გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირის განმავლობაში კულტურის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა Balenciaga-ს ქართველი კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია 2022 წლის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. ამას გარდა, მიქელანჯელოს ნახატი Christie’s-ის აუქციონზე $24.4 მილიონად გაიყიდა. მილიარდერმა ჯიმ ირსეიმ კი Julien’s Auctions-ის მიერ გამართულ აუქციონზე კურტ კობეინის ელექტროგიტარა  $4.5 მილიონად შეიძინა.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს: ჰარი სტაილზის ახალმა ალბომმა, „Harry’s House“-მა ვინილის გაყიდვებით რეკორდი დაამყარა; ამერიკულმა გამომცემლობა Penguin Random House-მა მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნის“ ცეცხლგამძლე ეგზემპლარი გამოუშვა, რომელიც Sotheby’s-ის აუქციონზე იყიდება; ფილმის „დოქტორი სტრეინჯი სიგიჟის მულტივერსში“ შემოსავალმა $800 მილიონს გადააჭარბა.

მოცემულ ბლოგში კულტურის სფეროს ამ მნიშვნელოვანი სიახლეებისა და მოვლენების შესახებ დეტალურად მოგითხრობთ.

TIME-მა დემნა გვასალია 2022 წლის ასი ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა ესპანური მოდის სახლის, Balenciaga-ს ქართველი კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია 2022 წლის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

TIME-მა დემნა ჩამონათვალში ინოვატორების კატეგორიაში შეიყვანა. მასთან ერთად ამავე კატეგორიაში არიან ცნობილი ამერიკელი მსახიობი ზენდაია, ახალზელანდიელი კინორეჟისორი და მსახიობი ტაიკა ვაიტიტი, ამერიკელი მომღერალი მირანდა ლამბერტი და სხვები.

ფოტო: Jamie McCarthy

ჟურნალმა დემნა გვასალიას დახასიათება პოპულარულ ამერიკულ სერიალ „ეიფორიაში“ მედი პერესის როლის შემსრულებელს, მსახიობ ალექსა დემის სთხოვა.

„[დემნას მიერ შექმნილი] სილუეტები, ხალვათი იქნება ისინი, თუ ტანზე მჭიდროდ მომდგარი, სხეულის ყველა მონაკვეთს იდეალურად ესადაგება. დუალიზმი, რომელსაც დემნა განასახიერებს, ასახავს არა მხოლოდ წარსულსა და თანამედროვეობას, არამედ მომავალშიც იჭრება. ბრენდთან დაკავშირებული მისეული მიზანი გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე პროდუქტის გაყიდვის სურვილი – სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ Balenciaga-ს ეფექტი მთელ მსოფლიოში იგრძნობა“, – ვკითხულობთ TIME-ში გამოქვეყნებულ ალექსა დემის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანისაგან შემდგარი სია, რომელსაც TIME-ი ყოველწლიურად აქვეყნებს, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული რეიტინგია მსოფლიოში – პირველად ეს სია 1999 წელს გამოქვეყნდა.

მიქელანჯელოს ნახატი Christie’s-ის აუქციონზე $24.4 მილიონად გაიყიდა

რენესანსის ეპოქის იტალიელი მხატვრის, მოქანდაკისა და არქიტექტორის, მიქელანჯელოს ნახატი პარიზში გამართულ Christie’s-ის აუქციონზე 24.4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს აუქციონზე ხელოვანის ნამუშევარში გადახდილი ყველაზე დიდი თანხაა.

ნახატი, რომელიც დაახლოებით მე-15 საუკუნის ბოლოსაა შესრულებული, მხატვრის ერთ-ერთ ადრეულ ნამუშევრად მიიჩნევა. ის ასევე იტალიელი ხელოვანის, მაზაჩოს ფრესკის, „ნეოფიტების ნათლობის“ მიხედვითაა შექმნილი.

ფოტო: Gonzalo Fuentes

ცნობისთვის, მოცემულ დრომდე მიქელანჯელოს ნამუშევრებს შორის ყველაზე ძვირად ღირებულ ხელოვნების ნიმუშად, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა, ნახატი სახელწოდებით „The Risen Christ“ მიიჩნეოდა. მასში 2000 წელს, ლონდონში გამართულ აუქციონზე დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს.

Christie’s-ის სააუქციონო სახლში ახლახან გაყიდული ხელოვნების ნიმუში მიქელანჯელოს იმ მცირერიცხოვან ნამუშევრებს შორისაა, რომელთაც კერძო პირები ფლობენ.

ჰარი სტაილზის ახალმა ალბომმა ვინილის გაყიდვებით რეკორდი დაამყარა

ბრიტანელი მომღერლის, ჰარი სტაილზის მიერ ახლახან გამოშვებულმა ალბომმა, „Harry’s House“-მა აშშ-ში, 1991 წლის შემდეგ, კვირის განმავლობაში ვინილის გაყიდვებით რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ ინფორმაციას Billboard-ი ავრცელებს.

გასული პარასკევიდან კვირამდე „Harry’s House“-ის ვინილის 146,000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი 1991 წლიდან დღემდე, მას შემდეგ რაც მსგავსი მონაცემების აღწერა დაიწყო, ერთი კვირის განმავლობაში სხვა ალბომების გაყიდვებს მნიშვნელოვნად აღემატება.

ფოტო: Lillie Eiger

შეგახსენებთ, რომ მანამდე აღნიშნული რეკორდი ტეილორ სვიფტის ალბომს, „Red (Taylor’s Version)“-ს ეკუთვნოდა. გასულ წელს, 12 ნოემბრიდან 18 ნოემბრამდე დროის პერიოდში ამ ალბომის ვინილის 114,000 ასლი გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ვინილის ფირფიტები პოპულარობას იბრუნებს. ამას ამერიკის ხმის ჩამწერი კომპანიების ასოციაციის (RIAA) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიც მოწმობს, რომლის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში ვინილის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი 2020 წელთან შედარებით 61%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ეს 1986 წლიდან დღემდე საუკეთესო შედეგია.

Sotheby’s-ის აუქციონზე „მხევლის წიგნის“ ცეცხლგამძლე ეგზემპლარი იყიდება

წიგნების აკრძალვის გასაპროტესტებლად და ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ, ამერიკულმა გამომცემლობა Penguin Random House-მა კანადელი მწერლის, მარგარეტ ეტვუდის ნაწარმოების, „მხევლის წიგნის“ ცეცხლგამძლე ეგზემპლარი გამოუშვა.

წიგნი Sotheby’s-მა აუქციონზე ორშაბათს გაიტანა. მოცემული დროისთვის ნივთის შესაძენად გაკეთებული ყველაზე მაღალი შეთავაზება 45,000 აშშ დოლარს შეადგენს. როგორც Sotheby’s-ის ოფიციალურ გვერდზე წერია, აუქციონი 7 ივნისს დასრულდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წიგნის გაყიდვით მიღებული მთელი შემოსავალი გადაერიცხება PEN America-ს, არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც სიტყვის თავისუფლების დაცვას ცდილობს.

„მხევლის წიგნის“ აღნიშნული ეგზემპლარის ტექსტი სპეციალური მასალით დამზადებულ ცეცხლგამძლე ქაღალდზეა დაბეჭდილი, რომელიც ასევე ცეცხლგამძლე ყდაშია ჩასმული. Sotheby’s-ის სააუქციონო სახლის განცხადებით, ეს უკანასკნელი 1530°C ტემპერატურას უძლებს.

მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“, რომლის მიხედვითაც ამავე სახელწოდების სატელევიზიო სერიალი გადაიღეს, აშშ-ში აკრძალული წიგნების სიაში არაერთხელ მოხვედრილა. მაგალითად, გასული ერთი წლის განმავლობაში ის კანზასის, ორეგონის, აიდაჰოსა და ტეხასის შტატების ზოგიერთი სკოლიდან და ბიბლიოთეკიდან ამოიღეს.

PEN America-ს ბოლო მოხსენების თანახმად, 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის მარტამდე ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში, ინდივიდუალურად, წიგნის აკრძალვის 1586 შემთხვევა გამოვლინდა. აშშ-ში აკრძალვები ყველაზე ხშირად ისეთ წიგნებს ეხება, რომლებშიც განხილულია რასიზმი, ან საუბარია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერულ იდენტობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ეტვუდის ზემოხსენებულ ნაწარმოებში აღწერილ დისტოპიურ შეერთებულ შტატებში ქალებს ბევრ სხვა რამესთან ერთად წერა-კითხვაც ეკრძალებათ.

„დოქტორი სტრეინჯი 2“-ის შემოსავალმა $800 მილიონს გადააჭარბა

ბენედიქტ კამბერბეჩის მონაწილეობით გადაღებული ფილმის „დოქტორი სტრეინჯი სიგიჟის მულტივერსში“ შემოსავალმა კინოთეატრების სალაროებში, 24 მაისის მონაცემებით, 807.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული შედეგით ის 2022 წელს გამოსული ყველაზე მაღალშემოსავლიანი კინოსურათის სტატუსის მფლობელია.

ცოტა ხნის წინ ეს სტატუსი რობერტ პატინსონის მონაწილეობით გადაღებულ ფილმ „ბეტმენს“ ეკუთვნოდა, რომლის საერთაშორისო გაყიდვებით მიღებული შემოსავალიც, ბოლო მონაცემებით, 769.2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, კინოსურათის ბიუჯეტი 185-დან 200 მილიონ აშშ დოლარამდეა. რაც შეეხება „დოქტორი სტრეინჯი 2“-ს, ფილმის ბიუჯეტი $200 მილიონია.

2022 წელს გამოსულ ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებს შორის მესამე ადგილზეა „Water Gate Bridge“, რომელმაც მსოფლიო კინოთეატრების სალაროებში 626.4 მილიონი აშშ დოლარის შეგროვება შეძლო.

$388.7-მილიონიანი შემოსავლით მხოლოდ მეხუთე ადგილს სჯერდება ჯოან როულინგის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი „ჯადოსნური ცხოველები: დამბლდორის საიდუმლოებები“.

მილიარდერმა ჯიმ ირსეიმ კურტ კობეინის ელექტროგიტარა აუქციონზე $4.5 მილიონად შეიძინა

სიეტლში ჩამოყალიბებული როკჯგუფის, „ნირვანას“ ვოკალისტის, გიტარისტისა და სიმღერების ავტორის, კურტ კობეინის ელექტროგიტარა მუსიკალური კლიპ „Smells Like Teen Spirit“-დან აუქციონზე 4.5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. სააუქციონო სახლ Julien’s Auctions-ის ინფორმაციით, ნივთი ამერიკული ფეხბურთის გუნდის, „Indianapolis Colts“-ის მფლობელმა, მილიარდერმა ჯიმ ირსეიმ შეიძინა.

„Smells Like Teen Spirit“-ის ვიდეოკლიპში კობეინი Fender-ის წარმოების გიტარაზე, კერძოდ კი Mustang-ის სახელწოდებით ცნობილ 1969 წლის მოდელზე უკრავს. კლიპი MTV-ზე 1991 წლის 29 სექტემბერს გამოჩნდა და დიდწილად სწორედ მისმა პოპულარობამ განაპირობა “ნირვანას” მეორე სტუდიური ალბომის, „Nevermind“-ის წარმატება.

ფოტო: Rob Pinney

კობეინის ნაქონი Fender-ის ელექტროგიტარის ფასი აუქციონზე $800,000-ით იყო განსაზღვრული. ინსტრუმენტის ახალი მფლობელის, ჯიმ ირსეის განცხადებით, გიტარა მის დიდი კოლექციაში შევა, რომელიც როკმუსიკასთან, ამერიკის ისტორიასთან და პოპკულტურასთან დაკავშირებულ ნივთებს აერთიანებს. ცნობისთვის გეტყვით, რომ ირსეის ქონება, Forbes-ის შეფასებით, 3.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს აუქციონზე კობეინის ერთ-ერთი გიტარა, Martin D-18E გაიყიდა. მასში 6 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს, რამაც ეს უკანასკნელი აუქციონზე ოდესმე გაყიდულ ყველაზე ძვირად ღირებულ გიტარად აქცია. მანამდე ამ სტატუსს „პინკ ფლოიდის“ ჯგუფის წევრის, დევიდ გილმორის ნაქონი ინსტრუმენტი ინარჩუნებდა. ის 3,9 მილიონ აშშ დოლარად იყო გაყიდული.

დატოვე კომენტარი

3 კომენტარი

  1. Add a touch of luxury with leather sandals and a designer clutch. Perfect for evening events or special occasions, this pairing exudes elegance and sophistication, making you feel glamorous and confident.

  2. Athleisure Comfort: Combine high-waisted leggings with a cropped hoodie and style it with sleek mesh running sneakers for an athleisure-inspired outfit. Throw on a denim jacket over the hoodie for a sporty, laid-back vibe, perfect for running errands or casual outings.

  3. Elegant Pointed-Toe Slingback Pumps: These pumps exude elegance with a pointed toe and slingback design. The moderate heel height offers both style and comfort, making them an excellent choice for formal occasions or adding sophistication to everyday wear.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *