გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. ღეროვანი უჯრედების გადანერგვის გზით 66 წლის პაციენტი აივ-ინფექციისგან განიკურნა. ბოხუმის რურის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კი შექმნეს სენსორი, რომელსაც სისხლში ალცჰაიმერის დაავადების ნიშნების იდენტიფიცირება მისი პირველი კლინიკური სიმპტომების გამოვლენამდე 17 წლით ადრე შეუძლია. გარდა ამისა, დინოზავრების ერთ-ერთი სახეობის, გორგოზავრის 70 მილიონი წლის წინანდელი ჩონჩხი Sotheby’s-ის აუქციონზე 6.1 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
რაც შეეხება სხვა სიახლეებს – შესაძლოა, რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2028 წლამდე დარჩეს; NASA მარსზე ორი მინი-ვერტმფრენის გაგზავნას გეგმავს; ევროკავშირმა „მაიმუნის ყვავილისთვის“ Bavarian Nordic-ის ვაქცინა დაამტკიცა. მოცემული ბლოგი მეცნიერების სფეროს სწორედ ამ მნიშვნელოვან სიახლეებსა და მოვლენებს ეთმობა.
ღეროვანი უჯრედების გადანერგვის გზით 66 წლის პაციენტი აივ-ინფექციისგან განიკურნა
66 წლის ტიმოთი ბრაუნი გახდა მეოთხე პაციენტი, რომელიც დონორისგან ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ აივ-ინფექციისგან განიკურნა. უნდა ითქვას, რომ ეს მამაკაცი ყველაზე ასაკოვანია მათ შორის, ვის შემთხვევაშიც ჯერ კიდევ ექსპერიმენტულმა პროცედურამ დადებითი შედეგი გამოიღო.
ტიმოთი ბრაუნს აივ-ინფექცია 1988 წელს დაუდასტურდა. ამის შემდეგ კი, დაახლოებით 15 წლის წინ, მას მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების გადანერგვა მისთვის ხელმისაწვდომი მკურნალობის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა.
ექსპერიმენტის ფარგლებში ტიმოთი ბრაუნის ექიმმა მისთვის ღეროვანი უჯრედების დონორი მოიძია. ამ უკანასკნელს იშვიათი გენეტიკური მუტაცია ჰქონდა, რომელიც HIV-ის ვირუსისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარით ხასიათდება. ბრაუნს ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების გადანერგვის პროცედურა 2019 წელს ჩაუტარდა.
ღეროვანი უჯრედების გადანერგვის პირველი პროცედურიდან სამ თვეში პაციენტის დაავადებამ რემისია დაიწყო. მას დაახლოებით 17 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამ პერიოდში ტიმოთი ბრაუნმა შეწყვიტა ანტირეტროვირუსული თერაპია და ფუნქციურად განიკურნა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ვირუსი სხეულის იმუნური სისტემის მიერ მთლიანად არ არის განადგურებული, თუმცა მისი კონტროლი და საზიანო აქტივობის დათრგუნვა მედიკამენტების გარეშეა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ დაფიქსირდა კიდევ ორი შემთხვევა, როდესაც ზემოხსენებული ტიპის ღეროვანი უჯრედებით მკურნალობამ HIV-ის მქონე პაციენტებში დადებითი შედეგი გამოიღო.
გორგოზავრის ჩონჩხი აუქციონზე $6.1 მილიონად გაიყიდა
დინოზავრების ერთ-ერთი სახეობის, გორგოზავრის 70 მილიონი წლის წინანდელი ჩონჩხი Sotheby’s-ის აუქციონზე 6.1 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ საზოგადოდ გორგოზავრის მხოლოდ 20 ნიმუშია ცნობილი, რომელთაგან აუქციონზე გასაყიდად ამ დრომდე არცერთი გამოუტანიათ.
ნიმუში, რომელსაც სპეციალისტებმა ოთხი წლის წინ მონტანაში მიაკვლიეს, ანონიმმა პირმა შეიძინა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გორგოზავრის ჩონჩხის კერძო შესყიდვა გახდა ხელმისაწვდომი. Sotheby’s-ის თანახმად, დანარჩენი ნიმუშები მუზეუმებსა და უნივერსიტეტების კოლექციებში ინახება.
როგორც ცნობილია, აუქციონის გამარჯვებული შეძლებს, ნიმუშს სახელი თავად შეურჩიოს, რის შემდეგაც ჩონჩხს სწორედ ასე მოიხსენიებენ.
აუქციონზე გაყიდულ დინოზავრის ჩონჩხებს შორის რეკორდი სტენს ეკუთვნის, ტირანოზავრი რექსის ნიმუშს, რომელიც გასულ წელს ანონიმმა მყიდველმა 31.8 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ჩონჩხის განთავსება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბის ისტორიის მუზეუმში, მისი მშენებლობის დასრულების შემდეგ იგეგმება.
გორგოზავრის ნიმუშის სიმაღლე 3 მეტრს შეადგენს, სიგრძე კი 6.7 მეტრს უტოლდება. ის ტირანოზავრი რექსის უფრო მცირე ზომის ვერსიას წააგავს. ცნობისთვის, აუქციონამდე Sotheby’s-ის შეფასებით, ჩონჩხი 5-დან 8 მილიონ აშშ დოლარამდე თანხად გაიყიდებოდა.
შესაძლოა, რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2028 წლამდე დარჩეს
მედიასააგენტო Reuters-ის ცნობით, რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსის“ წარმომადგენლებმა NASA-ს აცნობეს, რომ ISS-ზე მანამდე დარჩებიან, ვიდრე ორბიტაზე საკუთარ კოსმოსურ სადგურს არ განალაგებენ – ეს კი 2028 წლისთვის იგეგმება.
აქვე შეგახსენებთ, რომ მანამდე „როსკოსმოსის“ ახლად დანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა, იური ბორისოვმა, რომელმაც დმიტრი როგოზინის ადგილი დაიკავა, რუსეთის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროგრამიდან 2024 წლის შემდეგ გასვლის შესახებ განაცხადა. როგორც ჩანს, რუსეთს ორბიტაზე აშშ-სთან პარტნიორობის გაწყვეტამდე, რომელიც უკვე ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის, დაახლოებით ექვსი წელი აშორებს.
კოსმოსური სადგური, რომელიც სამეცნიერო ლაბორატორიის დანიშნულებით გამოიყენება დედამიწის ორბიტაზე 1998 წელს გაიყვანეს. ISS-ზე დღემდე 3,000-ზე მეტი კვლევა ჩატარდა, რომელში მონაწილეობაც 100-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4,200-მა მკვლევარმა მიიღო.
სადგური დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით 400 კილომეტრის სიმაღლეზე მოძრაობს, ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის აშშ-რუსეთის პარტნიორობით ფუნქციონირებს. პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ სახელმწიფოებთან ასევე თანამშრომლობენ კანადა, იაპონია და ევროპის 11 ქვეყანა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ NASA-მ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ექსპლუატაციის ვადის 2030 წლამდე გახანგრძლივება გადაწყვიტა. მან აღნიშნულთან დკავშირებით კონგრესის მხარდაჭერა ახლახან მიიღო. ცნობისთვის გეტყვით, რომ თავდაპირველი შეთანხმების საფუძველზე დედამიწის გარშემო მოძრავ მოდულს ფუნქციონირება 2024 წელს უნდა შეეწყვიტა.
რაც შეეხება რუსეთის კოსმოსურ სადგურს, რომელსაც ROSS-ის სახელწოდებით მოიხსენიებენ, ორბიტაზე მისი გაყვანა ორ ეტაპად განხორციელდება. წინასწარი გეგმის მიხედვით, პირველი ფაზა 2028 წლისთვის დასრულდება.
ახალ სენსორს ალცჰაიმერის დაავადების დადგენა სიმპტომების გამოვლენამდე 17 წლით ადრე შეუძლია
ბოხუმის რურის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს სენსორი, რომელსაც სისხლში ალცჰაიმერის დაავადების ნიშნების იდენტიფიცირება მისი პირველი კლინიკური სიმპტომების გამოვლენამდე 17 წლით ადრე შეუძლია. აღნიშნულის შესახებ მკვლევრები გამოცემა Alzheimer’s Association-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.
სპეციალისტების განცხადებით, მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა ტვინში ბეტა ამილოიდის არასწორ ფორმირებას ავლენს. ეს უკანასკნელი კი ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთი ბიომარკერია.
რურის უნივერსიტეტის მეცნიერები ჰაიდელბერგში მდებარე კიბოს კვლევის ცენტრში მომუშავე კოლეგებთან გაერთიანდნენ და კვლევა ჩაატარეს. მათ 2000-2002 წლებში ცდისპირებიდან აღებული და შემდეგ გაყინული სისხლის პლაზმა გააანალიზეს. იმ დროს კვლევაში მონაწილეებს ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი ჯერ არ ჰქონდათ დასმული.
ამის შემდეგ მკვლევრებმა შეარჩიეს 68 ადამიანი, რომელთაც 17-წლიანი დაკვირვების პერიოდში ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. მათი მონაცემები საკონტროლო ჯგუფში შემავალი 240 ცდისპირის შედეგებს შეადარეს, რომლებშიც იმ ეტაპზე აღნიშნული დაავადება არ გამოვლენილა. სპეციალისტების მიზანს იმის გარკვევა წარმოადგენდა, შესაძლებელი იყო თუ არა ალცჰაიმერის დაავადების ნიშნების სისხლის ნიმუშებში აღმოჩენა კვლევის დასაწყისშივე.
კვლევის შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ალცჰაიმერის დაავადებაზე, მისი კლინიკური სიმპტომების გამოვლენიდან 17 წლით ადრე, სისხლში გლიური ფიბრილარული მჟავე ცილის (GFAP) კონცენტრაცია მიანიშნებდა. სპეციალისტებმა სენსორი ისე შექმნეს, რომ მოწყობილობას სისხლში ამ უკანასკნელისა და ბეტა ამილოიდის იდენტიფიცირება შესძლებოდა.
ევროკავშირმა „მაიმუნის ყვავილისთვის“ Bavarian Nordic-ის ვაქცინა დაამტკიცა
დანიურმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Bavarian Nordic-მა ევროკავშირისგან „მაიმუნის ყვავილთან“ საბრძოლველად ვაქცინის გაყიდვის უფლება მოიპოვა. Imvanex-ის ვაქცინა „მაიმუნის ყვავილისგან“ დაცვისთვის რეკომენდებულად „ევროპის მედიცინის სააგენტომ“ (EMA) ცნო.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილს“ საგანგებო მდგომარეობის სტატუსი მიანიჭა და მსოფლიო ვირუსის გავრცელების სწრაფი ტემპის შესახებ გააფრთხილა. Bavarian Nordic-ის აღმასრულებელი დირექტორის, პოლ ჩაპლინის განცხადებით, დამტკიცებული ვაქცინის ხელმისაწვდომობამ განვითარებად დაავადებასთან საბრძოლველად ერების მზადყოფნა შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს. თუმცა დასძინა, რომ ამისთვის ინვესტიციები და ბიოლოგიური მომზადების სტრუქტურირებული დაგეგმვა აუცილებელია.
ცნობისთვის, Bavarian Nordic-ის ვაქცინა ერთადერთია, რომელიც „მაიმუნის ყვავილის“ პროფილაქტიკისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში დამტკიცდა. ამ დრომდე ევროკავშირში Imvanex-ის ვაქცინა მხოლოდ ჩუტყვავილას სამკურნალოდ გამოიყენებოდა. მიუხედავად ამისა, „მაიმუნის ყვავილის“ აფეთქების დროს, ვაქცინა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას, ე.წ. „არამიზნობრივი გამოყენებისთვის“ მიეწოდა.
ევროკავშირის მიერ ვაქცინის დამტკიცება ეხება ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანას, ასევე ისლანდიას, ლიხტენშტაინსა და ნორვეგიას. კომპანიის ინფორმაციით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, Imvanex-ის ვაქცინის განვითარებას ხელი აშშ-ის მთავრობის მხრიდან გაღებულმა ინვესტიციებმა შეუწყო. უკანასკნელ სამ თვეში, მოთხოვნის მატების შედეგად, Bavarian-ის აქციების ფასი 122%-ით გაიზარდა.
NASA მარსზე ორი მინი-ვერტმფრენის გაგზავნას გეგმავს
NASA-ს წარმომადგენლების განცხადებით, სააგენტო მარსზე Ingenuity-ის მსგავსი კიდევ ორი მინი-ვერტმფრენის გაგზავნას გეგმავს. როგორც ირკვევა, საფრენი აპარატები წითელ პლანეტაზე აღებული ქანებისა და ნიადაგის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანის მისიაში მიიღებენ მონაწილეობას.
კონკრეტულად კი, ახალი გეგმის მიხედვით, თუ NASA-ს მარსმავალი Perseverance-ი მწყობრიდან გამოვა, ზემოხსენებული ვერტმფრენები პლანეტაზე შეგროვებული მასალის ხომალდში გადატანას უზრუნველყოფენ.
აღსანიშნავია, რომ ახალი ვერტმფრენები მოდელირებული იქნება NASA-ს საფრენი აპარატის, Ingenuity-ის მიხედვით, რომელმაც მარსზე უკვე 29 წარმატებული ფრენა შეასრულა. შეგახსენებთ, აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ Ingenuity, რომელიც NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში შეიქმნა (JPL), წითელი პლანეტისკენ მარსმავალ Perseverance-თან ერთად 2020 წელს გაუშვა. აპარატები მარსის ზედაპირზე გასული წლის დასაწყისში დაეშვნენ და დაკისრებული მოვალეობების შესრულებას შეუდგნენ.
როვერის დავალება მარსზე სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოძიებაა, ვერტმფრენი კი მას ამისთვის საუკეთესო ადგილების შერჩევასა და იქამდე მისასვლელად ხელსაყრელი გზის მოძებნაში ეხმარება.
NASA მარსის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანის მისიის ფარგლებში ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან (ESA) თანამშრომლობს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, Perseverance-ის მიერ შეგროვებული საკვლევი მასალის ჩვენს პლანეტაზე ჩამოსატანად მისია 2031 წელს დაიწყება, ნიმუშები კი დედამიწამდე 2033 წლისთვის ჩამოაღწევს.
ცნობისთვის გეტყვით, ცოტა ხნის წინ ჩინეთმა განაცხადა, რომ მარსიდან საკუთარი როვერის, Zhurong-ის მიერ შეგროვებულ ნიმუშებს დედამიწაზე NASA-სა და ESA-ზე ადრე, 2031 წელს ჩამოიტანს.
დატოვე კომენტარი