გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასულ კვირას საავტომობილო ინდუსტრიაში არაერთი საინტერესო რამ მოხდა. სფეროს განვითარების ტენდენცია კვლავ მზარდია. შესაბამისად, ყოველდღიურად ვიგებთ სიახლეს ტექნოლოგიური განახლებისა თუ მწვანე ალტერნატივის შესახებ. Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ საავტომობილო მიმოხილვაში ისეთ სიახლეებს გაეცნობით, როგორიცაა: Nokian-ის რუსეთის ბაზრიდან გასვლის საბოლოო გადაწყვეტილება, Toyota-ს საწარმოო შესაძლებლობების განახლება, Tesla-ს მიერ ელექტრომობილების გაწვევის მორიგი რაუნდი, Nissan-ისა და Renault-ს თანამშრომლობის ახალი ეტაპი და ევროკავშირის მიერ შიდაწვისძრავიანი ავტომობილების აკრძალვის ახალი დადგენილების შესახებ ინფორმაცია.

საბურავების მწარმოებელმა, Nokian Tyres-მა რუსეთში საკუთარი ბიზნესი Tatneft-ს მიჰყიდა

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბურავების ფინურმა ავტომწარმოებელმა, Nokian Tyres-მა რუსეთში საკუთარი ბიზნესი და აქტივები რუსულ ნავთობმწარმოებელ კომპანიას, Tatneft PSJC-ს მიჰყიდა. ფინური კომპანიის ინფორმაციით, შეთანხმების ღირებულება 400 მილიონ ევროს შეადგენს.

REUTERS/Gleb Stolyarov

შესაბამისად, საბურავების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი რუსეთის ბაზრიდან საბოლოოდ გადის. ამის შესახებ პირველი განცხადება ფინურმა კომპანიამ ჯერ კიდევ ივნისში გააკეთა. მიზეზი კი რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებული პრობლემებია. აღნიშნული კომპანიის ამ ბაზრიდან გასვლა ერთი ფაქტორის გათვალისწინებითაა საყურადღებო. Nokian-ი სამგზავრო ავტომობილების საბურავების 80%-ს სწორედ რუსეთში აწარმოებდა. შესაბამისად, კომპანიას საკუთარი ბიზნესოპერაციების, ბიზნესმოდელისა და ლოგისტიკის სრულად შეცვლა მოუწევს.

Nokian-ი რუსულ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყნის ბაზრიდან გასვლის ნებართვა ადგილობრივმა მარეგულირებელმა ორგანომ უნდა გასცეს. როგორც ჩანს, Nokian-მა აღნიშნული ნებართვა რუსული მარეგულირებლისაგან უკვე მიიღო.

Toyota: კვარტალური წარმოება 30%-ით გაიზარდა, თუმცა ავტონაწილების დეფიციტი კვლავ პრობლემად რჩება

Toyota Motor Corp-ის მიერ გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, გლობალური წარმოების მაჩვენებელი მესამე კვარტალში 30%-ით გაიზარდა. თუმცა, კომპანიის ინფორმაციით, ავტონაწილებისა და ნახევარგამტარების დეფიციტი კვლავ გაგრძელდება და ბიზნესოპერაციებზეც დიდი გავლენა ექნება.

REUTERS/Kim Kyung-Hoon/File Photo

სექტემბერში Toyota-მ 887,733 ავტომობილი აწარმოვა, რაც ერთი თვის წარმოების მოცულობის რეკორდი გახლავთ. გარდა ამისა, აღნიშნული მაჩვენებელი 73%-ით მეტია გასული წლის სექტემბრის მონაცემებზე.

კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით Reuters-ის მიერ გაკეთებული კალკულაციით, გლობალური გაყიდვები მესამე კვარტალში 4%-ით გაიზარდა. საინტერესოა, რომ ერთი კვირის წინ Toyota-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანია 9.7 მილიონი ერთეული ავტომობილის წარმოებაში დარწმუნებული არ იყო. შესაბამისად, კომპანიას ახალი პროგნოზი ჯერჯერობით არ წარმოუდგენია.

უკანასკნელად გაჟღერებული საწარმოო პროგნოზის შესასრულებლად, Toyota-ს წლის მეორე ნახევარში პირველთან შედარებით 12%-ით მეტი ავტომობილის წარმოება მოუწევს.

საუდის არაბეთს 2026 წლისთვის 150 ათასზე მეტი ელექტრომობილის ექსპორტზე გატანა სურს

მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი, საუდის არაბეთი, ამჯერად ელექტრომობილების ექსპორტისთვის ემზადება. საუდის არაბეთის კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრის აბდულა ალ-სვაჰას განცხადებით, ქვეყანა 2026 წლისთვის 150,000-ზე მეტი ელექტრომობილის წარმოებასა და ექსპორტზე გატანას გეგმავს.

electrek.co.uk

ელექტრომობილების ექსპორტი საუდის არაბეთის გეგმის, Vision 2030-ის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებასა და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ქვეყნის ინვესტიციების მინისტრის, ხალიდ ალ-ფალიჰის ინფორმაციით, კალიფორნიაში დაფუძნებულმა Lucid Motors-მა, რომლის 61%-ს საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდი (PIF) ფლობს, პირველი საზღვარგარეთული ობიექტის მშენებლობა მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. ობიექტი ავტომწარმოებლის სამი ქარხნიდან ერთ-ერთი იქნება.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთის მთავრობამ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ Lucid-ს, ათი წლის განმავლობაში მისაწოდებლად, 50,000-დან 100,000-მდე ელექტრომობილი შეუკვეთა.

„საუდის არაბეთისთვის 100,000 ელექტრომობილის მიწოდება უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში მდგრადი ტრანსპორტის დანერგვის დაჩქარებისთვის“, – განაცხადა Lucid-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დასძინა, რომ ელექტრომობილების წარმოება 2025 წელს დაიწყება, 2026-2027 წლებში კი ყოველწლიურად 150,000 ავტომობილამდე გაიზრდება.

ცნობისთვის, Vision 2030-ის ფარგლებში, საუდის არაბეთი გეგმავს, ნავთობზე დამოკიდებულებისგან თავისუფალი მთლიანი შიდა პროდუქტი არსებული 16%-დან 50%-მდე გაზარდოს. გარდა ამისა, გეგმის შესაბამისად, ათწლეულის ბოლომდე საუდის არაბეთის დედაქალაქში ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების მინიმუმ 30% ელექტროენერგიაზე მომუშავე უნდა იყოს.

უსაფრთხოების ღვედთან დაკავშირებული პრობლემების გამო Tesla-მ აშშ-ში 24,000 ელექტრომობილი გაიწვია

ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Tesla, უსაფრთხოების ღვედთან დაკავშირებული პრობლემების გამო, აშშ-ში 2017-დან 2022 წლამდე წარმოებულ 24,000 ერთეულ Model 3-ს უკან გამოიხმობს.

REUTERS/Mike Blake

კომპანიის განცხადებით, პრობლემა მეორე რიგის სავარძლების ღვედების მოწყობილობაში აღმოჩნდა. მათი განმარტებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ავტომობილის სერვისისას ისინი არასწორი განლაგებით აიწყო.

აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული დეპარტამენტის განცხადებით, ამ მოდელის ღვედებთან დაკავშირებით უწყებაში 105 განცხადება შევიდა.

შეგახსენებთ, რომ Tesla-მ ბოლო დროს სხვადასხვა მიზეზით 100,000-მდე ავტომობილი გამოიხმო.

ანგარიში: სექტემბერში ევროპაში ყველაზე დიდი რაოდენობით Tesla Model Y დარეგისტრირდა

ბაზრის კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, გასულ თვეს ევროპაში ახალი ავტომობილების რეგისტრაციის რეკორდი Tesla Model Y-ს ეკუთვნის. როგორც ჩანს, საშუალო ზომის SUV-ი უკვე ევროპაშიც ისეთივე პოპულარობას იხვეჭს, როგორსაც ამერიკაში.

Patrick Pleul/Pool via REUTERS

ცნობისათვის, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Tesla-ს SUV-მ ევროპაში გაყიდვებით პირველი ადგილი დაიკავა. მონაცემების თანახმად, გასულ თვეს ევროპაში 29,367 ერთეული Model Y გაიყიდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 227%-ით დიდ მაჩვენებელს წარმოადგენს.

მეორე ყველაზე პოპულარული ავტომობილი გასულ თვეს ფრანგული Peugeot 208, ხოლო მესამე კი Renault-ს Dacia Sandero აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ Tesla Model Y მწარმოებლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია. წლის დასაწყისიდან დღემდე კი კომპანიამ უკვე 879,346 ერთეული Model Y აწარმოვა. ცნობისთვის, გასულ წელს მთლიანობაში 906,032 ერთეული Model Y აწარმოვეს.

Porsche-ს მოგება, 911-ის გაყიდვების მატებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იზრდება

2022 წლის პირველ ცხრა თვეში Porsche-ს საოპერაციო მოგება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 41%-ით გაიზარდა და €5.05 მილიარდს მიაღწია. თუმცა, კომპანიის ვარაუდით, შესაძლოა, მიმდინარე კვარტალი ავტომწარმოებლისთვის უფრო რთული აღმოჩნდეს.

REUTERS/Axel Schmidt

ავტომწარმოებლები ინფლაციისა და მზარდი საპროცენტო განაკვეთებისთვის ემზადებიან, ამის პარალელურად კი მოთხოვნა, განსაკუთრებით პრემიუმ-კლასის ავტომობილებზე, კვლავ უცვლელი რჩება. თუმცა, როგორც Porsche იტყობინება, 911-ის გაყიდვები გაიზარდა. მიუხედავად ამისა, Volkswagen-მა გასულ კვირას, მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო, მოგების დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.

„მსგავს არასტაბილურ და რთულ საბაზრო გარემოში ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, განსაკუთრებით ხარჯთა დისციპლინირებისა და მიმზიდველი პროდუქტის მიქსის საშუალებით, რათა მოგებიანად ვიმოქმედოთ“, – განაცხადა Porsche-ს მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა ლუც მეშკემ. ხოლო როგორც Volkswagen-ისა და Porsche-ს აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ ბლუმი ამბობს, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში კომპანიაში იმ ტიპის კრიზისებს წინასწარმეტყველებენ, რომლებიც უკავშირდება გეოპოლიტიკურ სიტუაციასა და მიწოდების ჯაჭვის საკითხებს.

Porsche, მიმდინარე თვის დასაწყისში, ევროპის ყველაზე ძვირად ღირებულ ავტომწარმოებლად იქცა, როდესაც მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ VW-ისას გადაასწრო. ანალიტიკოსთა აზრით, აღმასრულებელი დირექტორის რანგში ბლუმის ყოფნამ შესაძლოა, ავტომწარმოებლებში ხელმძღვანელობის საკითხების გაუარესება გამოიწვიოს.

ცნობისთვის, Porsche-ს მიწოდება პირველ სამ კვარტალში 2%-ით გაიზარდა და 221,512 ავტომობილს მიაღწია. რაც შეეხება 911-ს, რომელიც ავტომწარმოებლის ყველაზე მოგებიანი მოდელია, მისი გაყიდვები 9%-ით გაიზარდა და, ბლუმის განცხადებით, მოდელის შეკვეთები ამჟამად ყველა დროის მაქსიმუმზეა.

ანგარიში: Nissan-ი Renault-ს ელექტრომობილების დანაყოფის 15%-იანი წილის შეძენას გეგმავს

იაპონური ავტომწარმოებელი, Nissan-ი Renault-სთან ათეულობით წლის მქონე პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს. მედიასააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია Renault-ს ელექტრომობილების დანაყოფის 15%-იანი წილის შეძენას აპირებს.

REUTERS/Phil Noble

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია იაპონურმა და ფრანგულმა კომპანიებმა გასულ თვეს გაავრცელეს. თუმცა გარიგების ფინანსური ნაწილის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

EU-მ 2035 წლიდან შიდაწვისძრავიანი ავტომობილების აკრძალვის გეგმა დაამტკიცა

ევროკავშირში 2035 წლიდან შიდაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოების აკრძალვაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. ბლოკის გადაწყვეტილებას გლობალურ მობილობაზე უდიდესი გავლენა ექნება. ევროკავშირის კანონმდებლების გადაწყვეტილება ელექტრომობილების წარმოების პროცესს კიდევ უფრო მეტად წაახალისებს.

RONNY HARTMANN/AFP

საკანონმდებლო აქტი უკვე ფორმალურად დაამტკიცეს ევროსაბჭომაც და ევროპარლამენტმაც. თუმცა მოსალოდნელია, რომ აქტში მცირე ცვლილებები მაინც შევა. მთავარ მოთხოვნებს 2030 წლის შემდეგ წარმოებული ავტომობილების მიერ გამონაბოლქვის 55%-ით, ხოლო ფურგონების გამონაბოლქვის 50%-ით შემცირება წარმოადგენს. 2035 წლიდან კი ავტომობილებმაც და ფურგონებმაც გამონაბოლქვი 100%-ით უნდა შეამცირონ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *