გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირა მეცნიერების სფეროსთვის მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. ამერიკელმა მკვლევრებმა შექმნეს იმპლანტი, რომელიც ტკივილს წამლების გარეშე აყუჩებს. ამის პარალელურად, აშშ-ის ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ალგორითმი, რომელიც დანაშაულს ერთი კვირით ადრე, 90%-იანი სიზუსტით პროგნოზირებს. კოლორადოს ბოულდერის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა კი კოლეგებთან ერთად შეიმუშავეს უნიკალური, ნახშირბადნეიტრალური მეთოდი, რომლის დახმარებითაც პორტლანდცემენტის წარმოება ბიოგენური კირქვისგან არის შესაძლებელი.

რაც შეეხება ბოლო დღეებში მომხდარ მნიშვნელოვან სიახლეებს: აშშ-ში გრიპის უნივერსალური ვაქცინის კლინიკური ტესტირება იწყება; ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის კუთვნილმა ორბიტერმა, Tianwen 1-მა მარსის თითოეული რეგიონი გადაიღო და შედეგად, წითელი პლანეტის მთლიანი რუკა შეადგინა; ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ მომზადებული ახალი ანგარიშის თანახმად, ევროპაში კიბოს შემთხვევის 10%-ზე მეტი, სავარაუდოდ, გარემოს დაბინძურებით არის გამოწვეული.

მოცემული ბლოგი გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარ სწორედ ამ მნიშვნელოვან სიახლეებს ეთმობა.

მეცნიერებმა შექმნეს იმპლანტი, რომელიც ტკივილს წამლების გარეშე აყუჩებს

აშშ-ის ილინოისის შტატში მდებარე ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს იმპლანტი, რომელიც ტკივილს წამლების გარეშე აყუჩებს. ნაშრომი, რომელშიც მოწყობილობის აღწერაა მოცემული, ასევე საუბარია მის ეფექტიანობასთან დაკავშირებით, გამოცემა Science-ში გამოქვეყნდა.

ბიოთავსებადი მოწყობილობა, რომელიც წყალში გახსნის უნარით ხასიათდება, შესაძლოა, საუკეთესო გზა იყოს ტკივილის გასაყუჩებლად ოპიოიდებისა და სხვა ძლიერი ნარკოტიკული მედიკამენტების ჩასანაცვლებლად. მკვლევართა განცხადებით, ის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება სხვადასხვა სახის ოპერაციების, მათ შორის ამპუტაციის პროცედურის დროს.

რაც შეეხება მოწყობილობის მუშაობის პრინციპს – ფურცელზე უფრო თხელი იმპლანტი ნერვების კონკრეტულ მონაკვეთს ეხვევა და თხევადი გამაგრილებლის აორთქლების გზით მას აგრილებს. შედეგად თავის ტვინისკენ მიმავალი სიგნალი იბლოკება. მომხმარებელს სხეულის გარეთ არსებული ტუმბოს დახმარებით მოწყობილობის გააქტიურება და მისი მუშაობის ინტენსივობის გაზრდა ან შემცირება შეუძლია.

ფოტო: Northwestern University

იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა საჭირო აღარ არის, მისი ყველა კომპონენტი ბუნებრივად შეიწოვება სხეულში დღეების ან კვირების განმავლობაში, ქირურგიული ჩარევის გარეშე.

აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა მიკროთხევადი არხებისგან შედგება. ერთი არხი თხევად გამაგრილებელ პერფტორპენტანს (PFP) შეიცავს, მეორე კი მშრალ აზოტს. როდესაც სითხე და აირი საერთო არხში მიედინება, ხდება რეაქცია, რომელიც სითხის დაუყოვნებლივ აორთქლებას იწვევს.

ამის პარალელურად, ინტეგრირებული სენსორი ნერვის ტემპერატურას აკონტროლებს, რათა მისი კონკრეტული მონაკვეთის დასაშვებზე მეტად გაცივება არ მოხდეს. მსგავს შემთხვევაში შესაძლოა, ქსოვილი დაზიანდეს.

შეიქმნა ალგორითმი, რომელიც დანაშაულს ერთი კვირით ადრე პროგნოზირებს

აშშ-ში მდებარე ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ალგორითმი, რომელიც დანაშაულს ერთი კვირით ადრე პროგნოზირებს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სპეციალისტების მიერ გამოცემა Nature Human Behaviour-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია თავმოყრილი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალ ალგორითმს კრიმინალის პროგნოზირება დროისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით ძალადობრივი და ქონებასთან დაკავშირებული დანაშაულების შესახებ საჯარო მონაცემების გაანალიზების შედეგად შეუძლია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ალგორითმი დანაშაულს დაახლოებით 90%-იანი სიზუსტით პროგნოზირებს.

ცალკეული მოდელის შემთხვევაში, მკვლევართა ჯგუფმა სამართალდამცველების დანაშაულზე რეაგირება ინციდენტების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობის ანალიზის შედეგად შეისწავლა. სპეციალისტებმა განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე არეალებში შეგროვებული მონაცემები ერთმანეთს შეადარეს და დაადგინეს, რომ მდიდარ უბნებში დანაშაულს მეტი დაპატიმრება მოჰყვებოდა, ვიდრე ეს შედარებით ღარიბი უბნების შემთხვევაში იყო. ეს კი, მათი თქმით, სამართალდამცველების რეაგირებისა და აღსრულების მიკერძოებულობაზე მიუთითებს.

დანაშაულის პროგნოზირების სხვა მოდელები ხშირად ფოკუსირებას ე.წ „ცხელ წერტილებზე“ აკეთებენ, რის გამოც ამ სივრცის მიღმა არსებული ტერიტორია უყურადღებოდ რჩება. ისინი არც ზემოხსენებულ ფაქტორს – სხვადასხვა არეალში დანაშაულსა და სამართალდამცავების რეაგირება-აღსრულების შედეგებს შორის არსებულ სხვაობას ითვალისწინებენ.

რაც შეეხება ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შემუშავებულ ალგორითმს, ის ქალაქს არა განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე უბნებად, არამედ კონკრეტული ფართობის მომცველ ტერიტორიებად ყოფს და კრიმინალს ამის მიხედვით პროგნოზირებს.

სპეციალისტების განცხადებით, ახალმა მოდელმა დანაშაულის ალბათობა ჩიკაგოში 90%-იანი სიზუსტით იწინასწარმეტყველა. მან დადებითი შედეგები აჩვენა ასევე აშშ-ის კიდევ რვა ქალაქში.

აშშ-ში გრიპის უნივერსალური ვაქცინის კლინიკური ტესტირება იწყება

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მკვლევრები გრიპის ახალი უნივერსალური ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესამოწმებლად კლინიკური ტესტირების 1-ელ ფაზას იწყებენ. კვლევაში მონაწილეებს მედიკამენტს როგორც საინიექციო ხსნარის, ასევე ცხვირის სპრეის სახით მისცემენ. აღსანიშნავია, რომ ცხოველებზე ჩატარებული ცდებისას პრეპარატმა დამაიმედებელი შედეგები აჩვენა.

ახალ ვაქცინა, რომელსაც BPL-1357-ს უწოდებენ, არის მრავალვალენტიანი და შეიცავს გრიპის ოთხი კონკრეტული შტამის ინაქტივირებულ ასლს, მათ შორის H1N9-ის, H3N8-ის, H5N1-ისა და H7N3-ის. ვირუსები ინაქტივირებულ იქნა ქიმიკატის გამოყენებით, რომელიც ცნობილია როგორც ბეტა-პროპიოლაქტონი (BPL).

ვაქცინა უკვე გამოიცადა პრეკლინიკური კვლევისას, რომელში მონაწილეობაც თაგვებმა და ქრცვინებმა მიიღეს. მედიკამენტის ცხოველებზე გამოცდის შედეგად დადგინდა, რომ ექსპერიმენტული ვაქცინის ორი დოზა 100%-იან დაცვას უზრუნველყოფს გრიპის ექვსი სხვადასხვა შტამის ფატალური ფორმისგან. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ პრეპარატი ერთნაირად ეფექტიანი იყო როგორც ინიექციის გზით ორგანიზმში შეყვანის, ისე ცხვირის სპრეის სახით მიღების შემთხვევაში.

კლინიკური კვლევის 1-ელ ფაზაში მონაწილეობას 100-მდე ჯანმრთელი ადამიანი მიიღებს. ისინი ინტრანაზალურ, ინტრამუსკულარულ და პლაცებოს ჯგუფებში განაწილდებიან. ტესტირება შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი მთავარი მიზანი ახალი ვაქცინის იმუნური რეაქციების განსაზღვრა, ასევე მედიკამენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება იქნება.

მეცნიერებმა წყალმცენარეების დახმარებით ეკომეგობრული ცემენტი შექმნეს

აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) ანგარიშის მიხედვით, ინდუსტრიულ დამბინძურებლებს შორის ცემენტი ტოპ-ათეულში მესამე ადგილს იკავებს. მისი წარმოების შედეგად ატმოსფეროში წელიწადში 500,000 ტონაზე მეტი გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და ნახშირბადის მონოოქსიდი გამოიყოფა. გარდა ამისა, ცემენტი ყოველწლიურად პასუხისმგებელია დაახლოებით ორი გიგატონა CO2-ის ემისიაზე.

სწორედ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, კოლორადოს ბოულდერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად შეიმუშავეს უნიკალური, ნახშირბადნეიტრალური მეთოდი, რომლის დახმარებითაც პორტლანდცემენტის წარმოება ბიოგენური კირქვისგან არის შესაძლებელი.

კოლორადოს ბოულდერის უნივერსიტეტის პროფესორმა უილ სრუბარმა ერთ-ერთი მოგზაურობისას მარჯნის რიფების გარშემო ბუნებრივად აგებული კალციუმის კარბონატის (CaCO3) სტრუქტურები შენიშნა. მან იცოდა, რომ კირქვა სწორედ CaCO3-ისგან მიიღებოდა. პროფესორმა აღმოჩენა კოლეგებს გაუზიარა, რომლებთან ერთადაც მიკროწყალმცენარეების, კოკოლიტოფორების გაზრდა დაიწყო. წყალმცენარეების ამ სახეობის წარმომადგენლებს ფოტოსინთეზის დროს კალციუმის კარბონატის გამოყოფის გზით ბიოგენური კირქვის წარმოქმნა შეუძლიათ.

ფოტო: colorado.edu

აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად მოპოვებული კირქვისგან განსხვავებით, რომლის ფორმირებას მილიონობით წელი სჭირდება, კოკოლიტოფორების კირქვის ბიოგენური ვერსია რეალურ დროში, გაცილებით სწრაფად იწარმოება. მეცნიერებს სჯერათ, რომ მათ რევოლუციურ მიგნებას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, კირქვის მოპოვების ტრადიციული მეთოდი შეცვალოს და პლანეტის დაბინძურების მაჩვენებელი შეამციროს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პროფესორ სრუბარს ამ აღმოჩენისთვის 2020 წელს აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო გადაეცა. გარდა ამისა, ახლახან მან კოლეგებთან ერთად, ზემოხსენებული მიმართულებით სამუშაოების გასაგრძელებლად, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტისგან (DOE) 3.2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო.

ევროპაში კიბოს შემთხვევების 10% გარემოს დაბინძურებით არის გამოწვეული

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ მომზადებული ახალი ანგარიშის თანახმად, ევროპაში კიბოს შემთხვევების 10%-ზე მეტი, სავარაუდოდ, გარემოს დაბინძურებით არის გამოწვეული. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ამ შემთხვევების უმეტესობის პრევენცია დაბინძურების ხარისხის შემცირებითაა შესაძლებელი.

ევროპაში სხვადასხვა სახის კიბოს შემთხვევების 40% ცვლილებას დაქვემდებარებულ რისკ ფაქტორებთან არის დაკავშირებული, მათ შორის ცხოვრების წესთან: მოწევა, დიეტა, ალკოჰოლი და ა.შ. თუმცა, ამ შემთხვევების დაახლოებით ერთი-მეოთხედი, ანუ კიბოთი დაავადების შემთხვევების 10% შეიძლება გარემოს დამბინძურებლების ზემოქმედების შედეგს წარმოადგენდეს.

