გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. ქალთა და მამაკაცთა შორის 2022 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელთა ვინაობა გაირკვა. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეები სპორტის ქართველი ქომაგისთვის საკმაოდ საყურადღებო აღმოჩნდა: Goal.com-მა „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია 2023 წლის „ოქროს ბურთის“ მიღების კანდიდატთა შორის მე-15 ადგილზე დაასახელა; Indiana Pacers-მა გოგა ბითაძესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა; გიორგი მამარდაშვილით კი „იუვენტუსი“ და „ტოტენჰემი“ დაინტერესდნენ.

მოცემულ ბლოგში გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში მომხდარ ამ და სხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნობით.

ქალთა და მამაკაცთა შორის 2022 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელები გამოვლინდნენ

17 ოქტომბერს, პარიზში „ოქროს ბურთის“ რიგით 66-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც 2021/22 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები გამოვლინდნენ. შეგახსენებთ, ფეხბურთის სამყაროში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა, France Football-ი გასცემს.

ქალთა შორის საუკეთესო ფეხბურთელად კატალონიის „ბარსელონის“ ნახევარმცველი, ალექსია პუტელიასი დასახელდა. აღსანიშნავია, რომ მან „ოქროს ბურთი“ ზედიზედ მეორედ მოიგო. აგვისტოში პუტელიასი 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელ ქალად UEFA-მაც დაასახელა. ცნობისთვის, ესპანელმა ნახევარმცველმა ეს ტიტულიც მეორედ მოიგო.

ფოტო: Getty

„ბარსელონის“ კაპიტანმა 2021-22 წლების სეზონში ყველა ტურნირზე საერთო ჯამში 34 გოლის გატანა შეძლო, რაც მის მიერ ერთ სეზონში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია. მან კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მოახერხა.

მამაკაცთა შორის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, ქარიმ ბენზემა დასახელდა, რომელმაც „ოქროს ბურთი“ კარიერაში პირველად მოიგო. ალექსია პუტელიასის მსგავსად, აგვისტოში UEFA-მ ისიც 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, მამაკაცთა შორის.

ფოტო: Getty Images

მადრიდის „რეალის“ მოთამაშემ კლუბის მიერ ჩემპიონთა ლიგის რიგით მე-14 ტიტულის მოპოვებაში დიდი როლი ითამაშა. ბენზემამ ტურნირზე 15 გოლი გაიტანა და გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. საერთო ჯამში კი ფრანგი ფეხბურთელის მიერ 2021/22 წლების სეზონში საკლუბო ჩემპიონატებში გატანილი გოლების რაოდენობა 44-ს შეადგენს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ France Football-ი ევროპის მასშტაბით სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს „ოქროს ბურთით“ (ფრანგ. Ballon D’Or) 1956 წლიდან აჯილდოებს. მამაკაცთა შორის ეს ჯილდო ყველაზე მეტჯერ, 7-ჯერ, არგენტინის ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელს, ლიონელ მესის აქვს მოგებული. მეორე ადგილზე 5 „ოქროს ბურთით“ პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავს.

Goal.com: 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტებს შორის კვარაცხელია მე-15 ადგილზეა

მსოფლიოს ერთ-ერთმა პოპულარულმა სპორტულმა გამოცემამ, Goal.com-მა „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, საფეხბურთო სამყაროს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ მიღების კანდიდატთა შორის მე-15 ადგილზე დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ „ოქროს ბურთის“ შემდეგი დაჯილდოება მომავალ ოქტომბერს გაიმართება და თან, წელს მსოფლიო ჩემპიონატია, რომელზეც საქართველოს ნაკრები არ მონაწილეობს, ამგვარ სიაში მოხვედრა ხვიჩა კვარაცხელიასთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

როგორც უკვე გითხარით, 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შორის ხვიჩა კვარაცხელია მე-15 ადგილს იკავებს – აღნიშნულ სიაში, ქართველმა დორტმუნდის „ბორუსიის“ შემტევს, ჯუდ ბელინგემს, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველს, ფედერიკო ვალვერდეს, ეინდჰოვენის PSV-ს შემტევს, კოდი გაკპოს, „მილანის“ შემტევს, რაფაელ ლეაოსა და მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევს, ლიროი ზანეს გადაუსწრო.

ფოტო: Getty Images

„ევროპული საფეხბურთო სეზონის ახალი ვარსკვლავი – ადამიანი, რომელსაც ნეაპოლში „კვარადონას“ უწოდებენ, ამ სეზონში, Serie A-სა და „ჩემპიონთა ლიგის“ ნამდვილი აღმოჩენაა.

კვარაცხელია „ნაპოლის“ იმ შემტევი დანაყოფის ნაწილია, რომელმაც ყველა მოწინააღმდეგე ამაღელვებელი ფეხბურთით გააოცა. კვარაცხელიას თამაშის სტილმა და უშეცდომო პასებისა და დარტყმის უნარმა გულშემატკივრები ყველა იმ სტადიონზე აღაფრთოვანა, სადაც მას 2022-23 წლების სეზონში უთამაშია.

მას არ ექნება საშუალება, რომ იმ ადამიანებს, ვინც „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ხმას აძლევენ, საკუთარი ნიჭი მსოფლიო ჩემპიონატზე დაანახვოს, მაგრამ თუ საკუთარ ფორმას შეინარჩუნებს, არ არსებობს არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა იყოს ის მისი ერთ-ერთი პრეტენდენტი“, – ვკითხულობთ გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

Indiana Pacers-მა გოგა ბითაძესთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა

Indiana Pacers-მა გუნდის ქართველ ცენტრთან, გოგა ბითაძესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, კალათბურთელს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს, თავისუფალი აგენტის სტატუსით.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წესდების თანახმად, ახალწვეულების ხელშეკრულებები გუნდებმა მოთამაშეების ბოლო საკონტრაქტო წლის ამოწურვამდე უნდა გაახანგრძლივონ. გამომდინარე იქიდან, რომ წლევანდელი სეზონი 2019 წლის ახალწვეულებისთვის რიგით მეოთხე და უკანასკნელია, ხელშეკრულების არგახანგრძლივების შემთხვევაში, ერთი წლის შემდეგ, მოთამაშე თავისუფალი აგენტი ხდება. Indiana Pacers-ს ბითაძესთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებისთვის ვადა გასულ ორშაბათამდე ჰქონდა მიცემული, თუმცა გუნდმა ოპცია არ გამოიყენა.

ფოტო: NBA

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისა და Indiana Pacers-ის ურთიერთობა 2019 წელს დაიწყო, როცა ინდიანოპოლისურმა გუნდმა ქართველი ცენტრი დრაფტზე მე-18 პიკად აიყვანა. მას მერე, გოგა ბითაძეს გუნდში ეპიზოდური როლები ჰქონდა და მაღალი კონკურენციის გამო, გუნდის ძირითად ხუთეულში თავის დამკვიდრება მოთამაშისთვის რთული აღმოჩნდა. მიმდინარე წლის სეზონისწინა თამაშებში, ბითაძემ საშუალოდ 7.3 ქულა, 4.0 მოხსნა და 2.7 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ამასთანავე, ბითაძე ყველაზე შედეგიანი იყო სამქულიანების მხრივ (75%) და რიგით მესამე – სროლის პროცენტით (64.3%).

თუმცა, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ გოგა ბითაძე მუდმივად პროგრესირებს, რაზეც გასული სეზონიც მიუთითებს, რომელიც, ქართველი ცენტრის კარიერაში საუკეთესო იყო. თავდაპირველად, ბითაძე საშუალოდ 7.0 ქულას და 3.5 მოხსნას აგროვებდა, მაგრამ All-Star-ის შესვენების შემდეგ, ქართველმა თამაშის ხარისხს უმატა და სეზონის მიწურულს, თამაშში, საშუალოდ 11.8 ქულას და 5.1 მოხსნას აგროვებდა.

ჰანს ნიმანმა ცილისწამების ბრალდებით $100-მილიონიანი სარჩელი შეიტანა მაგნუს კარლსენისა და Chess.com-ის წინააღმდეგ

ჭადრაკის 19 წლის ამერიკელმა დიდოსტატმა, ჰანს ნიმანმა, რომელიც სავარაუდო თაღლითობის სკანდალის ცენტრშია მოქცეული, ხუთშაბათს მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენის, ონლაინპლატფორმა Chess.com-ისა და სხვათა წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ნიმანი ბრალდებულებისგან კომპენსაციის სახით მინიმუმ $100 მილიონს ითხოვს.

სარჩელში, რომელიც აშშ-ის მისურის შტატის საოლქო სასამართლოშია შეტანილი, მოპასუხეებად ასევე ჩამოთვლილნი არიან კარლსენის საჭადრაკო ონლაინპლატფორმა Play Magnus-ი, Chess.com-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, დენი რენში და ჭადრაკის იაპონელ-ამერიკელი დიდოსტატი, ჰიკარუ ნაკამურა.

ჰანს ნიმანის განცხადებით, ბრალდებულებს ის შეთანხმებულად „შავ სიაში“ ჰყავთ შეყვანილი. 19 წლის დიდოსტატმა ისიც აღნიშნა, რომ მას ტურნირის ორგანიზატორები ერიდებოდნენ მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა კარლსენმა ნიმანი საჯაროდ დაადანაშაულა თაღლითობაში.

ფოტო: dpa

შეგახსენებთ, კარლსენის მოულოდნელმა დამარცხებამ ნიმანთან და სექტემბერში მისმა სენტ-ლუისის Sinquefield Cup-იდან საკუთარი სურვილით ჩახსნამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ჰიკარუ ნაკამურა ირწმუნებოდა, რომ 19 წლის დიდოსტატმა თამაშის დროს ითაღლითა. ტურნირიდან ჩახსნა, მოგვიანებით ნორვეგიელმა დიდოსტატმაც ნიმანის მიერ თაღლითური თამაშით ახსნა.

ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში, Chess.com-ის ადვოკატებმა თქვეს, რომ ნიმანის ბრალდებები საფუძველსაა მოკლებული. მათ აღნიშნეს, რომ კომპანია შეწუხებულია ახალგაზრდა დიდოსტატის გადაწყვეტილებით, სამართლებრივი დავის წამოწყებასთან დაკავშირებით.

Chess.com-მა ნიმანს აკრძალვა კარლსენთან პირველი მატჩის შემდეგ დაუწესა და მიმდინარე თვის დასაწყისში გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ 19 წლის დიდოსტატმა ონლაინ თამაშებში, შესაძლოა, 100-ზე მეტჯერ იცრუა.

აქვე გეტყვით, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (FIDE) გასულ თვეში განაცხადა, რომ დაიწყებს გამოძიებას შესაძლო თაღლითობის ბრალდებებთან დაკავშირებით.

გიორგი მამარდაშვილით „იუვენტუსი“ და „ტოტენჰემი“ დაინტერესდნენ

ბოლო დღეებში, სპორტულ მედიაში ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ არაერთხელ დაიწერა. იტალიური La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „ვალენსიის“ მოთამაშით ტურინის „იუვენტუსი“ დაინტერესდა. როგორც გამოცემა წერს, კლუბმა მოთამაშეზე დასაკვირვებლად „სევილიასთან“ გამართული მატჩის დროს წარმომადგენელიც გაგზავნა.

ამჟამად, „იუვენტუსის“ პირველი მეკარე 32 წლის პოლონელი, ვოიჩეხ ტომაშ შჩესნია, რომელსაც იტალიურ კლუბთან კონტრაქტი წელიწად-ნახევარში ეწურება.

ფოტო: David Aliaga/NurPhoto

პარალელურად, კიდევ ერთხელ დაიწერა, რომ 22 წლის ქართველით ინგლისური გრანდი, „ტოტენჰემია“ დაინტერესებული. შეგახსენებთ, მსგავსი ინფორმაცია ესპანურმა სპორტულმა გამოცემა Marca-მ ჯერ კიდევ მაისში გაავრცელა.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, „ტოტენჰემი“ თანახმაა, მამარდაშვილის სანაცვლოდ 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.

„ასტონ ვილამ“ სტივენ ჯერარდი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა

ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა, „ასტონ ვილამ“, რომელიც პრემიერ-ლიგაში ასპარეზობს, სტივენ ჯერარდი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ლეგენდარულმა მოთამაშემ კლუბი 2021 წლის ნოემბერში ჩაიბარა.

„გვსურს, მადლობა გადავუხადოთ სტივენს შრომისმოყვარეობისა და ერთგულებისთვის და წარმატება ვუსურვოთ მას მომავალში“, – ნათქვამია „ასტონ ვილას“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში.

ფოტო: expressandstar.com

ჯერარდის მიერ გაწვრთნილმა „ასტონ ვილამ“ ბოლო მატჩი სტუმრად „ფულემთან“ ჩაატარა და ანგარიშით 3:0 დამარცხდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ჯერარდის კლუბს 62 წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს, როდესაც უკვე 1:0-ს აგებდა. 10 კაცით დარჩენილმა „ასტონ ვილამ“ არათუ მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო, არამედ საკუთარ კარში ორი უპასუხო გოლი მიიღო.

მე-11 ტურის შემდეგ, „ასტონ ვილა“ პრემიერ-ლიგის ცხრილში გასავარდნ ზონასთან ახლოსაა და მე-17 ადგილს იკავებს. კლუბი 11 მატჩში ექვსჯერ დამარცხდა, ორჯერ გაიმარჯვა, სამჯერ კი ფრედ ითამაშა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *