გასული კვირა მეცნიერების სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე ტერასაკის ბიოსამედიცინო ინოვაციების ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს კონტაქტური ლინზა, რომელსაც ცრემლზე დაკვირვებით კიბოს დიაგნოსტიკა დაახლოებით 30 წუთში შეუძლია. ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა კი ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ნახშირორჟანგი დააფიქსირა – ამ დრომდე ეს ვერცერთმა აპარატმა ვერ შეძლო. ამის პარალელურად, ასტრონომებმა სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მოძრავი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, წყლით არის დაფარული.
გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Olympus-მა სამეცნიერო მოწყობილობების დანაყოფი აშშ-ის კერძო საინვესტიციო კომპანია Bain Capital-ს $3 მილიარდად მიჰყიდა. ამასთან, გასულ კვირას AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, პასკალ სორიოტმა განაცხადა, რომ ფარმაცევტული კომპანია შესაძლოა, ვაქცინების ბიზნესში დიდი ხნით აღარ დარჩეს.
აღნიშნულ სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ბლოგში დეტალურად მიმოვიხილავთ.
შექმნეს კონტაქტური ლინზა, რომელსაც ცრემლზე დაკვირვებით კიბოს დიაგნოსტიკა შეუძლია
აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე ტერასაკის ბიოსამედიცინო ინოვაციების ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს კონტაქტური ლინზა, რომელსაც ცრემლზე დაკვირვებით კიბოს დიაგნოსტიკა შეუძლია. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მკვლევართა მიერ გამოცემა Advanced Functional Materials-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია თავმოყრილი.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ ეტაპზე ტექნოლოგია მხოლოდ ლაბორატორიულ უჯრედებზეა გამოცდილი. თუმცა, როგორც კი უსაფრთხოების ტესტს გაივლის, სავარაუდოდ, ის ადამიანებზეც გამოიცდება.
რაც შეეხება ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპს – მოწყობილობა ცრემლში უჯრედულ ქვეპროდუქტებს, ეგზოსომებს ამოიცნობს, რომლის არსებობაც, როგორც მეცნიერებს მიაჩნიათ, სხეულში სიმსივნის ზრდაზე მიუთითებს. უფრო კონკრეტულად კი, ლინზები აღჭურვილია ანტისხეულებით, რომლებიც ზემოხსენებული ეგზოსომების ანტისხეულებთან კონტაქტის დროს წითლდება. სწორედ წითელი ფერი მიუთითებს სხეულში სიმსივნური უჯრედების არსებობაზე. შედეგები იმდენად მკაფიოა, რომ მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც კი შეიძლება.
სიმსივნის დიაგნოსტიკისთვის აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებას ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სისწრაფეა. სისხლის სტანდარტული ანალიზს, ბიოფსიას და CT-სკანირებას სჭირდება რამდენიმე დღე ან კვირა დიაგნოზის დასასმელად, ლინზები კი შედეგებს დაახლოებით 30 წუთში იძლევა. გარდა ამისა, პროცესი უმტკივნეულოა, რადგან არ საჭიროებს ჭრილობას ან ოპერაციას.
ტერასაკის ბიოსამედიცინო ინოვაციების ინსტიტუტის მეცნიერები ამჟამად კვლევას ამუშავებენ, რომელიც მათ მიერ შექმნილი ტექნოლოგიის ცხოველებზე, კერძოდ კი კურდღლებზე გამოცდას ითვალისწინებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მკვლევართა გუნდი იმედოვნებს, რომ მათი კონტაქტური ლინზა კიბოს ტესტირების ფარგლებს გასცდება და კაცობრიობას სხვა დაავადებების დიაგნოსტიკისაშიც დაეხმარება.
ამასთანავე, მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ლინზების მეშვეობით არამხოლოდ დაავადებების დიაგნოსტიკა, არამედ მათი მკურნალობა გახდეს შესაძლებელი, სხეულის კონკრეტულ რეგიონში მედიკამენტების მიწოდების გზით.
ჯეიმს ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ნახშირორჟანგი აღმოაჩინა
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მასზე დამონტაჟებული ხელსაწყო NIRSpec-ის მეშვეობით ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ნახშირორჟანგი დააფიქსირა. აღსანიშნავია, ამ დრომდე ეს ვერცერთმა აპარატმა ვერ შეძლო.
აღმოჩენა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის სამეცნიერო კვლევების პირველი კამპანიის დროს მოხდა, რომელიც მასპინძელი ვარსკვლავების გარშემო მოძრავ ეგზოპლანეტებზეა ფოკუსირებული. დაკვირვების მიზანს ცხელი აირის გიგანტი, სახელწოდებით WASP-39 b წარმოადგენდა, რომელიც ქალწულის თანავარსკვლავედში მდებარეობს და ჩვენგან დაახლოებით 700 სინათლის წლით არის დაშორებული.
ეგზოპლანეტა თითქმის ისეთივე მასიურია, როგორც სატურნი, თუმცა ზომით იუპიტერზე დიდია. მას ჯეიმს ვებამდე ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი აკვირდებოდა ოპტიკური ტალღის სიგრძეებით. WASP-39 b-ის ასევე იკვლევდა ახლა უკვე ექსპლუატაციიდან გამოსული სპიცერის კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც ობიექტის სითბოს გადამტან ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებს აკვირდებოდა.
წინა დაკვირვებებმა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში წყლის ორთქლის, ნატრიუმისა და კალიუმის არსებობა დაადასტურა. ახლა კი, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის დახმარებით, მეცნიერებმა ობიექტის გარშემო არსებულ აირის გარსში ნახშირორჟანგის კვალი დააფიქსირეს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნახშირორჟანგი აქამდე არცერთი ეგზოპლანეტის ატმოსფეროში არ აღმოუჩენიათ. ასტრონომები იმედოვნებენ, რომ აღმოჩენა დაეხმარება მათ, უკეთ გაიგონ ეგზოპლანეტების ფორმირების ისტორია და ევოლუცია. უფრო კონკრეტულად კი მსგავსი დაკვირვებები საშუალებას იძლევა დავადგინოთ, თუ რა მანძილზე ჩამოყალიბდა ეგზოპლანეტა თავისი ვარსკვლავიდან და განვსაზღვროთ, თუ რამდენი მყარი და აირისებრი მასალა დაგროვდა მასში მიგრაციისას.
Olympus-მა სამეცნიერო მოწყობილობების დანაყოფი Bain-ს $3 მილიარდად მიჰყიდა
ცოტა ხნის წინ Olympus-მა განაცხადა, რომ თავისი სამეცნიერო მოწყობილობების დანაყოფის აქტივების გაყიდვის შესახებ აშშ-ის კერძო საინვესტიციო კომპანია Bain Capital-თან ხელშეკრულება გააფორმა. როგორც ირკვევა, გარიგების ღირებულება 427,6 მილიარდ იენს ($3,1 მილიარდი) შეადგენს.
Olympus-მა ბიზნესის გაყიდვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ახლახან გამართულ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მიიღო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერი იანვარში იგეგმება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ სამეცნიერო მოწყობილობების დანაყოფმა, რომელიც მიკროსკოპებსა და სხვა სამეცნიერო ინსტრუმენტებს აწარმოებს, 119,1 მილიარდი იენის ოდენობის შემოსავალი მიიღო ფისკალურ წელს, რომელიც 31 მარტს დასრულდა. ამ მონაცემმა მთლიანი გაყიდვების 10%-ზე მეტი შეადგინა.
მიუხედავად არც თუ ისე სუსტი გაყიდვების მაჩვენებლისა, დანაყოფის საოპერაციო მოგების მარჟა 15%-ს შეადგენდა, რაც ჩამორჩებოდა Olympus-ის ენდოსკოპის ბიზნესის მარჟას – 29%-ს. ამგვარად, კომპანია გეგმავს, ჩამოშორდეს სამეცნიერო ხელსაწყოების ბიზნესს და ყურადღება ჯანდაცვის უფრო მომგებიან სეგმენტზე გაამახვილოს.
Olympus-ი იაპონიაში 1919 წელს დაარსდა, როგორც მიკროსკოპების მწარმოებელი კომპანია ორიგინალი სახელწოდებით – Takachiho Seisakusho.
ასტრონომებმა სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში, სავარაუდოდ, წყლით დაფარული ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
ასტრონომებმა აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელიც, მათი ვარაუდით, წყლითაა დაფარული. ობიექტი, რომელსაც მეცნიერებმა TOI-1452b უწოდეს, ჩვენგან დაახლოებით 100 სინათლის წლით არის დაშორებული. ის ვარსკვლავთა ბინარულ სისტემაში, სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში გადაადგილდება.
სპეციალისტებმა ეგზოპლანეტას NASA-ს კუთვნილი კოსმოსური ტელესკოპის, TESS-ის დახმარებით მიაკვლიეს. როგორც ირკვევა, TOI-1452b-ის უკეთ შესწავლას მეცნიერები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით შეეცდებიან.
აღსანიშნავია, რომ ასტრონომებმა TESS-ის მონაცემებზე დაყრდნობით, თავდაპირველად, სისტემაში ორი ვარსკვლავის ცალ-ცალკე დაფიქსირება ვერ შეძლეს. ბინარული სისტემის არსებობის დადასტურება კანადაში განლაგებულ ტელესკოპ OMM-ზე დამონტაჟებული ინსტრუმენტის დახმარებით გახდა შესაძლებელი.
ბინარულ სისტემაში არსებული ორივე მნათობი წითელი ჯუჯა ტიპის ვარსკვლავია. მათ ერთმანეთისგან 97 ასტრონომიული ერთეული (AU) აშორებს. ცნობისთვის, AU უდრის დედამიწასა და მზეს შორის საშუალო დისტანციას, რომელიც დაახლოებით 150 მილიონ კილომეტრს შეადგენს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ TOI-1452b ზემოხსენებული ორი ვარსკვლავიდან ერთ-ერთის გარშემო ორბიტაზე მოძრაობს. სპეციალისტების გუნდის გამოთვლით, ეგზოპლანეტის დიამეტრი დედამიწისას 1,67-ჯერ აღემატება. გარდა ამისა, გაირკვა, რომ TOI-1452b მასპინძელი ვარსკვლავის გარშემო ორბიტაზე შემოვლას 11,1 დღეს ანდომებს.
მეცნიერები გამოთვლებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ეგზოპლანეტის მასის 22% და, შესაძლოა, 30%-საც კი წყალი შეადგენდეს, რომელიც კლდოვანი ბირთვის მიმდებარედ არის თავმოყრილი.
AstraZeneca-ს CEO: შესაძლოა, კომპანია ვაქცინების ბიზნესიდან გავიდეს
AstraZeneca-ს აღმასრულებელი დირექტორის, პასკალ სორიოტის ინფორმაციით, ფარმაცევტული კომპანია შესაძლოა, ვაქცინების ბიზნესში დიდი ხნით აღარ დარჩეს. ეს კი ნათლად აჩვენებს, თუ რა სწრაფად შეიცვალა ყველაფერი ფირმისთვის, რომელმაც კოვიდთან საბრძოლველად ერთ-ერთმა პირველმა შექმნა ვაქცინა, თუმცა, შემდგომში, უკვე კონკურენტებთან დამარცხდა.
AstraZeneca-ს ბიზნესზე უარყოფითად რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა: წარმოების შეფერხებამ, მარეგულირებლების მიერ გვერდითი ეფექტების იშვიათი შემთხვევების ხანგრძლივმა შესწავლამ და ვაქცინის შენახვის ხანმოკლე ვადამ. პანდემიის მესამე წელს, ვაქცინების გლობალური მარაგების სიჭარბის ფონზე, განვითარებული სამყაროს უმეტეს ნაწილში Pfizer-ისა და Moderna-ს საინიექციო პრეპარატებთან შედარებით, AstraZeneca-ზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია.
ლონდონში დაარსებული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კოვიდ-ვაქცინების მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ დარწმუნებით ვერ იტყვის, დარჩება თუ არა AstraZeneca სამომავლოდ ამ ბიზნესში. სორიოტს დაზუსტებით არც ის უთქვამს, გააფართოებს თუ არა კომპანია სხვა ინფექციებისთვის ვაქცინების ჩამონათვალს. მისი განცხადებით, AstraZeneca ჯერ კვლევის პროცესშია.
მიუხედავად ამისა, როგორც სორიოტი ამბობს, ის არ ნანობს ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კოვიდ-ვაქცინის შექმნას, რადგანაც მათ პრეპარატის მილიარდობით დოზის წარმოება შეძლეს და გლობალურად, 6 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.
დატოვე კომენტარი