გასულ კვირას სპორტის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა. FIFA-მ უფასო სტრიმინგ-სერვისი FIFA+ გაუშვა. რუსი ავტომრბოლელის, ნიკიტა მაზეპინის ოჯახს სარდინიაზე მდებარე €105-მილიონიანი ვილა ჩამოართვეს. ამის პარალელურად, ბრიტანეთმა „ჩელსის“ მფლობელ რომან აბრამოვიჩთან დაკავშირებულ ორ პირს, ლონდონური კლუბის დირექტორ ეუგენ ტენენბაუმსა და დავიდ დავიდოვიჩს 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების აქტივები გაუყინა.
მნიშვნელოვანი სიახლეებია სპორტის სფეროში მომუშავეთა სასამართლო ბრალდებებთან დაკავშირებით. შვეიცარიის ფედერალური სისხლის სამართლის სასამართლოს განცხადებით, ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი მიმდინარე წლის ივნისში თაღლითობის ბრალდებით გასამართლდებიან. FIA-მ კი რუსი არტიომ სევერიუხინის წინააღმდეგ, რომელიც კარტინგის იტალიური გუნდის Ward Racing-ის ყოფილი პილოტია, სპორტსმენის საჯარო ნაცისტურ მისალმებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამასთან, პროკურორები, რომლებიც დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეს იძიებენ, მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი სამედიცინო პერსონალის გასამართლებას ითხოვენ.
მოცემულ ბლოგში გასული კვირის ამ მნიშვნელოვან სპორტულ სიახლეებს დეტალურად მიმოვიხილავთ.
რუსი ავტომრბოლელის, ნიკიტა მაზეპინის ოჯახს იტალიაში €105-მილიონიანი ვილა ჩამოართვეს
მედიასააგენტო Reuters-ის ცნობით, რუსი ავტომრბოლელის, ნიკიტა მაზეპინის ოჯახს იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე მდებარე ვილა ჩამოართვეს, რომელიც 105 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ამის მიზეზი სპორტსმენის მამისთვის, დმიტრი მაზეპინისთვის დაწესებული სანქციებია. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია.
ვილას, რომელიც სარდინიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კოსტა-სმერალდის სანაპიროზე მდებარეობს, 25 ოთახი, მდიდრული ბაღები და დიდი საცურაო აუზი აქვს.
„არ ვეთანხმები სანქცირებულთა შორის მოხვედრას. ადრეც ვთქვი, რომ თანახმა ვარ, ვიბრძოლო. ალბათ ახლა არ არის შესაფერისი დრო. თუ გადავხედავთ სიტუაციას, რაც ხდება [რუსი] სპორტსმენების მიმართ, ეს არის ჩემი ქვეყნის კულტურის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა ნიკიტა მაზეპინმა BBC-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ნიკიტა Haas-ის ფორმულა 1-ის გუნდიდან გაუშვეს. რამდენიმე დღის შემდეგ იგი ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსების სიაში აღმოჩნდა მამამისთან ერთად, რომელიც ქიმიკატების ინდუსტრიის გიგანტის, Uralchem-ის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორია.
იტალიამ რუს ოლიგარქებს ასობით მილიონი ევროს ღირებულების ქონება გაუყინა. სანქციები, ძირითადად, მდიდრულ ვილებსა და იახტებს შეეხო.
FIFA-მ უფასო სტრიმინგ-სერვისი FIFA+ გაუშვა
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ, FIFA-მ უფასო სტრიმინგ-სერვისი FIFA+ გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
FIFA+-ის მომხმარებლები საშინაო ლიგის თამაშების ლაივ-რეჟიმში ყურებას შეძლებენ – მათ შორის, მამაკაცთა ფეხბურთის წელიწადში 29,000-ზე მეტი მატჩის, ხოლო ქალთა ფეხბურთის – 11,000-ზე მეტი შეხვედრის. გარდა ამისა, მომხმარებლები პლატფორმის დახმარებით გაეცნობიან საფეხბურთო სიახლეებს, ტურნირების შესახებ ინფორმაციასა და ვიდეოებს არქივიდან.
FIFA-ს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატარში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების გამართვამდე FIFA+-ის მომხმარებლებს ამავე ტურნირის მთლიანი არქივის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ. საერთო ჯამში საარქივო ვიდეოებს, რომლებზეც მამაკაცთა და ქალთა მსოფლიო ჩემპიონატების მატჩებია აღბეჭდილი, 2,000 საათზე მეტი დრო დაეთმობა.
გარდა ამისა, FIFA პლატფორმის დახმარებით ფეხბურთის გულშემატკივრებს ორიგინალ კონტენტსაც შესთავაზებს. წარმოდგენილი იქნება სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები, დოკუმენტური სერიალები, ტოქშოუები და მოკლემეტრაჟიანი ფილმები – ლოკალიზებული 11 ენაზე.
აღსანიშნავია, რომ FIFA-მ სერვისის გაშვების შემდეგ პლატფორმაზე YouTube-ის კონტენტი გადაიტანა, რომელიც კლასიკური მატჩებისა და სპორტული ღონისძიებების გაშუქებას ეთმობოდა.
ცნობისთვის, საკუთარი სტრიმინგ-სერვისი საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაცია UEFA-მ, რომელიც ევროპულ ფეხბურთსა და ევროპული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს აკონტროლებს, 2019 წელს გაუშვა. პლატფორმას Uefa.tv ეწოდება.
პროკურორები მარადონას „გაუფრთხილებლობით მკვლელობის“ ბრალდებით ექიმების გასამართლებას ითხოვენ
პროკურორები, რომლებიც ფეხბურთის ლეგენდის, დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეს იძიებენ, სამედიცინო პერსონალის გასამართლებას ითხოვენ. ისინი ექიმებს არგენტინელი ფეხბურთელის „გაუფრთხილებლობით მკვლელობაში“ ადანაშაულებენ.
ბრალდების მხარის განცხადებაში ნათქვამია, რომ მარადონას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი რვა ექიმის არასწორმა მკურნალობამ და გადაწყვეტილებებმა ფეხბურთელი “უმწეო მდგომარეობაში” ჩააყენა. გარდა ამისა, პროკურორებისთვის გაურკვეველია მედპერსონალის გადაწყვეტილება, მძიმე მდგომარეობაში მყოფ მარადონას მკურნალობა სახლში გაეგრძელებინა.
შეგახსენებთ, რომ მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი ათწლეულების განმავლობაში კოკაინსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა.
ბრალდების მთავარი სამიზნეები ნეიროქირურგი და ოჯახის ექიმი ლეოპოლდო ლუკე, ასევე ფსიქიატრი აგუსტინა კოსაჩოვი არიან. სწორედ ისინი იყვნენ ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი მთავარი პირები. ბრალდებულია ექვსი სხვა ექიმიც, მათ შორის ფსიქოლოგი კარლოს დიასი და სამედიცინო კოორდინატორი ნენსი ფორლინი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილებს რვიდან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრიტანეთმა აბრამოვიჩთან დაახლოებულ ორ პირს აქტივები გაუყინა
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მილიარდერ რომან აბრამოვიჩთან დაკავშირებულ ორ პირს სანქციები დაუწესა. მათ შორის არიან „ჩელსის“ დირექტორი ეუგენ ტენენბაუმი და დავიდ დავიდოვიჩი, რომლებიც დიდი ხანია, რაც ლონდონური საფეხბურთო კლუბის მფლობელი აბრამოვიჩის საქმიანი პარტნიორები არიან.
გაერთიანებულმა სამეფომ საერთო ჯამში ეუგენ ტენენბაუმისა და დავიდ დავიდოვიჩის 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების აქტივები გაყინა. საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის განცხადებით, ბრიტანეთის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი ღირებულების აქტივების გაყინვაა.
შედეგად, ეუგენ ტენენბაუმი და დავიდ დავიდოვიჩი უერთდებიან იმ პირთა სიას, რომლებსაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციები დაუწესეს. ამავე სიაშია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ორი ქალიშვილი. აღნიშნული ზომები სანქცირებულ პირებს ხელს შეუშლით ფინანსური აქტივების რუსეთში გადატანაში.
დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ახალი სანქციები კოორდინირებული იყო კუნძულ ჯერსისთან, რომელმაც ახლახან გაყინა აბრამოვიჩის 5,4 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების აქტივები. როგორც ირკვევა, გაყინულია არა მხოლოდ ის აქტივები, რომლებიც უშუალოდ ჯერსიზე ინახება, არამედ ისინიც, რომელთაც კუნძულზე რეგისტრირებული კომპანიები მის საზღვრებს გარეთ ფლობენ.
ცნობისთვის ჯერსი ლა-მანშის სრუტეში მდებარე მცირე ზომის კუნძულია, რომელიც ბრიტანეთის დედოფლის დაქვემდებარებაშია, თუმცა გაერთიანებულ სამეფოში არ შედის.
საერთო ჯამში, გაერთიანებული სამეფოს მიერ 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ სანქცირებული პირების რაოდენობა ახლა უკვე 106-ს შეადგენს.
ზეპ ბლატერსა და მიშელ პლატინის კორუფციის ბრალდებით ივნისში გაასამართლებენ
შვეიცარიის ფედერალური სისხლის სამართლის სასამართლოს განაცხადებით, FIFA-ს ყოფილი მაღალჩინოსნები, ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი თაღლითობისა და სხვა დანაშაულების ბრალდებით გასამართლდებიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ძიება უკვე ექვსი წელია, მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი სასამართლოს წინაშე მიმდინარე წლის ივნისში წარდგებიან.
ბლატერს, რომელიც ფიფას პრეზიდენტის პოსტს 1998-დან 2015 წლამდე იკავებდა, ბრალად ედება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და პლატინისთვის 2011 წელს 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (1,98 მილიონი ევრო) გადახდა. აღსანიშნავია, რომ მოცემულ პერიოდში პლატინიმ წერილობითი თხოვნით მიმართა ორგანიზაციას, რომ პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობისთვის მისთვის დამატებითი ხელფასი გადაეხადათ.
86 წლის ბლატერი და 66 წლის პლატინი უარყოფენ ბრალდებას და აცხადებენ, რომ მათ აღნიშნული თანხის გადახდის თაობაზე სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდათ დადებული. აქვე უნდა ითქვას, რომ 2011 წელს, როდესაც ბლატერმა პლატინის დამატებითი ხელფასი გადაუხადა, ის FIFA-ს ახალი ვადით პრეზიდენტობისთვის იყრიდა კენჭს. პლატინის გავლენა კი ევროპელ ამომრჩევლებზე განიხილებოდა, როგორც მთავარი ფაქტორი არჩევნებში გამარჯვებისთვის.
”შვეიცარიის გენერალური პროკურატურის მიერ შეგროვებულმა მტკიცებულებებმა დაადასტურა, რომ პლატინისთვის თანხის გადახდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა”, – განაცხადეს ფედერალურმა პროკურორებმა გასულ წელს.
შვეიცარიის ფედერალური პროკურორების მიერ 2015 წლის სექტემბერში გამოვლენილი ბრალდებების გამო ბლატერი ფიფას პრეზიდენტის პოსტიდან მოხსნეს. თანამდებობა დატოვა ასევე პლატინიმაც, რომელიც UEFA-ს პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
თაღლითობისა და დოკუმენტების გაყალბების შესახებ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თითოეულ მათგანს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
არტიომ სევერიუხინის ნაცისტური სტილის მისალმებაზე გამოძიება დაიწყო
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია FIA-მ რუსი არტიომ სევერიუხინის წინააღმდე, რომელიც კარტინგის იტალიური გუნდის Ward Racing-ის ყოფილი პილოტია, გამოძიება დაიწყო. მიზეზი 15 წლის სპორტსმენის ნაცისტური სტილის მისალმებაა, რომელიც მან რბოლის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიის დროს პოდიუმზე დგომისას გამოიყენა.
სამხრეთ პორტუგალიაში გამართულ კარტინგის ევროპის ჩემპიონატში რუსმა სპორტსმენმა გაიმარჯვა. ვინაიდან ის იტალიური გუნდის ღირსებას იცავდა, დაჯილდოების ცერემონიაზე ამ ქვეყნის ჰიმნი აჟღერდა. სწორედ ამ დროს მიესალმა რბოლაზე მისულ მაყურებელს სევერიუხინი ნაცისტური ჟესტით.
სევერიუხინმა ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა და უარყო, რომ ეს “ნაცისტური მისალმება” იყო.
„მე არასოდეს დამიჭერია მხარი ნაციზმისთვის და მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ვიცი, რომ ჩემი ბრალია, ვიცი, რომ სულელი ვარ და მზად ვარ დავისაჯო… მაგრამ გთხოვთ, გაიგეთ, რომ ამ ჟესტით ნაციზმისთვის და ფაშიზმისთვის მხარი არ დამიჭერია“, – განაცხადა 15 წლის სპორტსმენმა.
აღსანიშნავია, რომ მომხდარიდან მალევე Ward Racing-მა რუს სპორტსმენს გუნდის რიგები დაატოვებინა. ინციდენტს განსაკუთრებული სიმძაფრე უკრაინაში მიმდინარე ომმაც შესძინა.
აქვე შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, FIA-მ რუს მრბოლელებს თავისი ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობა აუკრძალა.
დატოვე კომენტარი