ინდუსტრიულ რბოლაში გასულ კვირასაც არაერთი ავტომწარმოებელი ჩაერთო. სხვა პერიოდების მსგავსად, გასული კვირა ყველა ბრენდისათვის თანაბრად წარმატებული არ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მათგან უმეტესმა ავტომოყვარულებს ახალი ავტომობილი ან სტრატეგია წარუდგინა, ზოგიერთს პრობლემებთან გამკლავება მოუხდა. Forbes Georgia-ს მიმდინარე კვირის ავტობლოგში ისეთ სიახლეებს გაეცნობით, როგორიცაა: Ford-ისა და Rivian-ის ბიზნესურთიერთობის სიახლეები, Volkswagen-ის ამბიციური მიზნები, Mercedes-ის წინაშე მდგარი უდიდესი პრობლემა, Subaru-ს საწარმოო გაფართოების დეტალები, რუსეთის ავტობაზრის სირთულეები და სხვა საინტერესო ამბები მთელი მსოფლიოდან.
Ford-მა ელექტრომობილების სტარტაპ Rivian-ის წილების ნაწილი 188.2 მლნ დოლარად გაყიდა
ამერიკულმა ავტომწარმოებელმა, Ford Motor Co-მ ელექტრომობილების ამერიკული სტარტაპ Rivian-ის 7 მილიონი აქცია 188.2 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება Ford-მა გასულ კვირას გაავრცელა. ამჟამინდელი მდგომარეობით Ford-ი Rivian-ის კიდევ 86.9 მილიონ აქციას ფლობს.
შეგახსენებთ, რომ Rivian-ის ელექტროპიკაპი ავტომოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა მცირე ზომის სტარტაპს დიდ ავტომწარმოებლებთან კონკურენციაში შესვლა ძალიან უჭირს. განსაკუთრებით კი ამერიკულ ბაზარზე Ford F-150 ელექტროპიკაპთან დაპირისპირება გაუძნელდა. თანაც, კონკურენციის გარდა, მის წარმოებას მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემებიც აფერხებს.
2022 წელს ავტომწარმოებელს 50 000 ერთეული ავტომობილის გამოშვება ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა ზემოთ აღნიშნული შეფერხებების გამო ეს რიცხვი 25 000 ერთეულამდე შეამცირა. შეგახსენებთ, რომ Ford-მა Rivian-ის აქციები წინა კვირაშიც გაყიდა. წინა ვაჭრობის შედეგად Ford-მა 8 მილიონი აქცია 214 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.
Mercedes-Benz-მა აშშ-ში 292 000 ერთეული ავტომობილი უკან გამოიხმო
გასულ კვირას გერმანულმა ავტომწარმოებელმა, Mercedes-Benz-მა შეერთებულ შტატებში 292 000 ერთეული ავტომობილის უკან გამოხმობის გადაწყვეტილება მიიღო. ავტომწარმოებლის მიერ უკან გაწვეული ავტომობილების მოდელებს 2006-დან 2012 წლამდე წარმოებული ML, GL და R-კლასის მოდელები წარმოადგენენ. კომპანიის განცხადებით, პრობლემა სამუხრუჭე სისტემაში მდგომარეობს და აღნიშნული ავტომობილების მძღოლებს მანქანების მართვის დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ მოუწოდებს.
შეერთებული შტატების საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის განმარტებით, გერმანულმა ბრენდმა აღნიშნული გადაწყვეტილება მუხრუჭის სისტემის გაუმართაობის მიზეზით მიიღო, რის გამოც შეჯახების რისკები მკვეთრად გაზრდილია. კომპანიის განცხადებით, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული ინციდენტები, საავარიო შემთხვევები ან გარდაცვალება ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.
კომპანია ზემოთ აღნიშნული ავტომობილების მძღოლებს დაუყოვნებლივ საევაკუაციო მომსახურებას სთავაზობს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ავტომობილი შეკეთებას საჭიროებს, Mercedes-ის დილერი კომპანიები მძღოლებს ალტერნატიული ტრანსპორტით უზრუნველყოფენ.
შეერთებული შტატების მარეგულირებელი ორგანოს განცხადებით, უკან გამოხმობილი ავტომობილებიდან კოროზირებული ერთეულები დამატებით ტესტს გაივლიან. ტესტის გავლის შემდეგ კი ამ ავტომობილების უსაფრთხოდ მართვა 2 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, რის შემდეგაც განმეორებითი შეკეთების პროცედურა იქნება საჭირო.
Rivian-ი აშშ-ში აირბაგებთან დაკავშირებული პრობლემის გამო 500 ელექტროპიკაპს უკან გამოიხმობს
გერმანული ავტომწარმოებლის მსგავსად, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Rivian-იც დიდი პრობლემის წინაშე დგას. ამერიკულ სტარტაპს აშშ-ში 2022 წლის 500 R1T-ი ელექტროპიკაპის უკან გამოხმობა მოუწევს. მიზეზი კი მგზავრის წინა ადგილას ბავშვის განთავსების შემთხვევაში აირბაგის სავარაუდო გაუმართაობა გახლავთ. როგორც კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, საავარიო სიტუაციისას შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში აირბაგი არ გაიხსნას.
Rivian-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით ამ გაუმართაობის გამო, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ამიტომაც ავტომწარმოებელი უკან გამოხმობილ ელექტროპიკაპებს მგზავრის წინა სავარძლებს მთლიანად შეუცვლის. შეერთებული შტატების საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია ამ საკითხს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს. მარეგულირებელმა ორგანომ 1990-იან წლებში მსგავსი გაუმართაობის გამო რამდენიმე ფატალური შემთხვევის შემდეგ სპეციალური მოთხოვნები შეიმუშავა, რომელთაც ავტომობილი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს.
Rivian-ის განცხადებით, აღნიშნული ელექტროპიკაპების მძღოლებთან დაკავშირება უკვე მოხერხდა. გარდა ამისა, ისინი მკაცრად გააფრთხილეს, რომ სავარძლების შეცვლამდე ბავშვების წინა მგზავრის ადგილას მოთავსებისაგან თავი შეიკავონ.
დამატებით, ცნობილი გახდა, რომ სავარძლების შეცვლის ხარჯებს საკუთარ თავზე მომწოდებელი აიღებს. კომპანიის ცნობით, შეცდომა სწორედ სავარძლების წარმოების პროცესში გაიპარა.
Volkswagen-ი წლის ბოლომდე 800 000 სრულად ელექტრო ავტომობილის წარმოებას გეგმავს
გერმანული ავტომწარმოებელი, Volkswagen-ი მიმდინარე წლის ბოლომდე მსოფლიოს მასშტაბით 800 000 ერთეული ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს. თავად კომპანიის მიერ გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად კი 2023 წელს ბრენდი 1.3 მილიონ ერთეულ ელექტრომობილს გამოუშვებს. აღნიშნული ნაბიჯი კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს კომპანიის მიზნისაკენ, რომ 2030 წლისთვის წარმოების ნახევარი ელექტრო იყოს.
კომპანიის გაყიდვების დირექტორის განცხადებით, კომპანია იმედოვნებს, რომ წელს გამონაბოლქვის ევროპულ სტანდარტში ჩაჯდება. აღნიშნულის თქმის იმედს კი კომპანიას ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდა აძლევს. ამ უკანასკნელის გაყიდვების რაოდენობა ევროპაში დიდი სისწრაფით იზრდება მიუხედავად მიწოდების პრობლემებისა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჰერბერტ დისის განცხადებით, ახლა სწორედ იდეალური დროა Volkswagen-ის შვილობილი Porsche-ს აქციების საჯაროდ განთავსებისათვის. ეს პროცესი მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალშია დაგეგმილი.
იაპონური Subaru საკუთარ პირველ ელექტრომობილების საწარმოს გახსნის
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, იაპონური ავტომწარმოებელი Subaru Corp-ი რამდენიმე წელიწადში იაპონიაში პირველ საკუთარ ელექტრომობილების საწარმოს გახსნის. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ჩრდილოეთ ამერიკაში მის ავტომობილებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა. საწარმოს გასახსნელად კომპანიამ 1.9 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო.
შეერთებულ შტატებში Subaru ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტომობილს წარმოადგენს. მისი Outback-მოდელი კი ამერიკელების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო Subaru-ს ამერიკელ დილერებს ამჟამად მხოლოდ 5000 ერთეული ავტომობილი ჰყავთ.
ახალი საწარმოს გახსნამდე, სადაც მხოლოდ ელექტრომობილები იწარმოება, Subaru შიდაწვისძრავიანი და ელექტრომობილების წარმოებას ერთად გეგმავს. 2027 წლიდან კი უკვე დამოუკიდებელი საწარმოო ხაზის გახსნაც შესაძლებელი იქნება. Subaru-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კომპანიის მიზანს Tesla-სთვის კონკურენციის გაწევა წარმოადგენს.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში Subaru ელექტრიფიკაციის პროცესში 1.93 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად Subaru საკუთარ ერთადერთ ელექტრომობილს, Solterra-ს Toyota-სთან თანამშრომლობით აწარმოებს.
ელექტრომობილების მწარმოებელი Lucid-ი მდიდრული სედანების ევროპაში ექსპორტს 2022 წლის ბოლოსთვის გეგმავს
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრომობილების მწარმოებელი, Lucid Group-ი, საკუთარი მდიდრული ელექტროსედანების ევროპაში წარდგენას მიმდინარე წლის ბოლოსთვის გეგმავს. Tesla-ს კონკურენტის აღნიშნული ნაბიჯი კომპანიის სტრატეგიის გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც საკუთარი ანაბეჭდები აშშ-ის გარეთაც უნდა დატოვოს. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც ელექტრომობილებზე მოთხოვნა პიკში იმყოფება.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 2022 წლის ბოლოს გერმანიაში, ნიდერლანდებში, შვეიცარიასა და ნორვეგიაში შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებისათვის Lucid Air Dream Edition P და R მოდელების შეძენა იქნება შესაძლებელი. Lucid-ის განმარტებით, გერმანიაში აღნიშნული მოდელების ფასი 230 000 აშშ დოლარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას Lucid-მა საკუთარ მომხმარებლებს ივნისიდან ელექტრომობილებზე ფასების გაძვირება აუწყა. მიზეზად კი ბუნებრივ რესურსებზე ფასების ზრდა და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები დაასახელა. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ უკვე დარეზერვებული ელექტრომობილების ღირებულება არ შეიცვლება. Lucid-ის ევროპაში პირველი წარმომადგენლობა გერმანიაში, მიუნხენში გაიხსნება.
აპრილში რუსეთში ახალი ავტომობილების გაყიდვები 78.5%-ით შემცირდა
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აპრილში რუსეთში ახალი ავტომობილების გაყიდვები გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 78.5%-ით შემცირდა. უკვე ათი თვეა, რუსეთში ახალი ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელი ზედიზედ მცირდება. ამის მიზეზი კი ფასების ზრდა, ლოგისტიკური პრობლემები, რუბლის გაუფასურება და ახლა უკვე მძიმე სანქციებია.
ბიზნესების ევროპული ასოციაციის მონაცემებით, წინა თვეში რუსეთში მხოლოდ 32 706 ახალი ავტომობილი გაიყიდა. ამგვარი დრამატული კლება სფეროს ექსპერტებმა გარდა ზემოთ აღნიშნული მიზეზებისა, საწყობებში ავტომობილების მცირე რაოდენობას და საავტომობილო სესხების აკრძალვას დაუკავშირეს.
შეგახსენებთ, რომ თებერვლის ბოლოს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 20%-მდე გაზარდა. თუმცა დღევანდელი მდგომარეობით აღნიშნული მაჩვენებელი 14%-მდეა შემცირებული.
ბიზნესების ევროპული ასოციაციის პროგნოზით, წელს რუსეთში ახალი ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელი საერთო ჯამში 50%-ით შემცირდება. ავტომობილებზე მოთხოვნის კვლავ აღდგენაც ნაკლებად სავარაუდოა.
აპრილში 78%-ით დაეცა რუსეთის უმსხვილესი ავტომწარმოებლის, Lada-ს გაყიდვებიც. სანქციების პირობებში კი აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ უფრო დრამატულად შემცირდება.
დატოვე კომენტარი