გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე გავხდით. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს მატერია, რომელიც ფოლადზე ორჯერ უფრო მტკიცე და პლასტმასასავით მსუბუქია. ამ მასალის სხვადასხვა ნივთის, მათ შორის მობილურების, ავტომობილებისა და შენობა-ნაგებობათა კონსტრუქციების დასამზადებლად გამოყენება იქნება შესაძლებელი. ამას გარდა, შვედეთის მთავრობამ კომპანია SKB-ის გეგმა დაამტკიცა, რომელიც მეცნიერების მიერ შემუშავებულ ახალ სისტემაზე დაფუძნებით საცავის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც მომაკვდინებელი ბირთვული ნარჩენები 100,000 წლის განმავლობაში უსაფრთხოდ შეინახება.
სიახლეებია კოსმოსის ათვისების მიმართულებითაც. ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ჩვენგან დაახლოებით 322 სინათლის წლით დაშორებული ექსტრემალური ეგზოპლანეტა WASP-189b-ის ატმოსფერო დედამიწისას ჰგავს. მნიშვნელოვანი განცხადება გაავრცელა აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ. NASA-ს ინფორმაციით, 2031 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წყნარ ოკეანეში ჩაძირავენ. მოცემულ ბლოგში გასული კვირის ამ და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეებისა და მოვლენების შესახებ მოგიყვებით.
შეიქმნა მატერია, რომელიც ფოლადზე ორჯერ მტკიცე და პლასტმასასავით მსუბუქია
ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს მატერია, რომელიც ფოლადზე ორჯერ უფრო მტკიცე და პლასტმასასავით მსუბუქია. გარდა ამისა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მისი დეფორმირებისთვის ოთხჯერ მეტი ძალაა საჭირო, ვიდრე ტყვიაგაუმტარი მინის.
სპეციალისტების განცხადებით, მათი ახალი მიგნების წყალობით აღნიშნული მატერიის დიდი რაოდენობით წარმოებაა შესაძლებელი. მათივე თქმით, ამ მასალის სხვადასხვა ნივთის დასამზადებლად გამოყენება იქნება შესაძლებელი, მათ შორის მობილურების, ავტომობილებისა და შენობა-ნაგებობათა კონსტრუქციების.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა მატერიის შესაქმნელად, რომელსაც მათ 2DPA-1 უწოდეს, პოლიმერიზაციის პროცესს მიმართეს. ყველა პლასტმასა პოლიმერია, რომელიც ბლოკების ჯაჭვისგან, იმავე მონომერებისგან შედგება. ან ჯაჭვების ბოლოს, მათი გაზრდის მიზნით, ახალი მოლეკულების დამატება და მათი 3D-ობიექტებად ფორმირებაა შესაძლებელი. მეცნიერები დიდხანს ფიქრობდნენ, რომ ამ პოლიმერების 2D-ფურცლებად გადაქცევა და შედეგად, მტკიცე, თუმცა მსუბუქი მასალის წარმოება იყო შესაძლებელი. თუმცა სპეციალისტებს მიზნის მისაღწევად ათწლეულები დასჭირდათ.
ახალი კვლევის დროს მეცნიერებმა 2D-ფურცლების შექმნა შეძლეს, რომელთაც პოლიარამიდს უწოდებენ. ამ ფენების დისკებად გადაქცევისა და ერთმანეთზე დაწყობის შემდეგ საკმაოდ სტაბილური და მტკიცე, ამასთან მსუბუქი მასალა მიიღება. მისი კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მატერია აირშეუღწევადია.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეგზოპლანეტა WASP-189b-ის ატმოსფერო დედამიწისას ჰგავს
დედამიწის ატმოსფერო განსხვავებული მახასიათებლების მქონე ხუთი ფენისგან შედგება. რაც შეეხება ეგზოპლანეტებს, მეცნიერები ამ დრომდე მიიჩნევდნენ, რომ მათი აირის გარსი ერთფეროვანი იყო. თუმცა შვედეთში მდებარე ლუნდის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენგან დაახლოებით 322 სინათლის წლით დაშორებული ექსტრემალური ეგზოპლანეტა WASP-189b-ის ატმოსფერო დედამიწისას ჰგავს. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ WASP-189b შვეიცარიაში მდებარე ბერნისა და ჟენევის უნივერსიტეტებში მომუშავე ასტრონომებმა 2020 წელს ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) კუთვნილი კოსმოსური ტელესკოპის, CHEOPS-ის დახმარებით აღმოაჩინეს. სპეციალისტების გამოთვლებით, ეგზოპლანეტა საკუთარ ვარსკვლავთან 20-ჯერ უფრო ახლოს მდებარეობს, ვიდრე დედამიწა – მზესთან. ამის გამო პლანეტის ზედაპირზე ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა, 3200°C-ია.
Nature Astronomy-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, WASP-189b-ის მრავალშრიანი ატმოსფერო აირებისგან შედგება, რომლებიც ვარსკვლავისგან მომავალი შუქის ნაწილს შთანთქავენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენს პლანეტაზე მსგავსი ფუნქცია ოზონის შრეს აკისრია. აირები, რომელთაგანაც ექსტრემალური ციური სხეულის ატმოსფერო შედგება, აერთიანებს მეტალების, მათ შორის რკინის, ტიტანის, ქრომის, მაგნიუმის, ვანადიუმისა და მანგანუმის ორთქლს. გარდა ამისა, საინტერესოა, რომ WASP-189b-ის აირის გარსში მეცნიერებმა ტიტანის ოქსიდი დააფიქსირეს, რომელიც დედამიწაზე იშვიათად გვხვდება და აქამდე არასდროს აღმოუჩენიათ სხვა ეგზოპლანეტებზე.
NASA საერთაშორისო კოსმოსური სადგურის წყნარ ოკეანეში ჩაძირვას გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2031 წლისთვის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის წყნარ ოკეანეში ჩაძირვა იგეგმება. შეგახსენებთ, რომ ბოლო შეთანხმების მიხედვით, დედამიწის გარშემო მოძრავ მოდულს ექსპლუატაციის ვადა 2030 წელს ეწურება.
საერთაშორისო კოსმოსური სადგური ჩვენი პლანეტის დაბალ ორბიტაზე ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან 1998 წელს გაიყვანეს. იქ ხანგრძლივი მისიის ფარგლებში ეკიპაჟი პირველად 2000 წლის 31 ოქტომბერს გაემგზავრა. NASA-ს ცნობით, ISS-ზე დღემდე 3,000-ზე მეტი კვლევა ჩატარდა, რომლებში მონაწილეობაც 100-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4,200-მა მკვლევარმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ დედამიწის გარშემო მოძრავი მოდულის ბორტზე 19 სახელმწიფოდან 200-ზე მეტი ასტრონავტია ნამყოფი. NASA-ს ინფორმაციით, მომავალში ISS-ს კომერციული პლატფორმები ჩაანაცვლებენ.
წყნარი ოკეანის ის მონაკვეთი, სადაც 3031 წელს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ჩაძირვა იგეგმება, ახალი ზელანდიის აღმოსავლეთ სანაპიროდან დაახლოებით 4800 კილომეტრით არის დაშორებული, ხოლო ანტარქტიდიდან ჩრდილოეთით 3200 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. როგორც ცნობილია, აშშ-მ, რუსეთმა, იაპონიამ და ევროპის ქვეყნებმა 1971 წლიდან დღემდე ამ ტერიტორიაზე 263-ზე მეტი კოსმოსური ნარჩენი ჩაძირეს.
NASA-ს მოხსენებაში ნათქვამია, რომ სააგენტო უზრუნველყოფს, საერთაშორისო კოსმოსურმა სადგურმა დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლის მანევრი უსაფრთხოდ შეასრულოს.
შვედეთში შეიქმნა სისტემა, რომელიც მომაკვდინებელ ბირთვულ ნარჩენებს 100,000 წლის განმავლობაში უსაფრთხოდ შეინახავს
ბირთვული ენერგია საშუალებას გვაძლევს, სუფთა ელექტროენერგია ვაწარმოოთ და წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება შევამციროთ, თუმცა მის ნარჩენებთან გამკლავება საკმაოდ რთულია, რის გამოც ის არცთუ ისე პოპულარულია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში დახარჯული დაახლოებით 370 ათასი ტონა ბირთვული საწვავი დროებით საცავებში ინახება.
ახლახან შვედეთის მთავრობამ ბირთვული საწვავისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით მომუშავე კომპანიის, SKB-ის გეგმა დაამტკიცა. ეს უკანასკნელი საწყობის მშენებლობას ისახავს მიზნად, სადაც ქვეყნის მიერ გამოყენებული ბირთვული საწვავი 100 ათასი წლის განმავლობაში უსაფრთხოდ შეინახება.
„ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც SKB-ს საშუალებას აძლევს, ჩვენი თაობის მიერ შექმნილი ბირთვული ნარჩენები განკარგოს. მოუთმენლად ველით შვედეთის გარემოს დაცვის უდიდესი პროექტის განხორციელებას“ – განაცხადა SKB-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იოჰან დაშტმა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ამ ამბიციურ პროექტზე დაახლოებით 40 წლის განმავლობაში მუშაობდა და შვედეთსა თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში, კვლევით ინსტიტუტებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე ექსპერტებთან თანამშრომლობდა. პროექტი გულდასმით შეისწავლა შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ორგანომ, რათა მისი განხორციელების შემდეგ ზიანი არ მიადგეს გარემოსა და ადამიანებს.
უნდა ითქვას, რომ ბირთვული ნარჩენების პრობლემის მოგვარების გარდა პროექტი დაახლოებით 1,500 სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს. SKB ამჟამად სასამართლოსგან და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ორგანოსგან ნებართვას ელის. როგორც ცნობილია, ამ პროცედურების გავლის შემდეგ ობიექტის აშენებას, სადაც ბირთვული ნარჩენები შეინახება, დაახლოებით 10 წელი დასჭირდება.
მეცნიერებმა გამოავლინეს ოთხი ფერი, რომელიც კოღოებისგან დაგიცავთ
ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ვაშინგტონის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა გამოავლინეს ოთხი ფერი, რომელიც კოღოებისგან თავის დაცვაში დაგვეხმარება. მათ ამის შესახებ ნაშრომი გამოცემა Nature Communications-ში 4 თებერვალს გამოაქვეყნეს.
სპეციალისტებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ კოღოებს, მას შემდეგ რაც ადამიანის სუნთქვას დააფიქსირებენ, ძირითადად კონკრეტული ფერები, მათ შორის წითელი, ნარინჯისფერი, შავი და ცისფერი იზიდავთ. მათ ასევე გაარკვიეს, რომ ეს მწერები საკმაოდ იშვიათად მიფრინავენ მწვანე, მეწამული, ლურჯი და თეთრი ფერის საგნებისაკენ.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერების აღმოჩენა შესაძლოა, იმის ახსნაში დაგვეხმაროს, თუ როგორ აგნებენ კოღოები თავიანთ „მსხვერპლს“. აღსანიშნავია, რომ ადამიანის კანი ამ მწერების თვალებზე წითელ-ნარინჯისფერ შუქს ასხივებს, რაც კოღოებს მათ მიკვლევაში ეხმარება.
კოღოები კბენის ობიექტის აღმოსაჩენად თავდაპირველად ყნოსვას იყენებენ. უფრო კონკრეტულად კი, ისინი სპეციფიკური ნაერთების, მათ შორის CO2-ის სუნს გრძნობენ, რომელიც ჰაერში ჩვენ მიერ ამოსუნთქვის შემდეგ იფრქვევა. ეს სურნელი კოღოების თვალებს ასტიმულირებს და ისინი კონკრეტული ფერების ძიებას იწყებენ, რათა მომავალი „მსხვერპლისკენ“ გაფრინდნენ.
აღსანიშნავია, რომ მკვლევრები Aedes aegypti-ს სახელწოდებით ცნობილი მდედრი კოღოების ქცევას აკვირდებოდნენ. ამ სახეობის მწერების ნაკბენმა შესაძლოა, დენგეს ცხელება, ყვითელი ცხელება ან ზიკა გამოიწვიოს. კვლევის დროს სპეციალისტებმა შენიშნეს, რომ სუნის არარსებობის შემთხვევაში კოღოები ფერებს ყურადღებას არ აქცევდნენ. მოგვიანებით მეცნიერებმა კვლევისთვის გამოყოფილ სპეციალურ სივრცეში, სადაც მწერები იყვნენ მოთავსებულნი, CO2 გაუშვეს. კოღოებმა მწვანე, ლურჯი და მეწამული ფერის წერტილების იგნორირება გააგრძელეს, მაგრამ წითელი, ნარინჯისფერი, შავი და ცისფერი წერტილების გამოჩენის შემდეგ, მათკენ გაფრინდნენ.
ღვიძლის ჰორმონი შესაძლოა, ალკოჰოლზე დამოკიდებულების შემცირებაში დაგვეხმაროს
მეცნიერები შეეცადნენ, ზუსტად განესაზღვრათ, თუ რა როლს თამაშობს კონკრეტული ჰორმონი ალკოჰოლზე დამოკიდებულების შემცირებაში. მათ კვლევა მაიმუნებზე ჩაატარეს და დაადგინეს, რომ პრიმატები გაცილებით ნაკლებ ალკოჰოლს სვამდნენ მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელთა ორგანიზმში სინთეზური FGF21 ჰორმონი შეიყვანეს, რომელსაც ჩვეულებრივ ღვიძლი გამოიმუშავებს. კვლევის შესახებ დეტალები გამოცემა Cell Metabolism-ში გამოქვეყნდა.
სპეციალისტებმა კვლევა იმ მაიმუნებზე ჩაატარეს, რომლებიც ალკოჰოლს სხვებთან შედარებით ჭარბად ეტანებოდნენ. მეცნიერებმა პრიმატებს წყლითა და ეთანოლით სავსე ორი ბოთლი შესთავაზეს, სპეციალურად შერჩეულ ერთ ჯგუფს კი FGF21-ის ანალოგი. აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფში შემავალი მაიმუნები, საკონტროლო ჯგუფში შემავალ ძუძუმწოვრებთან შედარებით დაახლოებით 50%-ით ნაკლებ ალკოჰოლს მოიხმარდნენ. აღსანიშნავია, რომ თაგვებზე ჩატარებულმა ანალოგიურმა ტესტმაც 50%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. საინტერესოა, რომ როგორც მღრღნელები, ასევე პრიმატები არჩევანს კვლავ ალკოჰოლის სასარგებლოდ აკეთებდნენ, თუმცა გაცილებით ნაკლებს სვამდნენ.
შემდეგ ეტაპზე მეცნიერებმა იმის დადგენა გადაწყვიტეს, თუ ტვინის რომელ ნაწილზე ზემოქმედებდა FGF21. თაგვებზე დაკვირვებისას სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჰორმონი ბაზოლატერულ ამიგდალაში ნეირონების სუბპოპულაციის აქტივობას ცვლიდა. ეს კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ნერვულ გადაცემაზე ტვინის რეგიონში, რომელსაც აკუმბენსის ბირთვი ეწოდება. ეს უკანასკნელი მიდრეკილებებისა და დამოკიდებულებების განვითარებაზეა პასუხისმგებელი. როდესაც ცხოველები ალკოჰოლს იღებდნენ და ღვიძლი FGF21-ს ჭარბად გამოიმუშავებდა, მათ იმავეს გამეორების სურვილი ეკარგებოდათ.
Cell Metabolism-ში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორების განცხადებით, მომავალში FGF21-ის ანალოგების ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ გამოყენება იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპზე კი, მათი თქმით, კვლევების გაგრძელებაა საჭირო.
მეცნიერებმა გამოყენებული სამედიცინო ნიღბებით ელემენტები დაამზადეს
კორონავირუსის პანდემიის გამო ბოლო წლებია, სამედიცინო ნიღაბი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მართალია, აღნიშნული ნივთი COVID-19-ისგან თავის დაცვაში გვეხმარება, თუმცა მას გარემოსთვის საკმაოდ დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. ამას ისიც მოწმობს, რომ მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში დამზადებული 52 მილიარდი სამედიცინო ნიღბიდან 1.56 მილიარდი საბოლოოდ ოკეანეებში აღმოჩნდა. მსგავსი მასშტაბის დაბინძურებას კი, სავარაუდოდ, სავალალო შედეგები მოჰყვება.
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მდებარე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ამერიკელ და მექსიკელ კოლეგებთან ერთად სამედიცინო ნიღბების გადამუშავებისა და მათგან ლითიუმ-იონური ელემენტების დამზადების მეთოდს მიაკვლიეს. სპეციალისტებმა ნაშრომი, რომელშიც მათ მიერ გამოყენებული ტექნოლოგიის შესახებ დეტალებზეა საუბარი, გამოცემა Journal of Energy Storage-ში გამოაქვეყნეს.
ნიღბების გადამუშავებამდე მეცნიერებმა მათ ულტრაბგერის დახმარებით დეზინფექცია გაუკეთეს, მოგვიანებით კი გრაფენისგან დამზადებულ საღებავში მოათავსეს. დაწნეხის შემდეგ სპეციალისტებმა ნიღბები 140°C-ზე გააცხელეს და შედეგად მიიღეს მასალა, რომელიც ელემენტებში ელექტროდების ფუნქციას შეასრულებდა. ბოლო ეტაპზე მიღებული მასალა განაცალკევეს, ელექტროლიტებით გააჯერეს და წამლების ჩასადები ფირფიტებით შეფუთეს.
გარდა იმისა, რომ აღნიშნული მეთოდის დახმარებით გარემოს დაბინძურების თავიდან არიდებაა შესაძლებელი, მეცნიერების თქმით, მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით დამზადებული ელემენტები საკმაოდ მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მათ თავდაპირველად 99.7 ვტ.სთ/კგ ენერგიის სიმკვრივეს მიაღწიეს, თუმცა მოგვიანებით ეს მაჩვენებელი 208 ვტ.სთ/კგ-მდე გაზარდეს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე გავრცელებული ლითიუმ-იონური ელემენტების ენერგიის სიმკვრივე 100-დან 265 ვტ.სთ/კგ-მდე მერყეობს.
დატოვე კომენტარი