გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირა მეცნიერების სფეროსთვის რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლით არის დასამახსოვრებელი. ლოს-ანჯელესში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტსა (UCLA) და ჯონს ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტში (JHU) მომუშავე მკვლევრებმა საზოგადოებას ისტორიული მიღწევის შესახებ ამცნეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეცნიერებმა აივ-ინფექციისგან ქალი ისტორიაში პირველად განკურნეს. ამის პარალელურად უარყოფითი სიახლეც გვაქვს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია Neuralink-ს ცხოველთა უფლებების დამცველი ჯგუფი მიკროჩიპების ტესტირებაში მონაწილე მაიმუნების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და პრიმატების „უკიდურესად ტანჯვაში“ ადანაშაულებს. სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის კომპანია აღნიშნულ ბრალდებებს უკვე გამოეხმაურა.

ტრადიციულად სიახლეებით იყო გამორჩეული კოსმოსის ათვისების მიმართულება. ასტრონომებმა გიგანტური გალაქტიკა აღმოაჩინეს, რომელიც 16 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული. შედარებისთვის, ეს ირმის ნახტომის გალაქტიკის სიგრძეს დაახლოებით 100-ჯერ აღემატება. აშშ-ისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი მისიის ფარგლებში ჩვენი მნათობის შესასწავლად გაშვებულმა ზონდმა, Solar Orbiter-მა კი მზის უზარმაზარი ამოფრქვევა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ეს მზის უდიდესი ამოფრქვევაა, რომელსაც მეცნიერები აპარატების დახმარებით აქამდე დაჰკვირვებიან. მოცემულ ბლოგში გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარ ამ და სხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სიახლეებსა და მოვლენებს გაეცნობით.

მეცნიერებმა აივ-ინფექციისგან ქალი პირველად განკურნეს

ლეიკემიით დაავადებული პაციენტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან გახდა პირველი ქალი და მესამე ადამიანი, რომელიც მეცნიერებმა აივ-ინფექციისგან განკურნეს. როგორც ცნობილია, სპეციალისტებმა ამისთვის ჭიპლარის სისხლი გამოიყენეს და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მეთოდს მიმართეს.

აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ში ახლახან გამართულ რეტროვირუსებისა და ინფექციებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ლოს-ანჯელესში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტსა (UCLA) და ჯონს ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტში (JHU) მომუშავე მეცნიერებმა გააჟღერეს.

ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, ვინაიდან ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ახალი მეთოდი შესაძლოა, ყოველწლიურად ათეულობით ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი, რაც აივ-ინფექციის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეპოქის დასაწყისს მოასწავებს.

ამერიკელ პაციენტს, რომელიც საშუალო ასაკისაა და შერეული რასის წარმომადგენელია, ექიმებმა აივ-ინფექციის დიაგნოზი 2013 წელს დაუსვეს, 2017 წელს კი ქალს ლეიკემია დაუდგინდა. მან დონორისგან ჭიპლარის სისხლი მიიღო და ამას გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ახლო ნათესავისგან სისხლი გადაუსხეს. როგორც მეცნიერები აცხადებენ, ღეროვანი უჯრედების გადანერგვა წარმატებით დასრულდა. მათი თქმით, ქალმა 2020 წელს ანტირეტროვირუსული მკურნალობა შეწყვიტა და უკვე 14 თვეა, რაც ვირუსისგან თავისუფალია.

პაციენტის სქესი მნიშვნელოვანია, ვინაიდან მსოფლიოში აივ-ინფიცირებულთა რაოდენობის ნახევარზე მეტს სწორედ ქალები შეადგენენ, თუმცა ვირუსისგან განკურნებისათვის წარმოებულ კვლევებში მათი მხოლოდ 11% მონაწილეობს.

ილონ მასკის Neuralink-ს მაიმუნების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ

მაიმუნებს ხშირად იყენებენ ექსპერიმენტების დროს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში კვლევა, რომელშიც ისინი მონაწილეობენ, ჰუმანურია. Business Insider-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც გამოცემა ცხოველთა უფლებების დამცველ ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს, შესაძლოა, განსხვავებული სურათი გვქონდეს ილონ მასკის ბიოტექნოლოგიური კომპანიის, Neuralink-ის შემთხვევაში.

ფოტო: EAN-FRANCOIS MONIER/AFP

ცხოველთა უფლებების დამცველი ჯგუფი, PCRM-ი Neuralink-ში მომუშავე მკვლევრებს მაიმუნების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და ცხოველების „უკიდურესად ტანჯვაში“ ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ ბიოტექნოლოგიური კომპანია ტვინში ჩასანერგი ჩიპების ტესტირებისას ძირითადად სწორედ ამ ძუძუმწოვრებს იყენებს. ჯგუფმა Neuralink-ის წინააღმდეგ საჩივარი უკვე შეიტანა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში (USDA). PCRM-ის განცხადებით, მათ 700-გვერდიანი დოკუმენტი აქვთ, რომელიც სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის კომპანიის ბრალეულობას ადასტურებს.

PCRM-ის ინფორმაციით, Neuralink-ისა და აშშ-ის ქალაქ დეივისში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ, რომელიც კვლევების დროს კომპანიასთან თანამშრომლობდა, ცხოველთა კეთილდღეობის აქტი 9-ჯერ დაირღვა. ამასთან, როგორც ირკვევა, 23 მაიმუნიდან, რომლებსაც ეს ორი დაწესებულება ტესტირებებში იყენებდა, 2020 წელს, როდესაც Neuralink-მა უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დაასრულა, მხოლოდ შვიდი იყო ცოცხალი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Neuralink-ი მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ამის შემდეგ კომპანია მიკროჩიპის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს, რომლის თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი. Neuralink-ის მოწყობილობის მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა.

გასული წლის აპრილში Neuralink-მა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ნაჩვენები იყო, როგორ თამაშობდა კომპიუტერში პინგ-პონგს მაიმუნი, რომელიც ამისთვის მხოლოდ გონებას იყენებდა. კომპანიის განცხადებით, პრიმატმა ეს თავის ტვინში ჩადგმული მიკროჩიპის დახმარებით შეძლო.

იმ შემთხვევაში, თუ PCRM-ის ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება, Neuralink-ის გეგმებს შეფერხების საფრთხე ემუქრება. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ მიკროჩიპების ადამიანებზე გამოცდა შესაძლოა, მიმდინარე წლიდან დაიწყოს.

აღსანიშნავია, რომ PCRM-ის ბრალდებებს რამდენიმე დღის შემდეგ გამოეხმაურა Neuralink-ი, რომლის განცხადებითაც, მართალია, მაიმუნები კვლევების პერიოდში დაიხოცნენ, თუმცა ეს მათ მიმართ არასათანადო მოპყრობით არ ყოფილა გამოწვეული. ილონ მასკის კომპანიამ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში ისიც აღნიშნა, რომ PCRM-ი კვლევებში მაიმუნების ნებისმიერი ფორმით მონაწილეობას ეწინააღმდეგება, როდესაც ამჟამინდელი რეგულაციებით კლინიკური ტესტირებების დაწყებამდე, ცდები ცხოველებზე უნდა ჩატარდეს.

კოსმოსურმა ზონდმა Solar Orbiter-მა მზის უზარმაზარი ამოფრქვევა დააფიქსირა

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოსა (NASA) და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ერთობლივი მისიის ფარგლებში ჩვენი მნათობის შესასწავლად გაშვებულმა ხომალდმა, Solar Orbiter-მა მზის უზარმაზარი ამოფრქვევა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ეს მზის უდიდესი ამოფრქვევაა, რომელსაც მეცნიერები აპარატების დახმარებით აქამდე დაჰკვირვებიან.

ESA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოვლენა 15 თებერვალს მოხდა. ორგანიზაციის ცნობით, მზიდან ამოფრქვეული კორონალური მასა კოსმოსში მილიონობით კილომეტრის მანძილზე გავრცელდა. საბედნიეროდ, ამოფრქვეული ნაკადი დედამიწისკენ არ იყო მომართული. ევროპის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, მოვლენის დაფიქსირება Solar Orbiter-ზე დამონტაჟებულმა კამერამ, „Full Sun Imager“-მა (FSI) შეძლო.

ESA-ს თანახმად, ამოფრქვევა იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი და იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) კუთვნილმა ხომალდმა BepiColombo-მ, რომელიც ამჟამად პლანეტა მერკურის გარშემო ორბიტაზე მოძრაობს, მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრონების, პროტონებისა და იონების ჭარბი რაოდენობა დააფიქსირა.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, მართალია, მზის ამ ამოფრქვევის დროს დედამიწას ზიანი არ მიადგა, თუმცა აღნიშნული მოვლენა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა არაპროგნოზირებადია ჩვენი მნათობი. აქედან გამომდინარე, მზეზე დაკვირვება და მისი შესწავლა უმნიშვნელოვანესია. მისიები, როგორიცაა Parker Solar Probe-ი და Solar Orbiter-ი ჩვენი მასპინძელი ვარსკვლავის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებაში გვეხმარება. აპარატები მზესთან მომდევნო ჯერზე მიახლოებისას მასზე ერთობლივად დაკვირვებას შეეცდებიან.

აშშ-ისა და ევროპის კოსმოსურმა სააგენტოებმა Solar Orbiter-ი მზის შესასწავლად 2020 წლის 10 თებერვალს, რაკეტა Atlas V-ის დახმარებით ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული ბაზიდან გაუშვეს. აპარატმა ჩვენი მნათობის გამოკვლევა 2021 წლის ნოემბერში დაიწყო. მისიის ხანგრძლივობა საერთო ჯამში შვიდ წელიწადს შეადგენს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ის დამატებით კიდევ სამი წლით გახანგრძლივდეს.

ახალი მეთოდით სისხლის ნებისმიერ ჯგუფთან თავსებად დონორ ორგანოებს მივიღებთ

მოცემული დროისთვის ორგანოების ტრანსპლანტაციას მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 106,435 ადამიანი ელის, მათი უმეტესობა – უკვე დიდი ხანია. პაციენტი, რომელსაც გულის ან ფილტვების გადანერგვა ესაჭიროება, მიმღებთა სიაში საშუალოდ ოთხ თვეს ატარებს, ვიდრე მისთვის შესაფერისი ორგანო იქნება ხელმისაწვდომი. თირკმლის შემთხვევაში ლოდინის პერიოდი ჩვეულებრივ თითქმის ხუთ წელს გრძელდება.

ყველაფერს ის ართულებს, რომ საჭირო ორგანოს შერჩევისას პაციენტისა და დონორის სისხლის ტიპს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კანადაში მდებარე ტორონტოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების ინფორმაციით, A-ტიპის სისხლის მქონე ადამიანებთან შედარებით, O-ტიპის სისხლის მქონე პაციენტების დაახლოებით 20%-ით მეტი იღუპება ფილტვის მოლოდინში.

ცნობისთვის, O-ტიპის სისხლის მქონე ადამიანების იმუნური სისტემა სხვა ტიპის სისხლის მქონე დონორისგან გადანერგილ ორგანოს თავს ესხმის.

ტორონტოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიმართულებით წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. მათ უკვე გამოიყენეს რამდენიმე ტექნოლოგიის კომბინაცია, რათა რვა ფილტვი, რომლებიც A-ტიპის სისხლის მქონე დონორებს ეკუთვნოდათ, ისე გარდაექმნათ, რომ მათში O-ტიპის სისხლის მოხვედრას იმუნური სისტემისგან თავდასხმა არ გამოეწვია. სპეციალისტების განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პაციენტების იმუნურმა სისტემამ, განურჩევლად მათი სისხლის ტიპისა, ეს ორგანოები უარყოს.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ერთ დღესაც ასეთი „უნივერსალური დონორი ორგანოების“ ტრანსპლანტაციისთვის გამოყენებას შეძლებენ. სპეციალისტები ზემოხსენებული მეთოდის შესახებ დეტალებზე გამოცემა Science Translational Medicine-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.

ექსპერიმენტული მკურნალობის წყალობით ორი პაციენტი ათი წელია, კიბოსგან გათავისუფლდა

მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ორი პაციენტი, რომლებიც ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიით (CLL) იყვნენ დაავადებულნი, მკურნალობის ექსპერიმენტული მეთოდის დახმარებით, კიბოსგან უკვე 10 წელია, თავისუფლები არიან. მათზე კლინიკური კვლევა აშშ-ში მდებარე პენსილვანიის უნივერსიტეტში 2010 წელს ჩატარდა. სპეციალისტები ექსპერიმენტული მკურნალობის შესახებ დეტალებზე გამოცემა Nature-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.

მკურნალობა, რომელიც ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიით (ძვლის ტვინისა და სისხლის კიბო) დაავადებულ პაციენტებს ჩაუტარდათ, CAR T-უჯრედების თერაპიის სახელწოდებით არის ცნობილი. აღნიშნული მეთოდი პაციენტის სისხლიდან T-უჯრედების ამოღებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ეს უჯრედები ორგანიზმში შეღწეულ ვირუსებს ებრძვიან. მეცნიერებმა ისინი ისე გადააპროგრამეს, რომ ავთვისებიანი უჯრედებისთვის შეეტიათ. ამის შემდეგ, დასახული ამოცანის შესასრულებლად, სპეციალისტებმა მოდიფიცირებული უჯრედები კვლავ პაციენტების სხეულში შეიყვანეს.

უახლესი კვლევის დასკვნები, რომლებსაც მეცნიერები ასაჯაროებენ, დამაიმედებელია, ვინაიდან შესაძლოა, ეს თერაპია მომავალში კიბოს ზოგიერთი სხვა ტიპის წინააღმდეგაც გამოიყენონ. მეცნიერები კვლევების გაგრძელებას გეგმავენ და ამის პარალელურად, მეთოდის დახვეწა-გაუმჯობესებაზე მუშაობენ. ისინი იმედოვნებენ, რომ თერაპიის ეფექტიანობა უფრო ნათლად დადასტურდება, რის შემდეგაც მკურნალობის აღნიშნული მეთოდით უფრო მეტ ადამიანს დაეხმარებიან კიბოს დამარცხებაში.

ასტრონომებმა გიგანტური გალაქტიკა აღმოაჩინეს

ბრიტანელი, ფრანგი და ნიდერლანდელი ასტრონომების ჯგუფმა აღმოაჩინა გიგანტური რადიოგალაქტიკა, რომელიც, მათი გამოთვლებით, 16 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული. აღსანიშნავია, რომ ეს უდიდესი გალაქტიკაა, რომელიც მეცნიერებს ოდესმე დაუფიქსირებიათ. აღმოჩენის შესახებ სპეციალისტები დაწვრილებით საუბრობენ გამოცემა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში.

ფოტო: Universiteit Leiden

გალაქტიკა, რომელსაც ასტრონომებმა ბერძნულ მითოლოგიაში ერთ-ერთი გიგანტის, ალკიონევსის სახელი უწოდეს, ჩვენგან დაახლოებით 3 მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული. მეცნიერების განცხადებით, მათ რადიოტელესკოპ Low-Frequency Array-ს (LOFAR) დახმარებით სუპერმასიური შავი ხვრელიდან მომავალი პლაზმის ორი უზარმაზარი ნაკადი დააფიქსირეს. ამ ნაკადების სიგრძე 16 მილიონი სინათლის წელია (ირმის ნახტომის გალაქტიკის სიგრძეზე დაახლოებით 100-ჯერ მეტი), რაც მას დღემდე ჩვენთვის ცნობილ გალაქტიკური წარმოშობის უდიდეს სტრუქტურად აქცევს.

აღსანიშნავია, რომ LOFAR-ისთვის გასული წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ის გახდა პირველი ხელსაწყო, რომელმაც შავი ხვრელის მიერ გამოსხივებული ცხელი მატერია დააფიქსირა. მისი დახმარებით ასტრონომები ამ მოვლენას Nest200047-ის სახელწოდებით ცნობილ გალაქტიკურ სისტემაში დააკვირდნენ.

ამას გარდა, LOFAR-ი პირველი ტელესკოპია, რომლის მიერ შეგროვებული მასალაც მოცემული დროისთვის კოსმოსის ყველაზე დეტალური რადიოგამოსახულების შესაქმნელად გამოიყენეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *