გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გეგმავენ „ბიოკომპიუტერის“ შექმნას, რომელიც ადამიანის ტვინის უჯრედების დახმარებით იმუშავებს. ამის პარალელურად გაირკვა, რომ FDA-მ ილონ მასკის კომპანია Neuralink-ს ადამიანებზე ტვინის ჩიპების გამოცდისთვის ნებართვა არ მისცა. სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (UTS) მეცნიერებმა კი შეიმუშავეს ახალი მოწყობილობა, რომელსაც კიბოს უჯრედების იდენტიფიცირება და ანალიზი სისხლის ნიმუშებიდან შეუძლია. სიახლეებია კოსმოსის ათვისების მიმართულებითაც – SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მისია Crew-6-ის ფარგლებში ოთხი ასტრონავტი გაუშვა.
წინამდებარე მიმოხილვაში გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარი ამ და სხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ დეტალებზე მოგითხრობთ.
გეგმავენ სუპერკომპიუტერის შექმნას, რომელიც ადამიანის ტვინის უჯრედებით იმუშავებს
ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერები „ბიოკომპიუტერის“ შექმნას გეგმავენ, რომელიც ადამიანის ტვინის უჯრედების დახმარებით იმუშავებს. მკვლევართა გეგმები დეტალურადაა აღწერილი ჟურნალ Frontiers in Science-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში.
როგორც ცნობილია, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერები ამ ეტაპზე ტვინის მცირე ზომის ორგანოიდებზე მუშაობენ – ლაბორატორიაში გაზრდილ ქსოვილზე, რომელიც ჩვეულებრივი ორგანოების შემცირებულ ვერსიას წარმოადგენს. მათი მეშვეობით მკვლევრები ეთიკური ბარიერის გადალახვას შეძლებენ, რომელსაც კვლევებში ადამიანის ტვინის უჯრედების გამოყენების შემთხვევაში აწყდებიან.
ნაშრომის ერთ-ერთმა ავტორმა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორმა, ტომას ჰარტანგმა 2012 წელს ადამიანის კანის ნიმუშებიდან აღებული უჯრედების რეპროგრამირება და მათი ემბრიონის ღეროვანი უჯრედების მსგავს მდგომარეობაში გადაყვანა შეძლო. შედეგად კი, ეს უჯრედები ფუნქციურ ორგანოიდებად გარდაქმნა. თითოეული ორგანოიდი დაახლოებით 50,000 უჯრედს შეიცავდა. ჰარტანგის თქმით, ფუტურისტული კომპიუტერები სწორედ მსგავსი ორგანოიდების გამოყენებით შეიქმნება.
ტომას ჰარტანგის განცხადებით, კენტუკიში არსებულმა უახლესმა სუპერკომპიუტერმა, რომლის ღირებულება 600 მილიონი აშშ დოლარია და 632 კვადრატულ მეტრამდე ინსტალაციას წარმოადგენს, გასული წლის ივნისში, პირველად გადააჭარბა ადამიანის ტვინის შესაძლებლობებს, თუმცა მილიონჯერ მეტი ენერგიის გამოყენების წყალობით.
პროფესორის თქმით, ლაბორატორიაში გამოყვანილი ორგანოიდების დახმარებით სუპერკომპიუტერების მიერ გამოყენებული ენერგიის მნიშვნელოვნად შემცირება იქნება შესაძლებელი. თუმცა, მისივე შეფასებით, იდეის რეალობად ქცევას შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს.
ახალ მოწყობილობას კიბოს უჯრედების გამოვლენა და ანალიზი სისხლის ნიმუშებიდან შეუძლია
სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (UTS) მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი მოწყობილობა, რომელსაც კიბოს უჯრედების იდენტიფიცირება და ანალიზი სისხლის ნიმუშებიდან შეუძლია. ინოვაცია მნიშვნელოვანია ინვაზიური ბიოფსიის ოპერაციების ალტერნატივის შეთავაზებისა და მკურნალობის პროგრესის მონიტორინგისთვის.
კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს დაავადება მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. კიბოს საბოლოო დიაგნოზი, განსაკუთრებით ისეთი ორგანოების შემთხვევაში, როგორიცაა ღვიძლი, მსხვილი ნაწლავი ან თირკმელი, ხშირად საჭიროებს ოპერაციას. აქედან გამომდინარე, დიაგნოსტიკისთვის არაინვაზიური ინსტრუმენტის არსებობა ძალზე მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, როგორც UTS-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის სკოლის პრესრელიზში ვკითხულობთ, ბიოფსიამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტებისთვის ფიზიკური დისკომფორტი, ასევე გაზარდოს ქირურგიული რისკები და ხარჯები.
ხელსაწყოს, რომელსაც “სტატიკური წვეთოვანი მიკროფლუიდური მოწყობილობის” სახელწოდებით მოიხსენიებენ, იმ სიმსივნური უჯრედების იდენტიფიცირება შეუძლია, რომლებიც პირველადი სიმსივნიდან განცალკევდა და სისხლში აღმოჩნდა. მოწყობილობას შეუძლია განასხვაოს სიმსივნური უჯრედები სისხლის ნორმალური უჯრედებისგან კიბოს უნიკალური მეტაბოლური ნიშნის გამოყენებით.
სიმსივნური უჯრედების გამოვლენის შემდეგ ხელსაწყო გენეტიკური და მოლეკულური ანალიზის საშუალებას იძლევა, რაც ხელს შეუწყობს კიბოს იდენტიფიკაციასა და კატეგორიზაციას. ეს კი სპეციალისტებს პერსონალიზებული მკურნალობის დაგეგმვაში დაეხმარება.
კვლევა, რომელში ახალი მოწყობილობის შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული, სამეცნიერო ჟურნალ Biosensors and Bioelectronics-ში გამოქვეყნდა.
FDA-მ მასკის კომპანიას ადამიანებზე ტვინის ჩიპების გამოცდისთვის ნებართვა არ მისცა
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) გასული წლის დასაწყისში ილონ მასკის კომპანია Neuralink-ს ტვინის ჩიპის ადამიანებზე გამოცდის დასაწყებად ნებართვა არ მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი კომპანიის შვიდ ამჟამინდელ და ყოფილ თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს ინფორმაცია განსაკუთრებით საინტერესოა იმის ფონზე, რომ მასკმა გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ტვინის უსადენო იმპლანტების ადამიანებზე გამოცდა შესაძლოა, Neuralink-ს 2023 წლის მაისში დაეწყო.
ილონ მასკმა Neuralink-ი მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ამის შემდეგ კომპანია მიკროჩიპის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს, რომლის თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი. Neuralink-ის მოწყობილობის მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა.
Neuralink-ის ტვინის იმპლანტი ჯერჯერობით მხოლოდ ცხოველებზეა გამოცდილი. შეგახსენებთ, 2020 წლის ზაფხულში ილონ მასკმა იუტუბის არხის მეშვეობით საზოგადოებას ღორი წარუდგინა, რომელსაც ტვინში მისი კომპანიის მიერ დამზადებული ჩიპი ჰქონდა ჩანერგილი. გასული წლის აპრილში კი მილიარდერმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ნაჩვენები იყო, როგორ თამაშობდა კომპიუტერში პინგ-პონგს მაიმუნი, რომელიც ამისთვის მხოლოდ გონებას იყენებდა. პრიმატმა ეს თავის ტვინში ჩადგმული მიკროჩიპის დახმარებით შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის კომპანიას ცდებისას ცხოველთა კეთილდღეობის დარღვევის შესაძლო შემთხვევების ბრალდებით უჩივლეს. Reuters-ის მიერ ნანახი დოკუმენტებისა და წყაროების მტკიცებით, Neuralink-ის ექსპერიმენტებს 2018 წლის შემდეგ დაახლოებით 1,500 ცხოველი შეეწირა.
აქვე გეტყვით, რომ ილონ მასკის გარდა Neuralink-ის ინვესტორებს შორის ვხვდებით Google-ის საინვესტიციო ჯგუფ GV-ს, Coinbase-ის თანადამფუძნებელ ფრედ ერსამსა და OpenAI-ის აღმასრულებელ დირექტორ სემ ალტმანს.
SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ოთხი ასტრონავტი გაუშვა
ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მისია Crew-6-ის ფარგლებში ოთხი ასტრონავტი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ ფრენა თავდაპირველად 26 თებერვალს იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ 2 მარტს განხორციელდა.
SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ის დახმარებით კაფსულა Crew Dragon-ი ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული კენედის სახელობის კოსმოსური ბაზიდან გაუშვეს, რომელიც NASA-ს ეკუთვნის. Crew Dragon-ი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 3 მარტს მიუერთდა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Crew-6-ის მისიაში მონაწილეობას ოთხკაციანი ეკიპაჟი იღებს: მათ შორისაა NASA-ს ორი ასტრონავტი: უორენ ჰობურგი და სტივენ ბოუენი, როსკოსმოსის კოსმონავტი ანდრეი ფედიაევი და არაბთა გაერთიანებული საამიროების ასტრონავტი სულთან ალ-ნეიადი.
აღსანიშნავია, რომ ალ-ნეიადი საამიროების პირველი ასტრონავტია, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხანგრძლივ მისიაში იღებს მონაწილეობას. გეგმის მიხედვით, Crew-6-ის წევრები ISS-ზე 180 დღეს დარჩებიან და შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდებიან.
FDA-მ იშვიათი გენეტიკური დარღვევის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Reata Pharmaceuticals-ის პრეპარატი, Skyclarys-ი დაამტკიცა. მედიკამენტი განკუთვნილია იშვიათი გენეტიკური დარღვევის სამკურნალოდ, რომელიც ნერვული სისტემის პროგრესირებად დაზიანებას იწვევს.
Skyclarys-ი არის Reata Pharmaceuticals-ის პირველი პროდუქტი, რომელმაც მარეგულირებელი ორგანოსგან ავტორიზაცია მიიღო. ანალიტიკოსების პროგნოზით, ამ მედიკამენტის გაყიდვები აშშ-ში 2030 წლისთვის 400 მილიონ დოლარს მიაღწევს. აქვე გეტყვით, FDA-ს გადაწყვეტილებამდე კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ერთი წლის სამყოფი Skyclarys-ის ღირებულება, სავარაუდოდ, დაახლოებით $425,000 იქნებოდა.
Reata Pharmaceuticals-ის შეფასებით, იშვიათი გენეტიკური დარღვევა, რომელსაც ფრიდრეიხის ატაქსიის სახელწოდებით მოიხსენიებენ, აშშ-ში დაახლოებით 5,000 ადამიანს აწუხებს. ცნობისთვის, ეს მემკვიდრეობითი ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც კუნთების სისუსტესა და კოორდინაციის დაკარგვას იწვევს. გარდა ამისა, ის შესაძლოა დამბლისა და ნაადრევი სიკვდილის მიზეზიც გახდეს.
ანგარიში: 2035 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს ჭარბი წონა ან სიმსუქნე შეაწუხებს
უახლესი ანგარიშის თანახმად, თუ ქმედითი ზომები არ იქნა გატარებული, 2035 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს სიმსუქნე ან ჭარბი წონა შეაწუხებს. ამის შესახებ ანგარიში World Obesity Federation-მა გამოაქვეყნა.
დღესდღეობით, პლანეტის მოსახლეობის 38%, ანუ დაახლოებით 2.6 მილიარდი ადამიანი უკვე დგას ზემოხსენებული პრობლემის წინაშე. ახალი ანგარიშის თანახმად კი, უმოქმედობის შედეგად, შესაძლოა სულ რამდენიმე წელიწადში მაჩვენებელმა 51%-ს მიაღწიოს.
საინტერესოა, რომ პრობლემა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იჩენს თავს ბავშვებში, ასევე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, რომლებიც სიმსუქნით გამოწვეულ დაავადებებთან გასამკლავებლად ნაკლებად არიან მზად.
ცნობისთვის, მოხსენებები აჩვენებს, რომ მსოფლიოში ბავშვთა შორის სიმსუქნის მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემთან, 383 მილიონთან შედარებით, 2035 წელს შესაძლოა, გაორმაგდეს.
WOF-ის პრეზიდენტი, ლუი ბაური მთავრობებსა და ზემოხსენებულ საკითხზე მომუშავე პირებს, სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, სწრაფი მოქმედებებისკენ მოუწოდებს.
Eli Lilly ინსულინის პროდუქტების ფასს 70%-ით შეამცირებს
Eli Lilly-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალიდან, ინსულინის ყველაზე ხშირად გამოწერილი პროდუქტების, Humalog-ისა და Humulin-ის ღირებულებას 70%-ით შეამცირებს.
როგორც ირკვევა, ინდიანაპოლისში დაფუძნებული კომპანია ასევე შეამცირებს Lispro-ს ინსულინის ინიექციის ფასს 25 დოლარამდე ფლაკონზე. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ Eli Lilly-ის პროდუქტი Rezvoglar-ი, რომელიც Sanofi-ის Lantus-ის ალტერნატივაა, 1-ელი აპრილიდან გაყიდვაში ამ უკანასკნელზე 78%-ით დაბალი ფასით ჩაეშვება.
Eli Lilly-ი ასევე აპირებს გააფართოოს თავისი ინსულინის ღირებულების პროგრამა ისე, რომ ზოგიერთ პროდუქტზე არსებული $35-დოლარიანი ლიმიტი აშშ-ის აფთიაქების 85%-ზე გავრცელდეს.
კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მთავრობის ჯანდაცვის პროგრამის მიმღებთათვის ინსულინის პროდუქტებზე ხარჯების თვეში $35-დოლარიანი ლიმიტის დაწესების ინიციატივა წამოაყენა. Eli Lilly-ის განცხადებით, ლიმიტი კომერციული დაზღვევის მქონე პირებისთვის ავტომატურად ამოქმედდება. იმ პაციენტებს კი, რომლებსაც დაზღვევა არ აქვთ, შეეძლებათ $35-დოლარიანი ლიმიტით კომპანიის პროგრამის ფარგლებში ისარგებლონ.
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი: სავარაუდოდ, კოვიდი ლაბორატორიიდან გავრცელდა
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, კორონავირუსი, სავარაუდოდ, ლაბორატორიაში გაჟონვის შედეგად გავრცელდა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. თუმცა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, ვირუსის გენეზისთან დაკავშირებით „საბოლოო პასუხი არ არსებობს“.
ენერგეტიკის დეპარტამენტის ახალი დასკვნები გვხვდება ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ავრილ ჰეინსის ოფისის განახლებულ საიდუმლო მოხსენებაში, რომელიც ახლახან გაეგზავნა თეთრ სახლს და კონგრესის ზოგიერთ წევრს, – იტყობინება გამოცემა.
The Wall Street Journal-ის ცნობით, ენერგეტიკის დეპარტამენტი, რომელიც აშშ-ის ბევრ ლაბორატორიას მეთვალყურეობს, ზემოხსენებულ დასკვნამდე დაზვერვის უახლეს ინფორმაციაზე დაყრდნობით მივიდა. თუმცა ინფორმაციას „დაბალი სანდოობით“ აფასებს.
გამოძიების ფედერალური ბიურო, FBI აღნიშნულ დასკვნამდე, მისი შეფასებით „საშუალო სანდოობის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჯერ კიდევ 2021 წელს მივიდა, თუმცა სააგენტომ ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვა ენერგეტიკის დეპარტამენტისგან განსხვავებული მიზეზებით ახსნა, – განუცხადეს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემას.
ენერგეტიკის დეპარტამენტმა ამერიკულ Forbes-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტის განკარგულებით აგრძელებს სადაზვერვო საქმეში ჩაბმული პროფესიონალების მხარდაჭერას COVID-19-ის წარმოშობის გამოძიების პროცესში, თუმცა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.
კორონავირუსი ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა, მან მალევე მოიცვა მთელი მსოფლიო და პანდემიაში გადაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსმა გლობალურად 6.8 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
დატოვე კომენტარი