გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. მედიაში ლიონელ მესის „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დაიწერა, ამის საფუძველი კი ესპანური კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, ედუარდ რომეუს განცხადება გახდა. ასევე, კრივის საერთაშორისო ასოციაციამ (IBA) განაცხადა, რომ აკრძალვას აუქმებს და რუსი და ბელარუსი სპორტსმენები და ოფიციალური პირები ამიერიდან შეძლებენ, მის ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღონ. პარალელურად, საფრანგეთის მთავრობამ სპორტში ენერგიის დაზოგვის გეგმა წარმოადგინა. ამერიკულმა Forbes-მა კი 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.
ბლოგში გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში მომხდარ სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნობით.
შესაძლოა, მესი „ბარსელონაში“ დაბრუნდეს
ბოლო დღეების განმავლობაში, სპორტულ მედიაში ლიონელ მესის „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით არაერთხელ დაიწერა. ამის საფუძველი კი ესპანური კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, ედუარდ რომეუს განცხადება გახდა.
როგორც რომეუმ პრესკონფერენციაზე თქვა, თუ კლუბი არგენტინელის დაბრუნებას მოისურვებს, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. „ჩვენ ვიცით, როგორ მოვახდინოთ სასწაულები. მესისთვის კარი ყოველთვის ღიაა“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, მესი „პარი სენ-ჟერმენს“ „ბარსელონიდან“ 2021 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მას კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. მოსალოდნელია, რომ ფრანგები ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაგრძელებასა და კონტრაქტის გახანგრძლივებას შეეცდებიან.
როგორც ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ლიონელ მესისთან დაახლოებული წყაროები ამტკიცებენ, რომ არგენტინელი საკუთარ მომავალს 2023 წელს გადაწყვეტს.
მესიმ 2022/23 წლების საკლუბო სეზონი საკმაოდ წარმატებულად დაიწყო. საფრანგეთის ლიგა 1-ში მის ანგარიშზე ცხრა შეხვედრაში ხუთი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, არგენტინელმა სამ შეხვედრაში თავი ორი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ მოცემული დროისთვის Transfermarkt-ზე მესის საბაზრო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს. კარიერის განმავლობაში არგენტინელი ყველაზე ძვირად, 180 მილიონ ევროდ, 2018 წელს ფასობდა.
IBA-მ რუს და ბელარუს მოკრივეებს აკრძალვა მოუხნა
კრივის საერთაშორისო ასოციაციამ (IBA) მორიგი პოტენციური დავა წამოიწყო საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC) და განაცხადა, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები და ოფიციალური პირები ამიერიდან შეძლებენ, მონაწილეობა მიიღონ მის ღონისძიებებში.
შეგახსენებთ, IBA-მ სხვა საერთაშორისო ფედერაციებთან ერთად, თავდაპირველად გაიზიარა IOC-ის ინიციატივა, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, გასცა რეკომენდაცია, ყველა ფედერაციასა და სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორს ამ ორი ქვეყნის წარმომადგენელი სპორტსმენები და ოფიციალური პირები შეჯიბრებებზე არ დაეშვა. ახლა კი კრივის საერთაშორისო ასოციაციამ ეს აკრძალვა გააუქმა და რუს და ბელარუს სპორტსმენებს ტურნირებზე საკუთარი ქვეყნების დროშის ქვეშ ასპარეზობის, ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში კი, ეროვნული ჰიმნის აჟღერების უფლებას აძლევს.
„IBA-ს მტკიცედ სჯერა, რომ პოლიტიკას არ უნდა ჰქონდეს რაიმე სახის გავლენა სპორტზე. ამიტომ, ყველა სპორტსმენს თანაბარი პირობები უნდა შეექმნას“, – ნათქვამია კრივის საერთაშორისო ასოციაციის პრესრელიზში.
როგორც ამჟამად არის მიჩნეული, IBA პირველი საერთაშორისო ფედერაციაა ოლიმპიურ სპორტში, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთისა და ბელარუსისთვის დაწესებული აკრძალვა გააუქმა.
საფრანგეთის მთავრობამ სპორტში ენერგიის დაზოგვის გეგმა გამოაქვეყნა
საფრანგეთის სპორტული ორგანოები და ცენტრები უახლოეს თვეებში ენერგიის დაზოგვის მიზნით გარკვეულ ზომებს გაატარებენ. ახალი ძალისხმევა მთავრობის გეგმის ნაწილია, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ენერგიის მოხმარების 10%-ით შემცირებას ითვალისწინებს.
ზომებს შორის იქნება, მატჩების დღისით ჩატარება, მოედნების განათების შემცირებული გამოყენება. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი 2050 წლისთვის საფრანგეთის ენერგიის მოხმარების 40%-ით შემცირებისკენ, ვინაიდან ქვეყანა ნახშირბადნეიტრალურობისკენ ისწრაფვის.
ინიციატივას მიესალმება Ligue Nationale de Rugby (LNR), საფრანგეთის რაგბის ეროვნული ლიგა. LNR-ის განცხადებით, ის აქტიურად იმუშავებს დღის მატჩების განათების მაქსიმალურად შესამცირებლად, ხელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში. გარდა ამისა, LNR პირობას დებს, შეამციროს ღამის თამაშებისას ჩართული განათების დრო – ამჟამად რაგბის მატჩებზე განათებები ჩართულია 100%-იანი სიმძლავრით შეხვედრის დაწყებამდე 90 წუთით ადრე.
აქვე საყურადღებოა ტონი ესტანგეს განცხადება, რომელიც საფრანგეთში 2024 წლისთვის დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტია. მისი თქმით, მომავალი თამაშებისას წინა ოლიმპიადასთან შედარებით ნახშირბადის ემისია განახევრდება.
უკრაინას 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სურს
უკრაინა შეუერთდა ესპანეთისა და პორტუგალიის წინადადებას 2030 წლის FIFA-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის, მას შემდეგ რაც დადასტურდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნულ ნაბიჯს მხარი დაუჭირა.
როგორც ცნობილია, ზელენსკი ესაუბრა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს და პორტუგალიის პრემიერის, ანტონიუ კოშტას ადმინისტრაციას გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც, უკრაინა 2030 წელს 48-გუნდიანი ტურნირის საწყის ეტაპზე 16 ჯგუფიდან ერთ-ერთს უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, 2012 წელს უკრაინამ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა პოლონეთთან ერთად. მატჩები ჩატარდა უკრაინის ოთხ ქალაქში, მათ შორის ხარკოვსა და დონეცკში, რომლებიც რუსეთის ქვეყანაში შეჭრის შემდეგ დაბომბვისას მნიშვნელოვნად დაზიანდა.
„ევრო 2012“-ის ფინალი კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა. აქვე ჩატარდა 2018 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს „მადრიდის რეალი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდნენ.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, კანადა და მექსიკა ერთობლივად უმასპინძლებენ. 2026 FIFA World Cup- ზე, ტურნირის ისტორიაში პირველად, ერთმანეთს 48 გუნდი დაუპირისპირდება. გუნდების რაოდენობის 32-დან 48-მდე გაზრდის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალში ტურნირს მხოლოდ ერთმა ქვეყანამ უმასპინძლოს.
გასულ თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის წინადადებას საუდის არაბეთიც ამზადებს, ეგვიპტესთან და საბერძნეთთან ერთად.
Forbes: 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელები
ამერიკულმა Forbes-მა 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ წელს სიის სათავეში არა კრიშტიანუ რონალდუ ან ლიონელ მესი, არამედ ფრანგი კილიან მბაპეა მოქცეული. გამოცემის შეფასებით, ეს უკანასკნელი 2022-23 წლების სეზონში 128 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებს გადასახადებისა და აგენტების ხარჯის გამოკლებით, რაც Forbes-ის ყოველწლიურ რეიტინგში რეკორდული მაჩვენებელია.
უნდა ითქვას, რომ კრიშტიანუ რონალდუმა და მესიმ წლიური შემოსავლის $100-მილიონიანი ზღვარი 30 წელზე უფროს ასაკში გადალახეს, ფრანგმა ფეხბურთელმა კი ეს 23 წლის ასაკში შეძლო.
სფეროს ექსპერტების აზრით, მბაპეს გარიგებების პირობების თანახმად, რომელიც, ისევე როგორც საფეხბურთო კონტრაქტების უმეტესობა საჯაროდ ცნობილი არ არის, ფრანგი მიმდინარე სეზონში დაახლოებით 110 მილიონ აშშ დოლარს დააგროვებს ხელფასისა და პრემიის წყალობით. ამას, სავარაუდოდ, დაემატება 18 მილიონი აშშ დოლარი, რომელსაც მბაპე ყოველწლიურად იღებს პარტნიორებისგან, მათ შორის Nike-ისგან, Dior-ისგან, Hublot-ისგან, Oakley-სა და Panini-სგან.
რაც შეეხება მოედანს გარეთ სხვა აქტივობებს, მბაპე ზედიზედ უკვე მესამე წელია, რაც EA Sports-ისა და FIFA-ს ვიდეოთამაშის გარეკანზე ჩნდება. მან ასევე დააარსა საკუთარი საპროდიუსერო კომპანია Zebra Valley და შეუერთდა NFT-პლატფორმა Sorare-ს, როგორც ელჩი და ინვესტორი.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან მოყოლებული Forbes-ის რეიტინგში პირველ ორ ადგილს მესი და რონალდუ ინაწილებდნენ, ახლა კი, შესაბამისად, მეორე და მესამე პოზიციას იკავებენ. აქვე უნდა ითქვას, რომ არგენტინელმა გამოცემის მიერ მაისში გამოქვეყნებულ ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა აღნიშნული სიის შედგენისას გამოყენებული მონაცემები სხვა პერიოდის, გასული 12 თვის შედეგებს ეყრდნობა.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ ნორვეგიელი ერლინგ ჰაალანდი, რომელიც Forbes-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების ათეულში წელს პირველად გამოჩნდა. გამოცემის დათვლებით, „მანჩესტერ სიტის“ 22 წლის მოთამაშე მიმდინარე სეზონში საერთო ჯამში 39 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავებას შეძლებს.
Forbes-ის შეფასებით, ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში, სავარაუდოდ, მთლიანობაში 652 მილიონ აშშ დოლარს შეაგროვებს, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე ($585 მილიონი) 11%-ით მეტია. საყურადღებოა, რომ მხოლოდ პირველ სამ ფეხბურთელზე ათეულის მთლიანი შემოსავლის 50%-ზე მეტი მოდის.
Forbes-ის 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების ათეული ასე გამოიყურება:
- კილიან მბაპე („პარი სენ-ჟერმენი) – $128 მილიონი
მოედანზე გამომუშავებული თანხა: $110 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $18 მილიონი
- ლიონელ მესი („პარი სენ-ჟერმენი“) – $120 მილიონი
მოედანზე გამომუშავებული თანხა: $65 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $55 მილიონი
- კრიშტიანუ რონალდუ („მანჩესტერ იუნაიტედი“) – $100 მილიონი
მოედანზე გამომუშავებული თანხა: $40 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $60 მილიონი
- ნეიმარი („პარი სენ-ჟერმენი“) – $87 მილიონი
მოედანზე გამომუშავებული თანხა: $55 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $32 მილიონი
- მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“) – $53 მილიონი
მოედანზე გამომუშავებული თანხა: $35 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $18 მილიონი
- ერლინგ ჰაალანდი („მანჩესტერ სიტი“) – $39 მილიონი
მოედანზე გამომუშავებული თანხა: $35 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $4 მილიონი
- რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“) – $35 მილიონი
მოედანზე გამომუშავებული თანხა: $27 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $8 მილიონი
- ედენ აზარი („მადრიდის რეალი“) – $31 მილიონი
მოედანზე გამომუშავებული თანხა: $27 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $4 მილიონი
- ანდრეს ინიესტა („ვისელი“) – $30 მილიონი
მოედანზე გამომუშავებული თანხა: $25 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $5 მილიონი
- კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“) – $29 მილიონი
მოედანზე გამომუშავებული თანხა: $25 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $4 მილიონი
დატოვე კომენტარი