გასული კვირა მეცნიერების სფეროსთვის არაერთი უმნიშვნელოვანესი სიახლით იყო გამორჩეული. სხვადასხვა დარგში 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ. გარდა ამისა, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის ხომალდით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რუსი კოსმონავტი პირველად გაემგზავრა. ასევე, ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ადამიანის რძეში მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს.
სიახლეებია მედიცინის მიმართულებით: FDA დიაბეტის სამკურნალო პრეპარატის, Mounjaro-სთვის ჭარბწონიანობის საწინააღმდეგო საშუალების სტატუსით ავტორიზაციის მინიჭების საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს; კომპანია Vir Biotechnology-მ გრიპზე ფოკუსირებული ანტისხეულების შემცველი მედიკამენტის განსავითარებლად აშშ-ის მთავრობისგან $55 მილიონის მოცულობის დაფინანსება მიიღო.
მოცემული ბლოგი გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარ ამ და სხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სიახლეებს ეთმობა.
მეცნიერების სხვადასხვა დარგში 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელეს
შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ სხვადასხვა დარგში 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელა. მათ შორის პრესტიჟული ჯილდო ფიზიოლოგია/მედიცინის, ფიზიკისა და ქიმიის სფეროში მომუშავე მეცნიერებს მიენიჭათ.
უფრო კონკრეტულად კი, ფიზიოლოგია/მედიცინის დარგში წელს ნობელის პრემიის ლაურეატი შვედი გენეტიკოსი, სვანტე პააბო გახდა. პააბომ ჯილდო გადაშენებული ჰომინინების გენომისა და ადამიანის ევოლუციის შესახებ აღმოჩენების გამო დაიმსახურა. შვედი მეცნიერი ამჟამად გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მდებარე მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტსა და იაპონიის კუნძულ ოკინავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტში მუშაობს.
ფიზიკის დარგში ნობელის პრემია სამ მეცნიერს მიენიჭა. მათ შორის არიან: ფრანგი ალენ ასპე, ამერიკელი ჯონ კლაუზერი და ავსტრიელი ანტონ ცაილინგერი. მეცნიერებს ჯილდო გადაჯაჭვული ფოტონების მიმართულებით ექსპერიმენტების ჩატარებისთვის, ირლანდიელი ფიზიკოსის, ჯონ სტიუარტ ბელის უტოლობების თეორემაში დარღვევის დადგენისა და კვანტური ინფორმაციის მეცნიერებაში პიონერობისთვის გადაეცათ. როგორც ნობელის პრემიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, მათმა მიღწევებმა გზა გაუხსნა ახალ ტექნოლოგიას, რომელიც კვანტურ ინფორმაციაზეა დაფუძნებული.
რაც შეეხება ქიმიას, აღნიშნულ დარგში ნობელის პრემია ასევე სამ მეცნიერს მიენიჭა. მათ შორის არიან ამერიკელი კაროლინ ბერტოზი და მისი თანამემამულე ბარი შარპლესი, ასევე დანიელი მორტენ მელდალი. მეცნიერებს ჯილდო „„კლიკ-ქიმიისა“ და ბიოორთოგონალური ქიმიის განვითარებისთვის“ გადაეცათ. უფრო კონკრეტულად კი, შარპლესმა და მელდალმა საფუძველი ჩაუყარეს ქიმიის ფუნქციურ ფორმას – „კლიკ-ქიმიას“ – რომელშიც მოლეკულური ბლოკები სწრაფად და ეფექტიანად ერწყმის ერთმანეთს. ბერტოზიმ კი „კლიკ-ქიმია“ ახალ განზომილებაში გადაიყვანა და მისი ცოცხალ ორგანიზმებში გამოყენება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ დარგებში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა. ეს ჯილდო დღემდე ფიზიოლოგია/მედიცინაში – 113, ფიზიკაში – 118, ხოლო ქიმიაში 116 მეცნიერს აქვს მიღებული.
SpaceX-ის ხომალდით კოსმოსში რუსი კოსმონავტი პირველად გაფრინდა
ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა 5 ოქტომბერს NASA-სთვის Crew-5-ის სახელწოდებით ცნობილი მისია განახორციელა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ოთხი ადამიანი გაგზავნა. ფრენა Crew Dragon-ის ხომალდით შესრულდა.
როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ეს არის SpaceX-ის მეხუთე ეკიპაჟიანი მისია ISS-ზე, რომელიც NASA-სთან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში განხორციელდა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის კომპანიის კაფსულით, რომელსაც „Endurance“-ს უწოდებენ, დედამიწის გარშემო მოძრავ მოდულზე NASA-ს ასტრონავტები ნიკოლ მანი და ჯოშ კასადა, ასევე იაპონიის კოსმოსური სააგენტოს, JAXA-ს ასტრონავტი კოიჩი ვაკატა და რუსი კოსმონავტი ანა კიკინა გაემგზავრნენ. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელი პირველი რუსი კოსმონავტია, რომელიც SpaceX-ის ხომალდით კოსმოსში გაფრინდა.
ეკიპაჟის წევრებიდან ყველაზე გამოცდილი იაპონელი კოიჩი ვაკატაა, რომლისთვის ეს რიგით მეხუთე კოსმოსური ფრენაა. ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ, ნიკოლ მანზე – აღნიშნული მისიის წყალობით, ის პირველი მკვიდრი ამერიკელია, რომელიც კოსმოსში გაფრინდა.
რაც შეეხება ანა კიკინას ეკიპაჟში მოხვედრას, ეს NASA-სა და „როსკოსმოსს“, რუსეთის კოსმოსურ სააგენტოს შორის მიმდინარე წლის დასაწყისში გაფორმებულ ხელშეკრულებას უკავშირდება. შეთანხმების მიხედვით, NASA-ს ასტრონავტებს რუსული ხომალდით, ხოლო რუს კოსმონავტებს NASA-ს მიერ დაქირავებული აპარატით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გამგზავრების საშუალებას ეძლევათ.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ოკუპანტი ქვეყნისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ ზემოხსენებული ხელშეკრულება გაუქმების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა საბოლოოდ მხარეები მის ძალაში დატოვებაზე შეთანხმდნენ. საყურადღებოა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადება „როსკოსმოსის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, დმიტრი როგოზინის თანამდებობიდან მოხსნას და მის ადგილზე რუსეთის ვიცე-პრემიერის, იური ბორისოვის დანიშვნას დაემთხვა.
FDA ჭარბწონიანობის საწინააღმდეგო პრეპარატისთვის ავტორიზაციის მინიჭებას დაჩქარებულად განიხილავს
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტო (FDA) დიაბეტის სამკურნალო პრეპარატის, Mounjaro-სთვის ჭარბწონიანობის საწინააღმდეგო საშუალების სტატუსით ავტორიზაციის მინიჭების საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ამერიკულმა კომპანია Eli Lilly and Co-მ გაავრცელა, რომელიც დასახელებულ მედიკამენტს აწარმოებს.
შეგახსენებთ, FDA-მ Mounjaro მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ მიმდინარე წლის მაისში დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტი კვირაში ერთხელ ინიექციის შემთხვევაში სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის სხვა თერაპიებთან შედარებით გაცილებით ეფექტიანია. თუმცა, ამას გარდა, რამდენიმე თვის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატი ასევე სასარგებლოა ჭარბწონიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად.
Mounjaro მიეკუთვნება დიაბეტის სამკურნალო წამლების ახალ კლასს, რომელიც გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1-ის (GLP-1) ჰორმონის მიბაძვით არის შექმნილი. ეს ჰორმონი ბუნებრივად გამოიყოფა ნაწლავებში და ცნობილია, რომ ის სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, ასევე მადას აკონტროლებს.
საინტერესოა, გასულ წელს FDA-მ დიაბეტის სამკურნალო კიდევ ერთი პრეპარატი, Wegovy ჭარბწონიანობის საწინააღმდეგო ძლიერ მედიკამენტად აღიარა და ავტორიზაცია მიანიჭა. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კომპანია Novo Nordisk-ის წამალი აღნიშნულ პრობლემას იმ ადამიანებშიც ებრძვის, რომლებსაც დიაბეტი არ აწუხებთ.
რაც შეეხება Mounjaro-ს, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, პრეპარატის მომხმარებელ ცდისპირთა ორი მესამედის წონა ერთი წლის განმავლობაში 20%-ით შემცირდა.
ანალიტიკოსების განცხადებით, FDA დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაში მედიკამენტის ავტორიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ექვს თვეში ან უფრო ხანმოკლე პერიოდში მიიღებს მას შემდეგ, რაც Eli Lilly and Co მონაცემების წარდგენას დაასრულებს. თუ ყველაფერი კომპანიის სასიკეთოდ წარიმართება, მედიკამენტის დამტკიცებას მომავალი წლის ბოლომდე უნდა ველოდოთ.
ადამიანის რძეში მიკროპლასტმასა პირველად აღმოაჩინეს
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ადამიანის რძეში მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს. ახალმა, არცთუ ისე სახარბიელო მიგნებამ მკვლევრების დიდი შეშფოთება გამოიწვია, რისი მიზეზიც ამ მავნე ნაწილაკების ჩვილების ჯანმრთელობაზე პოტენციური ზემოქმედებაა. აღმოჩენის შესახებ ნაშრომი გამოცემა Polymers-ში გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ ჩვილები განსაკუთრებით დაუცველები არიან ქიმიური დამაბინძურებლების მიმართ, რის გამოც მეცნიერები შემდგომი კვლევების სასწრაფოდ ჩატარებაზე ერთხმად თანხმდებიან.
სპეციალისტებმა რძის ნიმუშები 34 ჯანმრთელი დედისგან, მშობიარობიდან ერთი კვირის შემდეგ აიღეს. მათგან 75%-ში მიკროპლასტმასა გამოვლინდა. ლაბორატორიული ექსპერიმენტებით დგინდება, რომ მიკროპლასტმასა ადამიანის უჯრედებს აზიანებს. თუმცა მეცნიერებს ჯერჯერობით არა აქვთ ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში სხეულში არსებული პლასტმასის ნაწილაკები ჩვენს ჯანმრთელობაზე. ხშირ შემთხვევაში პლასტმასა მავნე ქიმიკატებს, მაგალითად ფტალატებს შეიცავს, რომელიც ადამიანის რძეში ადრეც აღმოუჩენიათ.
მეცნიერებმა ადამიანის რძეში მიკროპლასტმასის არსებობის ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით ვერ დაადგინეს, თუმცა მათ ადრე განაცხადეს, რომ ამ ნაწილაკებს სისხლის დახმარებით ორგანიზმში, ნებისმიერ ადგილზე მოხვედრა შეუძლიათ.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წელს მიკროპლასტმასა ადამიანის პლაცენტაშიც აღმოაჩინეს. მიმდინარე წელს კი პლასტმასის მცირე ზომის ნაწილაკები სპეციალისტებმა ადამიანის ფილტვებში გამოავლინეს.
Vir Biotech-მა გრიპის პრევენციისთვის ანტისხეულებზე დაფუძნებული წამლის შესაქმნელად აშშ-ის მთავრობისგან დაფინანსება მიიღო
კომპანია Vir Biotechnology-ის განცხადებით, გრიპზე ფოკუსირებული ანტისხეულების შემცველი მედიკამენტის განსავითარებლად აშშ-ის მთავრობისგან 55 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება მიიღო.
მრავალწლიანი კონტრაქტი ბიოსამედიცინო კვლევისა და განვითარების ორგანოსთან (BARDA) კომპანიას ასევე საშუალებას აძლევს, დამატებით $1 მილიარდამდე ინვესტიცია მოიზიდოს მთავრობისგან სხვადასხვა ინფექციური დაავადების, მათ შორის გრიპის საწინააღმდეგო, კანდიდატი მედიკამენტების განვითარებისთვის.
შეგახსენებთ, Vir Biotechnology-მ პანდემიის დროს GSK plc-თან ერთად შეიმუშავა COVID-19-ის სამკურნალო ანტისხეულებზე დაფუძნებული პრეპარატი, სოტროვიმაბი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, BARDA-სთან კონტრაქტი ხელს შეუწყობს მომავალი პანდემიებისთვის მომზადებას.
მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვაქცინები უკვე არსებობს, კომპანია მიზნად უფრო ეფექტიანი მედიკამენტის შემუშავებას ისახავს. ცნობილია, რომ Vir Biotechnology-ის პრეპარატი ფოკუსირებული იქნება ადამიანებზე, რომლებშიც ადეკვატური იმუნური პასუხის გამოწვევა რთულია. მათ შორის არიან 65 წლისა და უფროსი ასაკის პირები.
დატოვე კომენტარი