გასული კვირა მეცნიერების სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. BioNTech-ის დამფუძნებლებმა, უღურ შაჰინმა და იოზლემ თიურეჯმა განაცხადეს, რომ კომპანიის კიბოს საწინააღმდეგო mRNA-ვაქცინები გამოსაყენებლად შესაძლოა, ამ ათწლეულის ბოლომდე იყოს მზად. ამის პარალელურად, სტენფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შეიმუშავეს იმპლანტი, რომელიც თავის ტვინის სიმსივნის უჯრედების განადგურების გზით შესაძლოა, აღნიშნული დაავადების მქონე ადამიანებს სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაეხმაროს. ამასთანავე, FDA-მ ზრდასრულ ადამიანებში ამერიკული კომპანია Novavax-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერული დოზის გამოყენება დაუშვა.
სიახლეებია კოსმოსის ათვისების მიმართულებითაც: NASA-ს კუთვნილმა ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა დედამიწიდან 6,500 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავთაშორისი აირისა და კოსმოსური მტვრის ღრუბელი დააფიქსირა, რომელსაც „შემოქმედების სვეტების“ სახელწოდებით მოიხსენიებენ; ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) კი განაცხადა, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა რუსული Soyuz-ის ნაცვლად მისთვის ორ მისიას განახორციელებს.
მოცემულ ბლოგში გასული ერთი კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარი ამ და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ მოგითხრობთ.
კიბოს ვაქცინები გამოსაყენებლად შესაძლოა, 2030 წლამდე იყოს მზად – BioNTech-ის დამფუძნებლები
გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის დამფუძნებლების, უღურ შაჰინისა და იოზლემ თიურეჯის განცხადებით, კიბოს საწინააღმდეგო mRNA-ვაქცინები გამოსაყენებლად შესაძლოა, ამ ათწლეულის ბოლომდე იყოს მზად. მათ აღნიშნულთან დაკავშირებით BBC-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრეს.
2008 წელს დაფუძნებული BioNTech-ი ვაქცინების შესაქმნელად mRNA-ტექნოლოგიაზე დაარსების დღიდან მუშაობს. 2018 წელს კომპანია დაუკავშირდა ამერიკულ ფარმაცევტულ გიგანტ Pfizer-ს, რათა ზემოხსენებულ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, მასთან თანამშრომლობით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები შეემუშავებინა. ასევე აღსანიშნავია, რომ ფრანგულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, Sanofi-მ ორჯერ განახორციელა ინვესტიცია BioNTech-ის კიბოს საწინააღმდეგო სატესტო პროდუქტებზე წვდომისთვის.
2020 წელს, როდესაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, BioNTech-მა საკუთარი ტექნოლოგია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად გამოიყენა. წლის დასრულებამდე, BioNTech-ის კანდიდატმა პრეპარატმა, სახელწოდებით BNT162b2-მა, 91%-იანი ეფექტიანობა აჩვენა ვირუსის პრევენციის კუთხით, ორი დოზით ინიექციის შემთხვევაში. მოგვიანებით, ვაქცინას გადაუდებელ შემთხვევებში გამოსაყენებლად ავტორიზაცია ჯერ დიდ ბრიტანეთში, შემდეგ კი აშშ-ში მიენიჭა.
BioNTech-ის კიბოს mRNA-ვაქცინების კანდიდატები, კორონავირუსის საწინააღმდეგო საინიექციო პრეპარატის მსგავსად მუშაობს. მათში გამოყენებული ტექნოლოგია იმუნურ უჯრედებს „წვრთნის“, რათა მათ კიბოს უჯრედებში არსებული ცილები ამოიცნონ და შემდეგ გაანადგურონ ისინი. BioNTech-ს კიბოს ვაქცინის არაერთი კანდიდატი აქვს შემუშავებული, რომლებსაც კლინიკური ტესტირებისას იყენებს. კომპანია იმედოვნებს, რომ მათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მსგავსი წარმატება ხვდება წილად.
BioNTech-ის ვაქცინების კანდიდატების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია და მოიცავს ნაწლავის, კანის, ფილტვის, თავისა და კისრის, პროსტატისა და საკვერცხეების კიბოს საინიექციო პრეპარატებს. ზოგიერთი მათგანი ამჟამად ტესტირების მე-2 ფაზას გადის.
BioNTech-ის თანადამფუძნებელი და მთავარი სამედიცინო დირექტორი, იოზლემ თიურეჯი იმედოვნებს, რომ მარეგულირებლები გაივლიან იმავე პროცესებს, რომელთაც COVID-ის ვაქცინების შემთხვევაში მიმართეს, რათა კიბოს ვაქცინებიც დაამტკიცონ. ამ შემთხვევაში პრეპარატები პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი 2030 წლამდე იქნება.
NASA-ს ჯეიმს ვების ტელესკოპმა „შემოქმედების სვეტები“ გადაიღო
NASA-ს კუთვნილმა ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა დედამიწიდან 6,500 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავთაშორისი აირისა და კოსმოსური მტვრის ღრუბელი დააფიქსირა, რომელსაც „შემოქმედების სვეტების“ სახელწოდებით მოიხსენიებენ. შთამბეჭდავი ფოტოსურათი აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„შემოქმედების სვეტები“ არწივის ნისლეულის ერთ-ერთ რეგიონს წარმოადგენს, სადაც ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესი მიმდინარეობს. კოსმოსური ღრუბელი პირველად ასევე NASA-ს კუთვნილმა ჰაბლის ტელესკოპმა 1995 წლის აპრილში დააფიქსირა. ამის შემდეგ კი, 2014 წელს „შემოქმედების სვეტები“ აპარატის ობიექტივში კიდევ ერთხელ მოექცა.
მსგავსი ფოტოები მეცნიერებს ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესზე დაკვირვებისა და კომპიუტერული მოდელის შექმნის საშუალებას აძლევს, რათა უკეთესად გავიგოთ, თუ როგორ იბადებიან და კვდებიან მნათობები მილიონობით წლის განმავლობაში.
NASA-მ ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი, სამეცნიერო ხარისხის ფოტო ივლისში გაასაჯაროვა. ამის შემდეგ აპარატმა არაერთი შთამბეჭდავი სურათი გადაიღო და ციური სხეულების ატმოსფერული მონაცემები შეაგროვა.
შეგახსენებთ, დაახლოებით 30-წლიანი დაგეგმვისა და საფუძვლიანი სამუშაოების შემდეგ აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ $10 მილიარდის ღირებულების ჯეიმს ვების ტელესკოპი კოსმოსში გასული წლის 25 დეკემბერს რაკეტა Ariane 5-ის დახმარებით გაგზავნა.
მეცნიერებმა შექმნეს იმპლანტი, რომელიც თავის ტვინის კიბოს უჯრედებს ანადგურებს
სტენფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შეიმუშავეს უკაბელო მოწყობილობა, რომელიც თავის ტვინის სიმსივნით დაავადებულებს შესაძლოა, სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაეხმაროს. იმპლანტი, რომელიც კანსა და თავის ქალას შორის თავსდება, ნანონაწილაკების დახმარებით კიბოს უჯრედებს შიგნიდან ანადგურებს. მკვლევრები ახალი მიგნების შესახებ გამოცემა Nature Nanotechnology-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში დეტალურად საუბრობენ.
გლიობლასტომა თავის ტვინის კიბოს აგრესიული ფორმაა, რომლით დაავადების შემთხვევაში ხუთი წლის განმავლობაში გადარჩენის მაჩვენებელი მხოლოდ 5% შეადგენს. მას ჩვეულებრივ ქირურგიული მოცილების გზით მკურნალობენ, რასაც დარჩენილი უჯრედების გასანადგურებლად რადიაციული დასხივება ან ქიმიოთერაპია მოსდევს თან. სამწუხაროდ, კიბო ხშირად კვლავ იწყებს განვითარებას იმ ფორმით, რომელიც აღნიშნული მკურნალობის მიმართ რეზისტენტულია.
სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი იმპლანტი, რომელიც სწორედ ზემოხსენებული პრობლემის აღმოსაფხვრელად შეიქმნა, თაგვებზე გამოცადეს. აღსანიშნავია, რომ სატესტო მკურნალობისას, რომელიც 15 დღის განმავლობაში, დღეში 15-წუთიან პროცედურას მოიცავდა, მღრღნელების სიცოცხლე მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა.
ტექნიკა სიმსივნის უჯრედებში ოქროს ნანონაწილაკების შეყვანას, შემდეგ კი მათ გაცხელებას მოიცავს. კერძოდ კი, კანსა და თავის ქალას შორის მოთავსებული იმპლანტი დისტანციურად იმართება და სურვილისამებრ ინფრაწითელ შუქს ასხივებს. ეს კი ნანონაწილაკების ტემპერატურას 5 °C-ით (9 °F) ზრდის. ვინაიდან კიბოს უჯრედები უფრო მგრძნობიარეა სითბოს მიმართ, ვიდრე ჯანმრთელი უჯრედები, ამან შესაძლოა ისინი მიმდებარე ქსოვილისთვის მინიმალური დაზიანებით გაანადგუროს.
თაგვებზე ჩატარებული ტესტირებების შედეგად დადგინდა, რომ ახალი იმპლანტით მკურნალობა თავის ტვინში კიბოს უჯრედების რაოდენობას ამცირებს და მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს მღრღნელების სიცოცხლეს – საშუალოდ სამჯერ მეტად, ვიდრე ეს არანამკურნალევი ცხოველების შემთხვევაშია. ისიც უნდა ითქვას, რომ როდესაც იმპლანტით მკურნალობას ქიმიოთერაპია დაემატა, თაგვების სიცოცხლე უფრო მეტად გახანგრძლივდა.
მეცნიერების გუნდი იმედოვნებს, რომ მოწყობილობის ადამიანებზე მორგებულ ვერსიას მალე შეიმუშავებს და ის კიბოს ამ მომაკვდინებელი ფორმის წინააღმდეგ არსენალში კიდევ ერთი იარაღი იქნება.
SpaceX-ის რაკეტა რუსული Soyuz-ის ნაცვლად ევროპისთვის ორ მისიას განახორციელებს
ევროპის კოსმოსურმა სააგენტოს (ESA) ინფორმაციით, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა რუსული Soyuz-ის ნაცვლად ორ მისიას განახორციელებს. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროპაში რუსეთის კოსმოსური ხომალდით სარგებლობა აიკრძალა.
როგორც ირკვევა, ორ მისიას შორის, რომელსაც SpaceX-ი განახორციელებს იქნება ევკლიდეს კოსმოსური ტელესკოპისა და კოსმოსურ ზონდ „ჰერას“ გაშვება. ეს უკანასკნელი NASA-ს DART-ის მისიის გაგრძელებას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც გასულ თვეში აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ ხომალდი ასტეროიდის მთვარეს მიზანმიმართულად შეაჯახა და მისი მოძრაობის ტრაექტორია შეცვალა. „ჰერას“ მიზანი შეჯახების შემდეგომ ამ ობიექტის დათვალიერება და მისი მდგომარეობის შეფასებაა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი მისია 2023 წელს, მეორე კი 2024 წელს შედგება. ცნობისთვის, ორივე გაშვება SpaceX-ის წარმოების რაკეტა Falcon 9-ით განხორციელდება.
შეგახსენებთ, მედიასააგენტო Reuters-მა აგვისტოში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ESA-მ დაიწყო წინასწარი ტექნიკური დისკუსიები SpaceX-თან, რაც მისიებში რუსული აპარატების ჩანაცვლებას ემსახურებოდა. ინდუსტრიის სპეციალისტების განცხადებით, შესაძლოა, ეს ორი მისია „სოიუზიდან“ SpaceX-ის აპარატზე გადასვლაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
FDA-მ ზრდასრულებისთვის Novavax-ის COVID-ის ვაქცინის ბუსტერული დოზის გამოყენება დაუშვა
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ზრდასრულ ადამიანებში ამერიკული კომპანია Novavax-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერული დოზის გამოყენება დაუშვა. სიახლის გავრცელების შემდეგ მწარმოებლის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა.
როგორც ირკვევა, ავტორიზაცია ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებსაც არ შეუძლიათ მიიღონ Omicron-ის შტამისთვის განკუთვნილი განახლებული ბუსტერული ვაქცინები, ასევე მათზე, ვინც სხვა გამაძლიერებელ დოზას არ გაიკეთებს.
ამჟამად ჯერი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზეა (CDC), რომელმაც Novavax-ის ვაქცინის, როგორც გამაძლიერებელი დოზის გამოყენების რეკომენდაცია უნდა გასცეს.
აქვე გეტყვით, რომ Novavax-ის ვაქცინა ეფუძნება ძველ ტექნოლოგიას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გამოიყენება სხვადასხვა დაავადებასთან საბრძოლველად, მათ შორისაა B ჰეპატიტი და გრიპი.
აღსანიშნავია, რომ CDC-ის მონაცემების მიხედვით, მოცემულ დრომდე აშშ-ში Novavax-ის ვაქცინის 35,000 დოზაა გამოყენებული, მას შემდეგ, რაც კომპანიამ ივლისში მარეგულირებლის ნებართვა მიიღო.
ბიოტექნოლოგიური ფირმა Prime Medicine-ის IPO-ს ღირებულებამ $1,8 მილიარდი შეადგინა
ამერიკული ბიოტექნოლოგიური ფირმა Prime Medicine-ის პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) ღირებულებამ Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე 1,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიამ შედეგი აშშ-ის ბაზრისთვის კრიზისულ პერიოდში, საპროცენტო განაკვეთების სწრაფი ზრდის, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და რეცესიის შიშის ფონზე დააფიქსირა.
Refinitiv-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში საფონდო ბირჟებზე მთლიანობაში 67 კომპანიის დებიუტი შედგა, რომლებმაც ერთობლივად $6.62 მილიარდი შეაგროვეს. აღსანიშნავია, რომ აქედან 18 ბიოტექნოლოგიური ფირმა იყო, რომლებმაც $1.59 მილიარდის მოზიდვა მოახერხეს.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ბაზრის ვარდნა ბიოტექნოლოგიურ და ფარმაცევტულ კომპანიებზეც აისახა, მათ უკეთესად გაუძლეს კრიზისს, ვიდრე სხვა სექტორების წარმომადგენლებმა. ეს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ინდუსტრიის ბუმს უკავშირდება.
აღნიშნულ სექტორში რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგებების განხორციელების მიუხედავად, ბიოტექნოლოგიური მიმართულების ინვესტორებმა მაინც განიცადეს ვარდნა. მიმდინარე წლის განმავლობაში Nasdaq Biotechnology-ის ინდექსი თითქმის 20%-ით დაეცა.
Prime Medicine-ის აქციებით ვაჭრობა IPO-ს ფასზე თითქმის 12%-ით მეტით დაიწყო და თითოეული აქციის შემთხვევაში $17 შეადგინა. ფირმის ვებგვერდის თანახმად, მისი ინვესტორები არიან Alphabet-ი, Newpath Partners-ი, Moore Strategic Ventures-ი და Samsara Biocapital-ი.
დატოვე კომენტარი