გასული კვირა საავტომობილო ინდუსტრიაში მეტად დატვირთული აღმოჩნდა. საკუთარი წარმოებისა და ტექნოლოგიური განვითარების შესახებ სიახლეები არაერთმა მსხვილმა ავტომწარმოებელმა გაგვიზიარა. Forbes Georgia-ს მიმდინარე კვირის საავტომობილო მიმოხილვაში კი თავი ყველაზე მნიშვნელოვან განახლებებს მოვუყარეთ. Toyota Prius-ის განახლებული ვარიანტის, დაბალბიუჯეტური Lucid Air-ის, Rimac Nevera-ს ახალი რეკორდის, Volkswagen Golf-ის ტექნოლოგიური რევოლუციის, პოლონეთის ელექტრომობილებთან დაკავშირებული ამბიციური გეგმების, პუტინის გადაწყვეტილებისა თუ ლოს-ანჯელესში რობოტაქსის ახალი სერვისის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ქვემოთ გაეცნობით.
იაპონურმა Toyota-მ ახალი Prius-ი წარადგინა
მიუხედავად სრულად ელექტრონულ ავტომობილებში განხორციელებული მილიარდობით დოლარის მოცულობის ინვესტიციებისა, იაპონური Toyota საკუთარ საკულტო ჰიბრიდულ მოდელს, Prius-ს, მაინც თამაშში ტოვებს. გასულ კვირას ავტომწარმოებელმა Prius-ის ორი ახალი მოდელი, Prius Hybrid-ი და დამუხტვადი ჰიბრიდი Prius Prime-ი წარადგინა.
Toyota-ს 2023 წლის პრიუსის მოდელების ამერიკული სპეციფიკაციების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია, თუმცა შესამჩნევია, რომ ახალი Prius-ები წინამორბედებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. ავტომობილების ექსტერიერი მეტად სპორტული და აეროდინამიკურია. თუმცა მთლიანობაში სილუეტი ლეგენდარულ პრიუსს მაინც მარტივად მოგვაგონებს.
კომპანიის ინფორმაციით, 1997 წელს პრიუსის პირველი მოდელის წარდგენიდან დღემდე, Toyota-მ მოდელის 20 მილიონი ერთეული გაყიდა. აღნიშნული რაოდენობის ჰიბრიდულმა მოდელებმა კი 160 მილიონი ტონა CO2-ის გამოყოფა აირიდეს თავიდან. ეს კი იმავე ეფექტს იძლევა, რასაც 5.5 მილიონი ერთეული სრულად ელექტრონული ავტომობილი მოგვცემდა.
ცნობისათვის, Toyota უკანასკნელ პერიოდში საკუთარი ელექტროსტრატეგიის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ავტოექსპერტები კომპანიას სტრატეგიულ დაგეგმარებას უწუნებდნენ, მაშინ როდესაც ყველა მსხვილი ავტომწარმოებელი სრულად ელექტრონულ ალტერნატივებზე მუშაობს.
Lucid-მა მდიდრული ელექტროსედანის, Air-ის ახალი, დაბალბიუჯეტური ვერსიები წარადგინა
გასულ კვირას მდიდრული ელექტრომობილების მწარმოებელმა, Lucid-მა საკუთარი ელექტროსედანის, Air-ის რამდენიმე ახალი ვერსია წარადგინა, მათ შორის – აქამდე ყველაზე დაბალბიუჯეტური მოდელი.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, პიტერ როულინსონის განცხადებით, Lucid Air Pure-ის ღირებულება 87,400 აშშ დოლარიდან დაიწყება. აღნიშნული მოდელის ავტომობილი, რომელსაც ოთხივე თვალი წამყვანი აქვს და ერთი სრული დამუხტვით 660 კილომეტრის გავლა შეუძლია, მიმდინარე წლის ბოლომდე იწარმოება. ხოლო მხოლოდ უკანა წამყვანი თვლების მქონე ვერსია 2023 წლისთვის გამოვა.
გარდა ბიუჯეტური მოდელისა, ავტომწარმოებელმა ყველაზე ენერგოეფექტური მოდელიც წარადგინა. Lucid Air Touring-ს 620 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება და ერთი სრული დამუხტვით ის 680 კილომეტრს გაივლის. მისი ღირებულება კი 107,400 აშშ დოლარიდან დაიწყება.
Lucid-ის მიერ წარდგენილი მესამე მოდელი კი ყველაზე დიდი შესაძლებლობების მქონე Air Sapphire გახლავთ. აღნიშნული მოდელი ამჟამად საბოლოო სამუშაოებს გადის და მომხმარებლებს მისი კონცეფცია სულ მალე მიეწოდება. Lucid-ის განცხადებით, Air Sapphire-ს 0-დან 100-მდე აჩქარება 1.89 წამში შეეძლება და ის 330 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს. ეს კი მას მსოფლიოში უსწრაფეს სედანად აქცევს. აღნიშნული მოდელის ღირებულება 249,000 აშშ დოლარი იქნება და მისი წარმოება მომავალი წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. გასულ კვირას გამართულ ღონისძიებაზე Lucid-მა კიდევ ერთი მოდელის, Gravity-ს შესახებ ისაუბრა, ახალ ელექტრო-SUV-თან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას კი მოგვიანებით გაასაჯაროებს.
Rimac Nevera-მ Tesla-ს რეკორდი გააუმჯობესა და მსოფლიოში უსწრაფესი ელექტრომობილი გახდა
ელექტროჰიპერქარების ხორვატიულმა მწარმოებელმა, Rimac-მა Tesla-ს მიერ დამყარებული მაქსიმალური სიჩქარის რეკორდი გააუმჯობესა და 412 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლო. Tesla Model S Plaid-ის რეკორდის 146 ერთეულით გაუმჯობესების შემდეგ Rimac Nevera-მ მსოფლიოში უსწრაფესი ელექტრომობილის ტიტული მოიპოვა.
ცნობისათვის, Rimac Nevera-ს ღირებულება 2.1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. Tesla Model S Plaid-ი კი 136,000 ამერიკული დოლარი ღირს. ავტომობილის სიჩქარე გერმანიაში Papenburg-ის სატესტო ავტოდრომზე შემოწმდა. აღნიშნული 4-კილომეტრიანი ავტოდრომი მსგავსი ტესტირებებისათვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია.
Rimac Nevera-ს 4 ელექტროძრავას 1,914 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია, რაც კონკურენტებთან კომფორტულ უპირატესობას აძლევს. კორპუსის აგებულება, აეროდინამიკა და ძრავები ავტომობილს ადგილიდან დაძვრის უპირატესობასაც აძლევს.
Volkswagen Golf-ის მე-9 თაობა ელექტროძრავით ბრუნდება
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანული ავტომწარმოებელი, Volkswagen-ი საკუთარი საკულტო მოდელის, Golf-ის მე-9 თაობას ელექტროძრავით დააბრუნებს. Volkswagen-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტომას შეფერის განმარტებით, კომპანია Golf-ის ბრენდს პენსიაზე არ გაუშვებს და მას ახალი მოდელების ბრენდირებაში გამოიყენებს.
მეტიც, კომპანიის გადაწყვეტილებით, Golf-ის ახალი თაობის წარმომადგენელი ID-ების საწარმოო ხაზს შეუერთდება. Golf-ის ამჟამინდელი, მე-8 თაობის წარმოება დაახლოებით 2027-2028 წლებისთვის შეწყდება.
Volkswagen-ის ხელმძღვანელობის განმარტებით, მომავალში ID-მოდელები და საკულტო სერიები ერთად იარსებებენ. „კომპანია შეინარჩუნებს ლეგენდარული მოდელების დასახელებებს, თუმცა ID-სტრატეგიასთან შეთავსებით“. მათი განცხადებით, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ID-დასახელებას მხოლოდ ციფრები მოსდევდეს. ID Buzz-ი კი ამის ნათელი დადასტურებაა. სწორედ ამავე წარმატებით, მომავალში შესაძლოა ID Golf-ი ვიხილოთ.
ტომას შეფერის განცხადებით, არც იმის მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ID Golf-ი Volkswagen ID 3 მოდელს ჩაანაცვლებს. აღნიშნული ავტომობილები თანადროულად იარსებებენ, თუმცა განსხვავებული შესაძლებლობები, ფორმები, ზომა და პოზიციონირება ექნებათ.
პოლონეთი Volvo-ს მფლობელ Geely-სთან პარტნიორობით ადგილობრივი წარმოების პირველ EV-ს შექმნის
პოლონეთმა პირველი ადგილობრივი წარმოების ელექტრომობილის შესაქმნელად, პარტნიორად შვედური Volvo-ს მფლობელი ჩინური ავტომწარმოებელი Zhejiang Geely Holding Group-ი შეარჩია. აღნიშნული გადაწყვეტილება აღმოსავლეთევროპულმა სახელმწიფომ ევროპაში ელექტრომობილებზე მზარდი მოთხოვნის გამო მიიღო. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ელექტრომობილების ადგილობრივად წარმოებაში ეკონომიკურ ინტერესებსაც ხედავს.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ პოლონურ ElectroMobility Poland-სა და ჩინურ ავტომწარმოებელს შორის დადებული შეთანხმება ქვეყანას ავტომობილების ადგილობრივად წარმოების შესაძლებლობას Izera-ს ბრენდის სახელით 2025 წლიდან მისცემს.
პოლონური ავტომწარმოებლის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ჩინური შეთანხმების თანახმად, ჩინური Geely პოლონელებს ელექტრომობილების ტექნოლოგიებსა და პლატფორმას მიაწვდის.
ცნობისათვის, პოლონეთს Izera-ს ბაზარზე გატანა ჯერ კიდევ 2020 წლისთვის სურდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო წარმოების დაწყება მრავალჯერ გადაიდო. პოლონური ElectroMobility-ს მეწილეების უმეტესობას ენერგოკომპანიები წარმოადგენენ, რომლებიც საწარმოს მშენებლობას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. ავტომწარმოებლის განცხადებით, ქარხანას წლიურად 100,000 ერთეული ელექტრომობილის წარმოების შესაძლებლობა ექნება.
შეთანხმების ფინანსური ნაწილის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. თუმცა ფაქტია, რომ პარტნიორობა პოლონეთს ინდუსტრიაში უპირატესობის მოპოვებას შეაძლებინებს. ამჟამად პოლონეთში იმაზე ცოტა ელექტრომობილია რეგისტრირებული, ვიდრე გერმანიაში ყოველთვიურად რეგისტრირდება.
ცნობისათვის, პოლონეთმა ადგილობრივი ავტომობილის, Polonez-ის წარმოება 20 წლის წინ შეწყვიტა. 20 წლის შემდეგ კი ქვეყანა ინდუსტრიაში პირდაპირ ელექტრომობილებით ბრუნდება. პოლონეთში ელექტრომობილების ელემენტების უამრავი ქარხანა, მათ შორის LG Chem-ი, Northvolt-ი და Umicore SA მდებარეობს. გარდა ამისა, ქვეყანაში Stellantis-ის, Volkswagen-ისა თუ Mercedes-Benz-ის წარმომადგენლობებიც გვხვდება. ეს კი ElectroMobility-ს Izera-სათვის ავტონაწილების 60%-ის შეძენის შესაძლებლობას ადგილობრივად მისცემს.
რუსული ავტომობილების გაყიდვების რეკორდულად ვარდნის გამო პუტინმა ფასების კონტროლის განკარგულება გასცა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთის მთავრობამ ავტომობილების ფასების კონტროლი უნდა დაიწყოს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთში ავტომობილების გაყიდვები რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. მოგეხსენებათ, დასავლური სანქციების გამო, რუსეთში ავტომობილების გაყიდვები დრამატულად დაეცა და 1 მილიონზე ნაკლები შეადგინა.
უმსხვილესი რუსული ავტომწარმოებლის, Avtovaz-ის ხელმძღვანელის განცხადებით, მიმდინარე წელს ავტომობილების გაყიდვების რიცხვი 60%-ით შემცირდა. წლის ბოლომდე კი შესაძლოა, მაჩვენებელმა 75% შეადგინოს.
პუტინის განკარგულებით კი მთავრობამ ავტომობილების წარმოება უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახადოს და ფასების უსამართლოდ ზრდა თავიდან აირიდოს.
დატოვე კომენტარი