გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაციენტი, რომელსაც კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ, ექიმების თქმით, მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, დაავადებისგან განიკურნა. ამასთანავე, ასტროფიზიკოსებმა დღემდე ჩვენთვის ცნობილ მნათობთა შორის ყველაზე სწრაფად მოძრავი ვარსკვლავი აღმოაჩინეს, რომელიც ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის გარშემო ბრუნავს. NASA-მ კი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული სატესტო ფოტო გაავრცელა.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს: ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მეცნიერებმა დიდი ადრონული კოლაიდერის (LHC) დახმარებით სამი დღემდე ჩვენთვის უცნობი სუბატომური ნაწილაკი აღმოაჩინეს; NASA რუსეთის კოსმოსურ სააგენტო “როსკოსმოსს” მოუწოდებს, ISS-იდან ომის პროპაგანდა შეწყვიტოს; FDA ფარმაცევტებს კოვიდით დაავადებულთათვის Pfizer-ის ანტივირუსული აბის გამოწერის უფლებას აძლევს.

გასული კვირის მეცნიერების სფეროს მიმოხილვაში სწორედ აღნიშნული სიახლეების შესახებ მოგვითხრობთ.

პაციენტი, რომელსაც რამდენიმე თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, კიბოსგან განიკურნა

ინგლისის ქალაქ მანჩესტერში მცხოვრები, წარმოშობით ინდოელი ჟასმინ დევიდი, რომელსაც კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ, ექიმების თქმით, მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, დაავადებისგან განიკურნა.

ჟასმინ დევიდმა სიმსივნის ნიშნები 2017 წლის ნოემბერში შენიშნა, როდესაც ის 51 წლის იყო. მალევე, მას სიმსივნის აგრესიული ფორმის, სამმაგად უარყოფითი ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. დევიდმა ექვსთვიანი ქიმიოთერაპია და მასტექტომია, ასევე რადიოთერაპიის 15 პროცედურა ჩაიტარა, რის შედეგადაც დაავადებას თავი დააღწია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა – დროებით.

ორი წლის შემდეგ, 2019 წელს მის ორგანიზმში სიმსივნის უჯრედები კვლავ განვითარდა და დაავადებამ ფილტვები, ლიმფური კვანძები და გულმკერდის ძვალი მოიცვა. მაშინ ექიმებმა განაცხადეს, რომ პაციენტს მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი.

ფოტო: republicworld.com

ამის შემდეგ ჟასმინ დევიდმა მონაწილეობა მიიღო კრისტის საავადმყოფოს მიერ ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, რომლის ფარგლებშიც ცდისპირებს ექსპერიმენტული მედიკამენტითა და იმუნოთერაპიის წამლით, კომბინირებულად მკურნალობდნენ.

უფრო კონკრეტულად კი, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, დევიდის ორგანიზმში ინტრავენური გზით მედიკამენტი, სახელწოდებით Atezolizumab-ი შეჰყავდათ, ასევე ექსპერიმენტულ პრეპარატს აძლევდნენ. როგორც ჟასმინ დევიდი აცხადებს, მკურნალობის კურსს საკმაოდ მძიმე უკუჩვენებები ახლდა, მათ შორის თავის ძლიერი ტკივილი და ტემპერატურის მკვეთრი მატება.

2021 წლის ივნისში ჩატარებული გამოკვლევისას პაციენტის ორგანიზმში სიმსივნის უჯრედები არ აღმოჩნდა. შესაბამისად, ჟასმინ დევიდი კიბოსგან განიკურნა. ამის მიუხედავად, ის მკურნალობის კურსს მაინც აგრძელებს. როგორც ცნობილია, დევიდი თერაპიას 2023 წლის დეკემბერში დაასრულებს.

მეცნიერებმა დღემდე ჩვენთვის ცნობილ მნათობთა შორის უსწრაფესი ვარსკვლავი აღმოაჩინეს

ასტროფიზიკოსებმა დღემდე ჩვენთვის ცნობილ მნათობთა შორის ყველაზე სწრაფად მოძრავი ვარსკვლავი აღმოაჩინეს, რომელიც ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის გარშემო ბრუნავს. ამის შესახებ მეცნიერები გამოცემა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.

ახალაღმოჩენილი ვარსკვლავი, სახელწოდებით S4716, ჩვენი გალაქტიკის სუპერმასიური შავი ხვრელის, Sagittarius A*-ის გარშემო სრულ ბრუნს სულ რაღაც ოთხ წელიწადში ერთხელ ასრულებს, რა დროსაც მნათობი დაახლოებით 29 მილიონი კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება. S4716 ორბიტაზე მოძრაობისას შავ ხვრელს, რომლის დიამეტრი 23,5 მილიონი კილომეტრია, 15 მილიარდი კილომეტრის მანძილზე უახლოვდება.

ფოტო: ESO, ESA

15 მილიარდი კილომეტრი შესაძლოა, საკმაოდ დიდ დისტანციად მოგვეჩვენოს, თუმცა ის მხოლოდ 100-ჯერ აღემატება დედამიწასა და მზეს შორის არსებულ მანძილს. ეს კი, კოსმოსური თვალსაზრისით, არც ისე დიდი დისტანციაა.

სპეციალისტებს იმაში დასარწმუნებლად, რომ S4716 დღემდე ჩვენთვის ცნობილი უსწრაფესი ვარსკვლავია, დაახლოებით ორი ათწლეული დასჭირდათ. მეცნიერებმა მნათობზე დასაკვირვებლად ხუთი ტელესკოპი გამოიყენეს: ჰავაიზე მდებარე კეკის ობსერვატორიაში განლაგებული NIR2 და OSIRIS, ასევე ტელესკოპების ქსელ VLT-ში შემავალი SINFONI, NACO და GRAVITY.

NASA-მ ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული სატესტო ფოტო გაავრცელა

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო 12 ივლისს საზოგადოებას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი, სამეცნიერო კვლევებისთვის ხელსაყრელი ხარისხის მქონე სურათებს გააცნობს. მანამდე კი NASA-მ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე აპარატის მიერ დაფიქსირებული ერთ-ერთი სატესტო ფოტო გაავრცელა.

სურათი ჯეიმს ვების ტელესკოპზე დამონტაჟებული ხელსაწყოს, Fine Guidance Sensor-ის (FGS) მიერ არის გადაღებული, რომელიც კანადის კოსმოსურმა სააგენტომ დაამზადა. მოწყობილობამ ფოტოზე ვარსკვლავები და გალაქტიკები ჯერ კიდევ მაისში, ტესტირების დროს აღბეჭდა, რომლის მიზანიც ტელესკოპის მუშაობისა და გამართულობის შემოწმება იყო.

ფოტო: NASA

NASA-ს მიერ გამოქვეყნებული სურათის მისაღებად 72 ექსპოზიცია და 32 საათი გახდა საჭირო. ჯეიმს ვების ტელესკოპის მისიაში ჩართული მეცნიერების განცხადებით, ეს შორეული კოსმოსის ამსახველი ერთ-ერთი ფოტოა იმ იშვიათ გამოსახულებათა შორის, რომლებიც ოდესმე აპარატებს დაუფიქსირებია.

აღსანიშნავია, რომ, როდესაც Fine Guidance Sensor-ის დიაფრაგმა ღიაა, ის არ იყენებს ფერთა ფილტრებს, როგორც სხვა სამეცნიერო ინსტრუმენტები – რაც იმას ნიშნავს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი გალაქტიკების ასაკის გამოთვლა მეცნიერული ანალიზისთვის საჭირო სიზუსტით შეუძლებელია. თუმცა, ტესტირების დროსაც კი, FGS-ის მიერ გადაღებული დაუგეგმავი სურათები კოსმოსის განსაცვიფრებელ ხედებს გვთავაზობს.

CERN-ის მეცნიერებმა სამი ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მეცნიერებმა დიდი ადრონული კოლაიდერის (LHC) დახმარებით სამი დღემდე ჩვენთვის უცნობი სუბატომური ნაწილაკი აღმოაჩინეს. ამის შესახებ CERN-მა ოფიციალურ ვებგვერდზე პრესრელიზი გამოაქვეყნა.

CERN-ის მეცნიერებმა ახალი ტიპის პენტაკვარკი და ტეტრაკვარკების პირველი წყვილი აღმოაჩინეს. ისინი 27 კილომეტრის სიგრძის LHC-ის დახმარებით მიკვლეული ადრონების (ძლიერად ურთიერთქმედი ელემენტარული ნაწილაკების კლასი) სიას შეემატნენ.

შეგახსენებთ, დიდ ადრონულ კოლაიდერთან მომუშავე მეცნიერებმა დაახლოებით ათი წლის წინ ჰიგსის ბოზონი აღმოაჩინეს. სპეციალისტების განცხადებით, ამ ელემენტარულმა ნაწილაკმა სამყაროს ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა.

ფოტო: CERN

CERN-ის მეცნიერებს ახალი აღმოჩენა კვარკების მიერ რთული ნაწილაკების ფორმირების პროცესის გაანალიზებასა და ახსნაში დაეხმარება. კვარკები ელემენტარული ნაწილაკებია, რომლებიც ყველაზე ხშირად ორ ან სამ კვარკად ერთიანდებიან და წარმოქმნიან ადრონებს – პროტონებსა და ნეიტრონებს. იშვიათად, კვარკები უფრო დიდ კომბინაციებს აყალიბებენ. მაგალითად, ოთხკვარკიან და ხუთკვარკიან ნაწილაკებს, ასევე ტეტრაკვარკებსა და პენტაკვარკებს აერთიანებენ.

LHC, ფიზიკის მსოფლიოში უდიდესი ლაბორატორია, 2008 წელს ამუშავდა. 2010-2013 წლებში მისი დახმარებით მეცნიერებმა ჰიგსის ბოზონის ნაწილაკების პირველი მტკიცებულება მოიპოვეს. მას შემდეგ კოლაიდერით 66 ადრონი აღმოაჩინეს.

NASA მოუწოდებს „როსკოსმოსს“, ISS-იდან ომის პროპაგანდა შეწყვიტოს

უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. ეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი ქვეყნის თანამშრომლობაზეც აისახა.

რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსის“ გენერალური დირექტორი, დმიტრი როგოზინი, ქვეყნისთვის სანქციების დაწესების გამო თავდაპირველად ISS-იდან რუსული მოდულის გამოყოფით დაიმუქრა, რაც სადგურს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა. მოგვიანებით კი, მაისის დასაწყისში, როგოზინმა განაცხადა, რომ რუსეთმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, უნდა ითქვას, რომ „როსკოსმოსის“ გენერალურ დირექტორს პროექტიდან გასვლის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.

მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ISS-ზე ვითარება კვლავ დაიძაბა, რასაც NASA-ს განცხადება მოწმობს:

„NASA კატეგორიულ საყვედურს უცხადებს რუსეთს, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს პოლიტიკური მიზნებისთვის, უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდასაჭერად იყენებს, რაც ძირეულად არ შეესაბამება სადგურის ძირითად ფუნქციას, რაც პროექტში მონაწილე 15 ქვეყნის მიერ მეცნიერების წინსვლისა და ტექნოლოგიის მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოყენებას ითვალისწინებს“.

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს აღნიშნული განცხადება 4 ივლისს Telegram-ზე გავრცელებულ ფოტოს ეხმიანება. სურათზე „როსკოსმოსის“ კოსმონავტებს უჭირავთ დროშა, რომელიც თვითგამოცხადებულ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან და დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან ასოცირდება. ესენი აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებია, რომლებიც რუსული შეიარაღებული ძალების მიერაა ოკუპირებული. უნდა აღინიშნოს, რომ მათი დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა და სირიამ აღიარეს.

ფოტო: ROSCOSMOS

„როსკოსმოსის“ განცხადებაში, რომელიც Telegram-ზე გამოქვეყნდა, სააგენტომ განმარტა, რომ სადგურზე მყოფმა კოსმონავტებმა ამ ფორმით ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას ქალაქის აღება მიულოცეს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ აისახება რუსი კოსმონავტების ქმედება NASA-სა და „როსკოსმოსის“ ერთობლივ, უახლოეს მისიებზე. შეგახსენებთ, აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მიერ ორგანიზებული მისიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა განხორციელდეს, ISS-ზე NASA-ს ასტრონავტებთან ერთად რუსი კოსმონავტი ანა კიკინა გაემგზავრება.

ამავე თვეში დაგეგმილია მისია Soyuz MS-22, რომლის ფარგლებში „როსკოსმოსის“ კუთვნილი ხომალდით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ასტრონავტი, ფრენკ რუბიო გაფრინდება.

FDA ფარმაცევტებს კოვიდით დაავადებულთათვის Pfizer-ის ანტივირუსული აბის გამოწერის უფლებას აძლევს

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტო (FDA), კორონავირუსის შემთხვევების მატების პარალელურად, ფარმაცევტებს კოვიდით დაავადებულთათვის კომპანია Pfizer-ის წარმოების ანტივირუსული აბის, პაქსლოვიდის გამოწერის უფლებას აძლევს. ამის შესახებ სააგენტოს მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული პრესრელიზიდან გახდა ცნობილი.

როგორც ირკვევა, FDA-ს მიერ გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული მედიკამენტის დანიშვნა 12 წლისა და უფროსი ასაკის იმ ადამიანებისთვის იქნება დაშვებული, რომლებიც კოვიდის მძიმე ფორმით განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ვინაიდან პრეპარატის მიღება ვირუსის სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაშია რეკომენდებული, ლიცენზირებულ ფარმაცევტებს პაქსლოვიდის დანიშვნის უფლებამოსილება ეძლევათ, რათა „დროული მკურნალობის ხელმისაწვდომობა“ გაიზარდოს – ნათქვამია FDA-ს განცხადებაში.

აქამდე Pfizer-ის ანტივირუსულ აბს პაციენტებს ექიმები ან ფედერალური მთავრობის მიერ მოწყობილ „ტესტირება-მკურნალობისთვის“ განკუთვნილ სივრცეებში მომუშავე სპეციალისტები უნიშნავდნენ.

ცნობისთვის, Pfizer-ი 2022 წლის ბოლომდე 80 მილიონი მკურნალობის კურსისთვის საჭირო პაქსლოვიდის წარმოებას გეგმავს. შეგახსენებთ, კომპანიამ გასულ თვეში განაცხადა, რომ მედიკამენტის წარმოების დასაჩქარებლად 120 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *