გასული კვირა მეცნიერების სფეროსთვის არაერთი უმნიშვნელოვანესი სიახლით იყო გამორჩეული. მეცნიერებმა ადამიანის ფილტვებში რეგენერაციის უნარის მქონე უჯრედების ახალი ტიპი აღმოაჩინეს, რამაც შესაძლოა, ამ ორგანოს დაავადებათა განკურნების გზა გვასწავლოს. ამის პარალელურად, მკვლევრებმა ცოცხალი ადამიანის ფილტვებში, ისტორიაში პირველად, მიკროპლასტმასას მიაკვლიეს. შეგახსენებთ, რომ პლასტმასის მცირე ზომის ნაწილაკები ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა ადამიანის სისხლში აღმოაჩინეს.
ბოლო დღეებში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო კიდევ ერთმა მიგნებამ – სპეციალისტების განცხადებით, ახალი ულტრაბგერითი მეთოდი მე-2 ტიპის დიაბეტს კურნავს. დანიაში მომუშავე მეცნიერებმა კი ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომლის დახმარებითაც ვაქცინებისა და სხვა ფარმაცევტული პროდუქტების შექმნა მილიონჯერ უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი.
სიახლეებია კოსმოსის ათვისების მიმართულებითაც: ასტრონომებმა ჩვენგან 13.5 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკა აღმოაჩინეს. ეს არის ყველაზე შორეული გალაქტიკა, რაც კი მეცნიერებს ოდესმე დაუფიქსირებიათ. ისტორიული მისია განხორციელდა SpaceX-ის ხომალდით. ილონ მასკის კომპანიამ კოსმოსური ტურიზმის განვითარების მიმართულებით მომუშავე ფირმა Axiom Space-ის დაკვეთით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ოთხი ადამიანი გაგზავნა. მოცემული ბლოგი გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარ ამ და სხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სიახლეებს ეთმობა.
მკვლევრებმა ადამიანის ფილტვებში უჯრედების ახალი ტიპი აღმოაჩინეს
პენსილვანიის უნივერსიტეტის პერელმანის მედიცინის სკოლაში მომუშავე მეცნიერებმა ადამიანის ფილტვებში უჯრედების ახალი ტიპი აღმოაჩინეს, რომელთაც რეგენერაციის უნარი ახასიათებთ. ეს შესაძლოა, აღნიშნული ორგანოს დაავადებათა განკურნების გზის მოძებნაში დაგვეხმაროს. მკვლევართა აღმოჩენის შესახებ ნაშრომი გამოცემა Nature-ში გამოქვეყნდა.
სპეციალისტებმა ახალი უჯრედების იდენტიფიცირებისთვის ადამიანის ფილტვის ქსოვილი გააანალიზეს. მკვლევრები მათ სასუნთქი გზების სეკრეტორულ უჯრედებს (RASC) უწოდებენ. ეს უჯრედები სასუნთქი გზების პატარა არხებში, ალვეოლის სტრუქტურებთან ახლოს გვხვდება, სადაც ჟანგბადი ნახშირორჟანგად გარდაიქმნება.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ RASC-ებს ღეროვანი უჯრედების მსგავსი თვისებები აქვთ. ეს მათ სხვა უჯრედების აღდგენის საშუალებას აძლევს, რაც ალვეოლებისა და, შესაბამისად, სასუნთქი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესია.
სპეციალისტებმა ასევე მოიპოვეს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ თამბაქოს მოწევამ და მოწევასთან დაკავშირებულმა დაავადებამ, რომელსაც ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD) ეწოდება, შეიძლება, ამ უჯრედების რეგენერაციული ფუნქცია მოშალოს. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ უჯრედების რეგენერაციული ფუნქციის გამართვა შესაძლოა, ზემოხსენებული დაავადების მკურნალობის საუკეთესო გზა აღმოჩნდეს.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ალვეოლებს აზიანებს, რაც ანთებით პროცესებს იწვევს. მედიკამენტებით მკურნალობას კი მხოლოდ დაავადების პროგრესირების შენელება შეუძლია. მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ახალი უჯრედები ალვეოლის დაზიანებულ AT2-უჯრედებს აღადგენენ და, შესაბამისად, სასუნთქი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.
აქედან გამომდინარე, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს მოშლილი RASC-ების ფუნქციის აღდგენა AT2-უჯრედების პოპულაციის შენარჩუნებასა და სასუნთქი სისტემის გაჯანსაღებაში დაგვეხმარება.
SpaceX-მა კერძო მისიის ფარგლებში კოსმოსში ოთხი ადამიანი გაგზავნა
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის ხომალდით სადებიუტო სრულად კერძო ეკიპაჟიანი მისია Ax-1-ის ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ოთხი ადამიანი გაფრინდა.
SpaceX-ის რაკეტა Falcon 9 ფლორიდის შტატში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 8 აპრილს, ადგილობრივი დროით 11:17 საათზე აფრინდა და Dragon-ის სახელწოდებით ცნობილი კაფსულა დედამიწის დაბალ ორბიტაზე აიტანა. ეს უკანასკნელი ISS-ს 9 აპრილს მიუერთდა, რის შემდეგაც ხომალდის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადავიდნენ.
მისია ჰიუსტონში დაფუძნებული კომპანია Axiom Space-ის დაკვეთით სრულდება, რომელიც მიზნად კოსმოსური ტურიზმის განვითარებას ისახავს. Ax-1-ის ეკიპაჟის წევრები არიან NASA-ს ყოფილი ასტრონავტი, მაიკლ ლოპეზ-ალეგრია – ის ამჟამად Axiom-ის ბიზნესის განვითარების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტია; უძრავი ქონების ანტრეპრენიორი და პილოტი, ლარი კონორი; საინვესტიციო ფონდ Vital Capital Impact-ის დამფუძნებელი პარტნიორი ეიტან სტიბი; კანადური საინვესტიციო კომპანია MARVIK-ის დამფუძნებელი მარკ პეთი.
აღსანიშნავია, რომ კოსმოსში მოგზაურობის საფასური არ გადაუხდია Axiom-ის წარმომადგენელ მაიკლ ლოპეზ-ალეგრიას, რომელიც მისიას უძღვება. ეკიპაჟის დანარჩენმა სამმა წევრმა კი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამოგზაურო ბილეთი 55-55 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.
მეცნიერებმა ცოცხალი ადამიანის ფილტვებში მიკროპლასტმასა პირველად აღმოაჩინეს
ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა ადამიანის სისხლში მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს. მაშინ სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ პლასტმასის პატარა ნაწილაკებს სისხლის დახმარებით ადამიანის ორგანიზმში, ნებისმიერ ადგილზე მოხვედრა შეუძლიათ. შესაბამისად, მათი ორგანოებში დაგროვებისა და გაჭედვის საფრთხე არსებობს, რაც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.
ახლა კი ინგლისში მდებარე ჰალის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა მიკროპლასტმასა ცოცხალი ადამიანის ფილტვებშიც აღმოაჩინეს. მეცნიერებმა ამის შესახებ ნაშრომი გამოცემა Science of the Total Environment-ში გამოაქვეყნეს.
ნაშრომის ავტორებმა კვლევის დროს, რომელიც ფილტვებში მიკროპლასტიკების იდენტიფიცირებას ემსახურებოდა, ქირურგიული პროცედურების დროს პაციენტების ორგანოებიდან მოპოვებული ქსოვილი გამოიყენეს. ანალიზმა ცხადყო, რომ შესწავლილი 13 ნიმუშიდან 11 მათგანში 12 სხვადასხვა სახეობის მიკროპლასტმასა აღმოჩნდა – მათ შორის, რომლებიც გამოიყენება საკვების შესაფუთად, ბოთლებისა და ტანსაცმლის წარმოებაში.
მიკროპლასტმასის მნიშვნელოვნად მაღალი შემცველობა მამაკაცთა ფილტვის ქსოვილიდან აღებულ ნიმუშებში გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ პლასტმასის ამ მცირე ნაწილაკების უდიდესი ნაწილი ორგანოს სიღრმეში იყო დაგროვებული.
როგორც ლაბორატორიული კვლევებით დგინდება, მიკროპლასტმასა ადამიანის ორგანიზმის უჯრედებს აზიანებს. თუმცა მეცნიერებს ჯერჯერობით არა აქვთ ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში სხეულში არსებული პლასტმასის ნაწილაკები ჩვენს ჯანმრთელობაზე.
ახალი ულტრაბგერითი მეთოდი მე-2 ტიპის დიაბეტს წარმატებით კურნავს
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში დიაბეტით 37 მილიონი ადამიანია დაავადებული. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული დაავადება ყოველი ათიდან ერთ ადამიანს აქვს. მათგან 90-95%-ს მე-2 ტიპის დიაბეტი დაუდგინდა.
იელის სამედიცინო სკოლის, UCLA-ისა, და ფეინშტაინის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები ახალი კვლევის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ მე-2 ტიპის დიაბეტისგან განკურნება წამლების გარეშე არის შესაძლებელი. გამოცემა Nature Biomedical Engineering-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში სპეციალისტთა ჯგუფმა GE Research-ის ხელმძღვანელობით ახალი, არაინვაზიური ულტრაბგერითი ტექნიკა ღვიძლში კონკრეტული ნერვების სტიმულირებისთვის გამოიყენა. ამ პროცედურას პერიფერიული ფოკუსირებული ულტრაბგერითი სტიმულაცია (pFUS) ეწოდება. ის მაღალკონცენტრირებულ ულტრაბგერით იმპულსებს ნერვის დაბოლოებების შემცველი ქსოვილის კონკრეტული უბნებისაკენ მიმართავს.
მეცნიერებმა ცდა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ სამ სხვადასხვა ცხოველზე – თაგვებზე, ვირთხებზე და ღორებზე ჩაატარეს. სპეციალისტებმა დაადგინეს, თუ როგორ შეუძლია ულტრაბგერით მეთოდს ინსულინისა და გლუკოზის დონის შემცირება.
ულტრაბგერითი მეთოდით პროცედურის ჩატარება დღეში მხოლოდ სამი წუთის განმავლობაში საკმარისი იყო იმისათვის, რომ დიაბეტით დაავადებული თაგვების სისხლში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებში დასტაბილურებულიყო. ამჟამად მეცნიერები იმის გარკვევას ცდილობენ, მიიღებენ თუ არა მსგავს დადებით შედეგს დაავადებული ადამიანების ამ მეთოდით მკურნალობისას.
ასტრონომებმა ჩვენთვის დღემდე ცნობილი ყველაზე შორეული გალაქტიკა აღმოაჩინეს
აშშ-ში მდებარე ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრში მომუშავე მეცნიერებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ კოლეგებთან ერთად ჩვენგან 13.5 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკა აღმოაჩინეს. ეს არის ყველაზე შორეული გალაქტიკა, რაც კი ასტრონომებს ოდესმე დაუფიქსირებიათ. აღმოჩენის შესახებ მეცნიერები გამოცემა Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში დაწვრილებით საუბრობენ.
აღსანიშნავია, რომ დღემდე ასტრონომების მიერ აღმოჩენილი ყველაზე შორეული გალაქტიკის სტატუსს ობიექტი, სახელწოდებით GN-z11 ატარებდა. შედარებისთვის, ის ჩვენთან ახლად აღმოჩენილ გალაქტიკაზე 100 მილიონი სინათლის წლით ახლოს მდებარეობს. მეცნიერებმა ობიექტი 2020 წელს დააფიქსირეს.
რაც შეეხება ახლახან მიგნებულ გალაქტიკას, HD1-ს, მის აღმოსაჩენად ასტრონომებს საერთო ჯამში დაახლოებით 1,200-საათიანი დაკვირვება დასჭირდათ. მათ ამისთვის ოთხი ტელესკოპი გამოიყენეს: ჰავაიზე მდებარე Subaru Telescope-ი, ჩილეში მდებარე VISTA, გაერთიანებული სამეფოს კუთვნილი Infrared Telescope-ი და NASA-ს კუთვნილი Spitzer Space Telescope-ი.
Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორების განცხადებით, HD1-ის ულტრაიისფერ სპექტრში გამოვლენილი ძლიერი სიკაშკაშე იქ მიმდინარე აქტიურ პროცესებზე უნდა მიგვანიშნებდეს, რის შედეგადაც მასიური ენერგია თავისუფლდება. მეცნიერების ვარაუდით, HD1 შესაძლოა იყოს ე.წ ვარსკვლავური გალაქტიკა, რომელიც მნათობებს ჩვეულებრივზე სწრაფად წარმოქმნის. დაკვირვებების შედეგად სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ იქ წელიწადში 100-ზე მეტი ვარსკვლავი იბადება. ეს კი ტიპური ვარსკვლავური გალაქტიკების მიერ ყოველწლიურად წარმოქმნილი მნათობების რაოდენობას 10-ჯერ აჭარბებს.
მეცნიერებმა HD1-ის განსაკუთრებული სიკაშკაშის ასახსნელად კიდევ ორი თეორია ჩამოაყალიბეს. ერთის მიხედვით, ობიექტის ცენტრში შესაძლოა, სუპერმასიური შავი ხვრელი იყოს განლაგებული, რომლის მასაც ჩვენი მზისას 100-მილიონჯერ აღემატება. მეორე მხრივ, ამ გალაქტიკაში შესაძლოა, სამყაროს ყველაზე ადრეული ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესი მიმდინარეობდეს, რომელზე დაკვირვების საშუალებაც მეცნიერებს ადრე არასდროს მისცემიათ. შესაბამისად, ამ პროცესის თანამდევი ნიშნები მათთვის უცხოა.
ახალი ტექნოლოგიით ვაქცინების შექმნა მილიონჯერ უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი
სამხრეთ დანიის უნივერსიტეტში (SDU) მომუშავე მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, ახალი ტექნოლოგიის დახმარებით ვაქცინებისა და სხვა ფარმაცევტული პროდუქტების შექმნა მილიონჯერ უფრო სწრაფად, ნაკლები მასალისა და ენერგიის გამოყენებით, ასევე მცირე დანახარჯებით იქნება შესაძლებელი. მკვლევართა ნაშრომი, რომელშიც რევოლუციური მეთოდის შესახებაა საუბარი, გამოცემა Nature Chemistry-ში გამოქვეყნდა.
დანიაში შემუშავებული ახალი ინსტრუმენტი 40,000-ზე მეტი სხვადასხვა მოლეკულის სინთეზირების საშუალებას იძლევა. ის ასევე შესაძლებელს ხდის ანალიზის ქინძისთავზე მცირე ფართობზე განხორციელებას. ახალი მეთოდი საპნის ბუშტების მსგავს ერთგვარ ნანოკონტეინერებს იყენებს. SDU-ში შემუშავებული დნმ-ის ნანოტექნოლოგიით კი ამ კონტეინერებში მრავალი ინგრედიენტის შერევაა შესაძლებელი.
როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, ტექნოლოგია ასევე იყენებს დნმ-ის კოდებს, რათა დაცული იყოს ყოველი ნაერთის, რეაგენტისა და ქიმიური რეაქციის იდენტურობა.
მეცნიერების განცხადებით, მიგნება მულტიდარგობრივი ძალისხმევის შედეგია. მათივე თქმით, ტექნოლოგიის შესამუშავებლად სინთეზური ბიოქიმიის, ნანოტექნოლოგიის, დნმ-ის სინთეზის, კომბინირებული ქიმიისა და მანქანათმცოდნეობის სფეროებს დაეყრდნენ. ამასთანავე, პროექტის შედეგად გაიხსნა საზღვრები ნანოქიმიასა და ბიოქიმიას შორის.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მეთოდი მიმზიდველი იქნება როგორც ფარმაცევტული ინდუსტრიისთვის, ასევე აკადემიური ჯგუფებისთვის, რომლებიც მოლეკულების სინთეზით არიან დაინტერესებულნი.
CDC-მ სკოლის მოსწავლეთა მენტალურ ჯანმრთელობაზე პანდემიის გავლენის შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა
პანდემიის შედეგად, ამერიკელ მოსწავლეებში მუდმივი სასოწარკვეთისა და უგუნებობის მაჩვენებელმა იმატა, რამაც ახალგაზრდებში არსებული მენტალური დაავადებების კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა, – ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის უახლეს კვლევაში ვკითხულობთ, რომელშიც მონაწილეობა 7,705-მა უფროსკლასელმა მოსწავლემ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ საშუალო სკოლის უფროსკლასელებში სასოწარკვეთილებისა და უგუნებობის მაჩვენებელმა 44.2% შეადგინა, რაც სამი წლის ჭრილში 7.5%-იან მატებას ნიშნავს. ეს მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია ლგბტქ+ საზოგადოების წარმომადგენლებში – ის 75.7%-ს შეადგენს, მაშინ როცა ჰეტეროსექსუალ მოსწავლეებში ეს მაჩვენებელი 36.7%-ს უდრის.
ამასთან, კვლევაში ვკითხულობთ, რომ სუიციდის მცდელობის ალბათობა თითქმის ორჯერ უფრო დიდია მდედრობითი, ვიდრე მამრობითი სქესის მოსწავლეებში – საერთო ჯამში, 2019-2021 წლებში სუიციდის მცდელობების რიცხვმა 0.1%-ით იმატა და 9% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, 2020 წელს თვითმკვლელობით სიცოცხლე 10-24 წლამდე ასაკის 6,627-მა ადამიანმა დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ მენტალური ჯანმრთელობის კუთხით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ზრდა ყველა მიმართულებით დაფიქსირდა – 2009 წელს, მაგალითად, მუდმივ სასოწარკვეთასა და უგუნებობას მოსწავლეთა 26.1% უჩიოდა, სუიციდზე მოსწავლეთა 13.8% ფიქრობდა, ხოლო 6.3%-ს მისი მცდელობაც კი ჰქონდა.
დატოვე კომენტარი