გასულ კვირას საავტომობილო ინდუსტრიაში ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ტრადიციულად, სიახლეები თითქმის ყველა მსხვილი თუ ნაკლებად მასშტაბური ავტომწარმოებლის შესახებ შევიტყვეთ. Forbes Georgia-მ კი თავი გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებს თავი საავტომობილო ბლოგში მოუყარა. მიმოხილვაში წაიკითხავთ სიახლეებს ისეთი ავტომწარმოებლების შესახებ როგორიცაა: Tesla, Ferrari, Honda, BYD-ი, BMW, Volkswagen-ი, Audi, Nio და სხვა.
ანგარიში: თვითმართვადი ავტომობილების ავარიების 70% Tesla-ზე მოდის
ამერიკული საავტომობილო უსაფრთხოების მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ამერიკულმა ავტომწარმოებლებმა დაახლოებით 400 ავარიული შემთხვევის შესახებ განაცხადეს. საუბარია ავტოსაგზაო შემთხვევებზე, რომლებიც თვითმართვადი ან ნაწილობრივ ავტონომიური ტექნოლოგიით აღჭურვილ ავტომობილებს შეემთხვათ.
The Associated Press-ის ინფორმაციით, აღნიშნული 400 ავარიიდან 273 შემთხვევა, ანუ 70% ამერიკულ ელექტრომობილების მწარმოებელზე, Tesla-ზე მოდის. აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, კომპანიებმა მომხმარებლებს მეტი სიფრთხილისა და ყურადღებისაკენ მოუწოდეს. მათ მძღოლებს შეატყობინეს, რომ მზად უნდა ყოფილიყვნენ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის. მოგეხსენებათ, თვითმართვადი ტექნოლოგია მძღოლებს მოდუნების საშუალებას აძლევს, რადგან ისინი ვალდებულნი აღარ არიან, მართვისას ხელი მუდამ საჭეზე ეკიდოთ.
შეერთებული შტატების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია სწორედ ამგვარ შემთხვევებს შეისწავლის. მარეგულირებელი ორგანოები მსგავსი შინაარსის ავარიებს შემდგომ რეკომენდაციების გასაცემად და ავტომწარმოებლებისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად იყენებს.
ცნობისათვის, ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც Tesla-ს თვითმართვადი ტექნოლოგია დიდ კრიტიკას იმსახურებს. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში პროგრამული გაუმართაობის გამო ამერიკულ ელექტრომობილების მწარმოებელს ავტომობილების უკან გამოხმობა რამდენჯერმე მოუხდა. მიზეზი უმეტესწილად პროგრამულ უზრუნველყოფაში არსებული ხარვეზია. მარეგულირებელი ორგანოებიც სულ უფრო მეტი სიფრთხილით უდგებიან თვითმართვადი ტექნოლოგიებისათვის ლიცენზიის მინიჭების საკითხს. მოგეხსენებათ, Tesla აღნიშნულ ტექნოლოგიაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე იმყოფება. შესაბამისად, მისთვის რეპუტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
Ferrari-ის ელექტროსტრატეგია უფრო მეტი უნიკალური ავტომობილის შექმნას ითვალისწინებს
მდიდრული ავტომობილების მწარმოებელი იტალიური Ferrari-ს განცხადებით, 2030 წლისათვის ბრენდის მიერ გაყიდული ავტომობილების 80% ელექტრო და ჰიბრიდული მოდელები იქნება. კომპანია ინვესტორებს ჰპირდება, რომ ელექტროინდუსტრიაში შებიჯებასთან ერთად მომხმარებლებს სულ უფრო მეტ უნიკალურ მოდელს შესთავაზებს.
აღნიშნულის შესახებ Ferrari-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ბენედეტო ვინიამ კომპანიის ახალი ბიზნესგეგმის წარდგენისას ისაუბრა. ინვესტიციების შესამცირებლად, კომპანია ნაკლებად მნიშვნელოვანი კომპონენტების ან პროგრამული უზრუნველყოფისათვის მომწოდებლებს დაიქირავებს.
ბრენდის განმარტებით, სხვა სპორტული ავტომწარმოებლებისაგან განსხვავებით, Ferrari მხოლოდ ელექტრომოდელებში ინვესტირებით არ შემოიფარგლება. ამის მიზეზი კი მარტივია – დღეს არსებული ტექნოლოგია ელემენტების სახით, სპორტული ავტომობილის სიმძლავრეს ცხენის ძალებში ზუსტად ვერ ასახავს.
Ferrari საკუთარ მომხმარებლებს მხოლოდ გადაადგილების საშუალებას არ სთავაზობს. ის მის შეძლებულ კლიენტებს ისეთ ემოციურ გამოცდილებას აწვდის, რომელიც დაუვიწყარია. ამიტომ, კომპანიისათვის ავტომობილების უბრალოდ გაელექტროება იმავე შედეგის მომტანი ვერ იქნება. სწორედ ამიტომ Ferrari-ის მთავარი მიზანი ელექტრიფიკაციის პროცესში საკუთარი ხასიათის შენარჩუნება იქნება.
ცნობისათვის, Ferrari სექტემბერში საკუთარ პირველ SUV-ის წარადგენს, რომელიც ლეგენდარული 12-ცილინდრიანი შიდაწვის ძრავით იქნება აღჭურვილი. პირველ ელექტრომობილს კი იტალიური ავტომწარმოებელი 2025 წელს გამოუშვებს. 2023-დან 2026 წლამდე კომპანია 15 ახალი მოდელის წარდგენას გეგმავს.
Sony და Honda Motor-ი ელექტრომობილების გასაყიდად ერთობლივ საწარმოს ქმნიან
იაპონური Sony და ავტომწარმოებელი Honda Motor-ი თანაბარ საკუთრებაში არსებული ერთობლივი საწარმოს შექმნაზე შეთანხმდნენ. Sony Honda Mobility-ის საწარმო ელექტრომობილების გაყიდვას 2025 წლიდან დაიწყებს. Honda, კონკურენტ Toyota Motor-ის მსგავსად, სხვა გლობალურ ავტომწარმოებლებთან შედარებით უფრო ნელა გადადის ელექტრომობილების წარმოებაზე.
Honda Motor-ი ელექტრომობილის 30 ახალი მოდელის გამოშვებას, ხოლო 2030 წლიდან ყოველწლიურად 2 მილიონი ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს. ამჟამად ავტომწარმოებელი ერთადერთ ელექტრომობილს, Honda e-ის უშვებს. კომპანიებმა ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ პირველად მარტში განაცხადეს. Sony Honda Mobility-ის საწარმო ავტოინდუსტრიაში Honda-ს გამოცდილებასა და Sony-ის პროგრამულ და ტექნოლოგიურ კომპონენტებს გააერთიანებს.
Sony Honda Mobility-ის საწარმოში თითოეული კომპანია 5 მილიარდი იენის ($37.52 მილიონი) მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოს აღმასრულებელი დირექტორისა და თავმჯდომარის თანამდებობას Honda-ის უფროსი აღმასრულებელი იასუჰიდე მიცუნო დაიკავებს, ხოლო საწარმოს პრეზიდენტად Sony-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი იცუმი კავანიში დაინიშნება.
ელექტრომობილებზე გადასვლის ნელი ტემპის გამო, Honda ინვესტორების მხრიდან ძლიერ ზეწოლას განიცდის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში Honda-მ General Motors-თან თანამშრომლობით დაბალი ფასის ელექტრომობილების სერიის გამოშვებაც დააანონსა. GM-მა Honda-სთვის ორი ახალი ელექტრო SUV-ის მშენებლობა 2024 წლიდან უნდა დაიწყოს. იაპონური Honda Motor-ი რამდენიმე პოპულარულ მოდელს, მათ შორის Accord-სა და Civic-ის აწარმოებს.
EV-ების მწარმოებელი BYD-ი გაყიდვებით ტოპ-3 ჩინური ავტომწარმოებლების რეიტინგს შეუერთდა
მაისში ელექტრომობილების ჩინური მწარმოებელი, BYD-ი, გაყიდვების გაორმაგებით, ტოპ-3 ყველაზე დიდი ჩინური ავტომწარმოებლების სიაში შევიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ჩინეთის სამგზავრო ავტომობილების ასოციაცია აქვეყნებს.
ამერიკელი მილიარდერის, უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ის მიერ მხარდაჭერილი ჩინური BYD-ი ამავდროულად ელექტროძრავების ელემენტებსაც აწარმოებს. BYD-ის ზოგიერთი მოდელი კი ჩინეთში პოპულარობით Tesla-საც კი ასწრებს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ელექტრომობილების ყველაზე დიდი ბაზარია.
შესაბამისად, კომპანიის პოპულარობა დღითიდღე იზრდება. გასულ თვეს, მიუხედავად კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვებისა, BYD-მა 113 768 ერთეული ავტომობილი გაყიდა. ამ მაჩვენებლით კი ის ჩინეთის ბაზარზე გაყიდული სამგზავრო ავტომობილების სიაში ტოპ-3-დან მეორე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი გასულ თვეს 150 000 ერთეული ავტომობილით FAW-Volkswagen-მა დაიკავა. ეს უკანასკნელი გერმანული ავტომწარმოებლის ჩინეთში არსებული დანაყოფია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე Audi-სა და Volkswagen-ის მოდელებს ყიდის.
BYD-ის გაყიდვები გასულ წელთან შედარებით, 159%-ით გაიზარდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ FAW-Volkswagen-ის გაყიდვები გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მაისში 10%-ით შემცირდა. ჩინეთის ბაზარზე ავტომობილების გაყიდვებით მესამე ადგილზე ამჟამად Geely იმყოფება. საინტერესოა, რომ გასულ თვეს სამეულში ვერ მოხვდნენ ამერიკული Tesla და ჩინური Nio და Xpeng-ი.
BMW საკუთარ iX მოდელში ONE-ის ელემენტებს დატესტავს
გერმანული ავტომწარმოებელი BMW საკუთარ ელექტრო SUV-ი მოდელში, iX, ONE-ის მიერ წარმოებულ შორ დისტანციაზე გათვლილ ელემენტებს დატესტავს. ONE-ის Gemini-მოდელის ელემენტი ორი ტიპის ელემენტების ქსელს შექმნის. ერთი ტიპის ქსელით ავტომობილს ერთი სრული დამუხტვით 950 კილომეტრის გავლა შეეძლება. მეორე კი დამუხტვებს შორის დროის გაზრდაზე იქნება პასუხისმგებელი. ONE-ის ინფორმაციით, ავტომობილის პროტოტიპი მზად წლის ბოლოსათვის იქნება.
ONE-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, Gemini-ის ტიპის ელექტროძრავის ელემენტი ტრადიციული ელემენტებისათვის საჭირო მასალების რაოდენობის შემცირებას ისახავს მიზნად. კომპანიის მიერ შექმნილი ელემენტი უფრო ნაკლებ კობალტს, ნიკელს, გრაფიტსა და ლითიუმს იყენებს. კომპანიის განცხადებით, ისინი ელემენტის შემადგენლობაში სხვადასხვა სახის ელექტროდებს ტესტავენ, რათა შეამცირონ მათი ღირებულება და გაზარდონ ენერგოეფექტიანობა.
ONE-ის განცხადებით, მსგავსი თანამშრომლობა სხვა ავტომწარმოებლებთანაც იგეგმება. მარტში BMW-მ აღნიშნულ კომპანიაში 65 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. გასული წლის დეკემბერში, ONE-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანიის მიერ შექმნილი ელემენტის პროტოტიპმა 1 200 კილომეტრის გავლა შეძლო. საინტერესოა, კიდევ რომელი ავტომწარმოებლები გამოთქვამენ ONE-თან თანამშრომლობის სურვილს.
EV-ების მწარმოებელი Electric Last Mile Solutions-ი გაკოტრდა
ამერიკულმა კომერციული ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Electric Last Mile Solutions-მა გაკოტრების შესახებ განაცხადა. კომპანია გაკოტრების შესახებ ოფიციალური ფორმის შევსებას გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილება ბრენდმა საკუთარი პროდუქციისა და კომერციალიზაციის გეგმის გადახედვის შემდეგ მიიღო.
კომპანიის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი შეერთებული შტატების მარეგულირებელი ორგანოს მიერ აღძრული საქმეც გახდა. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიამ ELMS-სა და საბუღალტრო კომპანიას შორის არსებული დავის გამოკვლევა დაიწყო. გარდა ამისა, კომისია კომპანიის მიერ აქციების Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე განთავსების წესებთან თავსებადობასაც იკვლევს.
ცნობისათვის, თებერვალში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე დაკავებული თანამდებობებიდან გადადგნენ. ამას კი მათ მიერ კომპანიის აქციების შეძენის კანონიერების შესახებ გამოძიება მოჰყვა.
ბოლო პერიოდის განმავლობაში კომპანიამ გაურკვეველი მიზეზით თანამშრომელთა რაოდენობა 24%-ით შეამცირა.
2024 წლისთვის ელექტრომობილების გაყიდვებით შესაძლოა, Tesla-ს Volkswagen-მა გადაუსწროს
2024 წლისთვის, შესაძლოა, ელექტრომობილების ბაზარი მნიშვნელოვნად შეიცვალოს და გაყიდვებში გლობალური ლიდერის პოზიცია გერმანულმა ავტოკონცერნმა Volkswagen-მა დაიკავოს. ამისთვის მან ამჟამინდელ ლიდერს – ამერიკულ Tesla-ს უნდა გადაუსწროს.
Bloomberg Intelligence-ის ანგარიშის თანახმად, VW-ის უპირატესობა მის მრავალფეროვან პორტფელშია – ავტოკონცერნი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ბრენდებს ფლობს, მათ შორისაა: Porsche, Lamborghini, Bugatti, Bentley და Audi. კომპანია VW მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, მაგალითად: ბიუჯეტურ კატეგორიაში – VW ID.3-ს; პრემიუმ სეგმენტში – Audi e-Tron-ს; ხოლო უმაღლეს კატეგორიაში – Porsche Taycan Turbo S-ს.
ანალიტიკოსების ვარაუდით, 2025 წლისთვის ელექტრომობილები ევროპის ბაზრის 20%-ს, ხოლო ჩინეთის ბაზრის 25%-ს დაიკავებენ, მათი რაოდენობის ზრდის ტენდენცია კი, სავარაუდოდ, მომდევნო ათწლეულების განმავლობაშიც გაგრძელდება. შესაბამისად, ტრადიციული ავტომწარმოებლებისთვის EV-ის ბაზარზე თავის დამკვიდრება უაღრესად მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით რამდენიმე მსხვილი კომპანია აქტიურადაც მუშაობს, მათ შორისაა: Mercedes-ი, BMW და Ford-ი.
ამჟამინდელი მონაცემებით, ჩინეთში Tesla ლიდერობს, რომელზეც ქვეყანაში გაყიდული ელექტრომობილების საერთო რაოდენობის 13% მოდის – მის მთავარ კონკურენტებად ჩინური ავტომწარმოებლები – BYD და Wuling-ი განიხილებიან, თუმცა მოსალოდნელია, რომ მათ უახლოეს მომავალში Volkswagen-ი ჩაანაცვლებს.
Bloomberg-ის პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, 2024 წელს VW და Tesla 2-2 მილიონი ელექტრომობილის გაყიდვას შეძლებენ, რაც EV-ის გაყიდვების ისტორიაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იქნება.
Audi-მ სასაქონლო ნიშნის უფლებასთან დაკავშირებით ჩინური Nio-ს წინააღმდეგ საქმე აღძრა
გერმანული გაზეთის Handelsblatt-ის ინფორმაციით, Volkswagen-ის Audi-მ სასაქონლო ნიშნის უფლებასთან დაკავშირებულ საკითხზე მიუნხენის სასამართლოში ჩინურ ავტომწარმოებელ Nio-ს უჩივლა.
Audi-ს განმარტებით, Nio-ს გადაწყვეტილება, საკუთარ ორ მოდელს დაარქვას ES6 და ES8 არღვევს გერმანული ავტომწარმოებლის სასაქონლო ნიშნის უფლებას. შეგახსენებთ, რომ Audi-ს ორ მოდელს სახელად S6 და S8 ეწოდებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარისაგან ჩინური ავტომწარმოებლის სპიკერმა თავი შეიკავა.
Nio ჩინური ავტომობილების პრემიუმ-ბრენდია, რომელიც ჩინეთში უკვე ძლიერი მოთამაშეა. ევროპაში კი ბრენდი ფეხს სულ ახლა იდგამს. ნორვეგიულ ბაზარზე კომპანია მხოლოდ შარშან შევიდა. წელს კი გერმანული, ნიდერლანდული, შვედური და დანიური ბაზრების ათვისებას გეგმავს. ES8 მოდელის გაყიდვა ნორვეგიაში უკვე დაწყებულია.
საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.
დატოვე კომენტარი