გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული ერთი კვირა სპორტის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. რაფაელ ნადალმა საფრანგეთის ღია პირველობა და სოლიდური საპრიზო თანხა მოიგო. ამერიკელი ტანმოვარჯიშეები კი ლარი ნასარის საქმის გამო FBI-სგან კომპენსაციის სახით $1 მილიარდს ითხოვენ. ასევე ცნობილი გახდა, რომ ინგლისის პრემიერ-ლიგამ რუსულ ტელეკომპანია Match TV-სთან ექვსწლიანი, £43-მილიონიანი კონტრაქტი შეაჩერა.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, მადრიდის „რეალმა“ ორელიენ ჩუამენი „მონაკოსგან“ €100 მილიონად შეიძინა – ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. დორტმუნდის „ბორუსია“ კი კომპანია Staige-ში €8.5-მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს. გარდა ამისა, მიმდინარეობს აუქციონი, რომელზეც ლებრონ ჯეიმსის საკოლექციო ბარათი შესაძლოა, $6.6 მილიონზე მეტად გაიყიდოს, რაც რეკორდული მაჩვენებელი იქნება.

მიმდინარე კვირის სპორტულ მიმოხილვაში სწორედ ამ მნიშვნელოვან სიახლეებს დეტალურად გაეცნობით.

რაფა ნადალმა „როლან გაროსი“ და 2.2 მილიონი ევრო მოიგო

ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა „როლან გაროსი“ მოიგო, რისთვისაც საპრიზო თანხის სახით 2.2 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენს საფრანგეთის ღია პირველობა უკვე 14-ჯერ აქვს მოგებული.

ნადალმა „როლან გაროსის“ ფინალში 23 წლის ნორვეგიელი ჩოგბურთელი, კასპერ რუდი 6:3, 6:3, 6:0 დაამარცხა. ტურნირზე მეორე ადგილის დაკავებისთვის რუდს 1.1 მილიონი ევრო გადაეცემა.

ფოტო: Adam Pretty

საფრანგეთის ღია პირველობის მოგებისთვის რაფა ნადალს რეიტინგში 2,000 ქულა დაემატება. ესპანელის სურვილი, მიმდინარე წლის ტოპ-პოზიციაზე დასრულებაა. მოცემული დროისთვის, ნადალი ATP-ის რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს. რაც შეეხება რუდს, რომელმაც „როლან გაროსის“ ფინალში გასვლით 1,200 ქულა მოაგროვა, ის მე-6 პოზიციაზეა.

2022 წლის განმავლობაში რაფა ნადალს კორტებზე უკვე 5.7 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხა აქვს გამომუშავებული. კარიერის განმავლობაში კი, ერთეულთა თანრიგსა და წყვილებში, ჯამურად, საპრიზო თანხის სახით მან უკვე $1.3 მილიარდზე მეტი მიიღო.

მადრიდის „რეალმა“ ორელიენ ჩუამენი „მონაკოსგან“ €100 მილიონად შეიძინა

მადრიდის „რეალმა“ ორელიენ ჩუამენის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც ირკვევა, ესპანურ გრანდს “მონაკოსგან” ფეხბურთელის შეძენა საერთო ჯამში 100 მილიონი ევრო უჯდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეები ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. 22 წლის ჩუამენი „რეალს“ ოფიციალურად 1-ელი ივლისიდან შეუერთდება.

შეგახსენებთ, ორელიენ ჩუამენი, რომელიც ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, „მონაკოში“ „ბორდოდან“ 2020 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა. კლუბმა ფეხბურთელში 18 მილიონი ევრო გადაიხადა. Transfermarkt-ზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ შეთავაზებამდე ფეხბურთელი ყველაზე ძვირად, 60 მილიონ ევროდ, მიმდინარე წლის მაისში ფასობდა.

ფოტო: Getty Images

ჩუამენის 2021-22 წლების უკვე დასრულებულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში „მონაკოს“ მაისურით 35 მატჩი აქვს ჩატარებული. ამ შეხვედრების განმავლობაში ფეხბურთელმა თავი სამი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

გარდა ამისა, ჩუამენი საფრანგეთის ნაკრებშიც ირიცხება, სადაც მისი დებიუტი 2021 წლის 1-ელ სექტემბერს შედგა. ნაკრების მაისურით მას 9 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა განმავლობაში ერთი გოლის გატანა შეძლო.

ამერიკელი ტანმოვარჯიშეები ლარი ნასარის საქმის გამო FBI-სგან $1 მილიარდს ითხოვენ

აშშ-ის ტანმოვარჯიშეთა გუნდის ექიმის, ლარი ნასარის დაახლოებით 90 მსხვერპლი, მათ შორის სიმონ ბაილსი, FBI-სგან კომპენსაციის სახით საერთო ჯამში 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ თანხას ითხოვს. მოსარჩლეების ადვოკატთა განცხადებით, ფედერალურმა მთავრობამ სათანადოდ ვერ შეაფასა სპორტსმენების მიერ ნასარის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებები. აღნიშნულ ინფორმაციას ABC News-ი ტანმოვარჯიშეთა წარმომადგენელ იურიდიულ ფირმებზე დაყრდნობით წერს.

იუსტიციის დეპარტამენტის გენერალურმა ინსპექტორმა 2021 წლის ივლისში დაადგინა, რომ FBI-მ „ვერ უპასუხა ნასარის მიმართ ბრალდებებს „დროულად და შესაბამისად“, ასევე დაუშვა „ბევრი და ფუნდამენტური შეცდომა“ და „დაარღვია FBI-ის პოლიტიკა“.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ FBI-ის აგენტებმა  ნასარის მიერ პოზიციის ბოროტად გამოყენების შესახებ ჯერ კიდევ 2015 წელს იცოდნენ, თუმცა „არ მიუღიათ რაიმე ზომა ტანმოვარჯიშეებისთვის რისკის შესამცირებლად, რომელთა მკურნალობასაც ნასარი აგრძელებდა“ – 2016 წლამდე, ვიდრე მას გაათავისუფლებდნენ.

ფოტო: GETTY IMAGES

როგორც ირკვევა, სულ მცირე 70 ტანმოვარჯიშე აღმოჩნდა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი მას შემდეგ, რაც სპორტსმენებმა FBI-ს ნასარის წინააღმდეგ ბრალდებები წარუდგინეს.

აღსანიშნავია, რომ FBI-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი, ზემოხსენებული მიზეზით, 13-მა ტანმოვარჯიშემ აპრილშიც შეიტანა. ისინი კომპენსაციის სახით $130   მილიონს ითხოვენ.

ნასარი სექსუალურ შევიწროებაში 330-ზე მეტმა ტანმოვარჯიშე ქალმა დაადანაშაულა და მას 300 წელზე მეტი ხნით პატიმრობა აქვს მისჯილი. ცნობილი სპორტსმენები, მათ შორის, სიმონ ბაილსი, ალი რაისმანი, მაკაილა მერონი და მეგი ნიკოლსი აღნიშნულთან დაკავშირებით ღიად საუბრობდნენ.

პრემიერ-ლიგამ რუსულ მაუწყებელთან £43-მილიონიანი კონტრაქტი შეაჩერა

ინგლისის პრემიერ-ლიგამ რუსულ ტელეკომპანია Match TV-სთან ექვსწლიანი კონტრაქტი შეაჩერა, რომლის ჯამური ღირებულებაც 43 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება ძალაში აგვისტოდან უნდა შესულიყო.

პრემიერ-ლიგის 20-ვე კლუბმა სიახლის შესახებ ყოველწლიურ გენერალურ კრებაზე შეიტყო. როგორც მათ აცნობეს, გარიგების შეჩერების მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომია. ჯერჯერობით გაურკვეველია, შეცვლის თუ არა მომავალში პრემიერ-ლიგა მიღებულ გადაწყვეტილებას.

ფოტო: Getty Images

შეგახსენებთ, რომ უკრაინაზე რუსეთის სამხედრო თავდასხმის შემდეგ, მარტში პრემიერ-ლიგამ მატჩების ტრანსლირების უფლება კიდევ ერთ რუსულ სამაუწყებლო პარტნიორს, Rambler-ს შეუჩერა. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის ვადა ოფიციალურად 2021-2022 წლების სეზონის ბოლოს იწურებოდა. მალევე, პრემიერ-ლიგამ უკრაინაში მცხოვრებთა დასახმარებლად 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი გაიღო.

აღსანიშნავია, რომ მარტში Match TV-სთან ხელშეკრულება საფრანგეთის პროფესიონალურმა საფეხბურთო ლიგამაც (LFP) შეაჩერა.

დორტმუნდის „ბორუსია“ კომპანია Staige-ში €8.5-მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს

გერმანული ბუნდესლიგის კლუბის, დორტმუნდის „ბორუსიის“ განცხადებით, ის €8.5-მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს ვიდეო და ხელოვნური ინტელექტის კომპანია Staige-ში. ეს თანხა ესენში დაფუძნებულ კომპანიას საერთაშორისო ბაზარზე გასვლასა და გაფართოებაში დაეხმარება. ის ამჟამად გერმანიაში სამოყვარულო სპორტულ კლუბებს ვიდეოანალიზის სერვისების სთავაზობს.

2017 წელს დაარსებული Staige-ი აწარმოებს კამერებს, რომლებიც პირდაპირი ონლაინ ტრანსლაციის კადრების ჩასაწერად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. მოყვარულ მწვრთნელებს კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა თამაშების გაანალიზებაში ეხმარება.

Staige-ის წარმომადგენლების განცხადებით, მათ მიერ შექმნილი კამერების დახმარებით staige.tv-ის პორტალზე უკვე 50,000-ზე მეტი სპორტული და კულტურული ღონისძიება გადაიცა.

ფოტო: BVB

გასული წლის სექტემბერში დორტმუნდის „ბორუსიამ“ ფინანსური სახსრების მოსაზიდად აქციების გამოშვების შესახებ განაცხადა. მიზანი კორონავირუსის პანდემიისგან მიყენებული ზარალის შემსუბუქება იყო. შეგახსენებთ, რომ კლუბის ინფორმაციით, 2020-21 ფინანსური წლისთვის მან 72.8 მილიონი ევროთი იზარალა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2021 წელს დორტმუნდის „ბორუსია“ საფეხბურთო მედიაპლატფორმა onefootball.com-ის ინვესტორად გამოცხადდა.

ლებრონ ჯეიმსის საკოლექციო ბარათი შესაძლოა, აუქციონზე $6.6 მილიონზე მეტად გაიყიდოს

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ვარსკვლავის, ლებრონ ჯეიმსის საკოლექციო ბარათი, რომელზეც NBA-ის სამი ავთენტური ლოგოა წარმოდგენილი, შესაძლოა, აუქციონზე 6.6 მილიონ აშშ დოლარზე მეტად გაიყიდოს. ცნობისთვის, ნივთის საწყისი ფასი 500,000 აშშ დოლარია.

აუქციონს Goldin Auctions-ი მართავს. საკოლექციო ბარათის შესაძენად შეთავაზებების მიღება 7 ივნისს დაიწყო და 25 ივნისს დასრულდება. თუ ნივთი 6.6 მილიონ აშშ დოლარზე მეტად გაიყიდა, ეს სპორტსმენის საკოლექციო ბარათში ოდესმე გადახდილი ყველაზე დიდი თანხა იქნება.

ფოტო: nine.com.

ცნობისთვის, ამჟამად რეკორდი ბეისბოლის მოთამაშის, ჰონუს ვაგნერის საკოლექციო ბარათს ეკუთვნის, რომელიც 2021 წელს სწორედ დასახელებულ ფასად გაიყიდა.

იტალიური კომპანია Panini-ს მიერ წარმოებული ბარათი ერთადერთია, რომელზეც NBA-ის სამი ლოგოა წარმოდგენილი. ლოგოები, შესაბამისად, ლებრონის მიერ „კლივლენდ კავალიერსში“, „მაიამი ჰიტსა“ და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ გატარებულ კარიერას ასახავს.

გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი მილიარდერი გახდა

გოლფის ამერიკელი მოთამაშე ტაიგერ ვუდსი მილიარდერი გახდა – ის ისტორიაში მესამე სპორტსმენია, ვინც ამერიკული Forbes-ის მიერ შექმნილ პრესტიჟულ სიაში მოხვდა. ტაიგერ ვუდსის გარდა, მილიარდერი სპორტსმენების სიაში ამერიკელი კალათბურთელები, ლებრონ ჯეიმსი და მაიკლ ჯორდანი არიან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტაიგერ ვუდსის სიმდიდრის მთავარი წყარო სპორტი სულაც არ არის – პროფესიული კარიერით, გოლფის მოთამაშემ თავისი კაპიტალის მხოლოდ 10% გამოიმუშავა. ტაიგერ ვუდსის მიერ დაგროვილი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი სხვადასხვა კომპანიასთან, მათ შორის Gatorade-თან, Monster Energy-სთან, TayrolMade-თან, Rolex-თან და Nike-თან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე მოდის – ეს უკანასკნელი, მაგალითად, უკვე 26 წელია, რაც გოლფის მოთამაშეს ასპონსორებს.

ამ ყველაფერთან ერთად, ტაიგერ ვუდსი წარმატებული საქმოსანიცაა – მის სახელს უკავშირდება გოლფის მოედნების კეთილმოწყობის კომპანია TGR Design-ი, ღონისძიებების მენეჯმენტის კომპანია TGR Live-ი და რესტორანი, The Woods-ი.  გარდა ამისა, ტაიგერ ვუდსი წილებს ფლობს გოლფის სასწავლო დანადგარების მწარმოებელ Full Swing-ში, სასტუმროებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ Heard-სა და მინი-გოლფის რამდენიმე მოედნის ოპერატორ PopStroke-ში.

ტაიგერ ვუდსის სახელს უკავშირდება სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში არსებული კომპანია NEXUS Luxury Collection-იც, რომლის მეწილეები მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი, გოლფის მოთამაშე ერნი ელსი და ბრიტანელი მილიარდერი, ჯო ლუისი არიან.

საინტერესოა, რომ მილიარდერად გახდომაში ტაიგერ ვუდსს ხელი არც საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის მიერ ჩატარებულ შეჯიბრში, LIV Golf-ში უარის თქმამ შეუშალა. თავის დროზე იწერებოდა, რომ ამ ტურნირში მონაწილეობისთვის, საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი გოლფის ამერიკელ მოთამაშეს ცხრანიშნა ანაზღაურებას სთავაზობდა. აქვე უნდა ითქვას, რომ გასულ წელს ტაიგერ ვუდსმა $68 მილიონი გამოიმუშავა და 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი  სპორტსმენების სიაში მე-14 ადგილი დაიკავა – ყველაფერი ეს იმის ფონზე, რომ ვუდსი მინდორზე არ გამოჩენილა, რადგან მძიმე ავარიის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ თავის დროზე, 2003 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში, ტაიგერ ვუდსი მსოფლიოს ყველაზე ანაზღაურებადი სპორტსმენის ტიტულს ათი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *