის შემდეგ, რაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანების მიერ შექმნილი ქიმიკატები აზიანებდნენ ოზონის შრეს, 197-მა მხარემ ხელი მოაწერა “მონრეალის პროტოკოლს”, რომელიც ატმოსფეროში მავნე ქიმიკატების რაოდენობის შეზღუდვას ითვალისწინებდა. ოზონის დამშლელი ქიმიკატების გლობალური გამოყენების ეტაპობრივი შეწყვეტა მსოფლიოს კლიმატური გეგმების მიღწევაში დაეხმარება. ცნობისთვის, მსგავსი ტიპის ქიმიკატები აღმოჩენილია თმის სპრეიში, მაცივრებში, კონდიციონერებსა და სამრეწველო საწმენდ პროდუქტებშიც.
არსებული პოლიტიკის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ოზონის შრე 1980 წლის მდგომარეობას – ოზონის ხვრელის გამოჩენამდე – ათწლეულების განმავლობაში კვლავ დაუბრუნდება. გაეროს ექსპერტთა პანელის მოხსენებით, რომელიც „ამერიკის მეტეოროლოგიურ საზოგადოებას“ ყოველწლიურ შეხვედრაზე წარედგინა, ოზონი 2066 წლისთვის – ანტარქტიდის თავზე, 2045 წლისთვის – არქტიკაზე, ხოლო მსოფლიოს დარჩენილი ნაწილისთვის 2040 წლამდე აღდგება.
ანტარქტიდის ოზონის ხვრელის ცვალებადობა, განსაკუთრებით 2019-2021 წლებში, უმეტესწილად მეტეოროლოგიური პირობებით იყო გამოწვეული. მიუხედავად ამისა, ანტარქტიდის ოზონის ხვრელის სიღრმე და ფართობი, 2000 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად ფართოვდებოდა. გაეროს პანელის ანგარიშით, აკრძალული ოზონდამშლელი ნივთიერებების თითქმის 99%-ის გამოყენება წარმატებით აღმოიფხვრა.
ბოლსონარუს მმართველობის ბოლო თვეში, ამაზონის ტყეების გაჩეხა 150%-ით გაიზარდა
2022 წლის დეკემბერში, ანუ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს მმართველობის ბოლო თვეში, ბრაზილიაში ამაზონის ტყეების გაჩეხის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით, 150%-ით გაიზარდა. ნაციონალური კოსმოსური სააგენტო DETER-ის სატელიტური მონიტორინგის მონაცემებით, მხოლოდ დეკემბრის თვეში 218.4 კვადრატული კილომეტრის ტყის საფარი განადგურდა.
ბოლსონარუს პრეზიდენტობის პერიოდში, მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყის გაჩეხის საშუალო წლიური მაჩვენებელი, გასულ ათწლეულთან შედარებით, 75.5%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბოლსონარუს გასამართლების მოთხოვნით, ავსტრალიის გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსაც მიმართეს. ამაზონის გაჩეხის გამო, ბოლსონარუს „კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში“ სდებდნენ ბრალს, რაც პირველი საქმე იყო, როდესაც ტყის განადგურება ადამიანთა სიცოცხლის მოსპობას პირდაპირ უკავშირდებოდა.
„ბოლსონარუს მთავრობა შესაძლოა დამთავრდა, თუმცა მისი ტრაგიკული გარემოსდაცვითი მემკვიდრეობა კიდევ დიდხანს გასტანს“, – განაცხადა მარციო ასტრინიმ, „კლიმატური ობსერვატორიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა. ბოლსონარუ პასუხისმგებელია 400,000 ჰექტარი ტყის გაჩეხაზე, რაც 2019 წლიდან ტყის განადგურების 88%-იან ზრდას გულისხმობს.
2022 წელს ტყეების გაჩეხის მაჩვენებელი, განსაკუთრებულად მშრალი აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის პერიოდში რეკორდულ მონაცემებსაც მიუახლოვდა, რადგან ამ პერიოდში განსაკუთრებით ხშირია ტყის ხანძრებისა და გაჩეხის შემთხვევები. ექსპერტთა განცხადებით, ტყის განადგურება ძირითადად გამოწვეულია ფერმერების საქმიანობითა და მიწის არაკანონიერი მიმტაცებლების ქმედებით, რაც ტყეს პირუტყვისა და მოსავლისგან აცარიელებს.
მიუხედავად ამისა, ამაზონის განადგურებასთან მებრძოლი პრეზიდენტის, ლუის ინასიუ ლულა და სილვას თანამდებობაზე დაბრუნებამ შესაძლოა მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყე განადგურებას გადაარჩინოს. პრეზიდენტმა ბრაზილიის გარემოს დაცვის პროგრამების განახლების პირობა დადო, ამასთან ერთად კი ხელი მოაწერა განკარგულებას ამაზონის ფონდის მმართველი საბჭოს აღდგენის შესახებ, რომელიც, ნორვეგიის განცხადებით, ხელახლა ამოქმედდა.
COP28-ის პრეზიდენტად ნავთობკომპანიის CEO დასახელდა
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა COP28-ის კლიმატის მოლაპარაკებების ხელმძღვანელად მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დაასახელა. ცნობისთვის, COP28 2023 წლის 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, დუბაიში გაიმართება.
საამიროების მიერ დასახელებული სულთან ალ ჯაბერი ქვეყნის მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების მინისტრი და „აბუ-დაბის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორია. გარდა ამისა, ჯაბერი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კლიმატური საკითხების მიმართულებით ელჩი და სამთავრობო საკუთრებაში არსებული განახლებადი ენერგიის კომპანია Masdar-ის თავმჯდომარეა.
როგორც COP28-ის პრეზიდენტი, ალ ჯაბერი გადამწყვეტ როლს ითამაშებს სამთავრობოთაშორისო მოლაპარაკებების წარმართვაში, ისევე როგორც გაეროს კლიმატური სამიტის კონფერენციის შედეგების განსაზღვრაში. მისი განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საამიროები COP28-ის სამიტს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.
თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ კი ალ ჯაბერმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა ტემპერატურული ზრდის 1.5°C-იანი მიზნის დასაცავად და მომავალი თაობებისთვის პლანეტის შესანარჩუნებლად. მისივე განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საამიროები „ინკლუზიურ მიდგომას“ შეიმუშავებს, რომელიც მოლაპარაკებებში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვას განაპირობებს. ამ მხრივ კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გლობალური სამხრეთია, რომელიც კლიმატური ცვლილებებისადმი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი რეგიონია.
მიუხედავად ალ ჯაბერის განცხადებებისა, COP28-ის პრეზიდენტად მის დანიშვნას კრიტიკა უკვე მოჰყვა გარემოსდამცველი ჯგუფებისგან. Global Witness-ში „წიაღისეული საწვავის კამპანიის“ ლიდერი ალისა ჰარისონი ინტერესთა აშკარა კონფლიქტზეც მიუთითებს. „არავინ მისცემს უფლებას იარაღით მოვაჭრეს, წარმართოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, მაშინ რატომ ვაძლევთ ნავთობის კომპანიის ხელმძღვანელებს უფლებას, წარმართონ კლიმატური სამიტი?“, – განაცხადა ჰარისონმა.
თუმცა, ალ ჯაბერის დანიშვნის გარდა, ეკოაქტივისტები უარყოფითად განწყობილნი თავად სამიტის მასპინძელი ქვეყნის მიმართაც არიან. შეგახსენებთ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები მსოფლიოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რაც კლიმატის დამცველებს ქვეყნის მიმართ სიმპათიით ნამდვილად ვერ განაწყობს.
EU-ს მეცნიერები: 2022 წელი, ევროპისთვის რეკორდულად მეორე ყველაზე ცხელი წელია
ევროკავშირის მეცნიერების განცხადებით, 2022 წელი ევროპისთვის რეკორდულად მეორე ყველაზე ცხელი წელი იყო. კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულმა მაღალმა ტემპერატურებმა მოსავლიანობა შეამცირა, მდინარეების დაშრობა გამოიწვია და ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზადაც იქცა.
ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილებების სამსახურის (C3S) ინფორმაციით, 2022 წელი მსოფლიოსთვის მეხუთე ყველაზე ცხელი წელიც აღმოჩნდა. მართალია, C3S-ის ჩანაწერები მხოლოდ 1950 წლით თარიღდება, მაგრამ უფრო ძველი მონაცემები ადასტურებს, რომ გასული წელი მსოფლიოსთვის მინიმუმ 1850 წლის შემდეგ მეხუთე ყველაზე ცხელი წელი იყო. აღსანიშნავია, რომ ბოლო რვა წელი მსოფლიოსთვის რეკორდულად ცხელი წლები აღმოჩნდა.
ჩვენს პლანეტაზე ტემპერატურა ახლა 1.2°C-ით უფრო მაღალია, ვიდრე პრეინდუსტრიულ დროში იყო, რაც ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილებების შედეგია. თუმცა ტემპერატურული ზრდის მაჩვენებლით, განსაკუთრებით რთული ვითარება ევროპის კონტინენტზეა. C3S-ის განცხადებით, უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში ევროპაში ტემპერატურა გლობალურ საშუალოზე ორჯერ მეტად გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ გასული ზაფხული ევროპისთვის რეკორდულად მაღალი ტემპერატურებით გამოირჩეოდა. ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და გაერთიანებულ სამეფოში სიკვდილიანობის 20,000 „გადაჭარბებული“ შემთხვევა დაფიქსირდა.
სიკვდილიანობის ჭარბი რაოდენობა – სხვაობა 2022 წლის ზაფხულში დაღუპულთა საერთო რაოდენობასა და ისტორიულ საშუალოს შორის – განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპაში, ივნის-აგვისტოს პერიოდში დაფიქსირებული სიცხის სამი ინტენსიური ტალღის დროს გაიზარდა.
ცხელი და მშრალი ამინდები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის სლოვენიასა და ესპანეთში ძლიერი ხანძრების მიზეზადაც იქცა. შედეგად, ევროკავშირისა და ბრიტანეთში, უკანასკნელი თხუთმეტი წლის ზაფხულის პერიოდში, ემისიების ყველაზე დიდი რაოდენობა გამოიყო. ბრიტანეთის ამინდის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2022 წელი ქვეყნისთვის მის ისტორიაში ყველაზე ცხელი წელი აღმოჩნდა.
Hive Energy თურქეთში მზის ბატარეების პროექტებში $4 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს
განახლებადი ენერგიის ბრიტანული კომპანია თურქეთში $4 მილიარდის ღირებულების პირდაპირი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. კომპანიის თურქული წარმომადგენლობის განცხადებით, ინვესტიცია ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 30 ლოკაციაზე, 4 გიგავატის სიმძლავრის მზის ბატარეის პროექტების განვითარებას მოხმარდება.
Hive Energy თურქეთში ინვესტიციებს ბრიტანეთის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით ზრდის. კომპანია ქვეყნის მასშტაბით, 10 ქალაქში, მზის ბატარეების პროექტების განვითარებას გეგმავს. დაგეგმილი პროექტების საერთო სიმძლავრე ოთხ გიგავატს აღწევს. პროექტებისთვის ლიცენზირების მინიჭების შემთხვევაში, რაც 2023 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი, კომპანია თურქეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად მოლაპარაკებებს დაიწყებს.
Hive Energy-ის თურქი წარმომადგენლის განცხადებით, ფართომასშტაბიანი პროექტების განვითარებისა და მოზიდვის გეგმები მტკიცებულებაა იმ ნდობის, რომელიც კომპანიებს თურქეთის სუფთა ენერგიის პოტენციალისადმი გააჩნიათ. ტოლგა მეტინის ინფორმაციით, Hive Energy-ს თურქეთში განახლებადი ენერგიის გრძელვადიანი პროექტების განვითარება სურს.
ცნობისთვის, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, თურქეთს მომავალ ხუთ წელიწადში განახლებადი ენერგიის საერთო სიმძლავრის დაახლოებით 64%-ით, 90 გიგავატამდე გაზრდის პოტენციალი აქვს. ზრდა დაეხმარება მას, ევროპაში მეოთხე ადგილზე და მსოფლიოს განახლებადი ენერგიის ათ უმსხვილეს ბაზარს შორის მოხვდეს.
ჩინეთის სუფთა ენერგიის გიგანტებმა მსოფლიოში ქარის ყველაზე დიდი ტურბინა წარადგინეს
Ming Yang Smart Energy Group-მა მსოფლიოში ქარის ყველაზე დიდი ტურბინა წარმოადგინა – ე.წ. „ოფშორული ბეჰემოთი“, რომლის ფრთების სიგრძე 140 მეტრს აღემატება და ფეხბურთის ცხრა სტადიონის ფართობზე მეტია.
მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურბინას წარმოების მაქსიმიზაციისას 18 მეგავატი ენერგიის გამომუშავება შეუძლია. როგორც ჩინელი მწარმოებლის პრესრელიზიდან ირკვევა, ტურბინა ყოველწლიურად 96,000 ადამიანისთვის საკმარის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პატარა მოდელების მაგივრად მისი გამოყენება შეამცირებს როგორც პროექტით გათვალისწინებული დასამონტაჟებელი ტურბინების რაოდენობას, ასევე შეამცირებს პროექტის განხორციელების ხარჯებსაც.
საინტერესოა, რომ Ming Yang Smart Energy Group-ის მიერ „ოფშორული ბეჰემოთის“ დაანონსებამდე ერთი კვირით ადრე, კომპანიის ისტორიაში რეკორდული სიდიდის ტურბინის გამოშვების შესახებ განცხადება გააკეთა China State Shipbuilding Corp-მა. ორივე კომპანიის ქარის ტურბინა შექმნილია 18 მეგავატი სიმძლავრის ენერგიის გამოსამუშავებლად, თუმცა China State Shipbuilding Corp-ის ქარის ტურბინის ფრთები შედარებით უფრო პატარაა, ვიდრე მისი კონკურენტი ფირმის შემთხვევაში.
Ming Yang-მა გასულ კვირას მისი პირველი 16-მეგავატიანი სიმძლავრის ტურბინაც წარადგინა, რომელიც ასევე რეკორდული ზომის იყო 2021 წლის აგვისტოსთვის, შესაბამისად იმ დროისთვის, როდესაც მისი გამოშვება პირველად დაანონსდა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ქარის ელექტროენერგიის უმსხვილესი ბაზარია მსოფლიოში. ქვეყნის ტურბინების მწარმოებლებმა კი მოთხოვნის ზრდა უფრო დიდი ზომისა და დახვეწილი ქარხნების ასაშენებლად გამოიყენეს. შედეგად, ჩინეთის ქარხნები კონკურენტუნარიანი გახდა ისეთი ევროპული და ამერიკული კომპანიებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, Vestas Wind Systems A/S-ი და General Electric Co.
დატოვე კომენტარი