გასული კვირა მეცნიერების სფეროსთვის მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა, რომელზეც მეცნიერები დიდ იმედებს ამყარებენ, ვარსკვლავის პირველი მკვეთრი გამოსახულება დააფიქსირა. მნათობი ჩვენგან დაახლოებით 2000 სინათლის წლით არის დაშორებული. კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა „ტვიტერზე“ გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, რომ ადამიანი მარსის ზედაპირზე დაჯდომას 2029 წლისთვის შეძლებს. ევროპის კოსმოსური სააგენტოს საბჭომ მარსზე დაგეგმილ მისიაში „როსკოსმოსის“ ჩასანაცვლებლად ახალი პარტნიორის ძიება დააანონსა. ESA-ს გენერალური დირექტორის, იოზეფ აშბახერის განცხადებით, ერთ-ერთ ვარიანტად NASA განიხილება.
სიახლეებია მედიცინის სფეროში: აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს (FDA) ჯერ Pfizer-მა და BioNTech-მა მიმართეს საკუთარი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-4 დოზის გამოყენების დასაშვებად, რამდენიმე დღის შემდეგ კი – Moderna-მ. მოცემული ბლოგი მეცნიერების სფეროში მომხდარ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებსა და მოვლენებს ეთმობა.
ჯეიმს ვების ტელესკოპმა ვარსკვლავის პირველი მკვეთრი გამოსახულება დააფიქსირა
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა, რომელზეც მეცნიერები დიდ იმედებს ამყარებენ, ვარსკვლავის პირველი მკვეთრი გამოსახულება დააფიქსირა. აპარატის მიერ გადაღებული შთამბეჭდავი ფოტო აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
NASA-ს ინფორმაციით, მიზანი ტელესკოპზე დამონტაჟებული ინსტრუმენტების გამართულობის შემოწმება იყო. შესაბამისად, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ფოტო საცდელი კადრია და არა – სამეცნიერო კვლევისთვის განკუთვნილი მასალა. სურათზე დაყრდნობით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხელსაწყოები, რომლებითაც ჯეიმს ვების ტელესკოპია აღჭურვილი, შესანიშნავად მუშაობს. ამას გარდა, გამოსახულება ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ როგორ დაინახავს აპარატი შორეულ კოსმოსში მდებარე, ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობ ობიექტებს.
ჯეიმს ვების ტელესკოპმა, საცდელი კადრის გადაღებისას, ჩვენგან დაახლოებით 2000 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ფოტოზე მნათობის გარდა, მის უკან უამრავი გალაქტიკაა აღბეჭდილი, თუმცა აპარატის სამიზნე სწორედ სურათის ცენტრში განლაგებული ობიექტი იყო.
შეგახსენებთ, რომ ჯეიმს ვების ტელესკოპი კოსმოსში გასული წლის 25 დეკემბერს რაკეტა Ariane 5 ECA-ს დახმარებით სამხრეთ ამერიკაში მდებარე გვიანის კოსმოდრომიდან გაუშვეს. მისიაში, რომელსაც NASA ხელმძღვანელობს, ჩართულები ასევე არიან ევროპისა და კანადის კოსმოსური სააგენტოები. ცნობისთვის, ტელესკოპის აგება დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა.
წინასწარი ინფორმაციით, ჯეიმს ვების ტელესკოპი მისიას 20 წლის განმავლობაში შეასრულებს. ამ პერიოდში აპარატი შეეცდება, სამყაროს ფორმირებისა და ციური სხეულების წარმოშობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში, ასევე სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობების მქონე ეგზოპლანეტების აღმოჩენასა და შესწავლაში დაგვეხმაროს.
Pfizer-ი და Moderna კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-4 დოზის გამოყენების დაშვებისთვის FDA-ს მიმართავენ
რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა ფარმაცევტულმა კორპორაცია Pfizer-მა გერმანულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია BioNTech-თან ერთად აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს (FDA) მიმართა და მისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-4 დოზის გამოყენებისთვის ნებართვა ითხოვა. როგორც ცნობილია, კომპანიებს სურთ, მათ მიერ შექმნილი საინიექციო პრეპარატის დამატებითი ბუსტერული დოზა 65 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
Pfizer-მა და BioNTech-მა აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს ნებართვისთვის ისრაელიდან მიღებული მონაცემების ორი ნაკრების ანალიზის საფუძველზე მიმართეს. როგორც კომპანიები აცხადებენ, „მონაცემების ორივე ნაკრებით დასტურდება, რომ mRNA-ვაქცინის დამატებითი ბუსტერული დოზა ზრდის იმუნოგენურობას, ხოლო ინფიცირების შემთხვევებსა და ვირუსის მძიმე ფორმით განვითარების მაჩვენებელს ამცირებს“.
აღსანიშნავია, რომ მონაცემთა ერთ-ერთ ნაკრებში, რომელიც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ შეადგინა, 60 წლისა და უფროსი ასაკის 1.1 მილიონზე მეტი ადამიანის შესახებაა ინფორმაცია შეტანილი. მათი ანალიზის შედეგად Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-4 დოზის მიღების შემდეგ ცდისპირებში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა – 2-ჯერ, დაავადების მძიმე ფორმით განვითარების შემთხვევებმა კი 4-ჯერ იკლო. უნდა ითქვას, რომ კვლევის შედეგებზე დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არცერთ სამეცნიერო გამოცემებში არ გამოქვეყნებულა.
Pfizer-ისა და BioNTech-ის შემდეგ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-4 დოზის გამოყენების ნებართვისთვის კიდევ ერთმა ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, Moderna-მ მიმართა. მწარმოებელს სურს, რომ FDA-მ მის მიერ შექმნილი პრეპარატის დამატებითი ბუსტერული დოზა 18 წლისა და უფროსი ასაკის ყველა ადამიანისთვის გახადოს ხელმისაწვდომი.
Moderna-ს წარმომადგენლების განცხადებით, მათ FDA-ს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელში ომიკრონის შტამის გავრცელების შემდეგ შეგროვებული მონაცემების ანალიზი გაუგზავნეს.
ილონ მასკის თქმით, ადამიანი მარსის ზედაპირზე დაჯდომას 2029 წლისთვის შეძლებს
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, ადამიანი მარსის ზედაპირზე დაჯდომას 2029 წლისთვის შეძლებს. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა აღნიშნული განცხადებით Twitter-ზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში მასკმა Time-ს განუცხადა, რომ ძალიან გაუკვირდებოდა, თუ ადამიანები მარსზე გამგზავრებას და მის ზედაპირზე დაშვებას მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ვერ შეძლებდნენ.
აღსანიშნავია, რომ SpaceX-ის დამფუძნებელს მარსზე ქალაქის მშენებლობის გეგმაც აქვს შემუშავებული, რომლის მიხედვითაც ის საკუთარ მოთხოვნებს დედამიწიდან დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად დააკმაყოფილებს. მასკის თქმით, კოლონიებს მზის ენერგიაზე მომუშავე ჰიდროპონური ფერმა მოამარაგებს. მისი დახმარებით, ადამიანები წითელ პლანეტაზე არა დროებით, არამედ ხანგრძლივად ცხოვრებას შეძლებენ.
Time-თან ინტერვიუში სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერმა ისიც განაცხადა, რომ მარსზე გაშენებულ ქალაქში – როგორც ფუტურისტულ ნოეს კიდობანზე – დედამიწიდან ცხოველებსა და სხვადასხვა არსებას წაიყვანენ.
ადამიანებს მარსამდე მისაღწევად საიმედო კოსმოსური ხომალდი დასჭირდებათ. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი ასეთი აპარატის შექმნაზე უკვე წლებია, მუშაობს. კომპანია Starship-ის სახელწოდებით ცნობილი ხომალდის პროტოტიპებს სამხრეთ ტეხასში მდებარე ბოკა-ჩიკას კერძო კოსმოდრომზე ცდის. ბოლო ინფორმაციით, აპარატი დედამიწის ორბიტაზე პირველ ფრენას მიმდინარე წელს შეასრულებს. მისიის განხორციელების ზუსტი თარიღი, რომელიც უკვე არაერთხელ გადაიდო, ჯერჯერობით უცნობია.
ESA-მ შესაძლოა, მარსზე მისია „როსკოსმოსის“ ნაცვლად NASA-სთან ერთად განახორციელოს
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) ერთხმად დაუჭირა მხარი „როსკოსმოსთან“ თანამშრომლობით მარსზე მიმდინარე წელს დაგეგმილი მისია ExoMars-ის თარიღის გადაწევას. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციები აღნიშნული მისიის ფარგლებში მარსზე როვერის, Rosalind Franklin-ის გაგზავნას აპირებდნენ, რომელიც ბრიტანელი ქიმიკოსის სახელს ატარებს.
ESA-ს წარმომადგენლებმა მისიის თარიღის სავარაუდო გადადების შესახებ განცხადებები ჯერ კიდევ მიმდინარე თვის დასაწყისში გააკეთეს. 17 მარტს კი ევროპის კოსმოსური სააგენტოს საბჭომ აღნიშნულის შესახებ ოფიციალურად განაცხადა და განმარტა:
„როგორც მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მანდატი, შეიმუშაოს და განახორციელოს კოსმოსური პროგრამები ევროპული ღირებულებების სრული პატივისცემით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ადამიანების მსხვერპლისა და უკრაინის მიმართ აგრესიის ტრაგიკული შედეგების გამო. ESA სრულად უერთდება მისი წევრი ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს“.
აღსანიშნავია, რომ მარსმავალი Rosalind Franklin-ი ევროპის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტების მიერ არის შექმნილი. რაც შეეხება რუსეთის კოსმოსურ სააგენტოს, „როსკოსმოსს“, ის ციურ სხეულზე დასაჯდომ მოდულსა და ზოგიერთ ხელსაწყოზე იღებდა პასუხისმგებლობას, რომლებითაც მარსმავალი უნდა აღჭურვილიყო. ამას გარდა, მისიის განხორციელება რუსული რაკეტა Proton-ით იგეგმებოდა.
ESA-ს საბჭომ მისიაში „როსკოსმოსის“ ჩასანაცვლებლად ახალი პარტნიორის ძიება დააანონსა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორის, იოზეფ აშბახერის განცხადებით, ერთ-ერთ ვარიანტად NASA განიხილება. აღსანიშნავია, რომ მისია ExoMars-ის განხორციელებას თავდაპირველად ESA სწორედ ამერიკულ სააგენტოსთან ერთად გეგმავდა, თუმცა NASA-მ პროგრამაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
NASA-ს ვერტმფრენი მარსზე ფრენებს მინიმუმ სექტემბრამდე შეასრულებს
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) მარსზე გაგზავნილი ვერტმფრენის, Ingenuity-ს მისიის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის (JPL) ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წითელ პლანეტაზე აპარატი ფრენებს ეტაპობრივად, მინიმუმ, მიმდინარე წლის სექტემბრამდე განახორციელებს.
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც Ingenuity-მ მარსზე უკანასკნელი, რიგით 21-ე ფრენა წარმატებით შეასრულა.
„ერთ წელზე ნაკლები დროის წინ ჩვენ არც კი ვიცოდით, შესაძლებელი იყო თუ არა მარსის ატმოსფეროში ვერტმფრენის კონტროლირებადი ფრენა. ახლა მოუთმენლად ველით Ingenuity-ს ჩართვას მარსმავალ Perseverance-ის მეორე სამეცნიერო კამპანიაში“, – აცხადებენ NASA-ს სამეცნიერო მისიის დირექტორატის წარმომადგენლები.
NASA-ს ვერტმფრენი მისიის ახალ ეტაპზე სრულიად განსხვავებულ არეალში გადაინაცვლებს. ეს მნიშვნელოვნად განსხვავდება სწორი რელიეფის მქონე იმ რეგიონისგან, საიდანაც Ingenuity-ი გასული წლის აპრილის შემდეგ მარსის ატმოსფეროში ფრინდება. როგორც ცნობილია, მისიის მომდევნო საფეხურზე აპარატს ციური სხეულის ეკვატორთან მდებარე, 45 კილომეტრი დიამეტრის მქონე იეზეროს კრატერში იმ ადგილის გამოსაკვლევად გამოიყენებენ, სადაც, მეცნიერების განცხადებით, რამდენიმე მილიარდი წლის წინ მდინარის დელტა იყო. უფრო ზუსტად კი მის მიერ გადაღებული ფოტოები მარსმავალს საკვლევ ობიექტამდე მისასვლელად სწორი გზის შერჩევაში, ასევე სამეცნიერო კვლევისთვის საინტერესო ადგილების განსაზღვრაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ იეზეროს კრატერში ტბისა და მდინარის დელტის არსებობის დამადასტურებელი ფოტომასალა NASA-ს მარსმავალმა, Perseverance-მა ცოტა ხნის წინ მოიპოვა. მკვლევართა განცხადებით, როვერის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ნაჩვენები ქანები ეროზიის შედეგადაა წარმოქმნილი, რომელიც, მათივე განმარტებით, წყლის ნაკადის ზემოქმედებას უნდა გამოეწვია. მეცნიერების ვარაუდით, მარსზე არსებული წყალი დაახლოებით 3.5 მილიარდი წლის წინ დაშრა. როგორც ცნობილია, ეს პლანეტის მაგნიტური ველის გაქრობასა და ციური სხეულის გარშემო არსებული, ოდესღაც სქელი ატმოსფეროს მზისგან მომავალი დამუხტული ნაწილაკების ზემოქმედებით თანდათან გათხელებას უკავშირდება.
რუსეთმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამი კოსმონავტი გაგზავნა
რუსეთმა დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამი კოსმონავტი – ოლეგ არტემიევი, დენის მატვეევი და სერგეი კორსაკოვი გაგზავნა. რუსული „სოიუზის“ ტიპის ხომალდი ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან 18 მარტს, თბილისის დროით დაახლოებით 20:00 საათზე აფრინდა.
რუსული ხომალდი კოსმოსურ სადგურზე არსებულ Prichal-ის სახელწოდებით ცნობილ მოდულს მიუერთდა, საიდანაც კოსმონავტები ISS-ზე გადავიდნენ. სახელმწიფოს კოსმოსურ სადგურზე არაერთი მისია განუხორციელებია, თუმცა აღნიშნულმა ფრენამ განსაკუთრებული ყურადღება იმის გამო დაიმსახურა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომშია ჩაბმული. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაზე მასშტაბური სამხედრო თავდასხმის შესახებ განაცხადა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში შეჭრას სამხედრო ოპერაციას უწოდებს.
აღნიშნული ნაბიჯის გამო რუსეთს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა საკმაოდ მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, რაც ქვეყნის კოსმოსურ პროგრამებზე უარყოფით გავლენას ახდენს. თავის მხრივ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების კოსმოსურმა სააგენტო „როსკოსმოსმა“ ამერიკული კომპანიებისთვის სარაკეტო ძრავების მიყიდვა შეწყვიტა. ასევე შეაჩერა ევროპის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი კოსმოდრომებიდან რუსული ხომალდების გაშვება.
მზარდი დაძაბულობის მიუხედავად, NASA-ს ოფიციალური პირები ხაზს უსვამენ, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სააგენტოების თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ ISS-ზე მყოფი ასტრონავტები და კოსმონავტები ურთიერთდამოკიდებულნი არიან, ვინაიდან მათი ფუნქციები ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული.
საინტერესოა, რომ გეგმის მიხედვით, 30 მარტს აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ერთი ასტრონავტი დედამიწაზე რუსული „სოიუზით“ ორ კოსმონავტთან ერთად უნდა დაბრუნდეს. როგორც რამდენიმე დღის წინ NASA-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, ორგანიზაცია გეგმის შეცვლას არ აპირებს.
დატოვე კომენტარი