გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირა მეცნიერების სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა, მისიის განმავლობაში პირველად, ეგზოპლანეტის არსებობა დაადასტურა. ახალი კვლევის საფუძველზე კი, რომელიც ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაბერების პროცესის შებრუნება ან დაჩქარებაა შესაძლებელი. ამის პარალელურად, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი კოსმოსური ხომალდის, Starship-ის სადებიუტო ფრენა დედამიწის ორბიტაზე, შესაძლოა, თებერვალში შედგეს. Eisai-მ კი ევროპულ მარეგულირებელს ალცჰაიმერის სამკურნალო მედიკამენტის დასამტკიცებლად მიმართა.

ბლოგში ამ და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ დეტალებს გაეცნობით.

ჯეიმს ვების ტელესკოპმა დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტის არსებობა დაადასტურა

NASA-ს მიერ ჩვენს ორბიტაზე გაშვებულმა ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა, მისიის განმავლობაში პირველად, ეგზოპლანეტის არსებობა დაადასტურა. ობიექტი, სახელწოდებით LHS 475b, დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტაა.

მეცნიერების გამოთვლით LHS 475b ჩვენგან დაახლოებით 41 სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული. ის ოქტანტის თანავარსკვლავედში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ LHS 475b-ის არსებობა თავდაპირველად NASA-ს კუთვნილმა ტელესკოპმა TESS-მა ივარაუდა, რომელიც ორბიტაზე 2018 წელს გაუშვეს. ამის შემდეგ ის ეგზოპლანეტის კანდიდატების სიაში შევიდა, თუმცა ობიექტის არსებობა ამ დრომდე დაუდასტურებელი იყო.

ჯეიმს ვების ტელესკოპის დახმარებით მეცნიერებმა LHS 475b-ზე დაკვირვება ტრანზიტული მეთოდის დახმარებით ორჯერ შეძლეს, როდესაც ის მასპინძელი ვარსკვლავის, წითელი ჯუჯის წინ გადაადგილდებოდა. ეგზოპლანეტა საკუთარი მზის გარშემო შემოვლას ორ დღეს ანდომებს.

ცნობისთვის, ტრანზიტული მეთოდი გულისხმობს ეგზოპლანეტის არსებობის დადასტურებას მოვლენაზე დაკვირვებით, როდესაც ობიექტი საკუთარი ვარსკვლავის გარშემო შემოვლისას მისგან მომავალ შუქს ჩრდილავს და ეს გარკვეული ინტერვალით მეორდება.

წყარო: NASA

მეცნიერების დაკვირვებით, LHS 475b დაახლოებით დედამიწის ზომის, მყარი ზედაპირის მქონე ეგზოპლანეტაა. მათივე დაანგარიშებით ამ ობიექტის დიამეტრი დედამიწის დიამეტრის 99%-ია.

სამწუხაროდ, ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ მოპოვებული მონაცემების ანალიზის შედეგად ამ ეტაპზე LHS 475b-ის ატმოსფეროს დაწვრილებით შესწავლა ვერ მოხერხდა. თუმცა მეცნიერები იმედს იტოვებენ, რომ შემდგომი დაკვირვებებისას ეგზოპლანეტის შესახებ მეტ ინფორმაციას შეაგროვებენ.

ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ დაბერების პროცესის შებრუნება შესაძლებელია

ახალი კვლევის საფუძველზე, რომელიც ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაბერების პროცესის შებრუნება ან დაჩქარებაა შესაძლებელი. ის, რომ დაბერება შექცევადია, თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა ცდებმა აჩვენა.

კვლევის ხელმძღვანელის, დევიდ სინკლერის განცხადებით, დაბერების მიზეზი რაიმე დაზიანება კი არ არის, არამედ ინფორმაციისა და უჯრედების უნარის დაკარგვა, წაიკითხონ თავისი ორიგინალი DNA. ეს კი, თავის მხრივ, მათ გამართულად ფუნქციონირებას აფერხებს. ამას სინკლერი „დაბერების ინფორმაციულ თეორიას“ უწოდეს. ყოველივე ზემოხსენებული კი არსებითად ნიშნავს, რომ დაბერება, ასაკის მიუხედავად, შექცევადი პროცესია.

აღსანიშნავია, რომ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტისას სინკლერმა კოლეგებთან ერთად მღრღნელების დაბერების პროცესის დაჩქარება შეძლო, ყოველგვარი მუტაციის გარეშე. მეორე მხრივ, მეცნიერებმა უსინათლო თაგვების თვალებში ადამიანის კანის უჯრედების შეყვანის გზით მათი მხედველობის აღდგენა მოახერხეს. მხედველობის აღდგენის გარდა, სპეციალისტებმა ასევე წარმატებით აღადგინეს თაგვების ტვინი, კუნთოვანი ქსოვილი და თირკმელები და დააბრუნეს ისინი ბევრად უფრო ახალგაზრდა მდგომარეობაში.

მეცნიერების განცხადებით, დაბერების პროცესის მართვა ეპიგენომების სახელწოდებით ცნობილი ცილებისა და ქიმიური ნივთიერებების დახმარებით არის შესაძლებელი, რომლებიც გენებს აცნობენ, თუ რა, სად და როდის უნდა გააკეთონ. ადამიანის გენომის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, ეპიგენომებს გენების “ჩართვა” და “გამორთვა” შეუძლიათ.

დევიდ სინკლერი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანის უჯრედის გენომის სწორად წაკითხვის უნარი გააქტიურდება, სხეულს შეუძლია აღიდგინოს ახალგაზრდობა, მაშინაც კი, თუ ის უკვე დაბერებულია ან ავადმყოფობით იტანჯება.

აღსანიშნავია, რომ სინკლერის გუნდმა თაგვებში დაბერების პროცესის შებრუნება რამდენჯერმე შეძლო. მიუხედავად ცხოველებზე ჩატარებულ ცდებში მიღწეული წარმატებისა, მსგავსი მეთოდის ადამიანებზე გამოყენებამდე ჯერ კიდევ არაერთი კვლევაა საჭირო.

ილონ მასკის თქმით, Starship-ის პირველი ორბიტული ფრენა, შესაძლოა, თებერვალში შედგეს

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის თქმით, მისი კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი კოსმოსური ხომალდის, Starship-ის სადებიუტო ფრენა დედამიწის ორბიტაზე, შესაძლოა, თებერვალში შედგეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მილიარდერმა ტვიტერზე განაცხადა.

„ჩვენი სამიზნე თარიღი თებერვლის ბოლოა. თუმცა მარტში გაშვების მცდელობა მეტად სავარაუდოა“ – წერს სოციალურ ქსელში SpaceX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ფოტო: Darrell Etherington

SpaceX-მა Starship-ი მთვარესა და მარსზე ადამიანებისა და ტვირთვის ტრანსპორტირებისთვის შექმნა. ხომალდი ორი ნაწილისგან შედგება და ორივე მათგანი მრავალჯერადი გამოყენებისაა. პირველ საფეხურს Super Heavy წარმოადგენს, მეორე საფეხურს კი Starship-ი, რომლის სიგრძე 50 მეტრს შეადგენს.

პირველი ორბიტული სატესტო ფრენისთვის, როგორც ცნობილია, Super Heavy-ის პროტოტიპს Booster 7 გამოიყენებენ, ასევე Ship 24 Starship-ის ვარიანტს. შეგახსენებთ, SpaceX-მა სამხრეთ ტეხასში განლაგებულ კომპანიის კუთვნილ ბაზაზე ორივე პროტოტიპი არაერთხელ გამოცადა. ორბიტაზე სადებიუტო ფრენა სწორედ ამ ადგილიდან, Starbase-იდან შედგება.

Eisai-მ ევროპის მარეგულირებელს ალცჰაიმერის სამკურნალო მედიკამენტის დასამტკიცებლად მიმართა

ცოტა ხნის წინ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ფარმაცევტული კომპანია Eisai-ისა და Biogen-ის პარტნიორობით შექმნილი მედიკამენტი ლეკანემაბი დაამტკიცა, რომელიც ალცჰაიმერის სამკურნალოდ არის გათვლილი. რამდენიმე დღის წინ კი Eisai-მ განაცხადა, რომ პრეპარატის გამოყენების დასაშვებად ახლა უკვე ევროპის მარეგულირებელს მიმართა.

მედიკამენტი, რომელიც Leqembi-ის ბრენდის ქვეშ გაიყიდება, მიზნად ისახავს შეანელოს ნეიროდეგენერაციული დაავადების პროგრესირება ტვინიდან ტოქსიკური პროტეინის, ბეტა ამილოიდის გროვის მოცილებით. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა წინა ექსპერიმენტული პრეპარატი, რომელიც ამავე მიზნით შეიქმნა, წარუმატებელი აღმოჩნდა.

კომპანიის მიერ ევროპის მედიკამენტების სააგენტოში წარდგენილი განაცხადი ეფუძნება გვიანი სტადიის კვლევის შედეგებს, რომელშიც ნაჩვენები იყო, რომ პრეპარატი ლეკანემაბი ალცჰაიმერის დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე კოგნიტიური დაქვეითების ტემპს 27%-ით უფრო ანელებს პლაცებოსთან შედარებით.

Eisai-ისა და Biogen-ის მიერ შექმნილი მედიკამენტი განკუთვნილია ყოველ ორ კვირაში ერთხელ ინტრავენური გზით მისაღებად. როგორც ცნობილია, ერთი წლის განმავლობაში სამყოფი ლეკანემაბის ჯამური ღირებულება $26,500 იქნება.

აქვე გეტყვით, რომ Eisai-მ კიდევ ერთხელ განაცხადა თავისი გეგმების შესახებ, მიმართოს იაპონიაში სპეციალურ სამსახურს წამლის მარკეტინგული ავტორიზაციისთვის 31 მარტამდე.

ბრიტანეთიდან კოსმოსში დაგეგმილი პირველი მისია წარუმატებლად დასრულდა

დიდი ბრიტანეთიდან დედამიწის ორბიტაზე დაგეგმილი პირველი ფრენა წარუმატებლად დასრულდა. მისია ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის კომპანია Virgin Orbit-ს უნდა განეხორციელებინა.

როგორც ირკვევა, მისია, სახელწოდებით „Start Me Up“, წარმატებით დაიწყო. Virgin Orbit-ის გადამზიდი თვითმფრინავი Cosmic Girl-ი კორნუოლში მდებარე კოსმოსური ბაზიდან შეუფერხებლად აფრინდა.

ფოტო: virginatlantic.com

გარკვეული პერიოდის შემდეგ, Cosmic Girl-მა Virgin Orbit-ის 21 მეტრი სიგრძის რაკეტა LauncherOne-ი გაუშვა. რაკეტის პირველმა საფეხურმა დავალება წარმატებით შეასრულა და LauncherOne-ის ორი ეტაპი, როგორც დაგეგმილი იყო, ერთმანეთს განსაზღვრული დროის შემდეგ გამოეყო. ამის შემდეგ კი, რაკეტის იმ ნაწილს, რომელსაც ტვირთი დედამიწის ორბიტაზე უნდა აეტანა, პრობლემა შეექმნა, რის გამოც მან მისიის შესრულება ვერ შეძლო.

წარუმატებელი მისიის გამო ცხრა ხელოვნური თანამგზავრი დაიკარგა. კომპანიის წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.

AstraZeneca $1.8 მილიარდად CinCor Pharma-ს შესყიდვას გეგმავს

AstraZeneca, გულისა და თირკმელების დაავადებების სამკურნალო პრეპარატების მარაგის გასაზრდელად, აშშ-ში დაფუძნებული კომპანია CinCor Pharma-ს შეძენას გეგმავს. გარიგების ღირებულება $1.8 მილიარდადაა შეფასებული. AstraZeneca-ს გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი CinCor-ის ექსპერიმენტული თერაპიაა, რომელიც მაღალი წნევისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდაა განკუთვნილი.

AstraZeneca-ს მიზანი Baxdrostat-ისა და მის საკუთრებაში არსებული Farxiga-ს გაერთიანებაა. Farxiga დიაბეტის სამკურნალო წამალია, რომლის გაყიდვები განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც დადასტურდა მისი სარგებლიანობა გულის უკმარისობისა და თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებისთვის. შედეგად, მხოლოდ 2022 წლის პირველ ცხრა თვეში, Farxiga-ს გაყიდვები 50%-ით გაიზარდა და $3.2 მილიარდს მიაღწია. Farxiga წამლების მაღალკონკურენტულ კლასს მიეკუთვნება.

ფოტო: REUTERS

AstraZeneca შემოსავლების დაახლოებით მესამედს სიმსივნის სამკურნალო წამლებიდან იღებს, თუმცა კომპანიისთვის გულის, თირკმელებისა და დიაბეტის მედიკამენტების ბიზნესი მოგებიანობით მეორე ადგილს იკავებს. 2022 წლის სამი კვარტალის მონაცემებით, $33-მილიარდიანი შემოსავლიდან $6.9 მილიარდი სწორედ გულის, თირკმელებისა და დიაბეტის მედიკამენტების ბიზნესზე მოდიოდა.

ინგლისურ-შვედური კომპანია მზადაა, CinCor-ის თითო აქციისთვის, ნაღდი ანგარიშსწორებით, $26 გადაიხადოს, რაც დაახლოებით 121%-იანი ნამატია პარასკევს, ბირჟის დახურვის დროს კომპანიის აქციის ღირებულებაზე. ბირჟის დახურვის დროს CinCor-ის აქციის ფასი $11.78-ს უტოლდებოდა, მაშინ როდესაც 2022 წლის იანვარში, ამერიკული კომპანიის IPO-ს პერიოდში, აქციის ღირებულება $16-ს აღწევდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *