საავტომობილო სიახლეებით დატვირთული კვირა ჩვენთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც Forbes Georgia-მ ავტოინდუსტრიის ყოველკვირეული მიმოხილვა დაიწყო, ჩვენს ფოკუსში ყველა ავტომწარმოებელი მოხვდა. დაწყებული ცნობილი, მსხვილი ავტობრენდებით და დამთავრებული აზიური ბიუჯეტური ავტოკომპანიებით, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ბლოგები ყველა მათგანის განვითარების სტრატეგიებსა და ტემპებს აკვირდება. ამ დაკვირვებით კი აღმოვაჩინეთ, რომ ინდუსტრიის ზრდის მთავარ დასაყრდენს კონკურენცია წარმოადგენს. მიმდინარე კვირის საავტომობილო ბლოგში ისეთ სიახლეებს გაეცნობით, როგორიცაა: Harley Davidson-ის მიერ წარმოების განახლება, რუსული Lada-ს ახალი სიცოცხლის ნიშნები, ხორვატული Rimac-ის ახალი ინვესტიციების მოცულობა, ამერიკული GM-ის გადაწყვეტილება ფასების შემცირებასთან დაკავშირებით და სხვა.
ორკვირიანი შეფერხების შემდეგ Harley Davidson-ი მოტოციკლეტების წარმოებას გაანახლებს
კომპანიის პრესსპიკერზე დაყრდნობით, Wall Street Journal-მა გასულ კვირას Harley Davidson-ის სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია გაავრცელა. მათი ინფორმაციით, მოტოციკლეტების მწარმოებელი ორკვირიანი შეფერხების შემდეგ წარმოებას განაახლებს. ანგარიშის თანახმად, შეფერხება იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ნავარაუდევი იყო.
ამ ინციდენტის გამო კი Harley Davidson-ის აქციათა ფასები 2.2%-ით 35$ დოლარამდე შემცირდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განცხადება კომპანიამ გასულ თვეს გაავრცელა. მათი განმარტებით, მომწოდებლის მხრიდან ნაწილებთან დაკავშირებული პრობლემის გამო ელექტრომოდელების გარდა ყველა სხვა მოტოციკლეტის წარმოება გარკვეული პერიოდით შეჩერდებოდა.
რუსული Avtovaz-ი Lada Granta-ს წარმოების გაგრძელებას 8 ივნისიდან გეგმავს
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უმსხვილესი რუსული ავტომწარმოებელი, Avtovaz-ი საკუთარი ყველაზე გაყიდვადი მოდელის, Lada Granta-ს წარმოების გაგრძელებას 8 ივნისიდან გეგმავს. შეგახსენებთ, რომ კომპანიამ წარმოება მარტში ნაწილობრივ შეაჩერა, რისი მიზეზიც დასავლური სანქციების შედეგად ელექტრონაწილების დეფიციტი გახლდათ.
ამის პარალელურად, ფრანგულმა ავტომწარმოებელმა, Renault-მ Avtovaz-ში საკუთარი წილი რუსულ სამეცნიერო ინსტიტუტს სიმბოლურ ფასად, ერთ რუბლად მიჰყიდა. თუმცა, 6 წლის ვადაში აღნიშნული წილის უკან გამოსყიდვის უფლება დაიტოვა. ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში ახალი ავტომობილების გაყიდვის რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.
ელექტრომობილების ხორვატული მწარმოებელი Rimac-ი კონკურენტებისთვის ნაწილების დასამზადებლად $537 მილიონს დახარჯავს
ელექტრომობილების ხორვატულმა მწარმოებელმა, Rimac Group-მა ინვესტორებისაგან 500 მილიონი ევრო მოიზიდა. 1900 ცხენის ძალის მქონე სპორტული ელექტრომობილის, Nevera-ს მწარმოებელმა აღნიშნული თანხა Goldman Sachs-ის, Porsche-სა და SoftBank-ისაგან მიიღო. აღნიშნული ინვესტიციის მიღების შემდეგ კი Rimac-ის ღირებულება 2 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.
საინტერესოა, რომ ახალი ინვესტიციის დიდი ნაწილი ელექტრომობილების ნაწილების დამზადებას მოხმარდება. თუმცა, ამისდა მიუხედავად Rimac-ი კვლავ განაგრძობს 2.4 მილიონი დოლარის ღირებულების Nevera-ს წარმოებას, რომელსაც Porsche-სთან თანამშრომლობით ამზადებს.
ელექტრომობილების მწარმოებლის ახალმა ბიზნესგეგმამ უკვე მიიქცია დიდი ავტომწარმოებლების ყურადღება და პირველი მომხმარებლების სიაც გამოიკვეთა. როგორც ჩანს, Rimac-ის მიერ დამზადებულ ნაწილებს Ferrari, Hyundai, Jaguar-ი, Mercedes-Benz-ი, Porsche და Renault- გამოიყენებენ.
Rimac-ის განცხადებით, ახალი ინვესტიციის გარკვეული ნაწილი 700 ახალი თანამშრომლის დასაქირავებლადაც გამოიყენება. გარდა ამისა, ავტომწარმოებელი ევროპაში რამდენიმე ახალი ოფისის გახსნასა და ზაგრებში სათავო ოფისის აშენებას გეგმავს.
Rimac-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, სათავო ოფისი, რომელიც საწარმოთი, საწყობითა და ლაბორატორიებითაც იქნება წარმოდგენილი, ხორვატიაში ყველაზე დიდი შენობა იქნება.
Ford-ი ელექტრომობილებისა და საწვავზე მომუშავე ავტომობილების წარმოებაში $3.7 მილიარდს დახარჯავს
ამერიკული ავტომწარმოებლის, Ford Motor-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანია მიჩიგანის, ოჰაიოსა და მისურის საწარმოებში ელექტრო და საწვავზე მომუშავე ავტომობილების საწარმოებლად 3.7 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.
კომპანიის განცხადებით, აღნიშნული თანხიდან 2.3 მილიარდი აშშ დოლარი მთლიანად ელექტრომობილების განვითარებაზე დაიხარჯება. შეგახსენებთ, რომ 2026 წლამდე Ford-ი ელექტრომობილების წარმოებაში 50 მილიარდ აშშ დოლარს გაიღებს.
ბრენდის ინფორმაციით, ინვესტიციის შედეგად საწარმოებში დამატებით 6 200 საათობრივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 3000 დროებითი თანამშრომელი კი სრულგანაკვეთიან თანამშრომლებად იქცევიან. შესაბამისად, ისინი დაზღვევის უკეთეს პაკეტსა და უფრო მაღალ ხელფასს მიიღებენ. გარდა ამისა, 2025 წლისთვის Ford-ი საკუთარ საწარმოო ხაზს კომერციულ ელექტროავტომობილს დაამატებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Ford-ი ელექტრო და შიდაწვისძრავიანი ავტომობილების ბიზნესის ერთმანეთისგან განცალკევებას გეგმავდა. თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია ავტომწარმოებელმა უარყო. 2026 წლისთვის Ford-ი 2 მილიონი ერთეული ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს.
ცნობისათვის, Ford-ის ელექტროპიკაპის F-150-ის მიწოდება გასული კვირიდან დაიწყო, რამაც ბრენდისადმი დაინტერესება ერთიორად გაზარდა. Ford-ის ინფორმაციით, აღნიშნული ინვესტიციის მესამედი არსებული სამუშაო სივრცისა და გარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება.
GM-ი Chevrolet Bolt-ის ღირებულებას 18%-ით შეამცირებს | Bolt-ი ყველაზე იაფი EV იქნება
General Motors-ის განცხადებით, ის ახალი Chevrolet Bolt-ის ფასს $26,595-მდე შეამცირებს, რის შედეგადაც ავტომობილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე იაფ ელექტრომობილად იქცევა. Bolt-ის ახალი ფასი სულ მცირედით ჩამოუვარდება ელექტრომობილ Nissan Leaf-ისას, რომლის სავარაუდო საცალო ღირებულებაც $27,400-ს უტოლდება.
Bolt-ის ფასი, $36,620-ად გაყიდულ 2020 წლის მოდელთან შედარებით, 27%-ითაა შემცირებული. აღსანიშნავია, რომ General Motors-მა, ელექტრობატარეებთან დაკავშირებული ხარვეზის გამო Chevrolet Bolt-ის ბოლო მოდელები უკან გაიწვია, რამაც კომპანიაში ელექტრომობილების წარმოების განვითარებაზე უარყოფითი გავლენა იქონია. ხარვეზის გამო, Motors-ისთვის ბატარეების მიმწოდებელ LG-ის, $1.9 მილიარდის გადახდა დაეკისრა. GM-მა Bolt-ის წარმოება 2021 წელს შეაჩერა და 2022 წლის აპრილში განაახლა. იმავე წელს კომპანიამ Bolt-ის კროსოვერი, Bolt EUV წარადგინა.
2016 წელს გამოშვებიდან 1 წელიწადში Bolt-სედანის 23,297 ერთეული გაიყიდა. თუმცა მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და General Motors-მა 2022 წელს, Bolt-სედანისა და კროსოვერის ჯამში მხოლოდ 24,828 მოდელის გაყიდვა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ GM-მა Bolt EUV-ის ფასის წინა წელთან შედარებით $6,300-ით, $28,195-მდე შემცირება გადაწყვიტა. როგორც ცნობილია, კომპანია მიმდინარე წელს Bolt-ის მოდელების რეკორდული წარმოებისთვის ემზადება.
Bolt-ის ხელმისაწვდომმა ფასმა შესაძლოა, იმ ადამიანების ინტერესი დაიმსახუროს, რომელთაც სხვა ელექტრომობილების შეძენის საშუალება არა აქვთ. Tesla-ს ყველაზე იაფი ელექტრომობილის, Model 3-ის ფასი ბოლო სამი წლის განმავლობაში 34%-ით გაიზარდა და $48,440-ს მიაღწია. Tesla-ს გარდა, გაიზარდა Ford-ის ელექტრომობილის, Mustang Mach-E-ისა და Rivian-ის მანქანების ღირებულებაც.
ჩინურმა Geely-მ ავტონომიური მანქანებისათვის ორბიტაზე პირველად 9 სატელიტი გაგზავნა
გასულ ოთხშაბათს, ჩინურმა ავტომწარმოებელმა, Geely-მ ორბიტაზე თანამგზავრის პირველი წარმატებული გაშვება განახორციელა. კომპანიამ დედამიწის დაბალ ორბიტაზე 9 სატელიტი გაუშვა, რომლის მიზანიც ავტონომიური მანქანების უფრო ზუსტი ნავიგაციისათვის სატელიტური ქსელის შექმნაა.
GeeSAT-1 მოდელის 9 სატელიტი ავტომწარმოებელმა თავად დააპროექტა და თავადვე ააგო. Geely-ის ინფორმაციით, 2025 წლამდე ორბიტაზე დამატებით 63 ასეთ სატელიტს გაუშვებენ. ჯამში კი კომპანია 240 სატელიტის გაშვებას ისახავს მიზნად.
ცნობისათვის, აღნიშნული წარმატებული გაშვების შემდეგ, Geely-ი მეორე მსხვილი ავტომწარმოებელი გახლავთ, რომელსაც ბიზნესი კოსმოსშიც აქვს. პირველი და ყველაზე ცნობილი SpaceX-ი გახლავთ, რომელიც Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის მფლობელობაშია. SpaceX-ს დედამიწის ორბიტაზე 2000-მდე სატელიტი ჰყავს და მომხმარებლებს Starlink-ის კომერციულ ინტერნეტმომსახურებას სთავაზობს. ჯამში Starlink-ი ორბიტაზე 4 408 სატელიტის გაშვებას გეგმავს.
თუმცა Geely-სგან განსხვავებით SpaceX-მა სატელიტების გასაშვებად საკუთარი რაკეტები გამოიყენა. რაც შეეხება Geely-ის, მან 9 სატელიტის ორბიტაზე განსათავსებლად ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი Long March 2C-ტიპის რაკეტები გამოიყენა.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, აღნიშნულის მიზანი თვითმართვადი ავტომობილებისათვის უფრო ზუსტი სანავიგაციო სისტემის შემუშავებაა. კომპანიის განცხადებით, სატელიტების სიცოცხლის ხანგრძლივობა 5 წელს შეადგენს და ამ დროის გასვლის შემდეგ დედამიწის ატმოსფეროში ჩამოვარდნისას დაიწვება. რაც მთავარია, კომპანიის განცხადებით, არ დატოვებს კოსმოსურ ნარჩენებს.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის სატელიტურ ქსელს მეტწილად სამხედრო დომინაცია აქვს. თუმცა 2014 წლიდან სახელმწიფომ ქვეყნის კოსმოსურ ინდუსტრიაში კერძო ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაც დაუშვა.
Stellantis-ი და Toyota დიდი კომერციული ფურგონის პროექტზე პარტნიორობას გააღრმავებენ
გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, Stellantis-ი დიდი კომერციული ფურგონის პროექტზე Toyota-ს ევროპულ ფრთასთან თანამშრომლობას გააღრმავებს. აღნიშნული პარტნიორობა კომერციული ფურგონის ელექტროვერსიის შექმნასაც ითვალისწინებს.
უფრო კონკრეტულად, Stellantis-ი Toyota Motor Europe-ს ევროპაში გასაყიდად საკუთარი წარმოების ავტომობილს მიაწვდის. თუმცა ეს ყველაფერი Toyota-ს ბრენდირებით მოხდება. აღნიშნული კომერციული ფურგონი Stellantis-ის საწარმოებში პოლონეთსა და იტალიაში იწარმოება.
Stellantis-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც Toyota დიდი ზომის კომერციული ავტომობილების სეგმენტში ფეხს შეაბიჯებს. ეს კი 2024 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
შეთანხმება ორ მსხვილ ავტომწარმოებელს შორის არსებულ თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს. გარდა ამისა, ის Stellantis-ს იტალიური საწარმოს უკეთესი ოპტიმიზაციის შესაძლებლობასაც მისცემს.
დატოვე კომენტარი