გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებო მედიცინისა და კოსმოსის კვლევის მიმართულებებია. ამერიკელმა მეცნიერებმა მიაკვლიეს მოლეკულას, რომელიც პანკრეასის კიბოს უჯრედებს ანადგურებს. ეს შესაძლოა, აღნიშნული დაავადების სამკურნალო პრეპარატის შექმნაში დაგვეხმაროს. ამას გარდა, ახალმა მედიკამენტმა, რომელიც აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, კლინიკური კვლევის პირველ ფაზაში დამაიმედებელი შედეგი აჩვენა. კერძოდ, მან ცდისპირებში მოთმინების უნარი გააუმჯობესა, ხოლო გაღიზიანება და შფოთვა შეამცირა. JAMA Internal Medicine-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად კი, კატარაქტის ოპერაცია შესაძლოა, დემენციის პრევენციაში დაგვეხმაროს.
რაც შეეხება კოსმოსს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გავლენა იქ მიმდინარე და დაგეგმილ მისიებზეც მოახდინა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, მისია ExoMars-ი, რომელიც „როსკოსმოსთან“ თანამშრომლობით მიმდინარე წელს მარსზე უნდა განხორციელებულიყო, დიდი ალბათობით, გადაიდება. პარალელურად NASA-მ განაცხადა, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე „როსკოსმოსთან“ თანამშრომლობას აგრძელებს. ამის მიუხედავად, რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა, დმიტრი როგოზინმა Twitter-ზე ფარული მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა. მოცემულ ბლოგში გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს დეტალურად გაეცნობით.
კვლევა: კატარაქტის ოპერაციამ შესაძლოა, დემენციისგან დაგვიცვას
ბოლო რამდენიმე ათწლეულია, რაც კატარაქტის ოპერაცია საკმაოდ უსაფრთხო და, შეიძლება ითქვას, რუტინულ პროცედურად იქცა. მას, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი იკეთებს, ძირითადად – ხანდაზმულები. სპეციალისტების განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ 2050 წლისთვის ეს რიცხვი გაორმაგდეს ან გასამმაგდეს კიდეც.
ჩვეულებრივ, კატარაქტის ოპერაცია პაციენტის მხედველობის გაუმჯობესების მიზნით ტარდება, თუმცა, ახალი კვლევის თანახმად, მას დემენციის პრევენციაც შეუძლია. ბოლო დაკვირვებებმა აჩვენა, რომ არსებობს გარკვეული ბმა დემენციასა და ასაკთან დაკავშირებულ მაკულარულ დეგენერაციას, კატარაქტას, ასევე დიაბეტთან დაკავშირებულ თვალის დაავადებებს შორის. ერთ-ერთი კვლევის შედეგების მიხედვით, ხანდაზმულებში, რომლებიც დაახლოებით რვა წლის განმავლობაში მხედველობის გაუარესებას უჩიოდნენ, დემენციის გაზრდილი რისკი დადასტურდა.
გამოცემა JAMA Internal Medicine-ში გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, კატარაქტის ოპერაციამ შესაძლოა, აღნიშნული რისკი ნაწილობრივ შეამციროს. მეცნიერები ამ დასკვნამდე კვლევის შემდეგ მივიდნენ, რომელში მონაწილეობაც დაახლოებით 3,000-მა ადამიანმა მიიღო. ისინი კატარაქტას ან გლაუკომას უჩიოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის დაწყებამდე ცდისპირებში დემენციის ნიშნები არ იყო გამოვლენილი.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დემენციის განვითარების რისკი 29%-ით დაბალი იყო იმ ადამიანებში, რომლებმაც კატარაქტის ოპერაცია ჩაიტარეს. გლაუკომის ოპერაციის შემდეგ ცდისპირებში დემენციის განვითარების ალბათობა იგივე დარჩა. გასათვალისწინებელია, რომ ეს პროცედურა მხედველობის აღდგენის მიზნით არ ტარდება. მეცნიერების განცხადებით, ზუსტი და უფრო სარწმუნო პასუხების მისაღებად, გაცილებით მასშტაბიანი კვლევების ჩატარებაა საჭირო.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიუხედავად, NASA „როსკოსმოსთან“ თანამშრომლობას აგრძელებს
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე „როსკოსმოსთან“ თანამშრომლობაზე ჯერჯერობით გავლენა არ მოუხდენია. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ NASA-ს ეკიპაჟიანი კოსმოსური ფრენების პროგრამის ხელმძღვანელმა, ქეთრინ ლიდერსმა განაცხადა.
ამის პარალელურად, რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა, დმიტრი როგოზინმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ Twitter-ზე ფარული მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სანქციები „როსკოსმოსისა“ და NASA-ს პარტნიორობას გაანადგურებს და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დაშლას გამოიწვევს.
ცნობისთვის, მოცემული დროისთვის დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე შვიდი ადამიანი იმყოფება. აქედან ოთხი ამერიკელი, ერთი გერმანელი ასტრონავტი და ორი რუსი კოსმონავტია. აღსანიშნავია, რომ ISS-ი ფიზიკურად ორ სექციად იყოფა: ერთი სეგმენტი, პირობითად, ამერიკის შეერთებული შტატებისაა, მეორე კი – რუსეთის. ამის მიუხედავად, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტები და კოსმონავტები ურთიერთდამოკიდებულნი არიან, ვინაიდან მათი ფუნქციები ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული.
შეგახსენებთ, რომ NASA-მ ISS-ის ექსპლუატაციის თარიღის 2030 წლამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. სააგენტოს მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წყნარ ოკეანეში ჩაძირავენ. რაც შეეხება „როსკოსმოსს“, ბოლო ინფორმაციით, ის ISS-ზე მისიებს 2024 წლის ჩათვლით განახორციელებს, ამის შედეგ კი დედამიწის გარშემო მოძრავ მოდულს დატოვებს.
საერთაშორისო კოსმოსური სადგური ჩვენი პლანეტის დაბალ ორბიტაზე ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან 1998 წელს გაიყვანეს. იქ ხანგრძლივი მისიის ფარგლებში ეკიპაჟი პირველად 2000 წლის 31 ოქტომბერს გაემგზავრა. NASA-ს ცნობით, ISS-ზე დღემდე 3,000-ზე მეტი კვლევა ჩატარდა, რომლებში მონაწილეობაც 100-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4,200-მა მკვლევარმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ დედამიწის გარშემო მოძრავი მოდულის ბორტზე 19 სახელმწიფოდან 200-ზე მეტი ასტრონავტია ნამყოფი.
ESA: დიდი ალბათობით, „როსკოსმოსთან“ თანამშრომლობით მარსზე დაგეგმილი მისია წელს არ განხორციელდება
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „როსკოსმოსთან“ ერთად მიმდინარე წელს დაგეგმილი მისია ExoMars-ი განხორციელდეს. ორგანიზაციები აღნიშნული მისიის ფარგლებში მარსზე როვერის, Rosalind Franklin-ის გაგზავნას აპირებდნენ, რომელიც ბრიტანელი ქიმიკოსის სახელს ატარებს.
ExoMars-ის სავარაუდო გადადების მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო თავდასხმა და ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ დაწესებული მკაცრი სანქციებია. ცნობისთვის, მისიის ფარგლებში მარსმავლის დახმარებით წითელ პლანეტაზე სიცოცხლისა და წყლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოძიება, ასევე ციური სხეულის ატმოსფეროს გამოკვლევა იგეგმება.
ESA და „როსკოსმოსი“ ერთობლივ პროგრამაზე ბოლო ათწლეულის განმავლობაში მუშაობდნენ. ინიციატივის ფარგლებში კოსმოსურმა სააგენტოებმა 2016 წელს მისიის პირველი ეტაპი განახორციელეს და მარსისკენ ხომალდი და სატესტო დასაჯდომი მოდული გაუშვეს. ხომალდმა მარსის ორბიტაზე შესვლა წარმატებით შეძლო, თუმცა საცდელი ლენდერი ციურ სხეულზე დაშვებისას პროგრამული ხარვეზის გამო ჩამოვარდა.
ცნობისთვის, მარსმავალი Rosalind Franklin-ი ევროპის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტების მიერ არის შექმნილი. რაც შეეხება რუსეთის კოსმოსურ სააგენტოს, „როსკოსმოსს“, ის ციურ სხეულზე დასაჯდომ მოდულსა და ზოგიერთ ხელსაწყოზეა პასუხისმგებელი, რომლითაც მარსმავალი იქნება აღჭურვილი.
NASA-მ ასტრონავტების მთვარეზე გაგზავნის თარიღი 2026 წლამდე გადასწია
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ინფორმაციით, პროგრამა „არტემისის“ ფარგლებში მთვარეზე პირველი ეკიპაჟიანი მისია 2026 წლამდე არ განხორციელდება. ცნობისთვის, ორგანიზაცია დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ასტრონავტების დასმას 2025 წლისთვის გეგმავდა.
NASA-ს წარმომადგენლების განცხადებით, მისიის განხორციელების თარიღის გადაწევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აღმოჩნდა, რომ მთვარეზე დასაშვები სისტემისა და ასტრონავტების სკაფანდრების განვითარებისა და ტესტირებისთვის მეტი დროა საჭირო. შეგახსენებთ, რომ მთვარეზე დასაჯდომი მოდულის შესაქმნელად ორგანიზაციამ კონტრაქტი ილონ მასკის კომპანია SpaceX-თან გასული წლის აპრილში გააფორმა.
აშშ-ის კოსმოსური სააგენტო პროგრამა „არტემისის“ ფარგლებში მთვარეზე ასტრონავტების დასმას ჯერ კიდევ 2024 წლისთვის გეგმავდა, თუმცა გასულ წელს NASA-მ ამ თარიღის 2025 წლამდე გადაწევის გადაწყვეტილება მიიღო. ახალი განცხადების მიხედვით კი ეკიპაჟიანი მისიის განხორციელება 2026 წელზე ადრე ვერ მოხერხდება.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კოსმოსური სააგენტო მთვარეზე ასტრონავტების დასმამდე დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისკენ სატესტო მისია Artemis 1-ს განახორციელებს. ორგანიზაციის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხომალდ Orion-ს იქ მიმდინარე წლის მაისში, ეკიპაჟის გარეშე გაუშვებენ.
ცნობისთვის, NASA პროგრამის საწყის ეტაპზე მთვარის ზედაპირზე ორ ასტრონავტს დასვამს. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ფეხს, ისტორიაში პირველად, ქალი და ფერადკანიანი ადამიანი დაადგამს.
2021 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პროგრამა „არტემისის“ პირველი ოთხი მისია დაახლოებით 4,1 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება. არ არის გამორიცხული, რომ ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზარდოს.
მეცნიერებმა მიაკვლიეს მოლეკულას, რომელიც პანკრეასის კიბოს უჯრედებს ანადგურებს
ამერიკელმა მეცნიერებმა მიაკვლიეს მოლეკულას, რომელიც პანკრეასის კიბოს უჯრედების ზრდასა და მეტასტაზირებას აფერხებს. ეს შესაძლოა, მომავალში აღნიშნული დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემუშავებაში დაგვეხმაროს. სპეციალისტებმა ნაშრომი, რომელშიც მათი მიგნების შესახებაა საუბარი, გამოცემა Molecular Cancer Therapeutics-ში გამოაქვეყნეს.
მოლეკულა, რომელიც MMRi62-ის სახელწოდებით არის ცნობილი, რკინის მეტაბოლიზმის გზით კიბოს უჯრედებსა და მავნე ცილებს ანადგურებს, რომლებიც ორგანიზმში დაავადების გავრცელებას უწყობენ ხელს. კერძოდ კი, MMRi62 რკინის შემცველი ცილის, FTH1-ის დეგენერაციას იწვევს, ისევე როგორც ცილის, რომელიც მუტაციას განიცდის პანკრეასის სადინარის ადენოკარცინომაში (PDAC).
უნდა აღინიშნოს, რომ გენების მუტაციის გამო დაავადება ქიმიოთერაპიისა და მედიკამენტების მიმართ საკმაოდ მდგრადი ხდება, აქედან გამომდინარე, ამერიკელი მეცნიერების მიგნება მისი განკურნების მიმართულებით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.
პანკრეასის კიბოთი დაავადების შემთხვევები ძირითადად 40 წელს გადაცილებულ ადამიანებში გვხვდება. ამ დაავადების რამდენიმე სახეობა არსებობს, თუმცა მათ შორის ყველაზე გავრცელებული პანკრეასის ადენოკარცინომაა. მისი განვითარების რისკი იზრდება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების, ჭარბწონიანობის, ასევე დიაბეტით დაავადების შემთხვევაში.
აუტიზმის წამალმა, რომელიც ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად შეიქმნა, კვლევისას დამაიმედებელ შედეგი აჩვენა
ახალმა მედიკამენტმა, რომელიც მიზნად ისახავს აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, კლინიკური კვლევის პირველ ფაზაში დამაიმედებელი შედეგი აჩვენა. კერძოდ, მან ცდისპირებში მოთმინების უნარი გააუმჯობესა, ხოლო გაღიზიანება და შფოთვა შეამცირა. კვლევის შედეგებზე დეტალური ინფორმაცია გამოცემა Nature Medicine-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია თავმოყრილი.
AB-2004-ის სახელწოდებით ცნობილი პრეპარატი ნაწლავის ბაქტერიების გარკვეულ მეტაბოლიტებს უკავშირდება და შლის, თუმცა, ვინაიდან სისხლში არ შეიწოვება, სისტემურ ეფექტს არ იწვევს.
Nature Medicine-ში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორების განცხადებით, აუტიზმის მქონე ბევრ ადამიანს პარალელურად კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სპეციალისტების თქმით, როგორც ჩანს, ნაწლავის ბაქტერიების ზოგი მეტაბოლიტი ქცევით მახასიათებლებთანაა კავშირში. მაგალითისთვის, ერთი კონკრეტული მეტაბოლიტი, 4-ეთილფენილ სულფატი (4EPS) მღრღნელების ორგანიზმში შეყვანისას, მათში შფოთვასა და ქცევის სხვა მახასიათებლებს ავლენს.
ამჟამად აუტიზმის ძირითადი სიმპტომების სამკურნალოდ ეფექტიანი პრეპარატი არ არსებობს, თუმცა გაღიზიანების შესასუტებლად ზოგჯერ ანტიფსიქოზურ საშუალებებს იყენებენ. სამწუხაროდ, ამ მედიკამენტების მიღებას მთელი რიგი უარყოფითი თანამდევი მოვლენები მოჰყვება, რაც ალტერნატიული თერაპიის აუცილებლობას უსვამს ხაზს.
როგორც ცნობილია, მედიკამენტი AB-2004 ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 30 ადამიანზე გამოიცადა. მკვლევართა განცხადებით, პრეპარატის მიღებას ცდისპირებში სერიოზული უკუჩვენებები არ მოჰყოლია. კვლევის მომდევნო ეტაპებზე მეცნიერები AB-2004-ის ეფექტიანობის განსაზღვრას შეეცდებიან.
დატოვე კომენტარი