ანგარიშში ეს დამბინძურებლები ხუთ კატეგორიად არის დაყოფილი: ჰაერის დაბინძურება, რადონი და ულტრაიისფერი გამოსხივება, მეორადი კვამლი, აზბესტი და ქიმიკატები.

კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურება ევროპაში კიბოს სიკვდილიანობის 2%-თან არის დაკავშირებული. მაგალითად, აღნიშნული მიზეზით ფილტვის კიბოს 7%-ია გამოწვეული. ჰაერის დაბინძურება ამ კონტექსტში მოიცავს წვრილ ნაწილაკებსა (PM 2.5 ნაწილაკები) და ისეთი დამბინძურებლების ზემოქმედებას, როგორიცაა აზოტის დიოქსიდი (NO2) და გოგირდის დიოქსიდი (SO2).

ულტრაიისფერი გამოსხივება, რომელიც ძირითადად მზისგან მოდის კანის სიმსივნეს იწვევს. ევროპაში ეს არის მიზეზი კიბოს შემთხვევების თითქმის 4%-ის. რაც შეეხება რადონის გამოსხივებას, ეს შედარებით უფრო იშვიათია. ის გრანიტის ბუნებრივი წყაროებიდან მოდის და ძირითადად სამთო მოპოვებაში ჩაბმული ადამიანების დაავადების მიზეზი ხდება.

მეორადი კვამლი და აზბესტი ორივე კანცეროგენების ცნობილი წყაროა. რაც შეეხება ბოლო კატეგორიას, ქიმიკატებს, მათგან უარყოფითი ზემოქმედება პროფესიული შეხებისას ევროპაში საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. სპეციალისტების განცხადებით, შედეგად მიყენებული ზიანის რაოდენობრივი განსაზღვრა ძალიან რთულია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კიბოს გამომწვევი დამბინძურებლების ზემოქმედების შესამცირებლად სპეციალური, მასშტაბური პოლიტიკის შემუშავებაა საჭირო, ვინაიდან ზემოხსენებულ შედეგებთან ბრძოლა ინდივიდებს ძალიან გაუჭირდებათ.

ჩინურმა ორბიტერმა მარსის მთლიანი რუკა შეადგინა

ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის (CNSA) კუთვნილმა ორბიტერმა, Tianwen 1-მა, რომელიც აზიურმა სახელმწიფომ ამავე სახელწოდების მისიის ფარგლებში მარსის შესასწავლად დაახლოებით ორი წლის წინ გაუშვა, წითელი პლანეტის თითოეული რეგიონი გადაიღო და შედეგად, ციური სხეულის მთლიანი რუკა შეადგინა. როგორც ცნობილია, ფოტოები აპარატზე დამონტაჟებულმა საშუალო გარჩევადობის კამერამ დააფიქსირა.

CNSA-ის ინფორმაციით, კოსმოსურმა ხომალდმა მის ბორტზე განლაგებულ ექვს სხვადასხვა ხელსაწყოსთან ერთად სამეცნიერო სამუშაოების ფარგლებში დაკისრებული მოვალეობები უკვე შეასრულა, ისევე, როგორც მარსმავალმა Zhurong-მა.

რაკეტა Long March 5-ის დახმარებით 2020 წლის ივლისში მარსისკენ გაშვებულმა ჩინურმა ხომალდმა პლანეტამდე 2021 წლის თებერვალში მიაღწია. Tianwen 1-მა თავდაპირველად ციური სხეულის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე უტოპიის დაბლობის სახელწოდებით ცნობილი რეგიონის დეტალურად გადაღება დაიწყო. სწორედ აღნიშნულ არეალში დაეშვა 2021 წლის მაისში მარსმავალი Zhurong-ი დასაჯდომი მოდულის დახმარებით.

CNSA-ის ოფიციალური პირების განცხადებით, მიუხედავად დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა, ორბიტერი და მარსმავალი წითელი პლანეტის გამოკვლევას გააგრძელებენ.

აქვე შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ  ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ მარსის ზედაპირიდან აღებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას 2031 წლისთვის გეგმავს – ორი წლით ადრე, ვიდრე NASA და ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *