საინტერესო სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან გასულ კვირასაც არ მოგვაკლდა. ტრადიციულად, ავტომწარმოებლებმა მომხმარებლებს საწარმოო თუ ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ აუწყეს. Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ საავტომობილო მიმოხილვაში ისეთი ავტომწარმოებლების შესახებ მოგიყვებით, როგორიცაა Mazda, Toyota, BMW, Mercedes-Benz-ი, Daimler-ი, GM-ი და სხვა.
Mazda რუსეთში წარმოების შეწყვეტას განიხილავს – Nikkei
მედიასააგენტო Nikkei-ის ინფორმაციით, იაპონური ავტომწარმოებელი Mazda რუსეთში, ვლადივოსტოკში არსებულ ქარხანაში წარმოების შეწყვეტას განიხილავს. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ შარშან რუსეთში 30,000 ერთეული ავტომობილი გაყიდა.
Mazda-ს მიერ მარტში გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსეთში არსებულ ქარხანაში ახალი ნაწილების ექსპორტი უნდა შეჩერებულიყო და საწარმოც იქამდე გააგრძელებდა ფუნქციონირებას, ვიდრე მარაგები იარსებებდა.
ცნობისათვის, Mazda რუსეთში ავტომობილებს ადგილობრივ ავტომწარმოებელთან, Sollers-თან ერთად აწარმოებს. მედიასააგენტო Nikkei-ის ინფორმაციით, იაპონურ კომპანიას რუსეთში ავტომობილების გაყიდვისა და შერემონტების შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. ვლადივოსტოკში წარმოების შეჩერების ზუსტი თარიღი კი მოცემული დროისთვის უცნობია.
საინტერესოა, რომ ახლახან რუსეთში წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება Mazda-ს კონკურენტმა Toyota-მაც მიიღო. მიზეზად მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემები სახელდება.
Toyota Motor-ი რუსეთში საკუთარი საწარმოების დახურვას გეგმავს
პარასკევს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იაპონური ავტომწარმოებელი Toyota რუსეთში საკუთარი საწარმოების დახურვას გეგმავს. კომპანიის განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი ავტონაწილებისა და მთავარი მასალების დეფიციტია.
ცნობისათვის, მარტში Toyota-მ რუსეთში ახალი ავტომობილებისა და ნაწილების იმპორტი შეწყვიტა, კონკრეტულად სანქტ-პეტერბურგის ქარხანაში კი წარმოება შეაჩერა. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თუკი გარემოებები Toyota-ს წარმოების განახლების შესაძლებლობას მისცემდა, ბრენდი ამისთვის სრულად მზად იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო დროს არსებული ვითარება Toyota-ს გეგმებს ცვლის.
ბრენდის გადაწყვეტილებით, Toyota მოსკოვში საკუთარი ოპერაციების რესტრუქტურიზაციას გეგმავს. კომპანია სამომავლოდ მხოლოდ არსებული მომხმარებლებისათვის შეკეთების სერვისს უზრუნველყოფს.
რუსული მედიასააგენტო Kommersant-ის ინფორმაციით, წელიწადში 100,000 ერთეული ავტომობილის წარმოების შესაძლებლობის მქონე ქარხანა პირველ ეტაპზე დაიხურება, შემდეგ კი დიდი ალბათობით აუქციონზე გაიყიდება. ცნობისათვის, Toyota RAV4 და Camry მოდელები რუსული ბაზრისთვის სწორედ ამ ქარხანაში იწყობოდა.
BMW მომავალ წელს ელექტრომობილების გაყიდვების 70%-ით ზრდას პროგნოზირებს
კომპანია BMW-ს წარმომადგენლობა მომავალი წლიდან ელექტრომობილებზე მოთხოვნისა და მათი გაყიდვების თითქმის 70%-ით ზრდას პროგნოზირებს.
BMW-ს მთავარი ფინანსური ოფიცრის, ნიკოლას პიტერის შეფასებით, ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია მარტივად შესამჩნევია, რაც მსოფლიოს მასშტაბით დაწესებული რეგულაციებითა და თავად ავტოკომპანიების მიერ ახალი და საინტერესო ელექტრომობილების წარმოებითაა განპირობებული.
მიმდინარე წელის ბოლომდე BMW-ს მიერ 245,000 ელექტრომობილის გაყიდვაა მოსალოდნელი, 2023 წლისთვის კი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 400,000 ერთეულამდე გაიზრდება.
საგულისხმოა, 2022 წელს ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდის ტემპი შედარებით შემცირდა, რაც მსოფლიო მასშტაბით გაუარესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობით, გაზრდილი ინფლაციითა და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებითაა განპირობებული, განსაკუთრებით ნახევარგამტარებთან მიმართებით.
ამჟამად გერმანული ავტომწარმოებლის პორტფელში რამდენიმე ელექტრომობილია, მათ შორისაა: SUV BMW iX, სედანი i4 და პრემიუმ-კლასის ფლაგმანი i7.
Handelsblatt: Mercedes-Benz-მა 100,000 ერთეული C კლასის მოდელი უკან გამოიხმო
გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, გერმანულმა ავტომწარმოებელმა Mercedes-Benz-მა 100,000 ერთეული C კლასის მოდელი უკან გამოიხმო. კომპანიის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი მანქანაში წყლის მოხვედრის შემთხვევაში გარკვეული მოდულის ჰერმეტულობის დარღვევის შესაძლებლობაა.
ინფორმაციას ბრენდის პრესსპიკერზე დაყრდნობით Handelsblatt-ი ავრცელებს. კომპანიას ფინანსური თუ ლოჯისტიკური საკითხების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია.
Daimler Truck-მა ჩინეთში „მერსედესის“ სატვირთოების წარმოება დაიწყო
Daimler Truck-მა ჩინეთში „მერსედესის“ სატვირთოების წარმოება დაიწყო. ცნობისათვის, ჩინეთი მძიმე სატვირთოების ყველაზე დიდი ბაზარია. 2021 წელს ქვეყანაში 1.5 მილიონი ერთეული სატვირთო გაიყიდა, რაც აშშ-ში, იაპონიასა და ევროპაში ერთობლივად გაყიდული სატვირთოების მაჩვენებელს აჭარბებს.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე ადგილობრივი მწარმოებლები, Jiefang-ი, Dongfeng Motor-ი და Sinotruk-ი დომინირებენ. Daimler-ისგან განსხვავებით კი ისინი მომხმარებლებს უფრო დაბალღირებულებიან სატვირთოებს სთავაზობენ.
Daimler-მა ჯერჯერობით ადგილობრივ მწარმოებელთან თანამშრომლობით მხოლოდ ერთი ბრენდი Auman-ი შექმნა. სხვა მხრივ კომპანია ჩინეთში Mercedes-Benz-ის გერმანიიდან იმპორტირებულ სატვირთოებს უფრო მაღალი ღირებულებით ყიდის.
კომპანიის წარმომადგენელს საწარმოო მოცულობასა და ფინანსურ დეტალებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
GM-ი ოჰაიოს საწარმოს ელექტრიფიკაციისათვის $760 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს
აშშ-ში ოჰაიოს საწარმოს ელექტრიფიკაციის პროცესის დასაჩქარებლად, ამერიკული ავტომწარმოებელი GM-ი 760 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის განმარტებით, ოჰაიოს ქარხანას ელექტროსატვირთოების საწარმოო ხაზი დაემატება.
ცნობისათვის, უდიდესი ამერიკული ავტომწარმოებელი ოჰაიოს ქარხანას საკუთარი ავტომობილებისათვის გადაცემათა კოლოფების საწარმოებლად იყენებს. აღნიშნულ ქარხანაში GM-ი 6-, 8-, 9- და 10-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფებს აწარმოებს Chevrolet-ს, Buick-ის, GMC-ისა და Cadillac-ის მოდელებისათვის.
სამომავლოდ კი აღნიშნულ ქარხანას ელექტრომობილების საწარმოო ხაზიც დაემატება. ამჟამად ოჰაიოს საწარმოში 1,500 ადამიანია დასაქმებული. მათი ნაწილი ელექტრიფიკაციის პროცესს სკეპტიკურად უყურებს. თუმცა GM-ი ირწმუნება, რომ ახალი გეგმები დასაქმებული პერსონალის სამუშაო გარემოს საფრთხეს არ შეუქმნის.
Jaguar Land Rover-ი დასაქმებულებს ელექტრიფიკაციის პროცესისთვის ტრენინგებს ჩაუტარებს
ბრიტანული ავტომწარმოებელი, Jaguar Land Rover-ი ელექტრიფიკაციის პროცესის წარმართვისთვის 29,000 თანამშრომელს გადაამზადებს. გადამზადების შედეგად კი დასაქმებულები შეისწავლიან ელექტრომობილების დიზაინს, მახასიათებლებს, შეძლებენ წარმოებისა და შეკეთების მიმართულებით მუშაობას.
მოგეხსენებათ, ელექტრომობილები განსხვავებული ტექნოლოგიით იწარმოება, შესაბამისად, ავტომწარმოებლებს დაქირავებულთა კვალიფიკაციის ამაღლება უწევთ. შიდაწვისძრავიან ავტომობილებზე სპეციალიზებისთვის თანამშრომლების გადამზადება ყველა მსხვილი მწარმოებლისათვის დიდი გამოწვევაა. Jaguar Land Rover-მა კი ამაზე ფიქრი, როგორც ჩანს, კონკურენტებზე ადრე დაიწყო.
2025 წლიდან Jaguar-ი სრულად ელექტროავტომობილებს გამოუშვებს. მთლიანად ბრენდი კი საკუთარი ავტოპარკის ელექტრიფიკაციას 2030 წლისთვის გეგმავს.
დატოვე კომენტარი