გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა. FDA-მ ჰეპატორენალური სინდრომის (HRS) მქონე ზრდასრული ადამიანებისთვის თირკმლის ფუნქციის გასაუმჯობესებლად ინიექციის გზით მისაღები პრეპარატი, Terlivaz-ი დაამტკიცა. აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შექმნა ინოვაციური მოწყობილობა, სახელწოდებით FAST-ი, რომელსაც სიმსივნის ზრდის რეალურ დროში მონიტორინგი შეუძლია.
სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა კოსმოსის კვლევისა და ათვისების მიმართულება. არაბთა გაერთიანებული საამიროების მუჰამედ ბინ რაშიდის კოსმოსურმა ცენტრმა (MBRSC) განაცხადა, რომ ჩინეთის ეროვნულ კოსმოსურ სააგენტოსთან (CNSA) მთვარის მომავალ მისიებში ერთობლივი მუშაობისთვის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერა. ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის ხომალდის უეკიპაჟო მისია წარუმატებლად დასრულდა. NASA-ს როვერმა, Perseverance-მა მარსზე დიდი რაოდენობით ორგანული ნივთიერებების შემცველი ნიმუშები მოიპოვა. NASA-ს კონტრაქტორი Masten Space Systems-ი, რომელმაც ამ წლის დასაწყისში გაკოტრების შესახებ განაცხადა, პიტსბურგში დაფუძნებულმა კომპანია Astrobotic-მა შეიძინა.
მოცემულ ბლოგში გასული ერთი კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარი ამ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ დეტალურად მოგითხრობთ.
FDA-მ თირკმლის ფუნქციის გასაუმჯობესებელი მედიკამენტი Terlivaz-ი დაამტკიცა
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ჰეპატორენალური სინდრომის (HRS) მქონე ზრდასრული ადამიანებისთვის თირკმლის ფუნქციის გასაუმჯობესებლად ინიექციის გზით მისაღები პრეპარატი, Terlivaz-ი დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ Terlivaz-ი ამ მდგომარეობისთვის FDA-ს მიერ დამტკიცებული პირველი მედიკამენტია.
ჰეპატორენალური სინდრომი ღვიძლის დაავადებების, ციროზისა და ასციტის მქონე ადამიანებში თირკმელების ფუნქციის პროგრესირებადი გაუარესებით ხასიათდება. ვითარება განსაკუთრებით მძიმდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტებს ღვიძლის გადანერგვით არ მკურნალობენ. შრატში კრეატინინის დონის მატება HRS-ის მქონე პაციენტებში შეიძლება თირკმელების ფუნქციის გაუარესებაზე მიუთითებდეს. თირკმელების გამართულად ფუნქციონირების შესაფასებლად სწორედ შრატის კრეატინინის დიაგნოსტიკურ კვლევებს მიმართავენ.
როგორც FDA-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, Terlivaz-ის ეფექტიანობა ორი კვლევის მეშვეობით დადგინდა. HRS-ის მქონე პაციენტებს, რომელთაც თირკმელების ფუნქციის სწრაფი დაქვეითება აღენიშნებოდათ, მედიკამენტი და პლაცებო მისცეს. პირველ ჯგუფს, რომელშიც 199 ცდისპირი შედიოდა, ორგანიზმში 0,85 მგ Terlivaz-ი შეუყვანეს, მეორე ჯგუფს კი, რომელიც 101 ადამიანს მოიცავდა – პლაცებო. კვლევაში მონაწილეები მედიკამენტს ან პლაცებოს ყოველ ექვს საათში ერთხელ, ვენაში ინიექციის გზით, მაქსიმუმ 14 დღის განმავლობაში იღებდნენ. დოზა თირკმლის ფუნქციის ცვლილების მიხედვით დარეგულირდა.
კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ თირკმელების ფუნქცია Terlivaz-ის ჯგუფში შემავალი ცდისპირების 29%-ს გაუუმჯობესდა, პლაცებოს ჯგუფში შემავალი ადამიანების შემთხვევაში კი – 16%-ს.
რაც შეეხება უკუჩვენებებს – პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ Terlivaz-მა, შესაძლოა, სუნთქვის გაძნელება გამოიწვიოს. მედიკამენტის მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის, რომლებსაც სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე აქვთ. გარდა ამისა, FDA მკურნალობის დროს იძლევა რეკომენდაციას, სუნთქვის პრობლემები პულსოქსიმეტრით გაკონტროლდეს. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც სისხლში ჟანგბადის დონეს ზომავს.
ჩინეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები მთვარის მისიებში ითანამშრომლებენ
არაბთა გაერთიანებული საამიროების მუჰამედ ბინ რაშიდის კოსმოსურმა ცენტრმა (MBRSC) 16 სექტემბერს განაცხადა, რომ ჩინეთის ეროვნულ კოსმოსურ სააგენტოსთან (CNSA) მთვარის მომავალ მისიებში ერთობლივი მუშაობისთვის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერა.
როგორც Twitter-ზე გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, ორი სააგენტო „ითანამშრომლებს მთვარეზე სამომავლო მისიების ფარგლებში, რომელიც დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე ჩინეთის კუთვნილი ლენდერით არაბთა გაერთიანებული საამიროების როვერის დასმას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ ეს ორი სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი პირველი ერთობლივი კოსმოსური პროექტი იქნება.
ცნობისთვის, MBRSC უკვე მუშაობს კერძო სექტორის ორ პარტნიორთან ერთად საამიროების მიერ მთვარეზე დაგეგმილ მისიაზე, რომლის ფარგლებში ამ წლის ბოლოს ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრზე 10 კილოგრამი წონის მქონე როვერის, სახელწოდებით Rashid-ის გაგზავნა იგეგმება. მისია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ის დახმარებით განხორციელდება. აპარატი მთვარის ზედაპირზე ტოკიოში დაფუძნებული კომპანია ispace-ის მიერ დამზადებული დასაჯდომი მოდულის, Hakuto-R-ის დახმარებით დაეშვება.
რაც შეეხება ჩინეთს, გასულ ათწლეულში აზიურმა სახელმწიფომ მთვარის ზედაპირზე სამი მისია წამოიწყო და თითოეული მათგანი წარმატებული აღმოჩნდა.
ბოლო წლებში არაბთა გაერთიანებული საამიროები ცდილობს, კოსმოსში მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს. ამას ისიც მოწმობს, რომ სახელმწიფომ 2019 წლის შემოდგომაზე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველი ასტრონავტი, ჰაზა ალ მანსური გაგზავნა. ამას გარდა, მომავალ წელს ISS-ზე ექვსთვიანი მისიის ფარგლებში საამიროების კიდევ ერთი ასტრონავტი გაემგზავრება.
2020 წელს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისია განახორციელა. ქვეყანამ Emirates Mars Mission-ის ფარგლებში წითელი პლანეტისკენ ორბიტერი, სახელწოდებით Hope-ი გაგზავნა. მან დანიშნულების ადგილს 2021 წლის თებერვალში მიაღწია და მარსის ატმოსფეროსა და კლიმატის შესწავლას ამ დრომდე აგრძელებს. საამიროები ამჟამად ასტეროიდთა სარტყლისკენ მისიის განხორციელებაზე მუშაობს, რომელიც მიმდინარე ათწლეულის ბოლოს იგეგმება.
ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ის უეკიპაჟო მისია წარუმატებლად დასრულდა
12 სექტემბერს, ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის უეკიპაჟო მისია წარუმატებლად დასრულდა. New Shepard-ის სახელწოდებით ცნობილი ხომალდი დასავლეთ ტეხასში განლაგებული ბაზიდან დაგეგმილზე დაახლოებით ერთი საათით გვიან გაუშვეს.
მას შემდეგ, რაც გაშვებიდან ერთი წუთის გასვლის შემდეგ აპარატმა 9,000 მეტრ სიმაღლეს მიაღწია, New Shepard-ის რაკეტას პრობლემა შეექმნა. კომპანიის სპეციალისტები იძულებულნი გახდნენ, რაკეტა და კაფსულა დაგეგმილზე ადრე განეცალკევებინათ. აღსანიშნავია, რომ კაფსულამ, პარაშუტის დახმარებით, ხმელეთზე დაშვება უსაფრთხოდ შეძლო. პრობლემის გამომწვევი მიზეზის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. როგორც Blue Origin-მა Twitter-ზე დაწერა „დამატებითი დეტალები უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი“.
გაურკვეველია, როგორ გავლენას მოახდენს ზემოხსენებული შემთხვევა ბეზოსის კომპანიის მომავალ უეკიპაჟო ან ეკიპაჟიან მისიებზე, რომელთა განმავლობაში New Shepard-ის კოსმოსური ხომალდის სხვადასხვა ვარიანტის გამოყენება იგეგმება.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როდესაც New Shepard-ს მისიის დროს პრობლემა შეექმნა. პირველი მსგავსი შემთხვევა 2015 წელს, აპარატის სადებიუტო გაშვების დროს დაფიქსირდა – მაშინ რაკეტა დაშვებისას ხმელეთს შეეჯახა და აფეთქდა. თუმცა, ტვირთმა, რომლის სუბორბიტაზე ატანა იგეგმებოდა, დანიშნულების ადგილს წარმატებით მიაღწია.
მთვარის მისიაში NASA-ს კონტრაქტორი Masten Space Systems-ი კომპანია Astrobotic-მა შეიძინა
მთვარის მისიაში NASA-ს კონტრაქტორი Masten Space Systems-ი, რომელმაც ამ წლის დასაწყისში გაკოტრების შესახებ განაცხადა, დიდი კომპანიის ქვეშ ოპერირებას გააგრძელებს. კალიფორნიული კომპანია პიტსბურგში დაფუძნებულმა Astrobotic-მა შეიძინა, რომელიც Masten-ის მსგავსად NASA-ს Commercial Lunar Payload Services (CLPS) პროგრამის ფარგლებში მთვარის მისიებზე მუშაობს.
რა ბედი ეწევა Masten Space Systems-ის $75.9-მილიონიან CLPS კონტრაქტს, ჯერჯერობით უცნობია. Astrobotic-ის ბოლო პრესრელიზში ყურადღება გამახვილებულია კალიფორნიული კომპანიის ვერტიკალური აფრენა-დაშვების(VTVL) სისტემასა და ამძრავის ტექნოლოგიაზე. ასევე ნათქვამია, რომ Masten-ი სუბორბიტული მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს.
Masten Space Systems-მა გაკოტრების შესახებ განცხადება დელავერის ოლქის სასამართლოში აგვისტოში შეიტანა. როგორც SpaceNews-ი იტყობინება, Astrobotic-ის შეთავაზება 4.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, 11 სექტემბერს სასამართლომ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, Masten-ის CLPS მისია NASA-სთვის ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტით მთვარის სამხრეთ პოლუსისკენ წელს უნდა განხორციელებულიყო. თუმცა, კალიფორნიული კომპანიის ბოლო განახლების მიხედვით, გაშვების თარიღი ერთი წლით, 2023 წლის ნოემბრამდე გადაიწევს, რის მიზეზადაც COVID-პანდემიის გამო წარმოქმნილი მიწოდების ჯაჭვის პრობლემები სახელდება.
გარდა ამისა, აგვისტოში NASA-მ SpaceNews-ს განუცხადა, რომ მთვარეზე კვლევის ფარგლებში ინსტრუმენტების მიწოდებაზე „შეიძლება გავლენა მოეხდინა Masten-ის ბიზნეს ოპერაციებს“ და, შედეგად, სააგენტო ტვირთის ტრანსპორტირებას სხვა CLPS ფრენის დროს განიხილავდა.
შეიქმნა მოწყობილობა, რომელსაც სიმსივნის ზრდის რეალურ დროში მონიტორინგი შეუძლია
აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შექმნა ინოვაციური მოწყობილობა, სახელწოდებით FAST-ი, რომელსაც სიმსივნის ზრდის რეალურ დროში მონიტორინგი შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ინსტრუმენტი დაკვირვების დეტალებს სმარტფონში აზიარებს.
სენსორით აღჭურვილი FAST-ი ბატარეაზე მომუშავე არაინვაზიურ მოწყობილობას წარმოადგენს, რომელიც გარდა იმისა, რომ ორგანიზმში სიმსივნის ზრდას უწევს მონიტორინგს, პაციენტებში კიბოს მედიკამენტების ეფექტიანობასაც აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ამჟამად მხოლოდ ცხოველებზე ცდებისას გამოიყენება, მკვლევრები ადამიანებზე მორგებული მოწყობილობის დამზადებასაც გეგმავენ.
მეცნიერებს უწევთ კვირების და ზოგჯერ თვეების განმავლობაში ლოდინიც კი, რათა ახალი თერაპიის შედეგად სიმსივნის მდგომარეობა შეაფასონ. თუმცა, FAST-ით ისინი შეძლებენ რეალურ დროში შეისწავლონ კიბოზე თერაპიის ეფექტიანობა.
სიმსივნის პროგრესირების ან რეგრესიის გამოვლენის თანამედროვე მეთოდები ადამიანის მნიშვნელოვან ჩარევას საჭიროებს. გარდა ამისა, დიდ დროს მოითხოვს და შედეგების მიღება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე დღეში ერთხელ, პროცედურებთან დაკავშირებული ძალისხმევისა და ხარჯების გამო.
NASA-ს როვერმა მარსზე ორგანული ნივთიერებებით მდიდარი ნიმუშები მოიპოვა
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს (NASA) მიერ მარსზე გაგზავნილმა როვერმა, Perseverance-მა დიდი რაოდენობით ორგანული ნივთიერებების შემცველი ნიმუშები მოიპოვა.
NASA-ს აპარატი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, წითელ პლანეტაზე მდებარე იეზეროს კრატერში უძველესი მდინარის დელტას იკვლევს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მილიარდობით წლის წინ ამ ადგილზე დიდი ტბა იყო. მისიის გუნდის წევრების განცხადებით, სააგენტოს მიერ Perseverance-ის აღნიშნულ არეალში დასმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ზემოთ თქმული დელტის არსებობაა.
Perseverance-მა ივლისის დასაწყისიდან მარსზე დელტის არეალში ოთხი ნიმუში შეაგროვა. ოთხივე მათგანი კლდეების გაბურღვის შედეგად მოიპოვა. მეცნიერთა ვარაუდით, შესაძლოა, ამ კლდეებს მიკრობული სიცოცხლის ნიშნები შეენარჩუნებინა.
განსაკუთრებით დამაინტრიგებელია Perseverance-ის მიერ ახლახან გამოკვლეული კლდე, რომელსაც გუნდი Wildcat Ridge-ს უწოდებს. მისიის გუნდის წევრების თქმით, ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, იეზეროს კრატერში მდებარე უძველესი ტბის ფსკერზე ჩამოყალიბდა. Perseverance-ის ხელსაწყომ, სახელწოდებით SHERLOC აღმოაჩინა, რომ კლდე მდიდარია ორგანული ნივთიერებებით, რომლებიც გოგირდის შემცველი მინერალების სახითაა წარმოდგენილი – მათ სულფატებს უწოდებენ.
მეცნიერების ვარაუდით, ტბის დაშრობისა და აორთქლების შემდეგ ეს ნივთიერებები მარსის ზედაპირზე დაილექა. ცნობილია, რომ დედამიწაზე სულფატის საბადოები ინარჩუნებენ ორგანულ ნივთიერებებს და შეუძლიათ სიცოცხლის ნიშნების შენახვა. სწორედ ეს ხდის ამ ნიმუშებს უმნიშვნელოვანეს საკვლევ მასალად.
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ მარსმავალი Perseverance-ი წითელი პლანეტისკენ 2020 წელს გაუშვა. მის მიერ შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას კი NASA, ბოლო ინფორმაციით, 2033 წლისთვის გეგმავს. ნიმუშების დაბრუნების მისიის პირველი ფაზა, სავარაუდოდ, 2031 წელს დაიწყება.
აქვე შეგახსენებთ, რომ მარსზე ნიმუშები ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილმა როვერმა, Zhurong-მაც შეაგროვა. აზიური სახელმწიფოს თქმით, აპარატის მიერ მოპოვებულ მასალას დედამიწაზე 2031 წელს ჩამოიტანს.
დატოვე კომენტარი