გასული კვირა სპორტის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით იყო გამორჩეული. გავრცელდა ინფორმაცია, რომ Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდება მაისური, რომელიც ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს, დიეგო მარადონას 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის წინააღმდეგ მატჩის დროს ეცვა. სწორედ ამ შეხვედრაში გაიტანა მარადონამ საკამათო გოლი, რომელსაც „ღვთის ხელი“ შეარქვეს. Lega Serie A-ს გადაწყვეტილებით, რუსეთში, ქვეყნის უკრაინაში შეჭრის მიუხედავად, იტალიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის თამაშების ჩვენება გაგრძელდება.
რაც შეეხება სხვა სიახლეებს: გერმანულმა ავტომწარმოებელმა კომპანია Audi-მ McLaren-ის ფორმულა 1-ის დანაყოფის წილის შესაძენად შეთავაზება $495 მილიონიდან $718 მილიონამდე გაზარდა; ფრანგი ჩოგბურთელი, ჯო-ვილფრიდ ცონგა საფრანგეთის ღია პირველობაზე ასპარეზობის შემდეგ საჩოგბურთო კარიერას დაასრულებს; ახალი რეგულაციებით, დიდ ბრიტანეთში ცნობილ სპორტსმენებს აზარტული თამაშების რეკლამებში მონაწილეობა აეკრძალებათ. მოცემულ ბლოგში გასული კვირის ამ და სხვა მნიშვნელოვან სპორტულ სიახლეებს დეტალურად გაეცნობით.
მაისური, რომელიც მარადონას ისტორიული გოლის გატანისას ეცვა, აუქციონზე გაიყიდება
მაისური, რომელიც ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს, დიეგო მარადონას 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის წინააღმდეგ მატჩის დროს ეცვა, Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ შეხვედრაში გაიტანა მარადონამ საკამათო გოლი, რომელსაც „ღვთის ხელი“ შეარქვეს.
მარადონას 10-ნომრიანი მაისურის გაყიდვას სააუქციონო სახლი $5.2 მილიონზე მეტად იმედოვნებს. ის აუქციონზე ინგლისის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს, სტივ ჰოჯს გამოაქვს. ჰოჯმა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფეხბურთში არსებული ტრადიციის შესაბამისად, საკუთარი მაისური არგენტინელ ლეგენდას გაუცვალა. შეგახსენებთ, რომ მატჩი სამხრეთამერიკელების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. შედეგად, არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც მან გერმანია დაამარცხა.
სწორედ ჰოჯი იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც შემთხვევით ბურთი მარადონასკენ გაუშვა, არგენტინელმა კი ის მუშტის დახმარებით ინგლისელთა კარში გაგზავნა. ბუნებრივია, ეს თამაშის წესის დარღვევა იყო, თუმცა მსაჯებს აღნიშნული მომენტი გამოეპარათ და გოლი ჩაითვალა. სულ რაღაც ოთხი წუთის შემდეგ მარადონამ ინგლისს კიდევ ერთი გოლი გაუტანა. 2002 წელს ფეხბურთის ქომაგებმა ის „საუკუნის გოლად“ დაასახელეს.
მარადონას მაისური ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მანჩესტერში, ინგლისის ეროვნული ფეხბურთის მუზეუმში იყო გამოფენილი.
Sotheby’s-ის ინფორმაციით, მაისურისთვის შეთავაზებებს ონლაინრეჟიმში 20 აპრილიდან 4 მაისამდე მიიღებენ. ამ პერიოდის განმავლობაში ის სააუქციონო სახლის ლონდონის შოურუმში იქნება გამოფენილი.
„აუდი“ McLaren-ისთვის შეთავაზებას $718 მილიონამდე ზრდის
გერმანულმა ავტომწარმოებელმა კომპანია Audi-მ McLaren-ის ფორმულა 1-ის დანაყოფის წილის შესაძენად შეთავაზება $495 მილიონიდან $718 მილიონამდე გაზარდა. სავარაუდოდ, მხარეები შეთანხმებას ხელს მოაწერენ, რის შემდეგაც, თვის ბოლოს, სამეთვალყურეო საბჭო შეიკრიბება, რათა გარიგების დეტალები განიხილოს.
Audi-ს მშობელმა კომპანია Volkswagen-მა „მაკლარენით“ დაინტერესების შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა. გერმანული ავტომწარმოებლის აზრით, მისი დახმარებით ის ფორმულა 1-ის მზარდი ბიზნესის ათვისებას შეძლებს.
ცნობისთვის, 2021 წლის ბოლო, მეოთხე კვარტალში ფორმულა 1-ის შემოსავალმა $787 მილიონი შეადგინა და გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მიმართულებით, 62%-იანი ზრდა აჩვენა. საინტერესოა, რომ გასულ სეზონზე ფორმულა 1-ის მაყურებელთა რაოდენობამ 1.55 მილიარდს მიაღწია.
Volkswagen-ის „მაკლარენით“ დაინტერესება მას შემდეგ გაიზარდა, რაც ამ უკანასკნელმა გერმანულ ავტომწარმოებელ BMW-სთან ერთობლივი განვითარების პროექტზე მუშაობა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ McLaren-მა და BMW-მ 24 მარტს ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც კომპანიები სპორტული ელექტრომანქანების არქიტექტურაზე ერთობლივად იმუშავებენ. შეთანხმების შესრულება სავალდებულო არ არის და შესაძლოა, ის გაუქმდეს Audi-სთან კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, Volkswagen-ი Porsche-ს ბრენდისა და Red Bull-ის ფორმულა 1-ის გუნდის თანამშრომლობასაც განიხილავს. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ორი გერმანული ბრენდი მალე ფორმულა 1-ის ჩემპიონატებზე ვიხილოთ.
რუსეთში Serie A-ს თამაშების ჩვენება გაგრძელდება
Lega Serie A-ს, იტალიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის მმართველი ორგანოს განცხადებით, რუსეთში, ქვეყნის უკრაინაში შეჭრის მიუხედავად, ტურნირის ფარგლებში გამართული თამაშების ჩვენება გაგრძელდება.
რუსეთში Serie A-ს ტრანსლაციის უფლება Gazprom-ის საკუთრებაში არსებულ სპორტულ ტელეარხ Match TV-ის აქვს მოპოვებული. შეგახსენებთ, რომ უკრაინაზე რუსეთის სამხედრო თავდასხმის შემდეგ რამდენიმე საფეხბურთო ლიგამ ოკუპანტი ქვეყნის კომპანიებთან გარიგებები და სახელმწიფოს ფარგლებში მატჩების ტრანსლირება შეაჩერა. მათ შორისაა ინგლისის პრემიერ-ლიგა და ინგლისის საფეხბურთო ლიგა. აღსანიშნავია, რომ ინგლისის პრემიერ-ლიგას რუსულ სამაუწყებლო პარტნიორთან, Rambler-თან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
Match TV-სთან ხელშეკრულება შეაჩერა საფრანგეთის პროფესიონალურმა საფეხბურთო ლიგამ (LFP). იტალიის „სერია A-ს“ მსგავსად რუსეთში გრძელდება გერმანიის „ბუნდესლიგისა“ და ესპანეთის „ლა ლიგის“ მატჩების ჩვენება. ისინი პლატფორმებს უკრაინის მხარდაჭერისა და მშვიდობისაკენ მოწოდებისთვის იყენებენ.
Lega Serie A-ს პრეზიდენტის, ლორენცო კასინის განცხადებით, ზოგიერთმა ევროპულმა ლიგამ რუსეთში მაუწყებლობის შეჩერება არჩია, სხვები კი მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, მშვიდობისკენ მოწოდება გაგრძელდეს და რუსი მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად ნაბიჯები გადაიდგას.
ამასთან, იტალიურ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ Serie A-ში მოასპარეზე კლუბების კაპიტნები სპეციალური სამკლავურების ტარებას გააგრძელებენ, რომლებზეც სიტყვა „მშვიდობა“ იქნება დატანილი. გარდა ამისა, ლიგა მხარდაჭერას უცხადებს ორგანიზაციებს, რომლებიც ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს ეხმარებიან.
საფრანგეთის ღია პირველობის შემდეგ ცონგა საჩოგბურთო კარიერას დაასრულებს
36 წლის ფრანგი ჩოგბურთელის, ჯო-ვილფრიდ ცონგას განცხადებით, საფრანგეთის ღია პირველობაზე, იმავე „როლან გაროსზე“ ასპარეზობის შემდეგ ის საჩოგბურთო კარიერას დაასრულებს. ტურნირი 22 მაისიდან 5 ივნისამდე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ცონგა ტრავმებმა შეაწუხა, რის გამოც 2019 წლის შემდგომ ჩოგბურთელმა თებერვალში მხოლოდ მეორე გამარჯვება მოიპოვა. უნდა ითქვას, რომ ზურგის ტრავმის გამო მან 2020 წელს თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა.
„საკუთარი თავი მეუბნება: ‘მაგრამ შეგიძლია, მთელი ცხოვრება ითამაშო’ და ამავდროულად, შენი სხეული შეგახსენებს, რომ საკუთარი თავის გადალახვის უნარი აღარ გაქვს“, – განაცხადა ცონგამ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში.
შეგახსენებთ, რომ ცონგამ 2008 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, ფრანგი ჩოგბურთელი „დიდი სლემის“ ხუთ ნახევარფინალში გავიდა. მას, კარიერის განმავლობაში, ATP-ის 18 ტიტული აქვს მოპოვებული, მათ შორის ორი Masters 1000-ის ტურნირი აქვს მოგებული. ცონგამ ჩოგბურთის პროფესიონალურ დონეზე თამაში 2004 წლიდან დაიწყო.
ცნობისთვის, ჯო-ვილფრიდ ცონგას კორტებზე 22,4 მილიონი აშშ დოლარი აქვს გამომუშავებული.
დიდ ბრიტანეთში ცნობილ სპორტსმენებს აზარტული თამაშების რეკლამებში მონაწილეობა აეკრძალებათ
დიდი ბრიტანეთის სარეკლამო პრაქტიკის კომიტეტის (CAP) მიერ გამოქვეყნებული ახალი წესების მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში მაღალი კლასის ფეხბურთელებსა და სხვა ცნობილ სპორტსმენებს აზარტული თამაშების რეკლამებში მონაწილეობა აეკრძალებათ.
კომიტეტის განცხადებით, აზარტული თამაშებისა და ლატარიის რეკლამები არ უნდა იყოს მიმზიდველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის. CAP-ის ინფორმაციით, ახალი რეგულაციები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება.
სარეკლამო პრაქტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით გაერთიანებულ სამეფოში აზარტული თამაშების რეკლამებში ვეღარ შევხვდებით:
- უმაღლესი კლასის ფეხბურთელებს
- ფეხბურთელებს, რომლებსაც სოციალურ ქსელებში 18 წელზე უმცროსი ასაკის მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობის მიმდევარი ჰყავთ
- სპორტის ნებისმიერი სხვა სახეობის წარმომადგენლებს, რომლებსაც სოციალურ ქსელებში 18 წელზე უმცროსი ასაკის მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობის მიმდევარი ჰყავთ
- მინიშნებას ვიდეოთამაშების კონტენტსა და თამაშებზე, რომლებიც პოპულარულია 18 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანებში
- ვარსკვლავებს რეალიტი სატელევიზიო შოუებიდან, რომლებიც პოპულარულია 18 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანებში.
„დათვლილია აზარტული თამაშების რეკლამების დღეები, რომელშიც სპორტის ვარსკვლავები მონაწილეობენ, ნაჩვენებია გამოსახულებები ვიდეოთამაშებიდან ან გამოყენებულია 18 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანებისთვის მიმზიდველი კონტენტი. ამ პრაქტიკის შეწყვეტით, ჩვენი ახალი წესები საფუძველს ჩაუყრის აზარტული რეკლამების ახალ ეპოქას, რომელიც უფრო მეტად იქნება მიმართული ზრდასრული აუდიტორიისკენ…“, – აცხადებს სარეკლამო პრაქტიკის კომიტეტის დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ინგლისის საფეხბურთო ლიგის კლუბებმა, მათ შორის „ლუტონ თაუნმა“, „ბოლტონ უონდერერსმა“, „ტრანმერ როვერსმა“ და „ფორესტ გრინ როვერსმა“ მთავრობას მოუწოდეს, ფეხბურთში აზარტული თამაშების ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების სპონსორობა აეკრძალა.
DFL: პანდემიამ გერმანული საფეხბურთო კლუბების შემოსავალი საგრძნობლად შეამცირა
გერმანიის საფეხბურთო ლიგის (DFL) ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში ბუნდესლიგისა და ბუნდესლიგა 2-ის კლუბების შემოსავალმა საერთო ჯამში დაახლოებით 1 მილიარდი ევროთი იკლო.
გერმანიის ბუნდესლიგისა და ბუნდესლიგა 2-ის კლუბების მიერ გამომუშავებულმა მთლიანმა შემოსავალმა 2020-21 წლების სეზონში 10,5%-იანი ვარდნა განიცადა და საერთო ჯამში €4.05 მილიარდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ, 2018-19 წლების სეზონთან შედარებით ორივე ლიგის შემოსავალი 750 მილიონ ევროზე მეტით შემცირდა. აქვე უნდა ითქვას, რომ 2016-17 წლების სეზონში მათი ჯამური შემოსავალი €4.01 მილიარდს შეადგენდა.
ზემოხსენებულის მიზეზი, დიდწილად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები იყო. მაგალითად, 2020-21 წლების სეზონის მატჩების უმეტესობა გულშემატკივრების გარეშე გაიმართა. ამის გამო, ე.წ. „მატჩის დღის“ შემოსავალმა 2018-19 წლების სეზონის €650 მილიონიდან 2020-21 წლების სეზონში €35.5 მილიონამდე იკლო.
DFL-ის განცხადებით, დახურული მატჩები ბუნდესლიგასა და ბუნდესლიგა 2-ში დასაქმებულთა რაოდენობის დროებით 50%-ით შემცირების მიზეზი გახდა. შედარებისთვის, 2020-21 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა 26 ათასს მცირედ აღემატებოდა, როცა წინა სეზონში ეს მაჩვენებელი თითქმის 53 ათასს აღწევდა.
დატოვე კომენტარი