გასულ კვირას მნიშვნელოვანი სიახლეებით თავი თითქმის ყველა მსხვილმა ავტომწარმოებელმა გამოიჩინა. MAN-ი პირველ ელექტროსატვირთოს რამდენიმე წელიწადში წარადგენს, ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი Xpeng-ი ევროპაში პირველ მაღაზიას გახსნის, Lamborghini-ს ბენზინზე მომუშავე ძრავიან ავტომობილებთან გამომშვიდობება არ სურს, ცნობილმა მილიარდერმა სოროსმა ელექტრომობილების სტარტაპის წილი იყიდა, „მერსედესმა“ კი ახალი ავტომობილი წარადგინა – ამ და სხვა სიახლეებს Forbes Georgia-ის მიმდინარე კვირის ავტობლოგში გაეცნობით.
MAN-ი პირველ ელექტროსატვირთოს 2024 წლიდან გამოუშვებს
გერმანული კომერციული ავტომობილების მწარმოებელი Traton-ის MAN-ი პირველი ელექტროსატვირთოს გამოშვებას 2024 წლის დასაწყისიდან გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია MAN-მა გასულ კვირას გაავრცელა. გარდა ამისა, კომპანიამ აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში მოგების მარჟის გაორმაგებას ისახავს მიზნად.
ცნობისათვის MAN-ი Traton-ის ერთ-ერთი დანაყოფია, რომელიც მისი დაბალი მარჟის გამო ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ დეპარტამენტად ითვლება. თავად Traton-ის 89.72%-იანი წილის მფლობელი Volkswagen-ი გახლავთ. გასული წლის მარტში MAN-მა განაცხადა, რომ ელექტრომობილებზე გადასვლის პროცესის დასაფინანსებლად მოგების მარჟის 8%-ით გაზრდა იგეგმებოდა. თუმცა კომპანიას ზუსტად არ განუსაზღვრავს, როდისთვის აპირებდა ამ მიზნის შესრულებას.
MAN-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალექსანდრ ვლასკამპის განცხადებით, კომპანია საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია და ის Traton-ის ჯგუფისათვის სარფიან კონტრიბუციას წარმოადგენს.
ელექტროსატვირთოების წარდგენის შესახებ ინფორმაცია MAN-მა ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში გაავრცელა. მათი ინფორმაციით, პირველი ელექტროსატვირთოების, e-LGTM-ის წარმოება 2024 წლიდან დაიწყება, თუმცა მომხმარებლებისათვის მიწოდება 2025 წლამდე ვერ მოხერხდება.
თავის მხრივ, MAN-ის მომავალზე Traton-ის აღმასრულებელმა დირექტორმაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ამჟამად მიმდინარე რესტრუქტურიზაციის პროცესი MAN-ის ბოლო შანსს წარმოადგენს.
Bloomberg: Ford Motor-ს ელექტრომობილების ბიზნესის დამოუკიდებლად მართვა სურს
გასულ კვირას Bloomberg-მა საკითხთან დაახლოებული პირების ინფორმაციაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ Ford Motor-ს საკუთარი ელექტრომობილების ბიზნესის ტრადიციული წარმოებისაგან გამოყოფა და დამოუკიდებელ დანაყოფად მართვა სურს.
ანგარიშის მიხედვით, Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ, კომპანიის ელექტროოპერაციებისა და შიდაწვის ძრავის ბიზნესის ერთმანეთისგან გამოყოფის შესაძლებლობები განიხილა. Ford-მა გავრცელებული ინფორმაცია ბიზნესების დაყოფის შესახებ უარყო.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ისინი ამჟამად კომპანიის ტრანსფორმაციის გეგმაზე მუშაობენ, რათა ელექტრომობილების მომავალი ავტომწარმოებელში უფრო მარტივად ინტეგრირდეს. აღნიშნული გეგმა Ford +-ის სახელითაა ცნობილი.
ნომერ მეორე ამერიკული ავტომწარმოებელი Ford-ი 2030 წლისათვის ელექტროინდუსტრიის განსავითარებლად 30 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის განცხადებით, სულ ცოტა ხანში მას ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 600 000 ელექტრომობილი აწარმოოს.
სოროსმა ელექტრომობილების სტარტაპ Rivian-ის წილი შეიძინა
მილიარდერმა ინვესტორმა ჯორჯ სოროსმა, გასული წლის ბოლოს, ელექტროპიკაპების სტარტაპ Rivian Automotive-ის დაახლოებით 20 მილიონი აქცია შეიძინა.
იმ დროისთვის, დაახლოებით $2-მილიარდიანი ღირებულების 19,835,761 აქცია, Soros Fund Management-ს, კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტორად აქცევს. Rivian-ი, რომლის 20%-იანი წილი Amazon-ის საკუთრებაშია, სავარაუდოდ, ელექტრონული კომერციის კომპანიას 100,000-ზე მეტ ელექტროპიკაპს მიაწვდის.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვის გამო, Rivian-ის მიერ რეალურად წარმოებული პროდუქციის რაოდენობა 2021 წლის დასახულ მიზანს რამდენიმე ასეული მანქანით ჩამოუვარდა. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, სამომავლოდ კომპანია წარმოებას გაზრდის ელექტომობილების ლიდერ Tesla-სთვის კონკურენციის გასაწევად.
ელექტროპიკაპების სტარტაპ Rivian-ის აქციები პარასკევს 9%-ით დაეცა, რაც მოცემული წლისთვის აქციების 43%-იან ვარდნას უტოლდება. ნოემბერში, 2021 წლის უდიდესი საფონდო დებიუტის შემდგომ, რომლითაც კომპანიამ $12 მილიარდი მოიპოვა, სტარტაპის აქციები $179,46-ის მაქსიმუმიდან, 67%-ით დაეცა.
Lamborghini-ს შიდაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოება 2030-იან წლებშიც სურს
როგორც Lamborghini-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ ვინკელმანმა, გასულ კვირას გერმანულ ჟურნალ Welt am Sonntag-თან ინტერვიუში აღნიშნა, კომპანია იმედოვნებს, რომ შიდაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოების შესაძლებლობა შემდეგ ათწლეულშიც ექნება. მედიასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ჰიბრიდიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ კომპანია დააკვირდება, შესაძლებელი იქნება თუ არა ბენზინზე მომუშავე ავტომობილების კვლავ წარმოება.
საინტერესოა, რომ თუკი Lamborghini მართლაც განაგრძობს შიდაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოებას, ეს მას დიდ უპირატესობას მიანიჭებს ინდუსტრიაში სხვა ავტომწარმოებლებთან შედარებით. მაგალითად კი შეგვიძლია Dodge-ი მოვიყვანოთ. Stellantis-ის მფლობელობაში მყოფი Dodge-ი პირველი ელექტრომობილის გამოშვებას 2024 წლიდან გეგმავს. ამავე წლიდან კი ის სრულად შეწყვეტს საწვავზე მომუშავე მოდელების, Challenger-ისა და Charger-ის წარმოებას. სანაცვლოდ კი იტალიური Lamborghini პირველი სრულად ელექტროავტომობილის გამოშვებას ათწლეულის ბოლომდე არ გეგმავს.
შესაბამისად, სავარაუდოა, რომ იტალიური ავტომწარმოებელი ამ უპირატესობას სათავისოდ გამოიყენებს. შიდაწვისძრავიანი Lamborghini-ების გაყიდვა ბევრ ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი. თუკი შეერთებული შტატები საწვავისძრავიანი ავტომობილების აკრძალვას ათწლეულის შუაში გეგმავს, გერმანია და კიდევ მრავალი ქვეყანა ამის გაკეთებას ჯერ კიდევ მრავალი წელი არ აპირებს. ეს კი Lamborghini-სათვის დიდი შესაძლებლობაა.
ელექტრომობილების ჩინური მწარმოებელი Xpeng-ი ევროპაში პირველ მაღაზიას გახსნის
ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Xpeng-ი ჩინეთს გარეთ თავის პირველ მაღაზიას ხსნის. საერთაშორისო გაფართოების კვალდაკვალ ჩინური სტარტაპი პარტნიორებთან საკუთარი გაყიდვების ქსელს აღრმავებს. ჩინეთს გარეთ პირველი მაღაზიის ლოკაცია კი ევროპა – კერძოდ, შვედეთი გახლავთ. Xpeng-ის პირველი საერთაშორისო მაღაზია სტოკჰოლმში გაიხსნება.
ბუნებრივია, რომ Xpeng-ს არაფერი გამოუვიდოდა დილერი კომპანიის გარეშე. სწორედ ამიტომ, Xpeng-მა შეთანხმება შვედეთში ერთ-ერთ უდიდეს დილერსა და დისტრიბუტორთან, Bilia-სთან დადო. Xpeng-ის ავტომობილები სწორედ Bilia-ს საწყობებში შეინახება და დანიშნულების ადგილებზეც მათი გავლით მოხვდება.
საინტერესოა, რომ ჩინური ავტომწარმოებელი მხოლოდ შვედეთზე გაჩერებას არ აპირებს. მან რამდენიმე დღის წინ შეთანხმება ნიდერლანდებში ერთ-ერთ უდიდეს ავტოდილერთან, Emil Frey-სთანაც დადო. Xpeng-ი საკუთარ მაღაზიას ნიდერლანდებში 2022 წლის მარტში გახსნის. როგორც ჩანს, კომპანიას დიდი მიზნები აქვს. მომავალში Xpeng-ი საკუთარი ავტომობილების ნახევრის გაყიდვას ქვეყნის საზღვრებს გარეთ გეგმავს.
თუმცა Xpeng-ი ერთადერთი ჩინური ავტომწარმოებელი არ უნდა გვეგონოს, რომელიც ევროპის ბაზარზე შესვლას ცდილობს. მსგავსი მიზანი Nio-სა და უორენ ბაფეტის მიერ მხარდაჭერილ BYD-საც აქვთ.
ელექტრო Hummer-ის ელემენტები Honda Civic-ზე მეტს იწონის
თავიდანვე ნათელი იყო, რომ Hummer-ის მიერ ელექტროვერსიის დაანონსება ჩვეულებრივი სიახლე არ იქნებოდა. როცა Hummer-ის სახელი გვესმის, ჩვენი გონება მაშინვე მასიურ ავტომობილს წარმოიდგენს. თუმცა, მაინც რთული იყო ელექტრო Hummer-ის ისეთ ზომებში წარმოდგენა, როგორიც ის საბოლოოდ გამოვიდა.
მხოლოდ მისი ელექტროძრავის ელემენტები იმდენივეს იწონის, რამდენსაც Honda Civic-ი, Subaru BRZ-ი ან Ford Fiesta. ეს გარემოება განსაკუთრებით საინტერესო ელექტრომობილების ბუმის გამო ხდება. პოლიტიკოსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად ლობირებენ შიდაწვისძრავიანი ავტომობილებიდან ელექტროძრავიან ავტომობილებზე გადასვლის პროცესს.
მეტიც, უამრავმა სახელმწიფომ უკვე მიიღო საწვავზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვის გადაწყვეტილება ათწლეულის ბოლოსათვის. თუმცა არსებობს ერთი ძალიან საინტერესო მოცემულობა.
ზოგადად, ელექტრომობილები ანალოგიურ შიდაწვისძრავიან ავტომობილებზე მძიმეები არიან. შესაბამისად, ყველას ავიწყდება, რომ მძიმე მანქანა უფრო მეტად აბინძურებს გარემოს, ვიდრე მსუბუქი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ გახლავთ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი, მძიმე ავტომობილები უფრო დიდი რაოდენობით საბურავებს ცვეთენ, წარმოქმნიან უფრო მეტ გზის მტვერს და დამუხრუჭებისასაც უფრო დიდი ძალისხმევა სჭირდებათ. ელექტრომობილების შემთხვევაში კი ამ ყველაფერს ელემენტების წონაც ემატება.
შესაბამისად, საზოგადოებამ კარგად უნდა შეაფასოს ორივე რისკი და საბოლოოდ ყველაზე პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღოს.
Mercedes-მა საკუთარი EQE ელექტროსედანის AMG-ვერსია წარადგინა
გერმანული ავტომწარმოებელი კვლავ განაგრძობს ელექტრომობილებზე გადასვლის ელეგანტურ პროცესს. ამჯერად Mercedes-მა საკუთარი ელექტრომობილების ხაზის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელის EQE-ს AMG-ვერსია წარადგინა.
AMG EQE უკვე მეორე ელექტრომობილი გახლავთ, რომელსაც Mercedes-ისათვის AMG-ი შექმნის. პირველი ავტომობილი AMG EQS გახლდათ და ის გასული წლის სექტემბერში წარადგინეს. საინტერესოა, რომ ორივე ავტომობილი Mercedes-ის EVA2-პლატფორმაზე აიწყობა. ჯერჯერობით აღნიშნული პლატფორმა საშუალო და დიდი ზომის ავტომობილების ასაწყობად გამოიყენება.
თუმცა 2025 წლიდან გერმანული ავტომწარმოებელი პლატფორმის სრულად შეცვლასა და ელექტრომობილების რეალობაზე მორგებას გეგმავს. ახალ Mercedes-ს 0-დან 100-მდე აჩქარება 3.2 წამში შეეძლება. AMG-ის მიერ აწყობილი ახალ ორძრავიან ავტომობილს 677 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება.
დატოვე კომენტარი