გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გამონაკლისი არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ავტოინდუსტრიამ სიახლეებით გასულ კვირასაც გაგვაოცა. ალბათ სწორედ განვითარების ეს მზარდი ტემპია ის ფაქტორი, რაც ავტომოყვარულების ინდუსტრიასთან მიჯაჭვულობას განაპირობებს. Forbes Georgia კი კვლავ აგრძელებს სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისათვის ყოველკვირეული საავტომობილო ინდუსტრიის მიმოხილვის მომზადებას. მიმდინარე კვირის ბლოგშიც გასული კვირის უმნიშვნელოვანეს სიახლეებს გაეცნობით.  GM-ის, Ford-ის, Baidu-ს, Rivian-ის, Daimler-ის, Avtovaz-ისა და Volkswagen-ის შესახებ ახალ ამბებს სწორედ ამ საავტომობილო მიმოხილვაში მოვუყარეთ თავი.

GM-მა ახალი ელექტრო Chevrolet Blazer-ი წარადგინა, რომლის ფასიც $45,000 დოლარიდან იწყება

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა, General Motors-მა Ford Mustang Mach-E-სა და Tesla Model Y-ის კონკურენტი, სრულიად ახალი ელექტრო Chevrolet Blazer-ი წარადგინა. აღნიშნული ავტომობილი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ავტომწარმოებელი ელექტროინდუსტრიას სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევს.

GM

GM-ის განცხადებით, ახალი Chevrolet Blazer-ები დილერებს უკვე მომდევნო წლის ზაფხულიდან მიეწოდებათ. ავტომობილის ღირებულება $45,000 აშშ დოლარიდან დაიწყება და კომპლექტაციის მიხედვით $66,000 დოლარამდე გაიზრდება. ეს ეს უკანასკნელი SS მოდელი კი 557 ცხენის ძალის გამომუშავებას შეძლებს.

GM-ის გათვლებით, ავტომობილს 0-დან 100-მდე აჩქარება 4 წამში შეეძლება. შედარებისათვის, ზემოთ ნახსენები Ford Mustang Mach-E-სა და Tesla Model Y-ის შედეგი იმავე მოცემულობაში 3.5 წამს შეადგენს.

რაც შეეხება გავლილი მანძილის მაჩვენებელს, ავტომობილს კომპლექტაციის მიხედვით, ერთი სრული დამუხტვით 400-დან 515 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეეძლება. ავტომობილი GM-ის ქარხანაში იწარმოება.

გარდა ამისა, ავტომობილის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც უკანა წამყვანი, ისე წინა წამყვანი და ოთხივე წამყვანი თვლის კომპლექტაციით. ბუნებრივია, მისი ინტერიერი სრულად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებსა და დიზაინს. ავტომობილი რამდენიმე ციფრული ეკრანით იქნება აღჭურვილი.

Chevrolet Blazer-ი ამ ბრენდის უკვე რიგით მეოთხე ელექტრომობილი იქნება, რაც ამ პერიოდისათვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. საინტერესოა, რომ არაელექტრო, შიდაწვისძრავიანი Chevrolet Blazer-ის ღირებულება ამჟამად $35,000 დოლარს შეადგენს.

Ford-მა ახალი, 700-ცხენისძალიანი F-150 Raptor R-ი წარადგინა

მიუხედავად იმისა, რომ Ford-მა გასულ წელს ახალი, მძლავრი ელექტროპიკაპი, F-150 წარადგინა, ბრენდი შიდაწვისძრავიანი პიკაპის წარმოების მიტოვებას სულაც არ გეგმავს. გასულ კვირას ავტომწარმოებელმა სრულიად ახალი, მაღალი გამავლობის F-150 Raptor R-ი წარადგინა.

Ford

ახალი პიკაპი 8-ცილინდრიანი 5.2 ლიტრის მოცულობის ძრავით იქნება აღჭურვილი და მას 700 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება. ავტომობილის ღირებულება კი $109,145 დოლარიდან დაიწყება.

ავტომობილებზე გაზრდილი მოთხოვნისა და ფასების რეკორდულად ზრდის ფონზე, სულ უფრო მეტი ავტომწარმოებელი ცდილობს, რომ სრულად ელექტროწარმოებაზე გადასვლამდე, უფრო დიდი გამავლობისა და სიმძლავრის შიდაწვისძრავიანი ავტომობილები შექმნას. ამის მიზანი კი მოგების მარჟის გაზრდაა. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილებს უფრო დიდი სიმძლავრის გამომუშავების შესაძლებლობა აქვთ, მათი მოგების მარჟა ბევრად დაბალია. შესაბამისად, წმინდად ბიზნესგადმოსახედიდან, შიდაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოება ამ ეტაპზე ბევრად უფრო მოგებიანია.

Ford-ის ახალი პიკაპის R კომპლექტაცია სტანდარტული F-150 Raptor-ის მსგავსად გამოიყურება, თუმცა დიზაინში გარკვეული ცვლილებები მაინც შეიმჩნევა. მაგალითად, 2022 წლის F-150 Raptor-ი მხოლოდ 3.5 ლიტრის მოცულობის 6-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. R მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ იქნება.

კომპანიის ხელმძღვანელების განმარტებით, ავტომობილში 8-ცილინდრიანი ძრავა მომხმარებლების მოთხოვნის საფუძველზე დაბრუნდა. ცნობისათვის, Ford-ს Raptor მოდელებში 8-ცილინდრიანი ძრავა 2014 წლის შემდეგ არ გამოუყენებია. ავტომობილის წარმოება შემოდგომაზე დაიწყება.

Baidu-მ თვითმართვადი ავტომობილი წარადგინა, რომელსაც საჭე ეხსნება

ჩინურმა გიგანტმა, Baidu-მ ახალი თვითმართვადი ავტომობილი წარადგინა, რომელსაც საჭე ეხსნება. კომპანია ავტომობილის გამოყენებას მომდევნო წლიდან ჩინეთში რობოტაქსის სერვისისთვის გეგმავს.

REUTERS/Yingzhi Yang

Baidu-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თვითმართვადი ავტომობილის ღირებულება 37 000 აშშ დოლარი იქნება. ცნობისთვის, წინა მოდელი აღნიშნულზე ორჯერ ძვირი ღირდა. კომპანიის განმარტებით, ღირებულების განახევრება Baidu-ს ჩინეთში ათიათასობით ახალი თვითმართვადი ავტომობილის გაშვების შესაძლებლობას მისცემს.

„ჩვენ ვუახლოვდებით მომავალს, როდესაც რობოტაქსის სერვისის ღირებულება დღეს არსებული ტაქსის მომსახურების ღირებულებაზე ორჯერ ნაკლები იქნება“, – განაცხადა Baidu-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, რობინ ლიმ.

ახალი ავტომობილი მეოთხე თაობის თვითმართვადი ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი. ცნობისთვის, მეოთხე თაობის ტექნოლოგიას ფუნქციონირებისა და გადაადგილებისათვის ადამიანის ჩარევა არ ესაჭიროება. Baidu-ს თვითმართვადი ავტომობილი 8 ლიდარითა და 12 კამერით იქნება აღჭურვილი. ლიდარი რადარის მსგავსი სისტემაა, რომელიც რადიოტალღების ნაცვლად ლაზერულ სინათლეს იყენებს.

საინტერესოა, რომ უსაჭო რობოტაქსის ავტომობილის გამოშვება აპრილში Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმაც დააანონსა. მისი ინფორმაციით, კომპანია მსგავსი ტრანსპორტის წარმოებას 2024 წლიდან დაიწყებს. მასკის თქმით, Tesla-ს რობოტაქსით მგზავრობის ღირებულება ავტობუსის ბილეთზე იაფი იქნება.

Amazon-ი ამანათების მიწოდებას Rivian-ის ელექტროფურგონებით იწყებს

გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, Amazon-ი საკუთარი ამანათების Rivian-ის მიერ წარმოებული ელექტროფურგონებით მიწოდებას მალე დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სექტემბერში ჯეფ ბეზოსმა Rivian-ისაგან 100 000 ერთეული ელექტროფურგონის შესყიდვა დააანონსა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ ნახშირბადნეიტრალური მიზნების განსახორციელებლად მიიღო. Amazon-ი 2040 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევას გეგმავს.

Jim Vondruska | Reuters

პირველი ელექტროფურგონი Amazon-მა 2020 წლის ოქტომბერში მიიღო. მას შემდეგ  ამერიკული გიგანტი Rivian-ის მიერ მიწოდებულ ელექტრომობილს სხვადასხვა ქალაქში ტესტავდა. როგორც ჩანს, ტესტირების ეტაპმა წარმატებით ჩაიარა და Amazon-ი მალე ამანათების მიწოდებას ბალტიმორში, ჩიკაგოში, დალასში, კანზასში, ნეშვილში, ტენესიში, ფენიქსში, სან-დიეგოში, სიეტლსა და სენტ-ლუისში სწორედ Rivian-ის ელექტროფურგონებით დაიწყებს.

კომპანიის განცხადებით, წლის ბოლოსათვის 100-მდე ამერიკულ ქალაქში ათასობით ელექტროფურგონი იფუნქციონირებს. 2030 წლისთვის კი უკვე 100 000 Rivian-ის ელექტრომობილი ჩაერთვება საქმეში.

მიუხედავად იმისა, რომ Amazon-ი გლობალური მასშტაბის ტექგიგანტია, მის მთავარ ბაზარს მაინც ადგილობრივი ამერიკა წარმოადგენს. შესაბამისად, უპირველესი პრიორიტეტი სწორედ აშშ-სა და კანადის ათვისება იქნება.

შეგახსენებთ, რომ შარშან Rivian-ს არაერთი საწარმოო პრობლემა შეექმნა. ამის გამო კი Amazon-ისათვის კუთვნილი ელექტროფურგონების მიწოდების პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხდა. თუმცა Rivian-ი ერთადერთ ავტომწარმოებელი არ გახლავთ, რომლისგანაც Amazon-ი ელექტრომობილებს შეიძენს. საკუთარი საავტომობილო პარკის ელექტრიფიკაციის პროცესის დასაჩქარებლად Amazon-ი ათასობით ელექტროფურგონს Stellantis-ისგანაც იყიდის. გარდა ამისა, Amazon-ი Mercedes-Benz-ის Daimler-თან თანამშრომლობასაც გეგმავს.

Daimler Truck-ი მეორე ელექტროსატვირთოს –  eEconic-ის წარმოებას იწყებს

გასულ კვირას კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, Mercedes-Benz-ის დანაყოფი Daimler Truck-ი რიგით მეორე ელექტროსატვირთოს – eEconic-ის წარმოებას იწყებს. კომპანია ელექტროსატვირთოების ევროპული, მცირე, თუმცა მზარდი ბაზრის ათვისებას გეგმავს. ახალი ელექტრო eEconic-ის ფუნქცია ნარჩენების გადატანა იქნება.

Electrive.com

აღნიშნული ელექტროსატვირთო იმ საწარმოში აიგება, რომელშიც Daimler-ის პირველი ელექტროსატვირთო იწარმოება. ცნობისათვის, ბრენდის პირველ ელექტრომოდელს მძიმე სამუშაო ფუნქციის მქონე eActros-ი წარმოადგენს.

Daimler-ის ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარმოებულ პირველ ერთეულებს ნარჩენების გადამტანი დანიური ფირმა შეისყიდის. eEconic-ის პირველი ეგზემპლარი ამ წლის ბოლომდე იწარმოება.

ბრენდის პირველი ელექტროსატვირთოს მსგავსად, eEconic-ის ღირებულებაც მის დიზელის ეკვივალენტზე სამჯერ უფრო ძვირი იქნება.

რუსული Avtovaz-ი Lada Largus-ის წარმოებას განაახლებს

რუსული ავტომწარმოებლის, Avtovaz-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანია Lada Largus-ის წარმოების განახლებისათვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, აღნიშნული ავტომობილის წარმოებას შეჩერებული იყო.

REUTERS/Maxim Shemetov/File Photo

ცნობისათვის, Avtovaz-ს რუსეთში 30,000 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. სანქციების დაწესების შემდეგ კი კომპანიას თანამშრომლების უმეტესობის დროებით სამსახურიდან დათხოვნა მოუწია.

შეგახსენებთ, რომ ავტონაწილების იმპორტის გართულების გამო, რამდენიმე თვის წინ Avtovaz-ი Lada Granta-ს წარმოებაზე გადავიდა, რომელსაც მნიშვნელოვანი უსაფრთხოების მექანიზმები აკლდა. ფაქტობრივად, კომპანია აწარმოებდა ავტომობილს აირბაგისა და სხვა უსაფრთხოების სისტემების გარეშე.

Lada Largus-ი კი, რუსული ავტომწარმოებლის განცხადებით, უკვე მარაგში არსებული ავტონაწილებით იწარმოება. საერთო ჯამში ავტომწარმოებელი დაახლოებით 1 800 ერთეულ Largus-ს გამოუშვებს. პირველი ეგზემპლარების გაყიდვა კი მომდევნო კვირის ბოლოდან იქნება შესაძლებელი.

Volkswagen-ი STMicro-სთან პარტნიორობით ახალი ნახევარგამტარის შექმნას გეგმავს

მიკროჩიპების გლობალური დეფიციტის ფონზე, გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი და ფრანგულ-იტალიური ჩიპების მწარმოებელი STMicro ახალი ნახავარგამტარის შესაქმნელად ითანამშრომლებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კომპანიებმა გასულ კვირას გაავრცელეს.

REUTERS/Brendan McDermid

ნახევარგამტარის თავად წარმოების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, თუ როგორ ცდილობს გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი ჩიპების მიწოდებაზე კონტროლის დამყარებას.

გარდა ამისა, Volkswagen-ის პროგრამული უზრუნველყოფის დანაყოფი, Cariad-ი თვითმართვადი ავტომობილების ფუნქციების გასამართად Qualcomm-თან ითანამშრომლებს. კომპანიას მეოთხე თაობის თვითმართვადი ტექნოლოგიის დასახვეწად უფრო მაღალტექნოლოგიური ჩიპები ესაჭიროება.

Volkswagen-სა და STMicro-ს შორის დადებული შეთანხმება ამ უკანასკნელს გერმანული ავტომწარმოებლის ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ პარტნიორად აქცევს. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ფინანსური დეტალების შესახებ არაფერია ცნობილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *