გასულ კვირას ევროკავშირმა „გრინვოშინგთან“ საბრძოლველად ობლიგაციების გამოშვების წესდება მიიღო. ევროკავშირის გადაწყვეტილება მსოფლიოში პირველია და ანალოგი არა აქვს. შედეგად, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა ერთობლივად შეათანხმა სტანდარტები, რომლებიც გამოყენებული იქნება იმ კომპანიებისთვის, რომელთაც ტერმინ „ევროპული მწვანე ობლიგაციების“ (EuGB) გამოყენება სურთ. ძალაში შესვლის შემდგომ, წესები ევროკავშირს წმინდა ნულოვანი ემისიის გეგმის მიღწევაში დაეხმარება.
დაფინანსების კიდევ ერთი ეტაპი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამჟამად მძიმე ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეეხო. მძიმე ინდუსტრიების დეკარბონიზაციის პროექტების დასაჩქარებლად, ბაიდენის ადმინისტრაცია გრანტების სახით $6 მილიარდის გაცემას გეგმავს. ბატარეების რვა ახალი ქარხნის დაფინანსების ინიციატივით კი გაერთიანებული სამეფოს ლეიბორისტული პარტია გამოვიდა, რომლის წარმომადგენლების აზრითაც ქვეყანამ, აშშ-ისა და ევროკავშირის კონკურენციის ფონზე, ელექტრომობილების წარმოების გაძლიერება უნდა დაიწყოს.
თუმცა, მიუხედავად ქვეყნების მცდელობებისა, გლობალური დათბობა „თავისას“ განაგრძობს. წელს ევროპაში მეორე ყველაზე თბილი ზამთარი დაფიქსირდა, რომელიც მხოლოდ 2019-2020 წლების ზამთარს ჩამორჩება. ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილებების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები კარგად აჩვენებს გლობალური დათბობის გავლენას სეზონებზე.
„გრინვოშინგთან“ საბრძოლველად EU-მ მსოფლიოში პირველი ობლიგაციების გამოშვების წესდება მიიღო
გასულ კვირას ევროკავშირმა ორგანიზაციის წმინდა ნულოვანი მიზნების მისაღწევად, მწვანე ობლიგაციების გამოშვებაზე შეთანხმებას მიაღწია. შედეგად, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა ერთობლივად შეათანხმა სტანდარტები, რომლებიც გამოყენებული იქნება იმ კომპანიებისთვის, რომელთაც ტერმინ „ევროპული მწვანე ობლიგაციების“ (EuGB) გამოყენება სურთ. ევროკავშირის მიერ მიღებულ წესდებას მსოფლიო მასშტაბით ანალოგი არა აქვს, თუმცა მას ნებაყოფლობითი ხასიათი ექნება.
ამჟამად ინვესტორებს მწვანე ობლიგაციებთან დაკავშირებით ეროვნული პრაქტიკის სიმრავლესთან უწევთ გამკლავება, რომელთა ერთმანეთთან შედარებაც რთულია. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ნორმებისთვის სავალდებულო სტატუსის მინიჭების მცდელობა ჩაიშალა. წესდება ინვესტორებს მაღალი ხარისხის მწვანე ობლიგაციებისა და კომპანიების იდენტიფიცირების საშუალებას მისცემს, რითაც შეამცირებს „გრინვოშინგს“ და გაზვიადებულ ეკომეგობრულ განცხადებებს.
„დღეს ევროკავშირმა მწვანე ობლიგაციების შესახებ მსოფლიოში პირველი რეგულაციის მიღებით, ამ მასიური ბაზრის გამწვანებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა“, – აღნიშნა დეპუტატმა პოლ ტანგმა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. მწვანე ობლიგაციების ბაზარმა 2021 წელს პირველად, ნახევარი ტრილიონის ნიშნული გადალახა, რომლის ნახევარიც სწორედ ევროპაზე მოდის. მიუხედავად ამისა, ევროპარლამენტის ინფორმაციით, მწვანე ობლიგაციების გამოშვება მათი სრული რაოდენობის მხოლოდ 3-3,5%-ს შეადგენს.
ინვესტიციები უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის ტაქსონომიას – სახელმძღვანელოს მდგრადი პროექტების შესახებ. ევროპის ფინანსური ბაზრების ასოციაციის განცხადებით (AFME), ახალი სტანდარტები არსებულ ნორმებს უფრო სრულყოფილს გახდის, თუმცა ტაქსონომიის ეფექტიანობისთვის მეტი მუშაობაა საჭირო. თავის მხრივ ევროკავშირმა ტაქსონომიის პრაქტიკაში გამოყენების შესახებ ინსტრუქციების გაცემის პირობა დადო.
წესები ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების გამოყენების შესახებ გამჭვირვალე საანგარიშგებო პროცესსაც აყალიბებს და გარე მიმომხილველების მიერ ობლიგაციის მწვავე სტატუსის მინიჭების პროცესსაც არეგულირებს. მწვანე ობლიგაციების გამოშვებისას, კომპანიებს წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევის გეგმებთან თავიანთი შესაბამისობის დამტკიცება მოუწევთ. ამჟამად ევროკავშირის სახელმწიფოებმა და პარლამენტმა ოფიციალურად უნდა დაამტკიცონ შეთანხმება, რომლის გამოყენებაც ძალაში შესვლიდან ერთ წელიწადში დაიწყება.
აშშ მძიმე ინდუსტრიებს დეკარბონიზაციისთვის $6 მილიარდის გრანტებს გადასცემს
მძიმე ინდუსტრიების დეკარბონიზაციის პროექტების დასაჩქარებლად, ამერიკის შეერთებული შტატები $6 მილიარდის ღირებულების გრანტების გაცემას გეგმავს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დაფინანსება შეეხება ისეთ ინდუსტრიებს, რომლებიც ფოლადს, ალუმინსა და ცემენტს აწარმოებენ და აშშ-ის სათბური აირების ემისიის თითქმის 25%-ს წარმოქმნიან.
„სამრეწველო დემონსტრაციების პროგრამა“ კონკურენტულ გრანტებს ტექნოლოგიური დეველოპერებისთვის, ინდუსტრიისთვის, უნივერსიტეტებისა და სხვა სახის ბენეფიციარებისთვის უზრუნველყოფს. ენერგეტიკის დეპარტამენტის (DOE) ინფორმაციით, გრანტები იმ პროექტების ხარჯების 50%-ს დააფინანსებს, რომელთა მიზანიც ისეთი ინდუსტრიებიდან ემისიების აღმოფხვრაა, როგორიც, მათ შორის, ქიმიკატების, კერამიკისა და ქაღალდის წარმოებაა. პროგრამა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გეგმის მიზანია, რომელიც 2050 წლისთვის აშშ-ის ეკონომიკის სრულად დეკარბონიზაციას ითვალისწინებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მდივან ჯენიფერ გრანჰოლის განცხადებით, პროგრამა ხელს შეუწყობს როგორც დაბინძურების შემცირებას, ასევე ამერიკული წარმოების კონკურენტუნარიანობის გამყარებას. „დეკარბონიზაციის ტექნოლოგიები ისაა, რაც ჩვენ ჯერ უნდა ვისწავლოთ, შემდეგ კი განვავითაროთ და გავაფართოოთ“, – განაცხადა გრანჰოლმა ჰიუსტონში გამართულ CERAWeek-ის კონფერენციაზე პროგრამის შესახებ, რომელიც არსებულ და ახალ ობიექტებში პროექტების დაფინანსებას ისახავს მიზნად.
მძიმე ინდუსტრიების დეკარბონიზაციის დასაჩქარებლად დაფინანსება 2021 წელს ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი ინფრასტრუქტურის კანონპროექტისა და გასულ წელს დამტკიცებული ინფლაციის აქტის ფარგლებში გაიცემა. პროგრამამ გარემოსდაცვითი ჯგუფების მხარდაჭერა უკვე მოიპოვა, რომელთაც მოუწოდეს DOE-ს, გამოყოს რესურსების მინიმუმ 40% იმ დასახლებებთან მდებარე ობიექტებისთვის, რომლებიც მძიმე ინდუსტრიებიდან სოციალურ და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ გავლენას განიცდიან.
„ახალი დაფინანსება აშკარა შესაძლებლობაა ამერიკის პირველადი ფოლადის წარმოების მოდერნიზებისთვის, კლიმატისა და ჯანმრთელობისთვის მავნე დაბინძურების შესამცირებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად“, – განაცხადა Industrious Labs-ის ფოლადის სექტორის დირექტორმა ჰილარი ლუისმა და დასძინა, რომ დღეს ინვესტიციების განხორციელების გარეშე, ხვალ ინდუსტრია მწვანე ფოლადის რბოლაში მნიშვნელოვნად ჩამორჩება“.
გაერთიანებული სამეფოს ლეიბორისტულ პარტიას ბატარეების ქარხნისთვის £2 მილიარდის გამოყოფა სურს
კიარ სტარმერის ლეიბორისტულ პარტიას, ბატარეების რვა ახალი ქარხნის დასაფინანსებლად, £2 მილიარდის გამოყოფა სურს. საყოველთაო არჩევნებში გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, ოპოზიციური პარტია თანხის გაღებას სამთავრობო ფულადი სახსრებიდან გეგმავს.
ლეიბორისტების განცხადებით, მათი სტრატეგია ახალი, ეგრეთ წოდებული გიგაფაქტორების ნაწილობრივი დაფინანსების შესახებ, დაახლოებით 2 მილიონ მანქანას ენერგიით უზრუნველყოფს, ეკონომიკური ზრდას კი £30 მილიარდით დაეხმარება. აღსანიშნავია ისიც, რომ ლეიბორისტების განცხადება ორი თვის თავზე გაკეთდა მას შემდეგ, რაც EV-ბატარეების მიმწოდებელი Britishvolt-ი, რომელიც ჩრდილოეთ ინგლისში უზარმაზარი £3.8-მილიარდიანი ქარხნის მშენებლობას გეგმავდა – ადმინისტრაციაში გადავიდა.
ცნობისთვის, როდესაც კომპანია ადმინისტრაციაში გადადის, შედის სამართლებრივ პროცესში (1986 წლის კანონი გადახდისუუნარობის შესახებ) ადმინისტრაციის ერთ-ერთი დადგენილების მიღწევის მიზნით. ეს შესაძლოა იყოს სიცოცხლისუნარიანი ბიზნესის გადარჩენა, რომელიც ფულად ნაკადებთან დაკავშირებული პრობლემებიდან გამომდინარე გადახდისუუნაროა.
ოპოზიციური პოლიტიკა პრემიერ რიში სუნაკის კონსერვატიულ მთავრობაზე ზეწოლას აძლიერებს. მიზანი მთავრობის მხრიდან გეგმის ჩამოყალიბებაა, რომელიც მხარს დაუჭერს გაერთიანებული სამეფოს ელექტრომანქანების ინდუსტრიას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა სათბური აირების ემისიების წმინდად აღმოფხვრას 2050 წლისთვის განიხილავს.
ბევრი შიშობს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კანონი მწვანე ინდუსტრიების მხარდაჭერასა და საგადასახადო შეღავათებზე, ევროპიდან აშშ-სკენ ინვესტორთა გადინების წინაპირობად იქცევა. ამის თავიდან ასაცილებლად კი, თავის მხრივ, ევროკავშირიც ამზადებს გარკვეულ ზომებს საკუთარი ინდუსტრიების წასახალისებლად.
მინისტრები „რბოლას აგებენ აქ, ბრიტანეთში ელექტრომობილების რევოლუციის დასაწყებად“, – აცხადებენ ლეიბორისტულ პარტიაში და ინდუსტრიის „ტურბოდამუხტვის“ პირობასაც დებენ. „ჩვენ ბატარეების რვა ახალ ქარხანაში ინვესტიციებს ჩავდებთ და შევამცირებთ ზედმეტად მაღალ ელექტროხარჯებს, რაც აფერხებს ბრიტანულ ინდუსტრიას ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევის გეგმებში. გარდა ამისა, დაჩქარდება ელექტრომობილების დასატენი პუნქტების განთავსების პროცესი, რაც მძღოლებს ელექტრომობილებზე გადასვლისთვის ნდობას გაუმყარებს“.
Financial Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Jaguar Land Rover-ის მფლობელი Tata Motors-ი გაერთიანებულ სამეფოში ბატარეის ახალი ქარხნისთვის £500 მილიონის ოდენობით მთავრობის დახმარებას ითხოვს. ავტომწარმოებელს არჩევანის გაკეთება გაერთიანებულ სამეფოსა და ესპანეთს შორის უწევს. ლეიბორისტთა გაფრთხილებით, მსგავსი გეზით, გაერთიანებულ სამეფოს 2025 წლისთვის გერმანიის მეათედზე, ხოლო აშშ-ის ბატარეის სიმძლავრის 30-ჯერ ნაკლები სიმძლავრე შეიძლება ჰქონდეს.
ევროპაში მეორე ყველაზე ცხელი ზამთარი დაფიქსირდა
დეკემბრისა და თებერვლის ჩათვლით, საშუალო ტემპერატურა 1.4 გრადუსი ცელსიუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს. სეზონისთვის უჩვეულო სიცხემ 2021-2022 წლები ევროპისთვის მეორე ყველაზე თბილ ზამთრად აქცია, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა და ის მხოლოდ 2019-2020 წლების ზამთარს ჩამორჩება.
ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილებების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები კარგად აჩვენებს გლობალური დათბობის გავლენას სეზონებზე. გვიანი დეკემბრისა და ადრეული იანვრის პერიოდში კონტინენტის ნაწილი ზამთრის სიცხემ მოიცვა. რამდენიმე სათხილამურო კურორტი იძულებულიც კი გახდა, დროებით დახურულიყო. ტემპერატურის რეგიონული რეკორდები დაემხო რამდენიმე ქვეყანაში. მაგალითად, შვეიცარიაში, ალპების ჩრდილოეთით, ზამთრისთვის ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 19.4 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა, ჩრდილოეთ ირლანდიაში ტემპერატურამ 25 გრადუსსაც მიაღწია.
ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალი იყო აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ სკანდინავიაში. მაღალი ტემპერატურები მშრალ ამინდებსაც დაემთხვა, რომლებიც თებერვლამდე გაგრძელდა. „2023 წლის თებერვალში, დასავლეთ და სამხრეთ ევროპის უდიდეს ნაწილში საშუალოზე მშრალი კლიმატური პირობები დაფიქსირდა, რამდენიმე რეგიონში შეინიშნებოდა ნიადაგის ტენიანობის განსაკუთრებით დაბალი დონეც“, – ნათქვამია კოპერნიკის ცენტრის ანალიზში.
იტალიაში, ტბა გარდას წყლის დონე წელიწადის ამ დროის საშუალოზე 65 სანტიმეტრით დაბალია. განსაკუთრებითაა შემცირებული მდინარე პოს წყლების, ასევე მაჯორესა და კომოს ტბების წყლის დონე. გლობალური დათბობა კი ტემპერატურას მსოფლიო მასშტაბით ზრდის და ევროპა ამ მხრივ გამონაკლისი ნამდვილად არაა. ადამიანის საქმიანობით გამოწვეული დათბობა პრეინდუსტრიამდელ საშუალო მაჩვენებელზე მაღალია და 2017 წელს დაახლოებით 1 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. 2024 წლისთვის აღნიშნული ციფრი, სავარაუდოდ, 1.5 გრადუსამდე გაიზრდება.
საშუალო ტემპერატურის მატებასთან ერთად, პოლუსებზე ყინული დნება. კოპერნიკის ცენტრის მონაცემებით, ანტარქტიდის ზღვის ყინული თებერვლის საშუალო მაჩვენებელზე 34%-ით შემცირდა – ყველაზე დაბალი დონე აღრიცხვის დაწყების შემდეგ. კოპერნიკის ცენტრის გაფრთხილებით, მსგავსმა ფაქტორებმა შესაძლოა, ყინულის შეუქცევადი დნობა და, შედეგად, გლობალურად ზღვის დონის მატება გამოიწვიოს.
ტაილანდის გეგმით, მწვანე და ტექნოლოგიურ სექტორში $57 მილიარდის ინვესტირება განხორციელდება
ტაილანდის გეგმით, 2030 წლისთვის მწვანე და ტექნოლოგიურ სექტორში, ადგილობრივი და უცხოური კომპანიებისგან, $57 მილიარდის ინვესტირება განხორციელდება. ინვესტირება შეეხება ისეთ სექტორებს, როგორიცაა ელექტრომანქანები, „ჭკვიანი“ ელექტრონიკა და ტექნოლოგიები, რათა ათწლეულის ბოლომდე ქვეყანაში მწვანე და მდგრადი ეკონომიკა განვითარდეს.
საინვესტიციო საბჭოს განცხადებით, ახალი ინვესტიციების წყალობით, ტაილანდში შესაძლოა 625,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნას, რაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს $48 მილიარდს შემატებს. სააგენტო პოტენციურ ინვესტორებთან ხუთი მიზნობრივი ინდუსტრიის პოპულარიზაციას გეგმავს, მათ შორისაა ელექტრომანქანების, ბიოცირკულარული და მწვანე, ინოვაციებისა და ჭკვიანი ელექტრონიკის ინდუსტრიები“. სწორედ აღნიშნულმა პრიორიტეტულმა სექტორებმა, 2020-2022 წლებში, $17 მილიარდზე მეტი მოიზიდეს.
ტაილანდის სავაჭრო წარმომადგენელ ჩაიოტიდ კრიდაკონის განცხადებით, ავტომობილებში გამოსაყენებელი ჩიპების მწარმოებელი ტაივანელი და ამერიკელი ინვესტორები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, კომპანიების იდენტიფიცირების გარეშე, ინვესტიციების განხორციელებისკენ მიისწრაფვიან.
ცნობისთვის, ჩინური ავტომწარმოებელი გიგანტი BYD-ი, გერმანულ Mercedes-Benz-თან ერთად იმ კომპანიებს შორისაა, რომლებიც ტაილანდში ელექტრომანქანების წარმოებას გეგმავენ. ტაილანდი კი სამხრეთ აზიაში ავტოწარმოების უმსხვილესი ცენტრია, რომელსაც ხშირად „აზიის დეტროიტს“ უწოდებენ.
ტაილანდს საავტომობილო მიწოდების ყოვლისმომცველი ჯაჭვი აქვს, რომელიც მათ შორის მსოფლიოს ისეთი უმსხვილესი ავტომწარმოებლების ქარხნებს ამარაგებს, როგორიცაა Toyota Motor-ი, Ford Motor-ი და Honda Motor-ი. ტაილანდის მთავრობის გეგმით, 2030 წლისთვის ელექტრიფიცირებული ავტომობილების გაყიდვებმა 30%-ს უნდა მიაღწიოს, რისთვისაც წლის დასაწყისში ქვეყანამ 2025 წლამდე, $1.2 მილიარდზე მეტის გამოყოფა დააანონსა.
2016 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ში ახალი ბირთვული რეაქტორი ამოქმედდა
გადავადებებისა და ხარჯებში მილიარდობით დოლარის გადაჭარბების შემდგომ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ბირთვული რეაქტორი ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ Southern Co-ს პროექტი, 2016 წლის შემდეგ, აშშ-ის კომერციული მნიშვნელობის პირველი ახალი ბირთვული რეაქტორია.
კომპანიის განცხადებით, სტარტაპის გამოცდა ჯორჯიაში, Southern Co-ს Vogtle-ის ელექტროსადგურის Unit 3-ში გაგრძელდება. სწორედ აქ დაიწყება ელექტროენერგიის წარმოება, ხოლო მაის-ივნისიდან კი რეაქტორი უკვე კომერციულ ექსპლუატაციაშიც შევა. გასულ თვეში კომპანიას Vogtle-ის ექსპლუატაციის თარიღის გადაწევისთვის $201 მილიონის გადახდა დაეკისრა. ცნობისთვის, აშშ-ის ბოლო კომერციული მნიშვნელობის რეაქტორი, Tennessee Valley Authority-ის Watts Bar 2 შვიდი წლის წინ ამოქმედდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში ბაიდენის ადმინისტრაცია, ბირთვული ელექტროსადგურების მუშაობის გასახანგრძლივებლად, $1.2-მილიარდიანი დაფინანსების შეთავაზებით გამოვიდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გეგმით, პირველად დაფინანსება მუშაობის აღსადგენად, უახლოეს წარსულში დახურულ ელექტროსადგურებსაც შეეხება.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ბირთვულ ენერგიას ნახშირბადისგან თავისუფალი ელექტროენერგიის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ მიიჩნევს, რომლის შენარჩუნება და განვითარებაც აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ 2035 წლისთვის ქვეყანას 100%-ით სუფთა ელექტროენერგიის მიზნის მიღწევა სურს.
მიუხედავად ამისა, 2013 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში ათობით რეაქტორი დაიხურა, რაც ძირითადად უსაფრთხოების ხარჯების ზრდამ და ქარის, მზისა და იაფი ბუნებრივი აირის წყაროებით მიღებულ ენერგიასთან მზარდმა კონკურენციამ გამოიწვია. შედეგად, აშშ-ში ამჟამად ჯამში 92 ბირთვული რეაქტორია.
დატოვე კომენტარი