გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტიისაგან

ავტოინდუსტრიამ საინტერესო სიახლეებით გასულ კვირასაც გაგვანებივრა. სფეროს შეუქცევადი განვითარების პროცესი ინდუსტრიას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. საბოლოო ჯამში კი ყველაფერი ავტომოყვარულებისთვის ცხოვრების წესად იქცევა. ამისათვის, ყველა ავტომწარმოებელი მუდმივ რეჟიმში ვითარდება და იზრდება. იცვლება ტექნოლოგიები და მასთან ერთად იცვლება ავტომწარმობლების ბიზნესმოდელებიც. ჩვენ კი მიმდინარე კვირის ავტობლოგში სწორედ იმ მთავარი საავტომობილო ტრენდების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც ინდუსტრიას უკეთესობისაკენ ცვლის. Forbes Georgia-ს ამ ბლოგში გაეცნობით სიახლეებს Volkswagen-ის, Lucid-ის, Stellantis-ის, Ford-ისა და GM-ის შესახებ.

Volkswagen-ი და BP-ი ელექტრომობილების დამტენი პუნქტების შესახებ თანამშრომლობას სხვა რეგიონებშიც გააფართოებენ

უმსხვილესმა ევროპულმა ავტომწარმოებლმა, Volkswagen-მა ბრიტანულ ავტომწარმოებელთან BP-სთან თანამშრომლობის გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიების აღმასრულებელი დირექტორების განცხადებით, ორი ბრენდი თანამშრომლობას ელექტრომობილების დამტენი პუნქტების ინფრასტრუქტურაში გააგრძელებენ და დამატებით რეგიონებს მოიცავენ.

REUTERS/Christoph Steitz

აღნიშნული გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, იმ მოცემულობის შედეგია, რის წინაშეც მთელი ავტოინდუსტრია დგას. ავტომწარმოებლები სულ უფრო მეტ ტექნოლოგიურად დახვეწილ, თანამედროვე ელექტრომობილებს აწარმოებენ. თუმცა მათთვის საჭირო დამტენი პუნქტების ინფრასტრუქტურა კვლავ უდიდეს პრობლემად რჩება,  მის მოსაგვარებლად კი კერძო კომპანიები, მთავრობები თუ ავტომწარმოებლები ერთად მუშაობენ.

კომპანიების განახლებული თანამშრომლობის ჩარჩო 2024 წლამდე ევროპის მასშტაბით 8000 ახალი დამტენი პუნქტის მოწყობას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად კი ნავთობმწარმოებელი BP-ი საკუთარ ბენზინგასამართ სადგურებზე Volkswagen-ის მიერ წარმოებულ დამტენ პუნქტებს განათავსებს.

როგორც გერმანული ავტომწარმოებელი იუწყება, მისი ტექნოლოგიით შექმნილ მობილურ დამტენ პუნქტს 150 კილოვატი სიმძლავრის ენერგია ექნება და ავტომობილის 160 კილომეტრამდე გარბენით დასამუხტად მხოლოდ 10 წუთი დასჭირდება.

დამეთანხმებით, უცნაურია, როდესაც ნავთომწარმოებელი კომპანია ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარებას ცდილობს. თუმცა ეს მათი მხრიდან ალბათ უფრო პრაგმატულ ნაბიჯს წარმოადგენს. ერთი რამ ფაქტია, საავტომობილო ინდუსტრიის ელექტრიფიკაცია გარდაუვალია. ამას შესაძლოა 10-15 ან მეტი წელი დასჭირდეს. თუმცა ოდესმე ეს აუცილებლად მოხდება. ნავთობმწარმოებლებმა კი საკუთარი ბიზნესმოდელების ცვლილება სწორედ დღეიდან უნდა დაიწყონ. როგორც ჩანს, BP-ის გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნულ გეგმას ეფუძნება.

BP-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბერნარდ ლუნის განცხადებით, დამტენი პუნქტები კონკრეტული მოდელის მძღოლებისათვის შეზღუდული არ იქნება და მისით სარგებლობა ყველას შეეძლება. ეს კი Volkswagen-ს Tesla-სთან დიდ უპირატესობას მიანიჭებს.

სერბეთმა Stellantis-თან ელექტრომობილების წარმოების $200-მილიონიანი შეთანხმება გააფორმა

გასულ კვირას სერბეთმა ერთ-ერთ უმსხვილეს ავტომწარმოებელთან, Stellantis-თან შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც ავტობრენდი სერბეთში, კრაგუევაცის ავტოსაწარმოში ელექტრომობილების წარმოებას შეძლებს. შეთანხმების ღირებულება 200 მილიონი აშშ დოლარი გახლავთ.

REUTERS/Pascal Rossignol

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთის ავტოინდუსტრიაში ახალი ერა იწყება. მისი ინფორმაციით, ელექტრომობილების წარმოება 2024 წლიდან დაიწყება.

ცნობისათვის, Stellantis-ის მფლობელობაში მყოფი Fiat Chrysler-ი სერბეთში, კრაგუევაცის საწარმოში შიდაწვისძრავიან ავტომობილებს აწარმოებს და სერბეთის ტოპ-10 ექსპორტიორთა სიაშიც შედის.

ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ ადგილობრივი მომხმარებლების მოსაზიდად სერბეთში დიდი რაოდენობით დამტენი პუნქტები გაიხსნება. გარდა ამისა, ქვეყანა ახალ ენერგოსტრატეგიას შეიმუშავებს. კერძოდ, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, იაფი ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ქვეყანა ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს განავითარებს.

გარდა ამისა, ქვეყანა ენერგოეფექტიანობის გასაზრდელად 48 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციასაც განახორციელებს.

GM-ი აღმასრულებელი რგოლის კომპენსაციას ელექტრომობილების გაყიდვებს მიაბამს

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მარი ბარას განცხადებით, ამერიკული ავტომწარმოებელი, General Motors-ი საკუთარი გრძელვადიანი აღმასრულებლების რგოლის კომპენსაციის მნიშვნელოვან ნაწილს ელექტრომობილების გაყიდვებს მიაბამს. შესაბამისად, კომპანიის მაღალი რგოლის მენეჯმენტის ხელფასები GM-ის ელექტრომიზნებზე იქნება დამოკიდებული.

Kevin Lamarque | Reuters

აღნიშნული ინიციატივა სათავეს წელსვე აიღებს და, მარი ბარას ინფორმაციით, სამიზნე ობიექტები პირველ რიგში ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობა, წარმოების დრო და ხარისხი იქნება.

შეგახსენებთ, რომ GM-ი საკუთარი წარმოების ტემპის გაზრდას გეგმავს. იგი 2025 წლისთვის ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩინეთში 2 მილიონი ელექტრომობილის წარმოებას ისახავს მიზნად. 2035 წლიდან კი მხოლოდ ელექტრომობილებს აწარმოებს. თუმცაკომპანიის ამბიციები ამ ნიშნულებსაც სცდება. GM-ი ელექტრომობილების გაყიდვების ლიდერად ქცევას და Tesla-ს გადასწრებას მიმდინარე ათწლეულის შუა პერიოდისათვის გეგმავს. მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში, კომპანიის გათვლებით, ელექტრომობილების გაყიდვით 50 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი გენერირდება.

მარი ბარამ აღნიშნული ინიციატივის წარდგენისას წლების განმავლობაში კომპანიის თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა. „GM-ში ჩვენი კომპენსაციის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი ყოველთვის კომპანიის წარმატება იყო. ელექტრომობილების ინდუსტრიაში შებიჯებისას კი ეს ყოველივე შენარჩუნება“, – განაცხადა მან. უფრო მეტი დეტალი აღმასრულებლების კომპენსაციის შესახებ ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

შედარებისათვის, 2020 წელს თავად მარი ბარას კომპენსაციის პაკეტი 23.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. აქედან 2 მილიონი დოლარი უშუალოდ ხელფასს წარმოადგენდა, 13 მილიონი დოლარი კი კომპანიის აქციებს.

Ford-მა მოთხოვნასთან გასამკლავებლად F-150 ელექტროპიკაპის წარმოების მოცულობა გაზარდა

ამერიკული ავტომწარმოებლის, Ford Motor-ის განცხადებით, გაზრდილი მოთხოვნის გამო კომპანიას საკუთარი ელექტროპიკაპის, F-150-ის წარმოების მოცულობისა და ტემპების გაზრდა მოუწევს. კომპანიის 119-წლიანი ისტორიის განმავლობაში F-150 მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია. მას შემდეგ კი, რაც მისი ელექტროვერსია წარადგინა, მისდამი მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ამერიკაში მომხმარებლები წინასწარ შეკვეთებს თვეობით ადრე აკეთებენ და საკუთარ ელექტრომობილს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მიიღებენ. თუმცა, ამისდა მიუხედავად, მისდამი მოთხოვნა მაინც რეკორდულია.

REUTERS/Rebecca Cook

თავდაპირველად ავტომწარმოებელს ყოველწლიურად 40 000 ერთეული ელექტროპიკაპის წარმოება ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა აღნიშნული მაჩვენებლის დაახლოებით ორჯერ, 80 000 ერთეულამდე გაზრდა ავტობრენდს აგვისტოში უკვე მოუწია. როგორც ჩანს, საკმარისი არც ეს აღმოჩნდა. ახალი გეგმის თანახმად, Ford-ი ყოველწლიურად 150 000 ერთეულ ელექტრო F-150 Lightning-ს დაამზადებს.

გარდა ამისა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჯიმ ფარლის განცხადებით, Ford-ის ელექტროპიკაპი კონკურენტი ავტომწარმოებლების, Tesla-სა და GM-ის ელექტროპიკაპებზე ათასობით დოლარით უფრო იაფი ეღირება, როდესაც ისინი მათ გამოუშვებენ. ეს კი, დამეთანხმებით, Ford-ს უდიდეს უპირატესობას მისცემს. წინასწარი შეკვეთები გასული წლის დეკემბრის მონაცემებით უკვე 200 000 მომხმარებელს ჰქონდა გაკეთებული. ჯიმ ფარლის ინფორმაციით კი ელექტროპიკაპები შოურუმებში უკვე რამდენიმე კვირაში გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ ელექტრო F-150-ის შესაქმნელად Ford-ს მოდელის მთლიანად თავიდან დაპროექტება მოუწია. საწარმოო ხაზის მწყობრში მოყვანას კი 19 თვემდე დასჭირდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, Ford-ი დროში მაინც ბევრად უსწრებს GM-ს, Tesla-სა და Stellantis-ს.

GM-ის ელექტრო Chevrolet Silverado-ს წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ 140 000 შეადგინა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, GM-ი ელექტროპიკაპის საწარმოო დროში Ford-ს ჩამორჩება. თუმცა მის მიერ წარდგენილი ელექტრო Chevrolet Silverado-მ ძალიან მოკლე დროში მოახერხა უდიდესი ყურადღების მიპყრობა. ეს კი რიცხვებშიც გამოიხატა. მისი შეძენით დაინტერესებული მომხმარებლების წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ 140 000 უმოკლეს დროში შეადგინა. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის გამოშვების თარიღად 2023 წელია ნავარაუდევი.

GM

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია GM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარი ბარამ კომპანიის პირველი კვარტალის ფინანსური შედეგების გამოცხადებისას გააჟღერა.

GM-ის თანახმად, მომდევნო წელს ხელმისაწვდომ ელექტრო Chevrolet Silverado-ს ერთი სრული დამუხტვით 650 კილომეტრის გავლა შეეძლება, სწრაფად დამუხტვის შესაძლებლობა და 4-ვე წამყვანი ბორბალი ექნება. აღნიშნული ავტომობილი პირდაპირი კონკურენტია ზემოთ ნახსენები Ford-ის Lightning F-150 ელექტროპიკაპისა. ამ უკანასკნელმა წინასწარი შეკვეთების მიღება გასული წლის დეკემბერში შეაჩერა.

ასე რომ ამერიკულ ბაზარზე, სადაც პიკაპებისადმი განსაკუთრებული სიყვარული შეიმჩნევა, Ford-სა და GM-ს შორის დიდი კონკურენცია გაჩაღდება. როდის ჩაერთვება ამ ელექტრორბოლაში Tesla – ეს ჯერ კიდევ უცნობია.

Lucid: მომდევნო ათი წლის განმავლობაში საუდის არაბეთი კომპანიისაგან 100 000 ავტომობილს შეიძენს

ელექტრომობილების მწარმოებლის, Lucid Group-ის მიერ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ საუდის არაბეთის სამეფოსთან შეთანხმება გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში საუდის არაბეთი Lucid-ისაგან 100 000 ელექტრომობილს შეიძენს.

REUTERS/Hyunjoo Jin

უფრო კონკრეტულად, შეთანხმების მიხედვით არაბული სახელმწიფო 50 000 ერთეულ ელექტრომობილს შეიძენს. ხოლო დანარჩენი 50 000-ის შეძენის შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში მომდევნო ათი წლის განმავლობაში ექნება.

აღნიშნული განცხადების გავრცელების შემდეგ Lucid-ის აქციათა ფასები 5.4%-ით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდი Lucid-ის ყველაზე დიდი მეწილეა. აღნიშნული ფონდი კომპანიაში 61%-იან წილს ფლობს. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი კომპანიებს შორის თანამშრომლობა იგეგმებოდა.

Lucid-ი ამჟამად საკუთარ ავტომობილებს მხოლოდ არიზონაში აწარმოებს. მომდევნო წლიდან კი პირველი უცხოური საწარმოს გახსნას სწორედ საუდის არაბეთში გეგმავს, სადაც ყოველწლიურად 150 000 ერთეული ელექტრომობილის წარმოებას შეძლებს. გასულ კვირას გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში მისაწოდებელი ავტომობილები კი ორივე აღნიშნულ საწარმოში იწარმოება.

Lucid-ის ინფორმაციით, ავტომობილების მიწოდება 2023 წლიდან დაიწყება და თავდაპირველ ეტაპზე ყოველწლიურად 1000-დან 2000-მდე ეგზემპლარით განისაზღვრება. 2025 წლისთვის კი ეს რიცხვი 4000-დან 7000-მდე გაიზრდება. როგორც ცნობილია, კომპანიას საუდის არაბეთის სამეფოსთვის არანაირი ფასდაკლება არ გაუკეთებია.

მწარმოებლის ყველაზე ცნობილი და მდიდრული მოდელი Lucid Air-ი გახლავთ. 169 000-დოლარიანი სედანის მიწოდება ავტომწარმოებელმა გასული წლის ოქტომბრიდან აშშ-ში დაიწყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *