გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

ფისკალური წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად ავტოინდუსტრიით და ამ რბოლაში ჩართული „მოთამაშეებით“, როგორც წესი, სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. ავტომოყვარულებთან ერთად ეს პერიოდი ინვესტორებისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გასული წლის ფინანსური შედეგების გამოქვეყნებას მომდევნო წლების განვითარებაზე ყოველთვის დიდი გავლენა აქვს. სწორედ ამიტომ, ყველა ავტომწარმოებელი ახლა 2022 წელს დასახული საწარმოო მიზნების შესრულებისაკენ ისწრაფვის. Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ საავტომობილო მიმოხილვაში კი ისეთი ავტომწარმოებლების შესახებ გაეცნობით სიახლეებს, როგორიცაა: შვედური Volvo, ვიეტნამური VinFast-ი, იაპონური Nissan-ი, ამერიკული Tesla და GM-ი, კორეული KIA თუ სხვა.

შვედური Volvo-ს ავტომობილების გაყიდვები თებერვალში 22%-ით გაიზარდა

შვედური საავტომობილო კომპანიის, Volvo-ს მიერ წარმოებული ავტომობილების გაყიდვები თებერვალში წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 22%-ით გაიზარდა და 51,286 ერთეული შეადგინა. გაყიდვების ზრდის მთავარი კატალიზატორი ბრენდის დამუხტვადი მოდელები აღმოჩნდა. აღნიშნული სიახლის გავრცელების შემდეგ შვედური Volvo Car AB-ის აქციათა ფასი სავაჭრო დღის ბოლოს საგრძნობლად გაიზარდა.

REUTERS/Yves Herman

გარდა ამისა, Volvo-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ თებერვალში კომპანიის ელექტრომობილების გაყიდვები 187%-ით გაიზარდა, რამაც გაყიდვების მთლიანი ზრდის 19% შეადგინა. რაც შეეხება ავტომწარმოებლის დამუხტვად მოდელებს, მათი გაყიდვები თებერვალში 49%-ით გაიზარდა, მთლიანობაში კი კომპანიის მიერ გაყიდული ავტომობილების 40% სწორედ დამუხტვადი მოდელები გახლავთ.

აღნიშნული სიახლეების გავრცელების შემდეგ Volvo-ს აქციათა ფასი სავაჭრო დღის ბოლოს 3%-ით გაიზარდა.

შედარებისათვის, იანვარში კომპანიის გაყიდვები მხოლოდ 2%-ით გაიზარდა, რაც მეტწილად ჩინური ახალი წლის და დღესასწაულების „დამსახურება“ იყო. სანაცვლოდ, თებერვალში ჩინეთში გაყიდვები 50%-ით გაიზარდა. ევროპაში, კომპანიის ყველაზე დიდ ბაზარზე ზრდამ თებერვალში მხოლოდ 9% შეადგინა. შეგახსენებთ, რომ Volvo-ს ჩინური ავტომწარმოებელი, Geely Holding-ი ფლობს.

ვიეტნამურმა VinFast-მა აშშ-ის ბაზარზე მომხმარებლებს პირველი 45 ავტომობილი მიაწოდა

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიეტნამურმა ავტომწარმოებელმა, VinFast-მა აშშ-ის ბაზარზე საკუთარ მომხმარებლებს პირველი 45 ელექტრომობილი მიაწოდა. კალიფორნიაში მიწოდებული ავტომობილების შესახებ ცნობებს თავად ავტომწარმოებელი აქვეყნებს.

REUTERS/Lisa Baertlein

შეგახსენებთ, ვიეტნამური კონგლომერატ VinGroup JSC-ის შვილობილმა კომპანიამ ამერიკის ბაზარზე პირველი 999 ავტომობილი გასული წლის ნოემბერში ჩაიყვანა, თუმცა აღნიშნული ელექტრომობილების მომხმარებლებისათვის მიწოდება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.

გარდა იმისა, რომ კომპანიამ მომხმარებლებს დამატებით 3 თვე ალოდინა, წინასწარი შეკვეთების მქონე მომხმარებლები სხვა მიზეზითაც გაანაწყენა. VinFast-მა აშშ-ში იმაზე ქვედა კომპლექტაციის ელექტრომობილები ჩაიყვანა, ვიდრე ამას თავდაპირველად აჟღერებდა.

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, VF8 City Edition Eco-მოდელს, რომელიც თავდაპირველი ვერსიის რებრენდინგს წარმოადგენს, ერთი სრული დამუხტვით მხოლოდ 333 კილომეტრის გავლა შეეძლება, რაც მოსალოდნელზე ბევრად დაბალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, აშშ-ის შიდა შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, VinFast-მა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მოქალაქეებისათვის გამოყოფილი 7,500 დოლარის მოცულობის სუბსიდიისათვის საჭირო ნებართვის მიღებაც ვერ შეძლო. შესაბამისად, ქვეყნის მოქალაქეები VinFast-ის მოდელების შეძენისას აღნიშნული შეღავათითაც ვერ ისარგებლებენ.

Nissan-ი ევროპაში გაყიდვების 98%-ით ელექტრიფიცირებას გეგმავს

Nissan Motor-ი ელექტრიფიცირებული ავტომობილების გლობალური გაყიდვების მნიშვნელოვნად ზრდას აანონსებს, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბაზარი კი ავტომწარმოებლისთვის ევროპაა, სადაც კომპანია ფრანგულ Renault-სთან თანამშრომლობას გეგმავს. იაპონური ავტომწარმოებლის მიზანი სექტორის ისეთი გიგანტებისთვის კონკურენციის გაწევაა, როგორიც ამერიკული Tesla და ჩინური BYD-ია.

Reuters

ამისათვის კი Nissan Motor-მა გლობალური ელექტრიფიცირებული ავტომობილების გაყიდვების მიქსის, მათ შორის ჰიბრიდული e-Power-მოდელების, 2030 წლის მიზანი, 2021 წელს დაანონსებული 50%-დან 55%-მდე გაზარდა. გარდა ამისა, განახლებული გეგმით, Nissan-ი 2030 წლისთვის 27 ახალ ელექტრიფიცირებულ მოდელს, მაშ შორის 19 EV-ს წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის მასშტაბით, 2026 წლისთვის, ავტომწარმოებელი გაყიდვების 98%-ით ელექტრიფიცირებას გეგმავს, მაშინ როდესაც თავდაპირველი მიზანი მხოლოდ 75% გახლდათ.

ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე, კომპანიის მთავარი ოპერაციული დირექტორის, აშვანი გუპტას განცხადებით, ევროპა „ძირითადი ბაზარი“ გახდა. მოგებიანობა კომპანიაში გაზრდილია, Nissan-ის Renault-სთან ალიანსი კი კომპანიას პატარა ზომის მანქანების ბაზარზეც აძლევს წვდომას, სადაც ამ დრომდე იაპონური მწარმოებელი დიდი მასშტაბით წარმოდგენილი არც ყოფილა.

Nissan-ის სხვა ძირითად ბაზრებს შორის გამორჩეულია იაპონიაც, სადაც ელექტრიფიცირებული ავტომობილების 2026 წლის გაყიდვების მიზანი 55%-დან 58%-მდე გაიზარდა. ელექტრიფიცირებული ავტომობილების გაყიდვების 2026 წლის მიზანი კი, თავდაპირველი 40%-დან, 35%-მდე შემცირდა ჩინეთში, რადგან, კომპანიის ხედვით, ელექტრომობილებისთვის მსოფლიოში უდიდესი ბაზარი მოსალოდნელზე ნელა იზრდება და თანაც ჩინეთში უფრო მეტად ადგილობრივი ბრენდები დომინირებენ.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ Nissan-ის ელექტრომობილების გაყიდვების მიზანი უცვლელია და 2030 წლისთვის კომპანიის გაყიდვების მიქსის მხოლოდ 40%-ს შეადგენს. თუმცა კომპანიას აშშ-ში სამომავლო გეგმები აქვს და 2026 წლისთვის „ინფლაციის შემცირების აქტის“ მოთხოვნებთან მორგებას ცდილობს, რაც, გუპტას შეფასებით, ერთდროულად გამოწვევაცაა და ელექტრიფიცირების დაჩქარების შესაძლებლობაც.

Tesla-მ ხრახნებთან დაკავშირებული პრობლემების გამო 3,470 Model Y უკან გაიწვია

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Tesla-მ 3,500-მდე ავტომობილი უკან გაიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი მეორე რიგის სავარძლების დამჭერი ხრახნების შეუსაბამოდ დამაგრებაა. ავტომწარმოებელი 2022-დან 2023 წლამდე წარმოებულ 3,470 Model Y-ს უკან გაიწვევს, ხრახნებს უსაფრთხოდ დაამაგრებს და მომხმარებლებს უკან დაუბრუნებს.

REUTERS/Tingshu Wang/File Photo

აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ხრახნის ამჟამინდელ მდგომარეობაში დატოვება უსაფრთხოების ღვედების მალფუნქციის რისკებს ზრდის, რაც საგზაო ინციდენტის შემთხვევაში დაშავების პოტენციურ საფრთხეს აჩენს.

Tesla-ს მიერ მარეგულირებლისათვის წარდგენილი მონაცემების თანახმად, ამ პრობლემასთან დაკავშირებით, დეკემბერში კომპანიას 5 შემთხვევის შესახებ ეცნობა. რაც შეეხება დაშავებას ან ფატალურ შემთხვევას, Tesla ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

აღსანიშნავია, რომ Tesla-ს საკუთარი ავტომობილების უკან გაწვევა ძალიან ხშირად უწევს. უმეტეს შემთხვევაში ეს ყველაფერი პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებთანაა დაკავშირებული, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე მექანიკურ პრობლემაშია.

თურქეთმა ჩინეთიდან იმპორტირებულ ელექტრომობილებს დამატებით 40%-იანი ტარიფი დაუწესა

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, ქვეყანამ ჩინეთიდან იმპორტირებულ ელექტრომობილებს დამატებით 40%-იანი ტარიფი დაუწესა. აღნიშნულის ოფიციალურ მიზეზთან დაკავშირებით ინფორმაცია სამთავრობო მედიას არ გაუვრცელებია. თუმცა, თურქეთის პოლიტიკიდან გამომდინარე, გარკვეული დასკვნების გაკეთება შეგვიძლია. თურქეთმა ჩინეთიდან იმპორტირებული დაბალბიუჯეტიანი ელექტრომობილების ხელოვნურად გაძვირების გადაწყვეტილება ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად მიიღო.

REUTERS/Kim Kyung-Hoon

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტის პირად პრესტიჟად აღიარებული პირველი ეროვნული წარმოების ელექტრომობილი TOGG-ი საზოგადოების წინაშე გასული წლის ოქტომბერში წარდგა.

GM თანამშრომლების რაოდენობას ამცირებს

ავტომობილების მწარმოებელმა მსხვილმა ამერიკულმა კომპანიამ, General Motors-მა თანამშრომლების რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. სამსახურის დატოვება 500-მდე მაღალი თანამდებობის პირს მოუწევს, მათ შორის – მენეჯერებსა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს.

NYSE

როგორც კომპანიაში განმარტავენ, თანამშრომლების რაოდენობის შემცირების მთავარი მიზანი ხარჯების შემცირება და ფინანსური შედეგების გაუმჯობესებაა. გასული 2022 წელი კომპანიისთვის ნამდვილად არასახარბიელო აღმოჩნდა, GM-ის აქციების ღირებულება კი საფონდო ბირჟაზე თითქმის 13%-ითაა შემცირებული, რის გამოც ინვესტორები მოითხოვენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ ხარჯები შეამციროს.

საერთო ჯამში, 2022 წელს GM-მა 157 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, მოგებამ კი თითქმის $10 მილიარდი შეადგინა. მოგების მარჟა წინა წელთან შედარებით 20%-ითაა შემცირებული, რაც სწორედ საოპერაციო ხარჯების ზრდამ განაპირობა.

სამხრეთკორეულმა KIA-მ ახალი ფლაგმანი EV9 წარადგინა

44-თვიანი მუშაობის შემდეგ, სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა, KIA-მ ბრენდის აქამდე უდიდესი ევროპული მოდელი წარადგინა. კომპანიის ახალი EV9, KIA-ს მიერ აქამდე გამოშვებულთა შორის, ყველაზე მაღალტექნოლოგიური მოდელი იქნება.

Autocar.co.uk

ახალი EV9 იმავე პლატფორმაზე იწარმოება, რომელზეც ბრენდის სხვა ელექტრომოდელები, EV6, Ioniq 5, Ioniq 6 და Geneisis GV60-ია შექმნილი. ავტომობილის კონცეპტ-ვერსია საკმაოდ დახვეწილია. თუმცა საინტერესოა, რამდენად შეძლებს ავტომწარმოებელი მახასიათებლების საწარმოო ვერსიაში შენარჩუნებასაც.

ოფიციალურად ავტომობილს სამხრეთკორეული გიგანტი მარტის ბოლოს წარადგენს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ელექტრომობილი გაბარიტებით ბრენდის ყველაზე დიდი საწარმოო მოდელი იქნება. ის კონკურენციას ისეთ მოდელებს გაუწევს, როგორიცაა შვედური Volvo-ს EX90, ბრიტანული Range Rover-ი და სხვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *