გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა. მამაკაცთა შორის მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი 19 წლის ესპანელი ჩოგბურთელი, კარლოს ალკარასი გახდა. როჯერ ფედერერმა კი განაცხადა, რომ მომავალ კვირას ლონდონში დაგეგმილ Laver Cup-ზე ასპარეზობის შემდეგ პროფესიონალურ საჩოგბურთო კარიერას დაასრულებს. ამის პარალელურად, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) 2023 წლისთვის Challenger Tour-ის საპრიზო თანხის რეკორდული ზრდა დააანონსა.
რაც შეეხება სხვა სიახლეებს – მადრიდის „რეალმა“ 2021/22 ფინანსური წელი შეაჯამა; გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყინულის ჰოკეის გუნდის, Vegas Golden Knights-ის მფლობელი ბილ ფოლი ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „ბორნმუთის“ შესაძენად მოლაპარაკებებს მართავს; ლეგენდარული კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის მაისური, რომელიც მას 1998 წლის NBA-ის ფინალში ეცვა Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდება.
მოცემულ ბლოგში გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში მომხდარი ამ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ დეტალურად მოგითხრობთ.
კარლოს ალკარასი მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანია
19 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა, კარლოს ალკარასმა წლევანდელი US Open-ი მოიგო და ქულების ახალი თანაფარდობით ATP-ის რეიტინგს სათავეში მოექცა. შეგახსენებთ, აშშ-ის ღია პირველობის ფინალში, რომელიც 11 სექტემბერს გაიმართა, ალკარასმა ნორვეგიელი კასპერ რუდი ანგარიშით 6:4, 2:6, 7:6, 6:3 დაამარცხა.
ცნობისთვის, ATP-ის რეიტინგში მეორე ადგილს სწორედ 23 წლის ნორვეგიელი იკავებს, რომელიც ახალ პირველ ჩოგანს 890 ქულით ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ 19 წლის ესპანელი ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია, ვინც ATP-ის რეიტინგში გალიდერება შეძლო. ასევე უნდა ითქვას, რომ წლევანდელი US Open-ი კარლოს ალკარასის მიერ მოგებული პირველი „დიდი სლემია“.
„ეს არის ის, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი – ვყოფილიყავი მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი, ვყოფილიყავი „დიდი სლემის“ ჩემპიონი“, – განაცხადა კარლოს ალკარასმა ინტერვიუში. სპორტსმენმა ასევე დასძინა, რომ ამ წარმატებაში დიდი წვლილი მის ოჯახსა და გუნდს მიუძღვის.
კარლოს ალკარასის მიერ კარიერის განმავლობაში მოგებული საპრიზო თანხა საერთო ჯამში 9.1 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. აქედან მან მხოლოდ მიმდინარე წელს ტურნირებიდან $7.3 მილიონზე მეტი მიიღო.
მაიკლ ჯორდანის მაისური Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა
ლეგენდარული კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის მაისური, რომელიც მას 1998 წლის NBA-ის ფინალში ეცვა Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულ $10.1 მილიონად გაიყიდა. შეგახსენებთ, სააუქციონო სახლი მის გაყიდვას $3-დან $5 მილიონამდე იმედოვნებდა.
„უკანასკნელი ცეკვის“ სახელწოდებით ცნობილი „ჩიკაგო ბულზის“ მაისური ჯორდანს „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ მატჩის დროს ეცვა. „ბულზმა“ ეს შეხვედრა დათმო – ანგარიშით 88:85. ჯორდანმა პარკეტზე 45 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს თამაშის დამატებით დროში გადატანაში დაეხმარა, თუმცა „ოვერტაიმი“ მათთვის ცუდი შედეგით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ აუქციონზე გაყიდულ ყველაზე ძვირად ღირებულ სპორტულ მაისურებს დ ზოგადად, სამახსოვრო ნივთებს შორის რეკორდი აქამდე მარადონას 10-ნომრიან მაისურს ეკუთვნოდა. ის მიმდინარე წელს 9.3 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
მადრიდის „რეალმა“ ფინანსური წელი €13-მილიონიანი მოგებით დაასრულა
მადრიდის „რეალმა“ 2021/22 ფინანსური წელი 13 მილიონი ევროს ოდენობის მოგებით დახურა. ესპანური კლუბის განცხადებით, შემოსავლებზე კორონავირუსის პანდემიის გავლენა კვლავ შეინიშნებოდა.
აღსანიშნავია, რომ „რეალმა“ პანდემიით დაზარალებული სამი ფინანსური წლის განმავლობაში მოახერხა, მოგებაში დარჩენილიყო. როგორც ირკვევა, 2020 წლის მარტიდან პანდემიის გამო კლუბმა დაახლოებით 400 მილიონი ევროს ოდენობის შემოსავალი დაკარგა.
2021/22 წლების სეზონი ესპანური გრანდისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. „რეალმა“ უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი მე-14-დ მოიგო, მას შემდეგ, რაც ტურნირის ფინალში „ლივერპულს“ ერთი გოლით სძლია. გარდა ამისა, „სამეფო კლუბი“ ესპანეთის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონის, ლა ლიგის თასსაც დაეუფლა, ასევე ესპანეთის სუპერთასი მოიგო.
კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2021/22 ფინანსური წლის საოპერაციო შემოსავალმა 722 მილიონ ევროს მიაღწია, რაც 69 მილიონი ევროთი (10%) მეტია წინა ფინანსური წლის მაჩვენებელზე. „რეალის“ წარმომადგენლები აღნიშნულ ზრდას ეკონომიკურ შედეგებზე პანდემიის გავლენის კლებით ხსნიან.
აღსანიშნავია, რომ „სამეფო კლუბის“ წმინდა ვალმა, სტადიონის განახლების პროექტის გამოკლებით, 2022 წლის 30 ივნისისთვის დაახლოებით 263 მილიონ ევროს მიაღწია.
როჯერ ფედერერი საჩოგბურთო კარიერას ასრულებს
41 წლის შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. სპორტსმენის განცხადებით, მომავალ კვირას ლონდონში დაგეგმილი Laver Cup-ი მისთვის ATP-ის უკანასკნელი ტურნირი იქნება.
„41 წლის ვარ. 24 წლის განმავლობაში 1500-ზე მეტი მატჩი ჩავატარე. ჩოგბურთი იმაზე გულუხვი აღმოჩნდა ჩემ მიმართ, ვიდრე ვოცნებობდი. ახლა კი უნდა გავაცნობიერო, რომ კარიერის დასრულების დრო დადგა“, – განაცხადა „დიდი სლემის“ 20-გზის გამარჯვებულმა Instagram-ის პოსტში.
როჯერ ფედერერის კარიერის ბოლო რამდენიმე წელი ტრავმებით დატვირთული აღმოჩნდა. მან მუხლზე ორი ოპერაცია გაიკეთა – 2020 წელს და მას შემდეგ, რაც 2021 წლის „უიმბლდონის“ მეოთხედფინალში ჰუბერტ ჰურკაჩთან დამარცხდა.
ცნობისთვის, ფედერერის მიერ კარიერის განმავლობაში მოგებული საპრიზო თანხა საერთო ჯამში 130 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
Vegas Golden Knights-ის მფლობელი „ბორნმუთის“ შესაძენად მოლაპარაკებებს მართავს
ყინულის ჰოკეის გუნდის, Vegas Golden Knights-ის მფლობელი ბილ ფოლი ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „ბორნმუთის“ შესაძენად მოლაპარაკებებს მართავს. როგორც ირკვევა, AFC Bournemouth-ის ამჟამინდელმა მესაკუთრემ, რუს-ბრიტანელმა ბიზნესმენმა, მაქს დემინმა კლუბის გაყიდვის სურვილი თავად გამოთქვა.
The Athletic-ი, Daily Mail-ი და Sky Sports-ი წერენ, რომ კონსორციუმს, რომელშიც ინგლისური კლუბის შეძენის მსურველი ამერიკელი ინვესტორები ერთიანდებიან, ბილ ფოლი ხელმძღვანელობს. მათივე ვარაუდით, ჯგუფი მზადაა, რომ „ბორნმუთის“ სანაცვლოდ 150 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებებში კლუბის მხრიდან საინვესტიციო ბანკი Montminy & Co მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, მაქს დემინმა „ბორნმუთი“ 2011 წელს შეიძინა. კლუბი 2015-2020 წლებში პრემიერ-ლიგაში უწყვეტად ასპარეზობდა. ამის შემდეგ, მომდევნო ორი სეზონი მან ჩემპიონშიპში გაატარა და ახლა კვლავ უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა. ამჟამად ცხრილში „ბორნმუთი“ ექვს თამაშში მოგროვებული 7 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.
ინგლისის პრემიერ-ლიგის უკანასკნელი კლუბი, რომელიც ამერიკელი ინვესტორების ჯგუფმა შეიძინა, ლონდონის „ჩელსია“. კონსორციუმმა, ტოდ ბოლის ხელმძღვანელობით, მასში 4.25 მილიარდი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.
ATP Challenger Tour-ის საპრიზო თანხა 2023 წლისთვის რეკორდულ $21.1 მილიონამდე გაიზრდება
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) 2023 წლისთვის Challenger Tour-ის საპრიზო თანხის 60%-ით, რეკორდულ ნიშნულამდე, $21.1 მილიონამდე გაზრდა დააანონსა. ცნობისთვის, მეორე დონის საჩოგბურთო ტურნირების საპრიზო ფონდი მიმდინარე წელს 13.2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
აღნიშნული ზრდა შესამჩნევად შეეხება Challenger 100-ის ტურნირებსა ($106,240-დან $130,000-მდე) და Challenger 75-ის ტურნირებს ($53,120-დან $80,000-მდე).
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2023 წელს Challenger Tour-ის ფარგლებში რეკორდული რაოდენობის, 195 სპორტული ღონისძიება იგეგმება. შედარებისთვის, წელს ამ რანგის 183 ტურნირი ტარდება.
აღსანიშნავია, რომ ATP Challenger Tour-ზე წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში სპორტსმენები სარეიტინგო ქულებს იღებენ. საკმარისი ქულის მოგროვების შემთხვევაში, მათ უმაღლესი რანგის, ATP Tour-ის ჩემპიონატებში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.
დატოვე კომენტარი