გასულ კვირას, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კლიმატური მიზნების მისაღწევად რამდენიმე მნიშვნელოვანი დაფინანსება დაანონსდა. ერთ-ერთი კლიმატის დამცველ აქტივისტებს შორის საკმაოდ სადავო საკითხს, ბირთვულ ენერგიას შეეხება. მიუხედავად რადიოაქტიური ნარჩენების რისკებისა, რაზეც კლიმატის დამცველები აქტიურად მიუთითებენ, ქვეყანათა ნაწილი ბირთვულ ენერგიას სუფთა ენერგიაზე გადასვლისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს.
სწორედ ამ მიზეზით, გასულ კვირას ბაიდენის ადმინისტრაცია, ბირთვული ელექტროსადგურების მუშაობის გასახანგრძლივებლად, $1.2-მილიარდიანი დაფინანსების შეთავაზებით გამოვიდა. შტატების კიდევ ერთი სიახლე კი სასოფლო და ტომობრივ დასახლებებს შეეხებათ, რომელთათვისაც სუფთა ენერგიაზე წვდომის გასაზრდელად ქვეყანა $315 მილიონს გამოყოფს. ქვეყნების მიერ გაწეულ ძალისხმევებს შორის უნდა აღინიშნოს მაკრონის გადაწყვეტილებაც, რომლის ფარგლებშიც ტყის დაცვის ახალი გლობალური სქემისთვის 50 მილიონი ევრო გამოიყოფა.
თუმცა, მიუხედავად ქვეყნების მხრიდან განხორციელებული აქტივობებისა, გასულ წელს, CO2-ის ემისიები გლობალურად რეკორდულ დონემდე გაიზარდა. წიაღისეული საწვავისგან ემისიების ზრდა კვლავ შესამჩნევია, რაც მსოფლიოსთვის დასახული კლიმატური მიზნების შესრულების ხელშემშლელი ფაქტორია.
სასოფლო დასახლებებში სუფთა ენერგიაზე წვდომის გასაზრდელად აშშ $315 მილიონს გამოყოფს
ამერიკის შეერთებული შტატების სასოფლო და ტომობრივი დასახლებები, სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიის წყაროების შესაქმნელად $300 მილიონზე მეტს მიიღებენ. დაფინანსების შესახებ განცხადება აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა გააკეთა.
2021 წელს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი ორპარტიული ინფრასტრუქტურული კანონმდებლობის ფარგლებში, 10,000-ზე ნაკლები მცხოვრებლისგან შემდგარი თემებისთვის, $300 მილიონი გამოიყო. დამატებით $15 მილიონი საპრიზო კონკურსისთვის განისაზღვრა, რომლის მიზანი ახალი ენერგეტიკული სისტემების შექმნის წახალისებაა.
შედეგად, აშშ-ის ენერგეტიკული დეპარტამენტის ინფორმაციით, თემებს ერთობიექტიანი სადემონსტრაციო პროექტებისთვის საჭირო ფედერალური ხარჯებისთვის $5 მილიონიდან $10 მილიონამდე დაფინანსების მისაღებად, განაცხადის წარდგენა შეუძლიათ. ხოლო მრავალთემობრივი პროექტებისთვის, რომელთა მიზანიც ენერგიის ხელმისაწვდომობის ზრდა და კლიმატური მდგრადობის გაძლიერებაა, დაფინანსების მოცულობა $100 მილიონამდეც იზრდება.
„აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი გააორმაგებს ძალისხმევას, რათა ყველა ამერიკელს – განსაკუთრებით სასოფლო დასახლებებსა და შორეულ რაიონებში მცხოვრებს – შეეძლოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ხარჯების დაზოგვის სარგებლის მიღება, რაც, თავის მხრივ, სუფთა ენერგიის მომავალზე გადასვლის თანამდევია“, – განაცხადა ენერგეტიკის მდივანმა ჯენიფერ გრანჰოლმმა. დაახლოებით ექვსი ამერიკელიდან ერთი სასოფლო ან შორეულ თემებში ცხოვრობს, სადაც მოსახლეობას ძირითადად არაპროპორციულად მაღალი ენერგოგადასახადებისა და არასაიმედო ენერგომომსახურების პრობლემები აწუხებს.
ენერგიის სტაბილური მიწოდების ნაკლებობა კი ხშირად მსგავსი საზოგადოებისთვის ეკონომიკური განვითარების ბარიერს წარმოადგენს. დაფინანსების მიზანიც მათი შესაბამისი პროექტებით უზრუნველყოფაა, რომლებიც გადაცემისა და განაწილების ელექტროქსელების განახლებას, არსებული ელექტროწარმოების ობიექტების მოდერნიზაციასა და ენერგოეფექტიანობის გაზრდას ითვალისწინებს.
დაფინანსება ცხრა გეოგრაფიულ რეგიონზე გადანაწილდება. თითოეული რეგიონისთვის კლიმატური მდგომარეობა და ენერგიაზე წვდომასთან დაკავშირებული საკითხები განსხვავებული იქნება. პროექტები კონკრეტულ გეგმებს უნდა შეიცავდეს, რაც დაზარალებულ თემებში შეღავათების თანაბრად გადანაწილებას შეუწყობს ხელს.
ბირთვული რეაქტორების მუშაობის გასახანგრძლივებლად ბაიდენი $1.2-მილიარდიანი დაფინანსების შეთავაზებით გამოდის
გასულ კვირას, ბაიდენის ადმინისტრაცია, ბირთვული ელექტროსადგურების მუშაობის გასახანგრძლივებლად, $1.2-მილიარდიანი დაფინანსების შეთავაზებით გამოვიდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გეგმით, პირველად დაფინანსება მუშაობის აღსადგენად, უახლოეს წარსულში დახურულ ელექტროსადგურებსაც შეეხება.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ბირთვულ ენერგიას ნახშირბადისგან თავისუფალი ელექტროენერგიის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ მიიჩნევს, რომლის შენარჩუნება და განვითარებაც აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ 2035 წლისთვის ქვეყანას 100%-ით სუფთა ელექტროენერგიის მიზნის მიღწევა სურს.
მიუხედავად ამისა, 2013 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში ათობით რეაქტორი დაიხურა, რაც ძირითადად უსაფრთხოების ხარჯების ზრდამ და ქარის, მზისა და იაფი ბუნებრივი აირის წყაროებით მიღებულ ენერგიასთან მზარდმა კონკურენციამ გამოიწვია. შედეგად, აშშ-ში ამჟამად ჯამში 92 ბირთვული რეაქტორია.
თუმცა ბირთვულ ენერგიას კრიტიკოსთა დიდი ჯგუფიც ჰყავს. მოწინააღმდეგეები ძირითადად ქვეყნის მასშტაბით ელექტროსადგურების მუშაობის შედეგად წარმოქმნილ რადიოაქტიურ ნარჩენებზე მიუთითებენ, რომლებიც რისკის შემცველია როგორც ადამიანთა ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის.
დაფინანსება 2021 წელს, ინფრასტრუქტურული კანონმდებლობის ფარგლებში შექმნილი „სამოქალაქო ბირთვული საკრედიტო პროგრამიდან“ გამოიყოფა, რომლის მოცულობაც $6 მილიარდს უტოლდება. დაფინანსებას აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი გადაანაწილებს.
პროგრამის დაფინანსების მეორე რაუნდში, ფინანსები ხელმისაწვდომია იმ ელექტროსადგურებისთვის, რომლებიც უახლოეს წლებში დახურვის რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან და მათთვისაც, რომლებმაც მუშაობა 2021 წლის ნოემბრის შემდგომ შეწყვიტეს. შედეგად, დაფინანსება მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას უფრო მეტ ბირთვულ ელექტროსადგურს მისცემს.
დაფინანსებაზე განაცხადის გაკეთება მიჩიგანის Palisades-ის ელექტროსადგურსაც შეეძლება, რომელიც გასული წლის მაისში, დაგეგმილზე ორი კვირით ადრე, გაგრილების სისტემაში გაჟონვის აღმოჩენის შემდგომ დაიხურა. ელექტროსადგურის ამჟამინდელმა მფლობელმა Holtec International-მა დაფინანსების პირველი რაუნდისთვის ენერგეტიკის დეპარტამენტს მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
მიუხედავად უარყოფისა, გასულ თვეში Holtec-მა, რომელსაც $1 მილიარდზე მეტი სჭირდებოდა Palisades-ის ხელახალი გახსნისთვის, ენერგეტიკის დეპარტამენტის სესხების პროგრამის ოფისიდან დაფინანსების სხვა წყაროს მიმართა. Holtec-მა ელექტროსადგურის მუშაობის აღდგენას აუცილებლად მოსახდენი მოვლენა უწოდა, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მომავლის ენერგიის იდეის მიღწევისთვის.
შრი-ლანკის საინვესტიციო საბჭომ Adani Green-ის $442-მილიონიანი ქარის ელექტროსადგურის გეგმა დაამტკიცა
შრი-ლანკის საინვესტიციო საბჭომ, გასულ კვირას, ინდოეთის Adani Green Energy-ის მიერ წარდგენილი ქარის ორი ელექტროსადგურის გეგმა დაამტკიცა, რომელთა საერთო ინვესტიცია $442 მილიონს უტოლდება. ინფორმაციას თავად საინვესტიციო საბჭო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, 350 მგვტ სიმძლავრის მქონე ელექტროსადგურები ექსპლუატაციაში დაახლოებით ორ წელიწადში შევა და, შესაბამისად, ეროვნულ ქსელს 2025 წლისთვის დაემატება. ცნობისთვის, Adani Green Energy, Adani Group-ში დალისტული შვიდი კომპანიიდან ერთ-ერთია და უშუალოდ განახლებადი ენერგიის მიმართულებით ოპერირებს.
შრი-ლანკისთვის საკმარისი რაოდენობით თერმული და ქვანახშირის ენერგიის წარმოება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, რაც მის მთავრობას აიძულებს, განახლებადი ენერგიის პროექტების ორგანიზება რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს. ორი კვირის წინ ენერგიის ფასები კუნძულზე 66%-ით გაიზარდა, ვინაიდან ქვეყანა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებული $2.9 მილიარდის ვალის დაფარვას ცდილობს.
თითქმის უკვე შვიდ ათწლეულზე მეტია, რაც შრი-ლანკა მისთვის ყველაზე რთული ფინანსური კრიზისიდან თავის დაღწევას ცდილობს. შრი-ლანკის საინვესტიციო საბჭოს განცხადებით, Adani-ის ქარის ელექტროსადგურების პროექტი 1,500-დან 2,000-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ამავდროულად კი კუნძულოვანი სახელმწიფო მისი ჩრდილოეთიდან სამხრეთ ინდოეთში განახლებადი ენერგიის ექსპორტის შესაძლებლობებსაც განიხილავს.
Adani-ის ოფიციალური წარმომადგენლების ჯგუფი მრავალჯერადი პროექტების შესაფასებლად კოლომბოში იმყოფება. კონგლომერატი შრი-ლანკის უდიდეს პორტში $700 მილიონის ღირებულების ტერმინალის პროექტის მშენებლობაშიც იღებს მონაწილეობას.
Adani Group-ი ინდოელი მილიარდერის, გაუტამ ადანის საკუთრებაა. გასულ თვეში Hindenburg Research-მა ადანის კომპანიები „ათწლეულების განმავლობაში აქციებით მანიპულირებასა და ბუღალტრულ თაღლითობასთან დაკავშირებულ სქემაში“ მონაწილეობაში დაადანაშაულა. შედეგად, Adani Group-ში დალისტული შვიდი კომპანიის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $125 მილიარდით შემცირდა.
მაკრონი ტყის დაცვის ახალი გლობალური სქემისთვის $53 მილიონს გამოყოფს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახალი გლობალური სქემისთვის, რომელიც ქვეყნებს ტყეებისა და ბიომრავალფეროვნების დასაცავად წაახალისებს, 50 მილიონი ევროს ($53 მილიონი) გამოყოფის პირობა დადო. პრეზიდენტმა მსოფლიოს გლობალური კლიმატური ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო კონკრეტული ქმედებების განხორციელებისკენაც მოუწოდა.
დაფინანსების შესახებ განცხადება მაკრონმა გაბონში გამართული ორდღიანი სამიტის, One Forest-ის დასასრულს გააკეთა. სამიტზე ქვეყნებმა გასული წლის COP27-ის კლიმატური კონფერენციის შემდგომ მიღწეული პროგრესი შეაფასეს და მსოფლიო მასშტაბით ტყეების შენარჩუნებისა და მდგრადი მენეჯმენტის მიზნები განაახლეს. საფრანგეთის დაფინანსება 100 მილიონი ევროს მოცულობის ერთობლივი ვალდებულების ნაწილია იმ ქვეყნების დასაჯილდოებლად, რომელთაც საკუთარი ტყეების დაცვა და აღდგენა მეცნიერულად დაამტკიცეს.
მაკრონის განცხადებით, სქემა კვლევით იქნება გამყარებული, რომელიც ტყეების ღირებულებების უკეთ გაგებას შეუწყობს ხელს – ნახშირბადის რეზერვების, ბიომრავალფეროვნებისა და ნახშირბადის სეკვესტრის დონის რუკების შედგენით ამაზონში, აფრიკისა და აზიის ტერიტორიებზე. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში რიგით მეორე უდიდესი ტროპიკული ტყე, კონგოს აუზი, რომელიც „აფრიკის ფილტვების“ სახელითაა ცნობილი, თითო ჰექტარზე უფრო მეტ ნახშირბადს ინახავს, ვიდრე ამაზონი, რაც თავის მხრივ ტემპერატურის რეგულირებასა და წვიმის წარმოქმნას უწყობს ხელს.
მაკრონის თქმით, ახალი მექანიზმი ნახშირბადის კრედიტების სქემასთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებსაც მიემართება, რომლის ფარგლებშიც ქვეყნები, როგორიცაა, მაგალითად, გაბონი, შედარებით ხელშეუხებელი ტყეებით, ისეთივე კომპენსაციას არ იღებენ, როგორსაც ის ქვეყნები, რომელთაც გაჩეხილი ტყეების გამო ხეების დარგვა უწევთ. „ეს, ცოტა არ იყოს, აბსურდია“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი მაკრონი გაბონის დედაქალაქის გარეუბანში ტროპიკულ ტყესაც ეწვია. აღსანიშნავია, რომ მაკრონი, პრეზიდენტის რანგში, ანგოლაში, კონგოს რესპუბლიკასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პირველად იმყოფებოდა. სამიტის დახურვისას გაბონის პრეზიდენტმა ალი ბონგომ შეხვედრის შედეგები, ისევე როგორც მომავალი კლიმატის კონფერენციის პერსპექტივები დადებითაც შეაფასა. „ჩვენ შევიმუშავეთ ჯანსაღი გეგმა, რომელიც COP28-ს ისეთ წარმატებულს გახდის, როგორიც თავადვე გვსურს, რომ იყოს“, – დასძინა ბონგომ.
Mercedes-Benz-ი გერმანიაში ბატარეების გადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს
Mercedes-Benz-მა სამხრეთ გერმანიაში, კერძოდ ქალაქ კუპენჰაიმში ბატარეების გადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. საპილოტე ქარხნის წლიური ტევადობა 2,500 ტონა იქნება, რაც Mercedes-Benz-ის ახალი ელექტრომანქანებისთვის 50,000-ზე მეტი ბატარეის მოდულის წარმოებას უზრუნველყოფს.
წარმოების მოცულობა, საპილოტე პროექტის შედეგებზე დაყრდნობით, შესაძლოა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო გაიზარდოს. ქარხნის პირველი ეტაპის – მექანიკური დემონტაჟის – ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წლის დეკემბერში იგეგმება. საჯარო სექტორთან კომუნიკაციით, ქარხანის შენება რამდენიმე თვის შემდგომ დასრულდება.
კუპენჰაიმის ქარხანა მზისა და მწვანე ელექტროენერგიით CO2-ნეიტრალურ ოპერაციებს უკვე ახორციელებს. გერმანული ავტომწარმოებლის მშენებლობა ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი პროექტის ფარგლებში ფინანსდება.
„ჩვენ ბადენ-ვიურტემბერგსა და გერმანიაში მდგრადი ელექტრომობილურობისთვის ინოვაციური სიძლიერის მნიშვნელოვან სიგნალს ვგზავნით“, – თქვა იორგ ბურცერმა, Mercedes-Benz-ის მართვის საბჭოს წევრმა წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში.
გერმანული ავტომწარმოებლის წამოწყებას მიესალმა ბადენ-ვიურტემბერგის გარემოს დაცვის, კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრი ტეკლა უოლკერი და Mercedes-Benz-ს წრიული ეკონომიკის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა. „ქარხნის მშენებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ნედლეულზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო, რომელზედაც საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. ასეთია, მაგალითად, ნიკელი, კობალტი და ლითიუმი.
2022 წელს CO2-ის ემისიები გლობალურად რეკორდულ დონემდე გაიზარდა
გასულ წელს CO2-ის ემისიები გლობალურად რეკორდულ დონემდე გაიზარდა, წიაღისეული საწვავის მოხმარების გაგრძელებამ კი მსოფლიო კვლავ გლობალური დათბობის საფრთხის გზაზე დააყენა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებით, 2022 წელს ენერგიასთან დაკავშირებული ემისიები 0.9%-ით გაიზარდა და 36.8 მილიარდ მეტრიკულ ტონას გადააჭარბა.
საინტერესოა, რომ აღნიშნული ზრდის პარალელურად, ევროპასა და ჩინეთში ინდუსტრიული წარმოება მნიშვნელოვნად შემცირებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ IEA-ის აღმასრულებელი დირექტორის, ფათიჰ ბიროლის განცხადებით, ენერგოკრიზისის გავლენას, გლობალური ემისიების მნიშვნელოვანი ზრდა, როგორც ამას თავიდან ვარაუდობდნენ, სულაც არ მოჰყოლია. მიუხედავად ამისა, წიაღისეული საწვავისგან ემისიების ზრდა კვლავ შესამჩნევია, რაც მსოფლიოსთვის, დასახული კლიმატური მიზნების შესრულების ხელისშემშლელი ფაქტორია.
ევროკავშირში ემისიები გასულ წელს 2.5%-ით შემცირდა, რაც უმეტესწილად ზამთარში უჩვეულოდ თბილი ამინდებისა და მზარდი ენერგოფასების გავლენით, ინდუსტრიების მიერ წარმოების შეჩერების დამსახურებაა. 2022 წელს 0.2%-ით ემისიები შემცირდა მსოფლიოს უმსხვილეს დამბინძურებელ ჩინეთშიც. ქვეყანაში ენერგომოხმარება სუსტი ეკონომიკური ზრდის, მშენებლობების შეფერხებისა და კოვიდის გავრცელების პრევენციისთვის მიღებული ზომების შედეგად შემცირდა.
თუმცა ემისიები 0.8%-ითაა გაზრდილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძირითადად სამშენებლო სექტორის ზრდისა და წლის დასაწყისში დაფიქსირებული განსაკუთრებით ცივი ამინდების გავლენით, რამაც მოსახლეობას გათბობის მოხმარების ზრდისკენ უბიძგა. გასულ წელს ემისიების ზრდის უდიდესი ნაწილი აზიის განვითარებად ბაზრებსა და ეკონომიკაზე მოდის. რეგიონში კი ზრდის ნახევარზე მეტი ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებზე მოდის.
საერთო ჯამში, ექსტრემალურმა ამინდმა, გასული წლის ემისიების ზრდის თითქმის მეხუთედი გამოიწვია. აქედან ორი მესამედი კი გაგრილების საშუალებების გამოყენებაზე მოდის, რაც კლიმატური დათბობით გამოწვეული სიცხის ტალღების გაძლიერებითა და გახშირებით შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
დატოვე კომენტარი