გასული კვირა საავტომობილო სიახლეებით მეტად დატვირთული აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ წლის დასაწყისის ეფექტი უკვე ყველა ავტომწარმოებელმა გადალახა და აქტიურად ჩაერთო საავტომობილო რბოლაში კონკურენტებთან უპირატესობის მოსაპოვებლად. Forbes Georgia-ს მიმდინარე კვირის საავტომობილო მიმოხილვაში ისეთ სიახლეებს გაეცნობით, როგორიცაა: ევროპაში ახალი ავტომობილების გაყიდვების ტენდენციები, ფრანგული Renault-ს გაყიდვების შემცირების მიზეზები, Chevrolet-ს მიერ ახალი Corvette-ის წარდგენა და მისი მახასიათებლები, GM-ის ახალი საინვესტიციო მიმართულებები, Toyota-ს საწარმოო გეგმები 2023 წლისთვის თუ სხვა.
დეკემბერში ევროპაში ახალი ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელი გაიზარდა
ავტომწარმოებელთა რეგიონული ასოციაციის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასული წლის დეკემბერში ევროპაში ახალი ავტომობილების რეგისტრაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
საავტომობილო მწარმოებლების ევროპული ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში ევროკავშირის ტერიტორიაზე, დიდ ბრიტანეთსა და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ახალი ავტომობილების რეგისტრაციის მაჩვენებელი 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 14.8%-ით 1.091 მილიონ ერთეულამდე გაიზარდა.
რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირს, აქ ზრდამ 12.8% შეადგინა, რაც ასევე მნიშვნელოვნად დიდი მაჩვენებელია. თუ გასული თვეების ტენდენციებს გავითვალისწინებთ, აღნიშნული ზრდის უდიდესი წილი სწორედ ელექტრომობილებზე უნდა მოდიოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო მწარმოებლების ევროპული ასოციაცია ჯერჯერობით არ აქვეყნებს. თუმცა ელექტრომობილებზე მოთხოვნა, განსაკუთრებით ევროპის ტერიტორიაზე, იმდენად მაღალია, რომ ამაზე ვარაუდის გამოთქმის შესაძლებლობა გონივრული იქნება.
Renault ჯგუფის გაყიდვები 2022 წელს 5.9%-ით შემცირდა
კომპანიის მიერ გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, ფრანგული ავტომწარმოებლის, Renault ჯგუფის გაყიდვები 2022 წელს 5.9%-ით 2,051,174 ავტომობილამდე შემცირდა. საინტერესოა, რომ უკვე ზედიზედ ოთხი წელია, Renault-ს გაყიდვები მცირდება.
ცნობისათვის, Renault ჯგუფი თავად Renault-ს ბრენდის ავტომობილების გარდა კიდევ რამდენიმე მწარმოებელს აერთიანებს. საინტერესოა, რომ კონკრეტულად Renault-ს ბრენდის ავტომობილების გაყიდვები გასულ წელს კიდევ უფრო მეტად, 9.4%-ით შემცირდა. სანაცვლოდ, 6.8%-ით გაიზარდა ჰოლდინგში შემავალი Dacia-ს გაყიდვები.
ფრანგული ავტომწარმოებლის გაყიდვებზე კოვიდთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემებმა სხვებზე დიდი გავლენა იქონია. ამჟამად კომპანიის მიზანი უფრო დიდი მარჟის მქონე ავტომობილების გაყიდვებსა და ელექტრომობილების წარმოებაზე კონცენტრირებაა.
ამ მხრივ კომპანიის ტენდენციები იმედის მომცემ მაჩვენებლებს აფიქსირებს. Renault-ს ბრენდით წარმოებული ელექტრომობილების გაყიდვები გასულ წელს ევროპაში მესამე ადგილს იკავებდა. 2021 წელთან შედარებით Renault-ს ელექტრომობილების გაყიდვები ევროპაში 12%-ით, 228,000 ერთეულამდე გაიზარდა და მხოლოდ Toyota-სა და Tesla-ს ჩამორჩება.
2023 წელთან მიმართებით კომპანიის ხელმძღვანელობა დიდ იმედებს ამყარებს. ზემოთ აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის შემდეგ კომპანია წელს გაყიდვების მატებას ელოდება.
GM-მა ახალი ჰიბრიდული Chevy Corvette-ი წარადგინა
ავტომწარმოებლის მიერ გასულ ხუთშაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად, General Motors-მა კომპანიის პირველი ელექტრიფიცირებული Corvette-ი წარადგინა. მომხმარებლები პირველი ჰიბრიდული Corvette-ის ხილვას წლის ბოლოსთვის შეძლებენ და მისი ღირებულება 104,000 აშშ დოლარიდან დაიწყება.
საინტერესოა, რომ ავტომობილი ოთხივე წამყვანი საბურავის კომპლექტაციით იქნება ხელმისაწვდომი, რაც ასევე ისტორიაში პირველად მოხდება. ავტომწარმოებლის განმარტებით, E-Ray, ანუ ახალი ჰიბრიდული Corvette-ი აქამდე წარმოებული ყველაზე სწრაფი მოდელი იქნება. Chevy Corvette E-Ray 0-დან 100-მდე აჩქარებას 2.5 წამში შეძლებს.
ბუნებრივია, ავტომობილის სრულად ელექტრომოდელის წარმოება პერსპექტივაში იგეგმება, თუმცა GM-ი აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებისაგან თავს იკავებს. ამერიკული მწარმოებლის განცხადებით, კომპანია სრულად ელექტროსაწარმოო ხაზზე 2035 წლიდან გადავა.
Chevy Corvette E-Ray-ის ჰიბრიდული სისტემა ავტომობილის წინა ნაწილში ერთ დამატებით ელექტროძრავას გვთავაზობს, რაც ავტომობილს დამატებით 160 ცხენის ძალითა და 125 ნიუტონ/მეტრი მაბრუნებელი მომენტით უზრუნველყოფს. შედეგად კი ახალ მოდელს შიდაწვისძრავიანი მოდელებისაგან განსხვავებით უფრო სწრაფად აჩქარება შეუძლია. მთლიანობაში 8-ცილინდრიანი ძრავის მქონე ახალ ჰიბრიდულ Chevy Corvette E-Ray-ს 655 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება.
GM-ი 8-ცილინდრიანი ძრავებისა და ელექტრომობილების ნაწილების წარმოებაში $918 მილიონის ინვესტირებას გეგმავს
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკული ავტომწარმოებელი General Motors-ი 4 ამერიკულ საწარმოში 8-ცილინდრიანი ძრავებისა და ელექტრომობილების ნაწილების წარმოების ტემპების დასაჩქარებლად დაახლოებით მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
საინტერესოა, რომ ეს გადაწყვეტილება ამერიკულმა გიგანტმა იმის მიუხედავად მიიღო, რომ 2035 წლისთვის მომხმარებლებისათვის ექსკლუზიურად მხოლოდ ელექტრომობილების შეთავაზებას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინვესტიციის უმეტესობა – $579 მილიონი – მიჩიგანის ქარხანაში ავტომწარმოებლის მეექვსე თაობის 8-ცილინდრიანი ძრავების წარმოების ტექნოლოგიების განვითარებას მოხმარდება.
ცნობისათვის, აღნიშნული ძრავები ავტომწარმოებლის ერთ-ერთ ყველაზე მოგებიან მოდელებში, პიკაპებსა და SUV-ებში გამოიყენება. გარდა ამისა, GM-ის 8-ცილინდრიან ძრავებს Cadillac-ი და Chevrolet-ც იყენებენ.
რაც შეეხება ინვესტიციის დარჩენილ ნაწილს, აღნიშნული თანხა 3 საწარმოში შიდაწვისძრავიანი მოდელებისა და ელექტრომობილების ნაწილების წარმოებას მოხმარდება. GM-ის გადაწყვეტილება, რომ ელექტროინდუსტრიის განვითარებასთან ერთად იფიქროს შიდაწვისძრავიანი ავტომობილების ტექნოლოგიების განვითარებაზე, საკმაოდ პრაგმატული ნაბიჯია. მიუხედავად უკვე არსებული აკრძალვებისა, წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების სრულად აკრძალვამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. შესაბამისად, ამ მიმართულების სრულად დავიწყება შესაძლოა ავტომწარმოებლებს ძვირად დაუჯდეთ და ბაზრის წილები დაკარგონ.
Toyota წელს 10.6 მილიონი ავტომობილის წარმოებას გეგმავს
Toyota მიმდინარე წელს 10.6 მილიონი ერთეული ავტომობილის წარმოებას გეგმავს – ზემოხსენებული მიზნის მიღწევის შემთხვევაში, იაპონური გიგანტი რეკორდულ შედეგზე გავა.
კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, საბაზრო სცენარით გათვალისწინებულია ისეთი რისკები, როგორიცაა: აზიის მასშტაბით კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდა; მიწოდების ჯაჭვების შეფერხება და ნახევარგამტარების დეფიციტის გამწვავება.
შედარებისთვის, გასულ 2022 წელს Toyota-მ საერთო ჯამში 9.7 მილიონი ერთეული ავტომობილი გამოუშვა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო.
ზოგადად, პანდემიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო მასშტაბით ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება, განსაკუთრებით კი – აშშ-ში. მოგეხსენებათ, Toyota მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი მწარმოებელია და ის საქართველოში მოწინავე პოზიციებს იკავებს. ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე პოპულარულ მოდელებს შორისაა: Camry, Prius-ი და RAV4.
ვიეტნამური მწარმოებელი VinFast-ი Tesla-სთვის კონკურენციის გასაწევად ფასებს ამცირებს
მას შემდეგ, რაც Tesla-მ საკუთარ ავტომობილებზე ფასების შემცირების შესახებ განაცხადა, ვიეტნამურმა ავტომწარმოებელმა, VinFast-მა ბაზარზე კონკურენციის გასაწევად სხვადასხვა სახის აქციების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ VinFast-მა ინდუსტრიაში ოპერირება 2019 წელს დაიწყო და ამერიკულ ბაზარზე კონკურენტებისათვის წილის ჩამორთმევას საკუთარი ორი ელექტრომოდელით, VF8-ითა და VF9-ით გეგმავს. აღნიშნული ავტომობილების ღირებულებები კი, შესაბამისად, $59,000-სა და $83,000-ს შეადგენს.
სანაცვლოდ, ამერიკული ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი, Tesla, საკუთარი Model Y ავტომობილს ფასების შემცირების შემდეგ 52,990 დოლარად ყიდის. მანამდე ავტომობილის ღირებულება $65,990 დოლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ახალი მოთამაშის სახით, VinFast-ს ამერიკულ ბაზარზე საკუთარი ნიშის მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევის ჩადება მოუწევს. VinFast-ის პრესსპიკერის განცხადებით, კომპანია მომხმარებლებისათვის მასშტაბური სააქციო პროგრამების შეთავაზებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ვიეტნამურმა მწარმოებელმა საკუთარი ელექტრომობილების პირველი პარტია, 999 ერთეული ავტომობილი, შეერთებულ შტატებში გასულ ნოემბერს ჩაიყვანა. აღნიშნული ავტომობილების მომხმარებლებისათვის მიწოდებას კი მწარმოებელი უკვე მიმდინარე თვიდან დაიწყებს. კომპანიის განცხადებით, გასულ წელს 65,000-მდე წინასწარი ჯავშანი მიიღო. 2026 წლისთვის კი ვიეტნამური მწარმოებელი 750,000 ერთეული ელექტრომობილის გაყიდვას გეგმავს.
დატოვე კომენტარი